"საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ ევროპულ ოჯახში მიღების ღირსია" - კვირის პალიტრა

"საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ ევროპულ ოჯახში მიღების ღირსია"

გასულ კვირას ევროპარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის საკითხს კენჭი უყარა და საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა. რა პასუხისმგებლობას გვაკისრებს უვიზო მიმოსვლა და კიდევ რა უნდა გაკეთდეს საგარეო პოლიტიკურ ვექტორზე დადებითი შედეგის მისაღებად, ამ და სხვა საკითხებზე საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი გვესაუბრება:

- შემდგომი ნაბიჯი უკვე ევროპულმა საბჭომ უნდა გადადგას და პრაქტიკულად, ამით დასრულდება გადაწყვეტილების გაფორმება. მისი იმპლემენტაციისთვის ტექნიკური პროცედურები დარჩება, რაც უახლოეს მომავალში უნდა დასრულდეს.

- საქართველოს მოქალაქეები ზაფხულისთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლას შეძლებენ...

- სავარაუდოდ, კი.

- ევროპარლამენტში ამ გადაწყვეტილებას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ...

- ევროპარლამენტარი თავის ქვეყანას კი არა, პოლიტიკურ პარტიას ან მოძრაობას წარმოადგენს ევროპაში. ნაციონალური მიდგომები კი ევროპის საბჭოს სხდომაზე იქნება, სადაც ყველა ქვეყნის წარმომადგენელი ამ გადაწყვეტილებას კენჭს უყრის.

გასაკვირი ის იქნებოდა, ევროპარლამენტში არავის გამოეხატა საწინააღმდეგო მოსაზრება, რადგან ევროპას ახლა მიგრანტთა მოზღვავების გამო პრობლემები აქვს. თუმცა საბოლოო ციფრები მრავლისმეტყველია - დეპუტატების 85%-მა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას დაუჭირა მხარი. ღმერთმა ქნას, ევროპაში 15%- ზე მეტი კრიტიკოსი არასოდეს გვყავდეს.

- რამ გამოიწვია ასეთი დიდი მხარდაჭერა?

- უპირველესად, ეს იყო საქართველოს მიერ ფრიადზე შესრულებული სამუშაო და ჩვენი საზოგადოების, პოლიტიკური ელიტის ყველა თაობის ნამუშევარი. თუმცა ბოლო წლებში მთავრობამ, პარლამენტარებმა და ჩვენმა დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ძალიან ბევრი რამ გააკეთეს, რაც მაღალ შეფასებას იმსახურებს. ევროპა დარწმუნებულია, რომ ქვეყანა სწორი გზით მიდის და რაც მთავარია, მასაც სჭირდება საქართველო. ევროპარლამენტართა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყანას, რომელიც უმძიმეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ახერხებს და საერთო ღირებულებებისა და საგარეო პოლიტიკური არჩევანის ერთგულია.

სამწუხაროა, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის სახელმწიფოებიდან, ჯერჯერობით, მხოლოდ საქართველო აგრძელებს დაბეჯითებით, მე ვიტყოდი, დაჟინებითაც კი ევროპისკენ სვლას.

- ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა არ იყო ღირსი, ასეთი გადაწყვეტილება მიგვეღო, თუმცა ეს ქართველმა ერმა დაიმსახურაო...

- არც ასეთი განცხადებებია გასაკვირი. ჩვენი ხელისუფლება სულაც არ არის შეცდომებისგან დაზღვეული. თუმცა ამ და სხვა კრიტიკულ შენიშვნებს ღირსეული პასუხი გასცეს, რაც შედეგებში გამოიხატა.

- და მაინც, ამ წარმატებაში ზოგი პოლიტიკური ძალა წინა ხელისუფლების დამსახურებას უფრო ხედავს... თქვენი აზრით, ისტორია ამ ფაქტს როგორ შეაფასებს?

- როცა ევროპარლამენტმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, გამახსენდა, როგორ დაიწყო ევროპისკენ ჩვენი სვლა. პირველი წარმატებული ნაბიჯი ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრება იყო. იმ დღეს ხელი მოვაწერეთ დოკუმენტებს, რომლებითაც, ფაქტობრივად, ევროპული დემოკრატიების კლუბს შევუერთდით. ყველა, ვინც მაშინ დარბაზში იყო, ამ პროცესის სრულუფლებიანი მონაწილე გახდა. ცხადია, ვინმეს მხრიდან ქვეყნის წინსვლაზე ექსკლუზიური უფლებების პრეტენზია საფუძველს მოკლებულია.

- რა შეიძლება იყოს მომდევნო ეტაპი ევროკავშირთან დასაახლოებლად?

- ჩვენი საგარეო ვექტორი ევროატლანტიკური ინტეგრაცია გახლავთ. რა თქმა უნდა, ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია. ჯერ ვიზალიბერალიზაციის პროცესის ფინალური ნაბიჯიც კი არ გადადგმულა... ერთი რამ ცხადია - საქართველო ევროპული გზით სვლას განაგრძობს.

- რა პასუხისმგებლობას გვაკისრებს ვიზალიბერალიზაციის მიღება?

- ძალიან დიდს... საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ ღირსია, ევროპამ შემდგომში მეტი ენერგია და რესურსი გაიღოს ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში მისაღებად.

- ბევრს აინტერესებს, რა იცვლება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისგან თავის დასაღწევად ევროპაში წასვლა ერთადერთ გამოსავლად მიაჩნიათ?

- ამ თვალსაზრისით საზოგადოების ინფორმირებაა საჭირო, რათა ვინმე გაუგებრობაში არ აღმოჩნდეს. სამუშაოდ წასულთა დიდი ნაწილი ევროპულ ქვეყნებში წესებისა და ნორმების დარღვევით აღმოჩნდა. ვფიქრობ, თუკი ვინმე მომავალშიც წავა სამუშაოდ ან სხვა მიზნით, ეს მხოლოდ კანონის ფარგლებში მოხდება.

- დიასპორების საკითხში სახელმწიფო მინისტრის ყოფილმა მოადგილემ სოციალურ ქსელში დაწერა: "ახლა თუ გვყავს მილიონ-ნახევარი ემიგრანტი, ვიზალიბერალიზაციის ძალაში შესვლის შემდეგ კიდევ ერთი მილიონი დაგვემატება, საქართველოში აფრიკელები და არაბები დასახლდებიან, რითაც ჩვენი დემოგრაფიული სურათი კიდევ უფრო გაუარესდება და საბოლოოდ, ქართველები ეგზოტიკურ აბორიგენებად გადავიქცევით".

- ასე ექსტრემალურად მოაზროვნე პერსონები საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას არასდროს აკლდა. ვერაფრით გავიზიარებ მათ აპოკალიფსურ განცდებს. ქართველთა მასობრივი აყრისა და გადასახლების პერსპექტივას ვერ ვხედავ...

- ვიზალიბერალიზაციის საპასუხოდ რუსეთისგან რას უნდა ველოდოთ?

- ზოგი ვარაუდობს, რომ რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმზე თავადაც უარს იტყვის, თუმცა მე ეჭვი მეპარება. სამწუხაროდ, რუსეთმა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებთან ურთიერთობისას სხვა პოლიტიკა აირჩია. რაც შეეხება აგრესიას, არაფერია გამორიცხული, თუმცა ამის შიშით ადამიანებს ვერ დააკარგვინებ სურვილს, უკეთ იცხოვრონ.

- აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასაც ეძლევა შანსი, ევროპაში ქართული პასპორტებით გავიდნენ...

- რა თქმა უნდა...

- "საქართველოს უსაფრთხოების საკითხები აშშ-თან ურთიერთობაზე გადის, საქართველომ უნდა იაქტიუროს თეთრი სახლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობისთვის", - ეს ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა განაცხადა. საქართველოს ხელისუფლება სათანადოდ აქტიურობს ამ თვალსაზრისით?

- როგორც ვიცი, მუშაობა მიმდინარეობს, კონტაქტებიც იგეგმება, თუმცა ექსტრაორდინარულს არაფერს უნდა ველოდოთ, რადგან თეთრი სახლის ადმინისტრაციას ბოლომდე არა აქვს გარკვეული, რა მიმართულებით რის გაკეთებას აპირებს.

- ტრამპის არჩევის შემდეგ არაერთი ექსპერტი ვარაუდობდა, რომ ის წინასაარჩევნო რიტორიკას შეცვლიდა, თუმცა ასე არ მოხდა - მისი გადაწყვეტილებები საყოველთაო განსჯის საგნად იქცა.

- თქვენთან წინა ინტერვიუში აღვნიშნე, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას დიდი დრო დასჭირდებოდა და ასეც არის... თუმცა ტრამპი უკვე არნახული ენერგიით შეუდგა დანაპირების შესრულებას. გარკვეულწილად, ამასაც ვვარაუდობდით. მან ხელი მოაწერა მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების განკარგულებას, დააყენა საკითხი ობამას ჯანდაცვის პროგრამის შეჩერებაზე, შეუტია ემიგრანტებს, მათ შორის მათაც, ვისაც სრულიად კანონიერად აქვთ მიღებული აშშ-ში შესვლის უფლება. ტრამპმა მათი მიღებაც კი შეაჩერა. ამას მოჰყვა უამრავი წინააღმდეგობა, იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გადაყენება, რადგან მან უარი განაცხადა ტრამპის ამ ბრძანებულების აღსრულებაზე... იმავე მიზეზით, ტრამპს დაძაბული საუბარი ჰქონდა აშშ-ის სერიოზული მოკავშირე სახელმწიფოს, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან, რომელმაც ამერიკის ამჟამინდელ პრეზიდენტს შეახსენა, რომ ობამას ადმინისტრაციასთან არსებობდა შეთანხმება ავსტრალიიდან 1300 ლტოლვილის მიღების თაობაზე...

- დიდი განსჯის საგანი გახდა ტრამპის სატელეფონო ზარი პუტინთან, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ანტირუსული სანქციების მოხსნასაც შეეხო...

- პუტინთან საუბრის შეფასება ძალიან წინააღმდეგობრივია. რუსული წყაროები ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ ამ საუბარს ჰქონდა ყოვლისმომცველი ხასიათი. აშშ-ის მხარის ოფიციალური კომენტარი კი შემოიფარგლა მხოლოდ იმით, რომ ეს იყო გულახდილი საუბარი, რომლის მთავარი თემა ანტიტერორისტული საქმიანობა გახლდათ. პრობლემურ საკითხთა ჩამონათვალში ახსენეს უკრაინაც. ეს იყო და ეს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს რამეზე შეთანხმებას. ჩვენ დეტალებზე ვამახვილებთ ყურადღებას, თუმცა ეშმაკი სწორედ დეტალებში იმალება... მით უფრო, რომ ახლახან გაეროში თავად ტრამპის მიერ დანიშნულმა წარმომადგენელმა რუსეთს დონეცკში სიტუაციის გართულების  გამო სერიოზულად შეუტია - ნუ ელით სანქციების მოხსნას, ვიდრე ყირიმი არ დაუბრუნდება უკრაინასო.

ეკა ასათიანი