"იმ ალავიძეს და ქათამაძეს გაეგზავნათ ამანათები და ჩაიბარეს"
06-02-2017
"იმ ალავიძეს და ქათამაძეს გაეგზავნათ ამანათები და ჩაიბარეს"
პროკურატურა მოსამართლეებზე ზეწოლაში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნის მონაწილეობაზე საუბრობს

დაახლოებით, ოცი დღის დაგვიანებით ცნობილი ხდება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა - პაატა ქათამაძემ და ბესარიონ ალავიძემ მათზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის გამო მთავარ­ პროკურატურას მიმართეს. გამოძ­იებაც მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო­ ფაქტზე­ აღიძრა. ქათამაძე და ალავიძე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრები­ არიან, "რუსთავი 2"-ის საქმე კი სწორედ დიდ პალატას აქვს გადაცე­მული. როგორც ირკვევა, ინფორმაცია გამოძიებასთან
დაკავშირებით, მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს ჰქონდა და იუსტ­იციის საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ და წევრებმა მხოლოდ მედიიდან შეიტყვეს. გვენეტაძე დეტალებზე არ საუბრობს, მურუსიძის განცხადებით კი, საჩივრის წერილში­ ზეწოლის ფაქტზე ყოფ­ილი მაღალჩინოსანია ნახსენები.

"გვარამია მათ სპეკულაციისთვის იყენებს"


ლევან მურუსიძე, უმაღლესი საბჭოს მდივანი:
- საუბარია შეტყობინებებზე, რომელიც ქათამაძემ და ალავიძემ ყოფილი მაღალჩინოსნის სახელით მიიღეს.

- რომელი მაღალჩინოსნის?..

- წერილის შინაარსი არ მინახავს, თანაც კონკრეტულ პირებზე საუბარი პროკურა­ტურის პრეროგატივაა. როგორც ნინო გვენეტაძემ მითხრა, საქმეში ყოფილი მაღა­ლ­ჩინოსანი ფიგურირებს, თუმცა ვინ, ამას ჩემგან ვერ შეიტყობთ.

- სანამ ეს წერილი გასაჯაროვდება,­ "რუსთავი 2"-ის მხარე ზეწოლაში ისევ მიხეილ ჩინჩალაძესა და ვანო ზარდიაშვილზე მიანიშნებს. გაიჟღერა პავლე კუბლაშვილის გვარმაც. რა კავშირი აქვთ ამ ადამიანებს ქათამაძისა და ალავიძის განცხადებასთან?

- სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ მოსამართლეები ზარდიაშვილი და ჩინჩალაძე ქათამაძესა და ალავიძეს არ იცნ­ობენ, ვერსია, რომ ზარდიაშვილსა და ჩინჩალაძეს ნათელ-მირონი აკავშირებთ და ზარდიაშვილი ჩინჩალაძის მეშვეობით აკონტროლებს მოსამართლეებს, გაუმართლებელია. მქონდა საუბარი ჩინჩალაძესთან, მასთან ვმეგობრობ. მითხრა, რომ ქათამაძესა და ალავიძესთან­ შეხება მხოლოდ ორჯერ ჰქონდა. ერთხელ, როცა საკონსტიტუციო მოსამართლედ ტუღუში ინიშნებოდა, მეორედ, როდესაც ცხრა მოსამართლესთან ერთად განიხილავდა საქმეს­ და მათ შორის ეს ორი მოსამართლეც­ იყო. ზარდიაშვილს კი ქათამაძესა და ალავიძესთან კონტაქტი არასოდეს ჰქონია. ჩინჩალაძისა და ზარდიაშვილის მხრიდან ზეწოლაზე საუბარი ამორალურია!

- ვის მიანიშნებთ მორალზე, ან ვინ და რა მიზნის მიღწევას ცდილობს ახლა?

- ნიკა გვარამიამ არც ისე დიდი ხნის წინ, პრესკონფერენციაზე ზარდიაშვილი და ჩინჩალაძე ახსენა, რაც აბსურდია. მართალია, ჩინჩალაძე უზენაეს სასამართლოში ქათამაძისა და ალავიძის კოლეგაა, თუმცა­, ისინი გამარჯობასაც კი არ ეუბნებიან ერთმანეთს. დაზუსტებით ვიცი, რომ ზარდიაშვილისა და ჩინჩალაძის გვარს გვარამია მხოლოდ სპეკულაციისთვის იყენებს.

- კუბლაშვილზე არაფერს ამბობთ...

- მას არ შევხვედრივარ და არ მინდა, ვინმეს რამე უსაფუძვლოდ დავაბრალო...
პროკურატურა ადასტურებს,­ რომ ალავიძისა და ქათამაძის წერილში­ ყოფილი მაღალჩინოსანი ფიგურირებს და მოსამართლეებმა მისი სახელით საცხოვრებელ მისამართებზე მიიღეს წერილები, მობილურ ტელეფონებზე კი - უცხოური ნომრიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებები. ხსენებულ შეტყობინებებში იკვეთებოდა მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობის ნიშნები...

"საუბარი "ნაცმოძრაობის" სტილშია"


ქათამაძისა და ალავიძის გვარები ფიგურირებდა ექსპრეზიდენტ სააკაშვილისა და გენპროკურორის­ ყოფ­ილი მოადგილის, დავით საყვარელიძის სავარ­აუდო მიმოწერაშიც, რომელიც უკრაინ­უ­ლმა ვებგვერდმა "უკრაინული რევოლუცია" გამოაქვეყნა. საყვარელიძე სააკაშვილს წერს, რომ ალავიძემ და ქათამაძემ სახლის მისამართზე­ წერილები უკვე მიიღეს და თუ მითითები­სა­მებრ მოიქცევიან, მინ­ისტრისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტებსაც მიიღებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე: -
ვერ დავადასტურებ,­ რომ უკრაინული ვებგვერდის ინფორმაცია­ ავთენტურია, თუმცა, შინაარსი სააკაშვილისა და "ნაცმოძრაობის" სტილს მოგვაგონებს. ფაქტებიც ერთმანეთს ლოგიკურად ებმის, მაგალითად, ცნობილი გახდა,­ რომ საქალაქო სასამართლოს ყოფ­ილი თავმჯდომარე, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მსგავს ზეწოლაზე საუბრობდა, ექვსი მილიონი ლარის ქონებას ფლობს. როგორ იშოვა, ალბათ, საინტერესოა...

- რატომ არ გაახმაურეს 14 იანვარს შესული შეტყობინება 3 თებერვლამდე?

- ეს პროკურატურის პრეროგატივაა, ფაქტია, რომ "ნაცმოძრაობა" და ნიკა გვარამია, შეთანხმებულად, პიარ-კამპანიების­ აგორებით მართლმსაჯულებისთვის ხელის­ შეშლას ცდილობენ, მაგრამ მიზანს მაინც ვერ მიაღწევენ - სასამართლო სისტემა გარე ძალების გავლენების ქვეშ არ მოექცევა. პროკურატურა უკრაინულ საიტზე გავრცელებული მიმოწერით უნდა დაინტერესდეს. თანაც დაადასტურეს, რომ მოსამართლეებს გზავნილი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლის სახელით მიუვიდათ.

"ეს ღიმილის მომგვრელია"


ზაზა ბიბილაშვილი, "ნაცმოძრაობის" წევრი:
- სურთ საზოგადოებას დააჯერონ, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი ორი ადამიანი ეს-ემ-ესებით მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებენ - ეს ღიმილის მომგვრელია.

- პროკურატურის განცხადებაშიც "ნაცმოძრაობის" მაღალჩინოსანზეა საუბარი...

- ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან მოსამართლეებს "ნაცმოძრაობის" წევრზე რომ მიეცათ ჩვენება, პროკურატურა­ ამდენ­ ხანს არ დამალავდა. ეჭვი არ მეპარება, რომ სუს-ი ყველაფერს აკეთებს, ქათამაძესა და ალავიძეს ჩვენებები შეაცვლევინოს...

გთავაზობთ ამონარიდს მიხეილ სააკაშვილისა და დავით საყვარელიძის სავარ­აუდო დიალოგიდან, რომელიც "უკრაინულ რევოლუციაში" გამოქვეყნდა

საყვარელიძე: ბიჭები ჩამოვიდნენ თბილისიდან. მოკლედ, იმ ალავიძეს და ქათამაძეს გაეგზავნათ ამანათები და ჩაიბარეს, იქ როგორც ვთქვით, დავუდასტურეთ, რომ თქვენ ხართ ჩვენი იმედი, მომავალი გარანტირებული გაქვთ ყველანაირად ასეც და ისეც, კარიერულად ერთი - მინისტრად, მეორე - თავმჯდომარედ და რაღაც განსაკუთრებული კი არ გევალებათ, თემა უნდა ააფეთქოთ-თქო. ზეწოლის, თვალთვალის, დატერორების და დაშინების რეჟიმში გვამყოფებენ და აღარ ავიტანთ ამას-თქო. ოდნავ გაახმოვანეთ, ან თუნდაც გარეთ გამოაჟონინეთ მაგ ინფორმაციას და დანარჩენს გვარამია მიხედავს-თქო. მაგათი ამბავი ზოგადადაც ხომ ხედავთ, წასულია-თქო. თან გმირები და ხელშეუხებლებიც გამოხვალთ-თქო. მერე ტელეფონითაც მივანიშნე, რომ ჩვენ ვართ, რომ არ შეშინებულიყვნენ.
სააკაშვილი: ანუ იმედი გვაქვს?
საყვარელიძე: დარწმუნებული ვარ. გვარამიასაც ყველანაირად ეიმედება და თავისი ხაზით კონტაქტზეა. რაც მთავარია, ორივენი ამ უნიათოების მთავრობას ვერ იტანენ და ჩვენი მომხრეები არიან. უყურებენ, ჩამოეშალათ თავზე სასამართლოც და ისედაც ანგრევენ ქვეყანას.
სააკაშვილი: და საბოლოოდ როდის აპირებენ განხილვას.
საყვარელიძე: არ ვიცი, თუმცა როცა არ უნდა იყოს, ესენი ბოლომდე მიაწვებიან და იტყვიან, რომ სრული სისულელეა და უნდა გაუქმდეს...
სააკაშვილი: იტყვიან კი?
საყვარელიძე: კი. უეჭველი. მაგათ ცოტა ტელევიზიებთან გამოსვლა უჭირთ, საჯაროდ თემების გასკანდალურებას ერიდებიან, თორემ მაგაში, რომ გასაუქმებელია, ბოლომდე მიაწვებიან.
სააკაშვილი: და სხვა მოსამართლეები? ხომ ბევრნი არიან და როგორ იქნება?
საყვარელიძე: ჯერ შემადგენლობაც არ დასახელებულა. როგორც კი დაასახელებენ, იმათაც წავემუშავებით, ვისთანაც აზრი აქვს. ვისთანაც - არა და დაგვაპაშოლებს,­ უნდა გავაშაოთ ბოლომდე. პიარს გვარამია მიხედავს და გააფორმებს. ეგენი ხომ იცი,­ ღამურებივით არიან, ოღონდ საჯაროდ არ გამოაჭენო და მიკროფონი არ დაანახო,­ ხმას ვერ ამოიღებენ. ადვოკატების თავმჯდომარე ზაზაც მზადაა, რომ ბოლომდე გადაუაროს მაგათ, ენჯეოებიც მომართული არიან და მოკლედ, მთელი ორკესტრი ამუშავდება...
სააკაშვილი: ოკ. მაგარია!
საყვარელიძე: კი ეგრეა. ახლა ჩვენებს ველოდები და პროკურატურასაც შევეხმიანები, თუ რამე სიახლეა, გეტყვი. წესით, უკვე ზუსტი პასუხი უნდა გვითხრან.
სააკაშვილი: მიდი, მიდი და შემეხმიანე.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით