ვინ გამოვიდა ევროპარლამენტში საქართველოს წინააღმდეგ? - კვირის პალიტრა

ვინ გამოვიდა ევროპარლამენტში საქართველოს წინააღმდეგ?

"მოხარული ვარ, რომ ბრექსიტის შემდეგ ამ დარბაზში აღარ გიხილავთ", - ასე მიმართა ლატვიელმა ევროპარლამენტარმა ანდრეის მიმიკინსმა ბრიტანელ კოლეგას, როდესაც ეს უკანასკნელი ამტკიცებდა, თუ რა საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოდან იმიგრაცია ევროპას უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში და დასძინა: - რა საფრთხეზე ლაპარაკობთ, იცით კი, საქართველოში რამდენი ადამიანი ცხოვრობს, გგონიათ, რომ 3 მილიონ 700 ათას კაცს ევროპისთვის საფრთხის შექმნა შეუძლია?!

ლატვიელი პარლამენტარის პოზიცია უმრავლესობამ გაიზიარა. საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხს მხარი 553-მა დეპუტატმა დაუჭირა, 66 წინააღმდეგი იყო, 28 პარლამენტარმა კი თავი შეიკავა. საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზო მოგზაურობის უფლებით, სავარაუდოდ, მარტის ბოლოდან ისარგებლებენ, თუმცა, ევროპაში ამ საკითხს მაინც შიშით უყურებენ. ყველა ის არგუმენტი, რაც მათ მოიშველიეს, უსაფუძვლო არ არის, თუმცა გაზვიადებულია. ასეთად შეიძლება ბრიტანელი დეპუტატის, სტივენ ვულფის განცხადებაც განვიხილოთ: "თურქეთთან მოსაზღვრე ქვეყანა დიდი საფრთხის შემცველია. ქართულმა გაზეთმა "რეზონანსმა" დაწერა, რომ 600-700 ტერორისტი იყენებს საქართველოს, როგორც ტრანზიტ ქვეყანას "ისლამური სახელმწიფოს" ტერიტორიაზე...". ცხადია, ბრიტანელ დეპუტატს ეს ინფორმაცია ვიღაცამ მიზანმიმართულად მიაწოდა. ვინ? ქვეყნისთვის ავის მოსურნემ, ასეთი კი ჩვენშიც ბევრი მოიძებნება და ქვეყნის გარეთაც.

განმარტების გაკეთება მოუხდა გაზეთ "რეზონანსსაც": "ლაპარაკია ვახტანგ მაისაიას ინტერვიუზე, რომელიც 2016 წლის 22 ივნისს დაიბეჭდა და სადაც ის ჰყვება - თითქოს ტერორისტული ორგანიზაცია ქმნის 600-700-კაციან ჯგუფს, რომელიც საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით აპირებს - დაწყებული ცენტრალური აზიით და ამერიკით დამთავრებული, მათ შორის საქართველოშიც. გაზეთი ამ ინფორმაციას ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს, თუმცა ფაქტია, რომ მსგავსი ინფორმაცია მანამდეც და მას შემდეგაც არაერთ წამყვან ევროპულ და ამერიკულ გამოცემაში გამოქვეყნდა. თუმცა ვულფმა ამაზე ისაუბრა, როგორც მომხდარ ფაქტზე და არა როგორც ექსპერტის მოსაზრებაზე; სტივენ ვულფის განცხადება ან მისი თარგმანი, თითქოს ქართულმა გაზეთმა განაცხადა, რომ 600-700 ტერორისტი იყენებს საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, სინამდვილეს არ შეესაბამება".

ნიდერლანდების წარმომადგენელმა, ვიკი მაეიერმა კი განაცხადა: "ჩვენ გზას გავუხსნით ორგანიზებულ დანაშაულს ამ ქვეყნიდან... ქართველი კრიმინალები გერმანიაში უფრო და უფრო დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილი. როდესაც ევროკავშირში ადამიანები ჩამოდიან, ეს უნდა გავითვალისწინოთ, ამიტომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების წინააღმდეგი ვარ".

საინტერესო იყო ბერძენი დეპუტატის, ლამპროს ფუნტულისის გამოსვლაც, რომელსაც აშკარად დაჰკრავდა "ნაცმოძრაობასთან"

მეგობრობის ელფერი: "ქვეყანაში არსებობს კორუფცია, უკანონოდ გაცემული ყალბი პასპორტები, ორგანიზებული დანაშაული... ხელისუფლების ზოგიერთი ყოფილი წარმომადგენელი პოლიტიკური პასუხისმგებლობის აცილების მიზნით ქვეყნიდან გაიქცა, ევროკავშირი კი მხარს უჭერს ხელისუფლებას, რომელიც ბევრ უკანონობას სჩადის".

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ მიცემული 66 ხმა ევროპარლამენტის პლენარულ კენჭისყრაზე შემდეგ პარტიებზე განაწილდა: EFDD Europe of Freedom and Direct Democracy - 31; ENF Europe of Nations and Freedom- 24; Non-Inscrits - 7.

აღსანიშნავია, რომ როგორც EFDD-ის, ისე ENF-ის ლიდერები, ევროსკეპტიკური განწყობებით გამოირჩევიან. პირველის თავმჯდომარე ნაიჯელ ფარაჯია, რომელიც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მხარდამჭერი იყო, ENF-ის - მარი ლე პენია.

დანარჩენი 4 ხმა ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ საქართველომ მიიღო ECR-ის (European Conservatives and Reformists), EPP-სა (European people's Party) და GUE/NGL-სგან (European United Left - Nordic Green Left.

ნათია დოლიძე