"კარმუშკასავით" ჰქონდათ მთელი ბიუჯეტი..." - კვირის პალიტრა

"კარმუშკასავით" ჰქონდათ მთელი ბიუჯეტი..."

"ვიღაც შეგნებულად თუ შეუგნებლად ცდილობს ჭორებზე დაყრდნობით უსაფუძვლო აჟიოტაჟის შექმნას"

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე რამდენიმე გადაცემის დახურვა იგეგმება, თუმცა ტელევიზიის ახალარჩეული გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე ინფორმაციას უარყოფს და აღმასრულებელ საბჭოსთან ერთად, მაუწყებლის განვითარების ხედვის წარმოდგენას 6 თებერვალს გეგმავს. დეტალებზე "კვირის პალიტრასთან" საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე საუბრობს:

- აღმასრულებელმა საბჭომ და მათ შორის, იმ ხელმძღვანელმა პირებმა, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელში დამხვდნენ, ერთობლივად ტელევიზიის განვითარების ახალი ხედვა შევიმუშავეთ, რომელიც მოიცავს როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ისე სამაუწყებლო ბადის განვითარებას. ამ ხედვას საზოგადოებას 6 თებერვალს გავაცნობთ და ფართო დისკუსიას გავხსნით, რომელშიც მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება. მსგავსი პრეცედენტი ამ დრომდე არ ყოფილა - როგორც წესი, ტელევიზიაში გადაწყვეტილებებს მხოლოდ ვიწრო ჯგუფი სხვების აზრის გათვალისწინების გარეშე იღებდა.

- თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის დახურვა იგეგმება. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

- ვინც ამ აჟიოტაჟს აჰყვა, მწარედ მოტყუვდა და შეცდა. პირადად ვადევნებდი თვალს ყველა შეფასებას, მათ შორის, სოციალურ ქსელში და მხოლოდ ერთი დასკვნა გამოვიტანე - ვიღაც შეგნებულად თუ შეუგნებლად ცდილობს, ჭორებზე დაყრდნობით უსაფუძვლო აჟიოტაჟის შექმნას. წყაროდ კი ისეთ ექსპერტებს ასახელებენ, რომლებმაც ექსპერტობა მხოლოდ დაიბრალეს და მედიასთან კავშირი არასოდეს ჰქონიათ. ვიღაცებს სურთ, პოზიციები შეინარჩუნონ და როგორც ადრე იყო, დღესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი კერძო ბაღჩად აქციონ, რომელშიც პროდუქტის წარმოებას მხოლოდ თავად შეძლებენ. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს ეკუთვნის და ის კონკურენტუნარიან ტელევიზიად გარდაქმნას იმსახურებს.

არაპროფესიონალ ექსპერტებს ვურჩევ, საკითხში გათვითცნობიერდნენ და ინფორმაცია ამის შემდეგ გაავრცელონ. სხვათა შორის, ამ ხალხმა მედიაექსპერტობა ისე დაიბრალა, ერთი ჟურნალისტური ნარკვევი თუ ეპისტოლე არასოდეს შეუქმნიათ.

- მაშინ თქვენ გაგვარკვიეთ, რას გულისხმობს თქვენ მიერ დაანონსებული ახალი ხედვა და ისახავს თუ არა ის საზოგადოებრივი მაუწყებლის საეთერო ბადის რეორგანიზაციას?

- პირველ რიგში, ახალ ხედვას სწორედ განსაკუთრებით აჟიოტაჟით დაინტერესებულ მედიაექსპერტებს გავაცნობთ და შევეცდებით დისკუსია მათთან ერთად წარვმართოთ ტელევიზიაში არსებულ პრობლემებზე, რომლებსაც წლების განმავლობაში არავინ ეხებოდა, და იცით, რატომ? საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ უამრავ პრობლემაზე საუბარი მათ უბრალოდ, არ აწყობდათ - "კარმუშკასავით" ჰქონდათ მთელი ბიუჯეტი და საკენკს კენკავდნენ. ახლაც ვიღაცებს სურთ ამ საკენკში ნისკარტის ჩაყოფა, თუმცა ვიმეორებ, ამის უფლებას არავის მივცემთ. ამის იმედი თუნდაც როყიო განცხადებების გავრცელებით ჰქონდეთ, რადგან არ გვეშინია - სუფთა ვართ და სერიოზული მიზნის მიღწევაზე ორიენტირებული გეგმებით მოვდივართ.

მიზანი მხოლოდ ერთი გვაქვს - საზოგადოებრივი მაუწყებელი დაემსგავსოს ტელევიზიას და ვიღაცებისთვის "კარმუშკის" ფუნქცია ერთხელ და სამუდამოდ ჩამოიცილოს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი და ტელევიზიაში მანამდე არსებული მენეჯმენტის ხედვები ერთმანეთს დაემთხვა - ეს მართლაც უნიკალური შემთხვევაა, როდესაც ახალი და ძველი ხელმძღვანელობა პრობლემას ერთნაირად ხედავს, აფასებს და გამოსავალსაც თითქმის ერთი მიმართულებით ხედავს. რაც მთავარია, ჩვენ საზოგადოების ინტერესს დავაკმაყოფილებთ და საზოგადოებრივ მაუწყებელს კონკურენტულ ტელევიზიად ვაქცევYთ. როგორც წესი, საქართველოში ყველა ტელევიზია ყოველთვის მფლობელის კონკრეტულ და ვიწრო ინტერესს გამოხატავს. ეს საზოგადოებრივ მაუწყებელში დასრულდება და ის გახდება ფლაგმანი, რომელიც მხოლოდ ხალხის ინტერესებზე იქნება ორიენტირებული. როდესაც ასეთ მაღალ ინტერესებზეა ლაპარაკი, რომელიმე გადაცემის დახურვა-არდახურვაზე კი არ უნდა გვესაუბრებოდნენ, პრობლემებიდან გამოსავლის პოვნაში გვეხმარებოდნენ. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში საზოგადოება დარწმუნდება, რომ ე.წ. მედიაექსპერტების როყიო განცხადებები მხოლოდ აჟიოტაჟს ემსახურებოდა, ჩვენ და ჩვენი გუნდი კი საქმის რეალურად გაკეთებაზე ვართ ორიენტირებული.

რუსუდან შელია