"ლაშა ნაცვლიშვილმა ბიძინა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები რამდენიმე მილიონად შემოგვთავაზა" - კვირის პალიტრა

"ლაშა ნაცვლიშვილმა ბიძინა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები რამდენიმე მილიონად შემოგვთავაზა"

"მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმა ბიძინა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები რამდენიმე მილიონად შემოგვთავაზა", - ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის გადაცემაში ”არჩევანი” უკრაინიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

როგორც დავით საყვარელიძემ აღნიშნა, ეს შეთავაზება ლაშა ნაცვლიშვილმა მას შემდეგ გააკეთა მისი და მისი მეგობრის მისამართით, რაც სამსახურიდან უკვე გაშვებული და განაწყენებული იყო. თუმცა, საყვარელიძის თქმით, იმის გამო, რომ აუდიო ჩანაწერის გამოსყიდვისთვის საკმარისი თანხა არ გააჩნდა, ეს ”გარიგება” არ შედგა.

”ნარკომანმა და მექრთამე ლაშა ნაცვლიშვილმა, რომელიც არ ფხიზლდებოდა უშიშროების მინისტრის მოადგილეობის პერიოდში და საკუთარ ოთახში იკეთებდა წამალს, ერთი წელიც კი ვერ გასტანა ბიძინა ივანიშვილის პროკურატურაში მთავარი პროკურორის მოადგილედ. ასევე, კორუფციაზე და მექრთამეობაზე გააგდეს იქიდან. არ ვაპირებდი ამ ნაძირალაზე საუბარს, მაგის ვენებს და ტვინს აღარაფერი ეშველება და სჯობს ტვინი მაინც გამოირეცხოს.

ჩემი ერთ-ერთი მეგობარი, რომლის სახელსაც არ დავასახელებ, დაგიდასტურებთ, რომ ნარკომანი და მექრთამე ლაშა ნაცვლიშვილი 2013 წლის ბოლოს მას შეხვდა ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში მას შემდეგ, რაც უკვე გაგდებული იყო სამსახურიდან და განაწყენებული რეჟიმზე და რამდენიმე მილიონად შემოგვთავაზა გვეყიდა ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერების და ფარული ჩანაწერების ამსახველი აუდიო მასალა. მე როგორც მახსოვს, მან მოასმენინა ჩანაწერი ჩემს მეგობარს. რამდენადაც ჩვენ მილიონები არ გვქონდა, ვერ ვიყიდეთ.

ნარკომანი ნაცვლიშვილი, ბოტასების ქურდი ფარცხალაძე, ბესელიები და ხაინდრავები მართავენ დღეს პროკურატურას და იმ ინსტიტუტებს, რომელიც ჩვენ რუდუნებით ვაშენეთ”, - განაცხადა დავით საყვარელიძემ.

დავით საყვარელიძემ პროკურატურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მასალებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სახეზეა ორგანიზებული დანაშაული უსინდისობასთან ერთად. ”ეს არის სისხლის სამართლის მასალების ფაბრიკაცია და ამაში, სამწუხაროდ, მონაწილეობს დღეს პროკურატურა, სუსი, შუშის სასახლე ივანიშვილის მეთაურობით და ამით „რუსთავი 2“-ის გადანაცვლება სურთ შუშის სასახლეში”, - განაცხადა საყვარელიძემ.

როგორც "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ "არჩევანში" განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის შესახებ ფარული ჩანაწერები ერევანში ინახება. მისი თქმით, მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმა მას ფარული ჩანაწერები რამდენიმე მილიონად შესთავაზა. გვარამიას თქმით, მზადაა პროკურატურას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ როგორ გადაიტანა ნაცვლიშვილმა ე.წ. ”ზეტ” მასალები ერევანში.

”როდესაც ლაშა ნაცვლიშვილის მდგომარეობა შეიცვალა, მან დაიწყო ვაჭრობა მის ხელთ არსებული ფარული უკანონო ჩანაწერებით, ე.წ Z მასალებით. ძალოვანი ორგანოს თანამშრომლებმა იციან, ეს რას ნიშნავს. ეს ნიშნავს მასალებს, რომელიც უკანონო მოსმენებია და გასაიდუმლოებულად ინახება.

მას ეს მასალები აქვს შენახული დღემდე ერევანში. ასე მითხრა, ყოველ შემთხვევაში, რომ მის მეგობართან ინახება ეს მასალები ერევანში, დიდი რაოდენობით და მათ შორის არის ბიძინა ივანიშვილის უკანონო მოსმენებიც, ერთ-ერთი მათგანი მან მომასმენინა. მე ბოლომდე არ მისმენია, მაგრამ მან უბრალოდ დამარწმუნა, რომ ამგვარი მასალები აქვს. ის ესაუბრებოდა თავის თანამშრომელს. მან მითხრა, რომ ეს დაჯდება რამდენიმე მილიონი დოლარი.

მე ვუთხარი, რომ ჩემს ინტერესში არ შედის, თუმცა, როგორც მედიის ინტერესში, ეს შედიოდა, მაგრამ არ მქონდა ფული. მან მთხოვა, რომ დამეკავშირებინა კიევში მყოფ ”ნაციონალების” ლიდერებთან და ერთ-ერთი იყო დავით საყვარელიძე“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"ინტერპრესნიუსი"