"აგონიური ბოდვის კომენტირება როგორ შეიძლება" - რას პასუხობს ნაცვლიშვილი ბრალდებებს, რომ ის ივანიშვილის შესახებ ფარული ჩანაწერების გაყიდვას ცდილობდა?! - კვირის პალიტრა

"აგონიური ბოდვის კომენტირება როგორ შეიძლება" - რას პასუხობს ნაცვლიშვილი ბრალდებებს, რომ ის ივანიშვილის შესახებ ფარული ჩანაწერების გაყიდვას ცდილობდა?!

"ბიძინა ივანიშვილის შესახებ ფარული ჩანაწერები ერევანში ინახება", - განაცხადა "რუსთავი 2" -ის ეთერში, ამავე ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.

რასაც წინ უსწრებდა საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, დავით საყვარელიძის განცხადება, რომ გენპროკურორის ასევე ყოფილი პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი მისი ერთ-ერთი მეგობრისთვის იმ ფარული ჩანაწერების რამდენიმე მილიონად მიყიდვას ცდილობდა, რომელთა შორისაც ბიძინა ივანიშვილის საუბრებიც იყო ჩაწერილი.

როგორც იმავე გადაცემაში გაირკვა, საყვარელიძის ნახსენები მეგობარი ნიკა გვარიამია იყო, რომელმაც უკვე დეტალებზე ილაპარაკა. მისი თქმით, შეხვედრა ნაცვლიშვილთან ჟენევაში შედგა, სადაც მას "სატესტოდ" ერთი ჩანაწერი მოასმენინეს კიდეც.

გვარამიას თქმით, მზადაა პროკურატურას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ როგორ გადაიტანა ნაცვლიშვილმა ე.წ. "ზეტ" მასალები ერევანში.

"როდესაც ლაშა ნაცვლიშვილის მდგომარეობა შეიცვალა მან დაიწყო ვაჭრობა მის ხელთ არსებული ფარული უკანონო ჩანაწერებით, ე.წ "ზეტ" მასალებით. ძალოვანი ორგანოს თანამშრომლებმა იციან, ეს რას ნიშნავს. ეს ნიშნავს მასალებს, რომელიც უკანონო მოსმენებია და გასაიდუმლოებულად ინახება.

მას ეს მასალები აქვს შენახული დღემდე ერევანში. ასე მითხრა, ყოველ შემთხვევაში, რომ იქ, მის მეგობართან ინახება დიდი რაოდენობით და მათ შორის არის ბიძინა ივანიშვილის უკანონო მოსმენებიც, ერთ-ერთი მათგანი მან მომასმენინა. მე ბოლომდე არ მისმენია, მაგრამ მან დამარწმუნა, რომ ამგვარი მასალები აქვს. მან მითხრა, რომ ეს დაჯდება რამდენიმე მილიონი დოლარი.

ვუთხარი, რომ ჩემს ინტერესში არ შედის, თუმცა, როგორც მედიის ინტერესში, ეს შედიოდა, მაგრამ არ მქონდა ფული. მან მთხოვა, რომ დამეკავშირებინა კიევში მყოფ "ნაციონალების" ლიდერებთან და ერთ-ერთი იყო დავით საყვარელიძე ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საყვარელიძისა და გვარამიას ამ განცხადებებს კი წინ უსწრებდა ლაშა ნაცვლიშვილის განცხადებები ტელეკომპანია "ტვპირველის" ეთერში:

"სასამართლო უნდა დავიცვათ ჩვენ, სასამართლომ უნდა დაიცვას საკუთარი თავი, საზოგადოებამ, ხელისუფლებამ, სამართალდამცავებმა და მედიამ… ნიკა გვარამია ახვლედიანს რომ ახსენებს, ეს უბრალოდ მოგვეჩვენა? თუ ქონება არ ვნახეთ, თუ ოფშორები არ ვნახეთ? ხალხო, გამოიფხიკეთ ყურები, ამ ქვეყანაში ხომ ვცხოვრობთ ყველა? დავიცვათ ჩვენი სასამართლო ხელისუფლება, მეტი არაფერი! ჩვენ ვნახეთ თუ არა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ 800 ათასი ამერიკული დოლარი გადაიხადა კომპანიის წილში და შემდეგ აიღო კრედიტი? ეს ხომ ვნახეთ? ჩვენ მოვისმინეთ ფარული ჩანაწერი, რომელიც გააკეთა ნიკოლოზ გვარამიამ და მისი ავთენტურობაც დაადასტურა, სადაც საუბარი იყო 6 მილიონზე. ჩვენ მოვისმინეთ უკანასკნელი ფარული ჩანაწერი, სადაც ნიკა გვარამია ეუბნება ადეიშვილს, გაცილებით მეტი სამსახური გაგვიწია ჩვენ მამუკა ახვლედიანმა, ვიდრე ამ მოსამართლეებმა გაგვიწიესო. ეტყობა, უკმაყოფილოა. შეხედეთ ლოგიკას, მე არც ავთენტურობაზე ვლაპარაკობ, არც მის მტკიცებულების ძალაზე, როგორც იურისტი. მე მინდა, რომ დაინახოთ ლოგიკა – "ნაციონალური მოძრაობა", მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია ანხორციელებენ ფრონტალურ შეტევას სასამართლო ხელისუფლებაზე"!

ლაშა ნაცვლიშვილმა საყვარელიძისა და გვარამიას ბრალდებებს "ფეისბუკის" პირად გვერდზე უპასუხა:

"როგორც ჩანს, ზუსტად იქ მოვარტყი, სადაც ვუმიზნებდი.

ემწარათ სიმართლე დანაშაულზე წასწრებულებს და ჭინკების მორიგი შაბაში მოაწყვეს სტუდიაში, თანაც immediately...

მოაწყვეს, რათა კიდევ ერთხელ თვალნათლივ გვენახა, რომ სიყალბე და ძალადობა იყო და რჩება ნაციონალური მოძრაობის საფირმო ნიშნად; რომ ცილისწამება და მორალური ტერორიღა შემორჩათ მწირი პოლიტიკური არსენალიდან; რომ გარდაუვალი კატასტროფის გაჭიანურებული მოლოდის გამო აგონიაში ჩავარდნილი, ღვარძლით სნეული ბოროტი გონება მხოლოდ სიშლეგეს გამოიმუშავებს.

და სწორედ იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ზუსტად იქ მოვარტყი, სადაც ვუმიზნებდი, - მათ მიმართ ნათქვამ უკლებლივ ყველა სიტყვას, კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით გიმეორებთ.

P.S. რამდენიმე შეტყობინება მივიღე - მედია კომენტარს მთხოვს ე.წ. ბრალდებებზე: აგონიური ბოდვის კომენტირება როგორ შეიძლება, მეგობრებო, - ეს არა მხოლოდ ღირსებისშემლახავი, არამედ სამედიცინო თვალსაზრისითაც კონტრპროდუქტიულია... (წყარო)