"მთვრალია ეს" - ბატონი ბონა, მიხეილ ყაველაშვილი და "არაჩვეულებრივი გამოფენა" პარლამენტში - კვირის პალიტრა

"მთვრალია ეს" - ბატონი ბონა, მიხეილ ყაველაშვილი და "არაჩვეულებრივი გამოფენა" პარლამენტში

ხომ გახსოვთ, ბატონი ბონა ელდარ შენგელაიას საკულტო ფილმიდან "არაჩვეულებრივი გამოფენა", როდესაც ის სოცოცხლეშივე ცდილობს დაარწმუნოს აგული გაუკეთოს ძეგლი საფლავისთვის, თუმცა "კლიენტებისგან" თავმობეზრებული აგული სწორედ მაშინ გადაირევა...

ბატონი ბონა კი აკეთებს მოულოდნელ აღმოჩენას: "მთვრალია ეს!" სწორედ ბატონი ბონავენტური და მისი ეს ფრაზა გამახსენდა, როდესაც "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტიდან "ფეისბუკლაივი" გაუშვა, სადაც ჩანს დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი და ისმის ხოშტარის ხმა: "ნასვამია აშკარად".

როგორც Ambebi.ge წერს,  ყველაფერი ასე დაიწყო: ელენე ხოშტარიამ პარლამენტში სხდომათა დარბაზში, ბანერი წარწერით "არა მედიაზე შტურმს" გააკრა, რასაც ოპონენტების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. თავდაპირველად დეპუტატს პარლამენტის მანდატურებმა აღნიშნული ბანერის განთავსების უფლება არ მისცეს, თუმცა ხოშტარიამ მისი გაკვრა მაინც მოახერხა იმ ტრიბუნების მხარეს, სადაც მისი პარტიის წევრები სხედან.

"პარლამენტია სწორედ ის ადგილი, სადაც საზოგადოების საზრუნავი უნდა გავაჟღეროთ. ეს არის პროტესტის ფორმა იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება დღეს "საზოგადოებრივ მაუწყებელსა" და "რუსთავი 2"- ში, მაგრამ პარლამენტი დღეს გადაიქცა ნოტარიუსად, სადაც მხოლოდ პროცედურებზე საუბრობენ, სადაც რეალური დებატები რეალურ პრობლემებზე არ არის", - განაცხადა ხოშტარიამ.

მის განცხადებას და ქმედებას "ქართული ოცნების" დეპუტატების წინააღმდეგობა მოჰყვა. კოლეგებს ბანერის ჩამოხსნისკენ მოუწოდეს, რასაც შელაპარაკება მოჰყვა "ოცნების" დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილსა და ოპოზიციონერ აკაკი ბობოხიძეს შორის. ამის ამსახველი კადრები, როგორც უკვე გითხარით,"ფეისბუკის" პირად გვერდზე ელენე ხოშტარიამ გაავრცელა, რომელმაც "ფეისბუკლაივში" ჩართო დაპირისპირება.

"ოჯახები ხო გყავთ? შვილებს რას ეუბნებით, რა გაქვთ გაკეთებული? საზღვარი აქვს ყველაფერს. ეს (უთითებს ბანერზე) ბოდიში და..." - მიმართა ყაველაშვილმა ოპოზიციის წევრებს. ყოფილ ფეხბურთელს თანაგუნდელებმა საუბარი არ დაასრულებინეს და ეცადნენ გაერიდებინათ "ევროპული საქართველოსთვის" ტრიბუნებიდან, რა დროსაც ყაველაშვილმა შენიშნა, რომ ელენე ხოშტარია მობილურით იღებდა და ოპონენტს მიმართა: "ოპერატორობა დაიწყე?"

ამაზე ელენე ხოშტარიამ კომენტარი გააკეთა: "მგონი ძველი ბიჭების ადგილი არ არის პარლამენტში... ფხიზელი არ არის, ხო?" - მიმართა "ევროპული საქართველოსთვის" წევრმა თანაგუნდელებს, რაზეც ირმა ნადირაშვილი და ოთარ კახიძეც დაეთანხმნენ. (იხილეთ სრულად)

ანა გიორგაძე