მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ის ახალ სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან პირველი შეხვედრა გამართა - კვირის პალიტრა

მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ის ახალ სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან პირველი შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ის ახალ სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან პირველი შეხვედრა გამართა. როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე რეფორმებს.

„ძალიან პოზიტიურად შეფასდა ყველა ის პროცესი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს როლზე რეგიონში, იმ ეკონომიკურ პოტენციალზე, რომელიც არსებობს რეგიონში, საქართველოს, როგორც რეგიონის ჰაბის, ფუნქციაზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და მივიღეთ მტკიცე მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისადმი, სუვერენიტეტისადმი. მათ აქვთ სურვილი, რომ საქართველოს მაქსიმალურად დაუდგნენ გვერდში ყველა იმ პროცესში, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს სტაბილურ, მშვიდ განვითარებას და უზრუნველყოფს ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერეს“, - განაცხადა ჯანელიძემ.

მისივე თქმით, არსებობს კარგი საფუძველი, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს. „ვისაუბრეთ სტრატეგიული პარნტიორობის ფორმატზე, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის. სახელმწიფო მდივნის მიერ ამ ფორმატისადმი გამოითქვა სრული მხარდაჭერა და მზაობა, რომ გაიმართოს ეს შეხვედრა. თარიღზე და დროზე შევთანხმდებით, მაგრამ დღეს ორივე მხარემ დავადასტურეთ მტკიცე მხარდაჭერა ამ ფორმატისადმი“, - დასძინა მიხეილ ჯანელიძემ

"ინტერპრესნიუსი"