"დავაპირე, სიმთვრალეზე ექსპერტიზა ჩამეტარებინა" - კვირის პალიტრა

"დავაპირე, სიმთვრალეზე ექსპერტიზა ჩამეტარებინა"

ელენე ხოშტარიამ ამ საკითხზე კომენტარი არ ისურვა: "ტეხავს!"

მიხეილ ყაველაშვილი: "ელვის სისწრაფით მოედო საზოგადოებას, თითქოს პარლამენტში არაფხიზელ მდგომარეობაში მივედი, არადა, ეს მტკნარი სიცრუეა"

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ელენე ხოშტარიამ ვიდეო გაავრცელა, სადაც, მისი მტკიცებით, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა. დეტალებზე საუბარი თავად ელენე ხოშტარიამ არ ისურვა და წერილობით შეგვატყობინა, რომ ამ საკითხზე კომენტარი "ტეხავს".

რა მოხდა პარლამენტში იმ დროს, როცა "ევროპული საქართველოს" წევრებმა სხდომათა დარბაზში "რუსთავი 2"-ისა და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბანერები გამოფინეს? დეტალებს "ევროპული საქართველოს" წევრი აკაკი ბობოხიძე იხსენებს:

- ბანერის გამოფენა დავაპირეთ, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა რამდენჯერმე ხელი შეგვიშალეს. ბოლოს ბანერი მაინც გაიშალა, მაგრამ ამჯერად "ქართული ოცნების" სპორტსმენი დეპუტატები გააქტიურდნენ. მიხეილ ყაველაშვილი მოვიდა, ბანერი თქვენი ნებით ჩამოხსენითო. არ ვიცი, თუ არ დავემორჩილებოდით, რას აპირებდა, თუმცა მაინც კორექტულად ვცადე, ამეხსნა, რომ პოლიტიკაში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ამას სპორტსმენებიც უნდა შეჰგუებოდნენ.

- ვიდეოში ისმის ელენე ხოშტარიას და თქვენი თანაგუნდელების კომენტარები - ნასვამიაო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადდა?

- საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრებმა განმარტეს, რომ ის ფხიზელი იყო. მათი განცხადების მჯერა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მიხეილ ყაველაშვილი ამ მცირე დაპირისპირებისას ადეკვატური არ ჩანდა.

- ანუ ელენე ხოშტარიამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა?

- ინფორმაცია არ გაავრცელა, ვიდეო ე.წ. ლაივრეჟიმში ჰქონდა ჩართული და ამ დაპირისპირებაში მისი შეფასება ისმის. აღსანიშნავია, რომ

"ქართული ოცნების" ე.წ. ძველი პოლიტიკოსები სხდომათა დარბაზში მშვიდად ისხდნენ, მხოლოდ ახალი წევრები აქტიურობდნენ, განსაკუთრებით კი სპორტსმენები. როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ მათი აქტიურობის დრო დადგა.

ისე, მიხეილ ყაველაშვილისგან გამიკვირდა. როგორც ყოფილ ფეხბურთელს, მეტი მოთმენის უნარი უნდა გამოეჩინა. პარლამენტში მომავალშიც ბევრ ისეთ საკითხს შევეხებით, რაც მათთვის მიუღებელი იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფიზიკურ შესაძლებლობებში გავეჯიბროთ ერთმანეთს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი "კვირის პალიტრასთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში არ იყო და ვიდეოს გავრცელების ფორმა კოლეგების შეცდომა იყო:

- ელვის სისწრაფით მოედო საზოგადოებას, თითქოს პარლამენტში არაფხიზელ მდგომარეობაში მივედი, არადა, ეს მტკნარი სიცრუეა. გული მწყდება, რომ ჩემს განცხადებას კოლეგების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტები არიან, არასწორი შეფასება მოჰყვა. ელენე ხოშტარიამაც აღიარა, რომ არასწორი ფორმით გაავრცელა ვიდეო. თანაც, ამ ვიდეოში საპარლამენტო უმცირესობის წევრებისგან ბანერის ჩამოხსნას კი არ ვითხოვ, პროტესტს გამოვხატავ, თავიანთი წარსულიდან გამომდინარე, არიან თუ არა გულწრფელნი დღეს მედიის თავისუფლებაზე საუბრისას. ეს ხომ ის ძალაა, რომელიც ტელევიზიას არბევდა და მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს არღვევდა!

მართალია, ელენე ხოშტარია უშუალოდ არ მონაწილეობდა ასეთ უკანონო ქმედებებში, მაგრამ თანამოაზრეები იყვნენ და დღემდე მათ "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილად მივიჩნევ. მე და ჩემი მეგობრები 2007 წელს გამოვხატავდით პროტესტს ქვეყანაში დამყარებული რეჟიმის წინააღმდეგ და ისიც კარგად მახსოვს, სპორტსმენებს ნარკოლოგიურ და ალკოშემოწმებებს რომ გვიტარებდნენ. ამ გუნდის მმართველობის წნეხმა უშუალოდ ჩემსა და ჩემს მეგობრებზე, ახლობლებზე გადაიარა, შესაბამისად, მოქალაქეების მიმართ მათი დამოკიდებულება კიდევ დიდხანს გვემახსოვრება. პარადოქსულია, რომ სწორედ ეს გუნდი აცხადებს, თიIთქოს პარლამენტში არაფხიზელ მდგომარეობაში ვიყავი. ისიც კი დავაპირე, სიმთვრალეზე ექსპერტიზა ჩამეტარებინა და ამ ფორმით გამეცა მათთვის პასუხი, თუმცა სხდომა საღამოს ცხრა საათამდე გაგრძელდა... შესაძლოა, ელენე ხოშტარიას ეს ვიდეო მიზანმიმართულად არ გაუვრცელებია, მაგრამ სოციალური ქსელების ეპოქაში მეტი დაფიქრება გვმართებს.

რუსუდან შელია