"პროკურატურას ჩემს წინააღმდეგ ერთი სიტყვა ან ფურცელი რომ ეპოვა, არავინ დამინდობდა"
13-02-2017
"პროკურატურას ჩემს წინააღმდეგ ერთი სიტყვა ან ფურცელი რომ ეპოვა, არავინ დამინდობდა"
"პოლიტიკაში მზაკვრული მეთოდია, კონკრეტულ პირს სკანდალი აუგორონ და შეტევა ორკესტრირებულად განახორციელონ"

"არ ვაპირებ გადაწყვეტილებების მიღებას პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიისა და პარტიული შეხედულებების მიხედვით"


წინა მოწვევის ვიცე-სპიკერი და "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მანანა კობახიძე დღეს უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა - მმართველმა გუნდმა მას მხარი ერთსულოვნად დაუჭირა, თუმცა იქნება თუ არა ის სწორედ პოლიტიკური წარსულის გათვალისწინებით დამოუკიდებელი მოსამართლე, თანაც იმ პერიოდში, როდესაც საკონსტიტუციო კომისია მასშტაბური ცვლილებებისთვის ემზადება? ყველა ბრალდებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძე
ექსკლუზიურად "კვირის პალიტრასთან" საუბრობს:

- ოთხ წელიწადზე მეტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიყავი და პოლიტიკური თანამდებობის პირიც გახლდით, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ჩემს ახლანდელ მოვალეობებთან ეს ხელშემშლელ ფაქტორად უნდა აღვიქვათ. არ ვაპირებ გადაწყვეტილებების მიღებას პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიისა და პარტიული შეხედულებების მიხედვით. ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოში - აშშ-ში უზენაესი
სასამართლოს 30%-ზე მეტ მოსამართლეს პოლიტიკური წარსული აქვს. ანალოგიური პრაქტიკაა ევროპაშიც. საფრანგეთში საკონსტიტუციო საბჭოში ყოფილი პოლიტიკოსები არიან მოსამართლეებად, თუმცა საზოგადოებას იქ შეკითხვაც კი არ გაუჩნდება წარსულ პოლიტიკურ საქმიანობასა თუ გავლენაზე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისას.

- ფაქტია, რომ თქვენ მიერ მოყვანილი დემოკრატიული სახელმწიფოების მაგალითები ჯერ კიდევ მყიფე დემოკრატიის მქონე საქართველოში საზოგადოებისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა, თანაც, იმ ფონზე, როდესაც აშკარად ავლენთ კონკრეტული ოპოზიციური პარტიის მიმართ თქვენს პოლიტიკურ განწყობას.

- პრაქტიკის ანალიზი და პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება ყოველთვის მნიშვნელოვანია.

- სწორედ ამიტომ გეკითხებით - დაანონსებული მასშტაბური საკონსტიტუციო ცვლილებებისა და თქვენი პოლიტიკური განწყობების ფონზე, საზოგადოება რატომ უნდა გენდოთ, რომ თქვენივე განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მმართველი პარტიის სასარგებლოდ არ მიიღებთ?

- სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს როლის განსაკუთრებულობის შეფასებისას აქცენტი კონკრეტული მოსამართლის პრინციპულობასა და შინაგან დამოუკიდებლობაზე უნდა გაკეთდეს - პირადად მე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთი აღნიშნული თვისების დეფიციტს არ განვიცდი. თუ მხოლოდ ამ ლოგიკით ვიმსჯელებთ, რა გარანტია გვაქვს, რომ თუნდაც მხოლოდ აკადემიური წრიდან არჩეული მოსამართლე პოლიტიკურად ანგაჟირებული არ იქნება და პოლიტიკურ ზემოქმედებასა თუ ზეწოლას არ დაექვემდებარება? ყველა მოქალაქეს აქვს პოლიტიკური განწყობა. თუ მოსამართლეებს არჩევნებში მონაწილეობაც ავუკრძალოთ, რადგან ისინი საარჩევნო ბიულეტენში კონკრეტულ პარტიას აძლევენ ხმას? ვიმეორებ - მოსამართლე უნდა იყოს შეუვალი და ზეწოლას არასოდეს დაექვემდებაროს.

ყველა ადამიანს აქვს თავისი ბიოგრაფია და ცხოვრებისეული გზა, პირადად მე ათი წლის განმავლობაში პედაგოგი გახლდით როგორც სკოლაში, ისე უმაღლეს სასწავლებ­ლებში, ასევე ათი წელი ვემსახურე ადამიანის უფლებების დაცვას და მხოლოდ მცირე პერიოდი პოლიტიკური ლიდერის სტატუსი მქონდა. ვფიქრობ, პოლიტიკური წარსული უფრო გამომადგება, რადგან კანონშემოქმედებითი გამოცდილება მომცემს შესაძლებლობას, უფრო ფართოდ დავინახო გასაჩივრებული ნორმა თუ ნებისმიერი აქტი.
პოლიტიკაშიც სწორედ იმ მიზნით მოვედი, რომ სასამართლო სისტემა გამართულიყო.

- და მიზანს მიაღწიეთ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ წუთებშიც პროკურატურა ორი მოსამართლის საქმეს იძიებს, რომლებსაც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის სახელით ზეწოლის გზავნილები მიუვიდათ?

- ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ქვეყანაში სასამართლო სისტემა ვითარდება და არც ერთი მოსამართლე მათზე ზეწოლას არასოდეს დაუშვებს. ბუნებრივია, ძნელია მსგავს ფაქტებზე ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება, თუმცა არც იმის სურვილი მაქვს, პროკურატურაზე ზეწოლა მოვახდინო და გამოძიებამდე შევაფასო მოვლენები. დარწმუნებული ვარ, სიმართლე აუცილებლად გაირკვევა.

- თავის მხრივ, ოპოზიციაც დიდი ხანია ლაპარაკობს სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებსა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" შესაძლო ზეწოლის შეფასებისას გიძნელდებათ ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება?

- არ ვამბობ, რომ სასამართლოში იდეალური ვითარებაა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, რომ წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი რთული რეალობიდან გამოვსულიყავით. წინა ხელისუფლების პერიოდში არ მახსენდება პრეცედენტი, მოსამართლეს საჯაროდ ეთქვას, ჩემზე ზეწოლას ახდენენო.

- ალბათ, საზოგადოების ნაწილი ასევე ხშირად შეგახსენებთ ე.წ. კოკაინის საქმესა და თქვენი ძმის მიმართ თანამშრომლების პროტესტსა და სკანდალურ განცხადებებსაც. ეს გარემოებები თქვენი კანდიდატურის შერჩევისას დამაბრკოლებელი არ ყოფილა?

- არა. პოლიტიკაში მზაკვრული მეთოდია, კონკრეტულ პირს სკანდალი აუგორონ და შეტევა ორკესტრირებულად განახორციელონ. მოგეხსენებათ, საქმეს პროკურატურა იძიებდა, თუმცა როდესაც დანაშაულის დამამტკიცებელი ვერაფერი იპოვეს, ძიება შეწყდა. პროკურატურას ჩემს წინააღმდეგ ერთი სიტყვა ან ფურცელი რომ ეპოვა, არავინ დამინდობდა. ასეც უნდა იყოს - თუ ვინმე კანონს არღვევს, პროკურატურამ პასუხი უნდა მოსთხოვოს. დღეს პოლიტიკიდან წავედი და მთლიანად სასამართლო სისტემაზე ვარ ორიენტირებული, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება - ფაქტია, ადრე გამამტყუნებელი განაჩენების სტატისტიკა მაღალი იყო, დღეს კი ეს ტენდენცია შემცირებულია. შემცირდა ციხეებში პატიმრების რაოდენობაც, რასაც მე კი არა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია დადებითად აფასებს.

- როგორ ფიქრობთ, გიგი უგულავას გათავისუფლება და ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულებისთვის ბრალდების შეცვლა ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ?

- დღეს სასამართლო სისტემა იმაზე დამოუკიდებელია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. სხვათა შორის, ამას ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კოტე კუბლაშვილიც კი აღიარებდა. ადამიანის საპატიმროდან გათავისუფლება, მით უმეტეს, ჩემთვის, როგორც ყოფილი უფლებადამცველისთვის, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. თუ პროკურატურა გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, შეუძლია, გაასაჩივროს.

- როგორც ამბობენ, თქვენ მოსამართლედ საკუთარი კანდიდატურა მხოლოდ მას შემდეგ შესთავაზეთ გუნდს, რაც პარლამენტში მაღალი თანამდებობა ვერ მიიღეთ და ვიცე-სპიკერობის შემდეგ უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობა შემოგთავაზეს, რაც, პრინციპში, პოლიტიკურ დაქვეითებას გულისხმობდა.

- როდესაც კონკრეტულ საპარლამენტო თანამდებობაზე უარი ვთქვი, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემს წარდგენაზე ლაპარაკიც კი არ იყო. თუმცა მადლობას ვუხდი გუნდს, რომ არჩევანი ჩემზე გააკეთეს. ბუნებრივია, პოლიტიკიდან წასვლა ჩემი არჩევანის გარეშე არ მოხდებოდა, მაგრამ საბოლოოდ ამაზე გუნდიც შეჯერდა - ახლა მაქვს შესაძლებლობა, საქართველოში კონსტიტუციური კანონიერებისა და მართლმსაჯულების დამკვიდრებას ვემსახურო.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით