"ჩანაწერების შინაარსი ნამდვილად ჰგავს "ნაცმოძრაობის" ხელწერას"
13-02-2017
"ჩანაწერების შინაარსი ნამდვილად ჰგავს "ნაცმოძრაობის" ხელწერას"
ნიკა მელია: "ვინც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას ბევრი რამ დააშავა, დღეს "ქართული ოცნების" რიგებში მაღალ თანამდებობებზე არიან"

"როგორც ჩანს, დამოუკიდებელი მოსამართლეები სისტემაში ჯერ კიდევ არსებობენ და ხელისუფლებამაც სწორედ ამიტომ დაიწყო მათი შანტაჟი"


მთავარმა პროკურატურამ მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიების შუალედური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს - ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეს შეტყობინებები გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, ყოფილი მაღალჩინოსნის, დავით საყვარელიძის სახელით მიუვიდათ. სატელეფონო თუ საფოსტო
წერილებში საუბარია მოსამართლეებისთვის გარკვეული ქმედებების განხორციელების სანაცვლოდ გარკვეულ ფინანსურ თუ თანამდებობრივ სარგებელზე. გზავნილების გასაჯაროების მიუხედავად, პროკურატურაში აცხადებენ, რომ ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა სატელეფონო წერილები უკრაინული ნომრიდანაა გამოგზავნილი შესაბამისი უკრაინული კოდით +380. შეგახსენებთ, გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე ამჟამად მიხეილ სააკაშვილთან ერთად, უკრაინის პოლიტიკურ
პროცესებში აქტიურად არის ჩართული. "მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გამოკითხვისას ორივე მოსამართლემ კატეგორიულად უარყო, გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევისა, მანამდე ან მას შემდეგ, მათ საქმიანობაში ჩარევის ან ჩარევის მცდელობის სხვა რაიმე ფაქტის არსებობა", - ნათქვამია საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით სამართალწარმოების განხორციელებისთვის ან წინასწარი გამოძიებისთვის ხელის შეშლის მუხლით გრძელდება. შეგახსე­ნებთ, რომ ამჟამად უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს "რუსთავი 2"-ის საქმეს, რომლითაც საბოლოოდ უნდა გადაწყდეს, გადაეცემა თუ არა ეს ტელევიზია ქიბარ ხალვაშს.

დავით მათიკაშვილი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:
- პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვან საქმეზე სასამართლოს არ ეძლევა შესაძლებლობა, მშვიდად იმუშაოს. "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებები ქმნის უარყოფით ფონს, რომ მოსამართლეებმა გადაწყვეტილების მიღება მშვიდად ვერ მოახერხონ. გავრცელებული ჩანაწერების შინაარსი და წერილების გაგზავნის პრაქტიკა ნამდვილად ჰგავს "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერას და ყველას ლეგიტიმურად უჩნდება კითხვა, პირველ რიგში მათ ინტერესებში ხომ არ შედის მოსამართლეებზე ზეწოლა?

- და თუ ასე ხდება, პირველ რიგში, ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება იმის გამო, რომ მოსამართლის დაცვას ვერ ახერხებთ?

- ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა პრევენციულ ღონისძიებებს მიმარ­თავს, რომ მსგავსი შემთხვევები არ დაფიქსირდეს, დაიცვას მოქალაქეები, განსაკუთრებით კი, მოსამართლეები. თუმცა ყოველთვის რთულია განსაზღვრო, რა მეთოდი შეიძლება გამოიყენოს ოპონენტმა, განსაკუთრებით კი "ნაციონალურმა მოძრაობამ" სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუ დადასტურდება, რომ რეალურად კონკრეტული პირი ორ მოსამართლეზე ზეწოლას გეგმავდა და ახორციელებდა კიდეც, კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.
თუმცა ისიც ფაქტია, რომ რევანშისტული მოწოდებები "ნაციონალურ მოძრაობას" არაერთხელ გაუჟღერებია - არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ უკანონო გზითა და ყველა ბერკეტის გამოყენებით ხელისუფლებაში დაბრუნება სცადოს.
სწორედ ისე, როგორც წლების განმავლობაში მართავდნენ ხელისუფლებას მოქრთამვის, შანტაჟისა და დაშინების პრაქტიკით, თუმცა, მიუხედავად მთელი ამ კამპანიისა, სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე კიდევ ერთხელ დადგება და ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

ნიკა მელია, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე: -
სამოქალაქო დაფასებას იმსახურებს ფაქტი, რომ სახელმწიფო ზეწოლის პირობებში მოსამართლეებმა გაბედეს და ზეწოლის წინააღმდეგ ხმა აიმაღლეს. როდესაც ბიძინა ივანიშვილის ყოფილი დაცვის წევრისა და ამჟამად სუს-ის ხელმძღვანელის ზეწოლაზე მოსამართლეებისთვის ცნობილი გახდა, მათ პროკურატურას მიმართეს, თავის მხრივ კი, სუს-მა შეიმუშავა ხრიკი, რომ საზოგადოება შეემზადებინა აზრისთვის, თითქოს ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან კი არა, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერისგან მოდიოდა, რომლებიც რეალურად საქართველოში არც იმყოფებიან.

- თუ ეს მმართველი გუნდის ინტერესებში იყო, რა მოიგო დავით საყვარელიძის სახელით მოსამართლეებისთვის წერილის გაგზავნით?

- ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ სახელმწიფომ ერთ-ერთი მოსამართლე საბიუჯეტო რესურსით მოქრთამა. მამხილებელი დოკუმენტია, რომ თურმე ერთი მილიონი კი არა, სამი მილიონი ლარი გადარიცხეს ბიუჯეტიდან მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახში. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე ხდება, როდესაც ასობით სოციალურად დაუცველი მოქალაქე ოპერაციის დაფინანსებას, სახურავების შეკეთებას, დანგრევის პირას მისული სახლების აღდგენას ითხოვს და მერია უარით ისტუმრებს. ჩვენს ბრალდებებზე კონტრარგუმენტი ხელისუფლებას არა აქვს და უსუსურები გახდნენ, როდესაც წერილის გაგზავნით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადეს. ჩემი ან ნებისმიერი მოქალაქის ოჯახის წევრსაც შეეძლო მოსამართლისთვის წერილის გაგზავნა, მაგრამ ვინმე დაიჯერებს, რომ ანზორ მელია მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებდა?

- მაშინ რატომ არ თანამშრომლობს გამოძიებასთან დავით საყვარელიძე და რატომ ამბობს უარს დაკითხვაზე?

- აბსურდულ საქმეზე ვის უნდა ეთანამშრომლა გამოძიებასთან? არ მეგულება ათი ადამიანიც კი, ვისაც მიაჩნია, რომ მოსამართლეებს წერილი დავით საყვარელიძემ გაუგზავნა. ხელისუფლებას არ აქვს რწმენა, რომ მოსამართლეები ივანიშვილის საკეთილდღეოდ გამოიტანენ გადაწყვეტილებას, როგორც ჩანს, დამოუკიდებელი მოსამართლეები სისტემაში ჯერ კიდევ არსებობენ და ხელისუფლებამაც სწორედ ამიტომ დაიწყო მათი შანტაჟი. ხელისუფლებას არ სურს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება მშვიდ გარემოში მიიღონ.

- თავად თქვენ თუ აძლევთ მოსამართლეებს მშვიდ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას, როდესაც უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქციას პოლიტიკური ლოზუნგების ფონზე ატარებთ?

- სხვა გამოსავალი ივანიშვილმა საზოგადოებას არ დაუტოვა - ერთი მხრივ, ეს იყო ივანიშვილისთვის გამაფრთხილებელი აქცია, რომ არ დავუშვებთ "რუსთავი 2"-ის ივანიშვილის ხელში გადასვლას. მერწმუნეთ, მშვიდობიანი აქციები მომავალშიც გაგრძელდება, სანამ საკუთარ განზრახვაზე ივანიშვილი ხელს არ აიღებს. ამასთან, ჩვენ აქციით სოლიდარობა გამოვუცხადეთ მოსამართლეებს, რომლებმაც მათზე ზეწოლის მცდელობაზე საჯაროდ ისაუბრეს. ვინმეს სჯერა, რომ ივანიშვილი არ ცდილობს მოსამართლეებზე ზეწოლას ან მოქრთამვას? ქვეყანაში პოლიტიკური პარტია არ დატოვა, რომელიც არ იყიდა.

- თქვენი პარტიის ჩათვლით?

- ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, გააუდაბნოოს პოლიტიკური ველი და ყველა ოპოზიციურად განწყობილ პარტიაზე საკუთარი გავლენა გაავრცელოს. რა მოხდა ჩვენს პარტიაში სულ ცოტა ხნის წინ, ამას დრო გამოაჩენს. ფაქტია, რომ არჩევნების შემდეგ პარტიები და პოლიტიკოსები საერთოდ გაქრნენ პოლიტიკური სივრციდან, რაც, ბუნებრივია, შემთხვევით არ მომხდარა.

- დასასრულ, ფიქრობთ, რომ მედიის დაცვაზე საუბრისას თქვენი პარტია საზოგადოების გულწრფელ სოლიდარობას იმსახურებს? რამდენიმე დღის წინ მმართველმა პარტიამ გამოფინა ბანერი, სადაც მედიაზე ზეწოლის ამსახველი ფოტომასალა იყო.

- ვინც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას ბევრი რამ დააშავა, დღეს "ქართული ოცნების" რიგებში მაღალ თანამდებობებზე არიან. რაც კარგი იყო ჩვენი მმართველობისას, "ქართულმა ოცნებამ" საერთოდ აღმოფხვრა, მანკიერი პრაქტიკა კი იმ ხალხის მეშვეობით გააღრმავა, რომლებიც დანაშაულს სჩადიოდნენ. მაგალითად, ჩინჩალაძე, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" დროს უზენაეს სასამართლოში პროკურატურის წარმომადგენელი იყო, დღესაც იმავე პოზიციაზეა "ქართული ოცნებიდან".

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით