"ალანია სამხრეთ კავკასიაში არასდროს ყოფილა" - კვირის პალიტრა

"ალანია სამხრეთ კავკასიაში არასდროს ყოფილა"

თიბილოვმა პლებისციტი, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის "ისტორიული" სახელწოდების დაბრუნებას გულისხმობს, 9 აპრილს დანიშნა(?!)

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა პლებისციტი დანიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთს "ისტორიული" სახელწოდება - "ალანია" დაუბრუნოს. "კვირის პალიტრას" ექსპერტი კახა გოგოლაშვილი ესაუბრა:

- ჩრდილო ოსეთს ახლაც ალანია ჰქვია და, ალბათ, ეს არის მცდელობა, ჩრდილო ოსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მეტი კომუნიკაცია იყოს. ისტორიული რეალობის გამრუდების სურვილიც აქედან წარმოდგება. ისტორიულად ალანების გაერთიანება მართლაც არსებობდა, ოღონდ ჩრდილო კავკასიაში... ალანია სამხრეთ კავკასიაში არასდროს ყოფილა.

- გავრცელებული ინფორმაციით, პლებისციტი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, 2017 წლის 9 აპრილს გაიმართება, 9 აპრილი კი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეც არის. ასეთი დამთხვევა სიმბოლურია?

- შესაძლოა... საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ე.წ. სამხრეთ ოსეთს სამაჩაბლოდ მოიხსენიებდა. ამჟამინდელი ცხინვალის რეგიონი მართლაც იყო ერთ-ერთი ქართული სამთავრო, სადაც ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსახლებული ალანებიც ცხოვრობდნენ, თუმცა ისინი არასდროს ყოფილან უმრავლესობაში, მე-19 საუკუნის ბოლომდე და, შესაძლოა, ცოტა მერეც, ოსები უმცირესობას წარმოადგენდნენ. ისიც ფაქტია, რომ ეს ტერიტორია ავტონომია ან დამოუკიდებელი ერთეული არ იყო. ავტონომიად ყოფილი საბჭოთა კავშირის იმპერიაში გადაიქცა. სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით მოიხსენიებდა გამსახურდია სამაჩაბლოდ, თუმცა, ესეც ხისტი გადაწყვეტილება იყო, რამაც პროვოცირება მოახდინა და ქართველები და ოსები უფრო მეტად გამიჯნა.

- თიბილოვის მიერ დანიშნული პლებისციტის უკან რუსეთის გეგმას თუ ხედავთ?

- რა თქმა უნდა, ამის უკან რუსეთი უნდა მოვიაზროთ. პლებისციტის დანიშვნა უპირველესად ემსახურება პროპაგანდისტული აზრის შექმნას და საერთაშორისო საზოგადოებრიობის თვალში ვითარების ისე წარმოჩენას, თითქოს ე.წ. სამხრეთ ოსეთი არის ალანების ტერიტორია და მათ სრული უფლება აქვთ, შეუერთდნენ მოძმე ალანებს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ევროპაშიც და გნებავთ, ამერიკაშიც, ნელ-ნელა ვითარდება ულტრანაციონალიზმი და უკვე სხვანაირად განიხილავენ საერთაშორისო საკითხებს... მაგალითად, საფრანგეთში ერთ-ერთი დიდი პარტიის ლიდერი, მარინ ლე პენი ამბობს, რომ ყირიმი ყოველთვის რუსეთის ტერიტორია იყო.

ევროპის მემარჯვენე ან მემარცხენე რადიკალური ძალებიც ცდილობენ, ყირიმი რუსეთის ნაწილად წარმოაჩინონ. ასეთი ტენდენციები არსებობს, რაც მიზნად ისახავს საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ, გამრუდებული ისტორიული რეალობით ტერიტორიების მიტაცების გამართლებას. თიბილოვის დანიშნული პლებისციტიც ამ კონტექსტში ჯდება.

- საქართველოს ვიზალიბერალიზაცია აფხაზებსა და ოსებს ქართული პასპორტებით საზღვარგარეთ უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობას აძლევს. ამის საპასუხო ნაბიჯი ხომ არ არის პლებისციტი?

- რუსეთის სტრატეგია ერთ პარამეტრს ან ფაქტორს არასდროს ემყარება, ყველაფერი აწონილ-დაწონილია. ვიზალიბერალიზაციას ან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებს ქვეყნები სხვა სახელმწიფოებზე გავლენის გასავრცელებლადაც კი იყენებენ.

საქართველოს აქვს შანსი, საკუთარ ტერიტორიაზე გავლენები გააძლიეროს, აფხაზებსა და ოსებთან მეტი სიახლოვე იქონიოს. რუსეთი კი ამის ნეიტრალიზებას სხვადასხვა გზით შეეცდება. ამას შეიძლება "გავლენების ომიც" დავარქვათ.

რუსეთი ეცდება, უფრო გააძლიეროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატიზმი და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ოსებს უთხრას, თქვენ ხართ ალანები, ეს არის თქვენი ტერიტორია და სრული უფლება გაქვთ, შეუერთდეთ ჩრდილო ოსეთს და ამით, ფაქტობრივად, დიდ რუსეთში გაერთიანდეთო. თუმცა შეძლებს კი რუსეთი ტერიტორიის მიტაცებას ისე, რომ ეს საერთაშორისო საზოგადოებრიობის თვალშიც გაამართლოს.

ვფიქრობ, ჯერჯერობით რუსეთს მხოლოდ პროპაგანდისტული აზრის შექმნა სჭირდება, ისე კი მოცემულ მომენტში მას სხვა მიზანი აქვს - ყირიმის საბოლოოდ მიტაცება და რაც ახლა დონბასში ხდება, ამის როგორმე გამართლება. ეს არ არის იოლი და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან ჯაჭვური კავშირი სჭირდება.

ეკა ასათიანი