"ნახეს, რომ ტელევიზიის ყველა თანამშრომელმა ძალადობა დაგმო და უკან დაიხიეს" - კვირის პალიტრა

"ნახეს, რომ ტელევიზიის ყველა თანამშრომელმა ძალადობა დაგმო და უკან დაიხიეს"

"საზოგადოებრივ მაუწყებელთან" მიმდინარე აქციისას, აუდიტორია 115-ის წევრები ტელევიზიის შენობაში შეიჭრნენ და პირველი სართული "მოამბის" ეთერში რამდენიმე წუთის დათმობის მოთხოვნით დაიკავეს, თუმცა თავად ტელევიზიის თანამშრომლებისგან მხარდაჭერა ვერ მიიღეს - ჟურნალისტებმა მათ შენობის დატოვებისკენ მოუწოდეს. "კვირის პალიტრასთან" საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი საუბრობს:

- ძალადობას არასოდეს მივესალმები, მიუხედავად იმისა, აუდიტორია 115-ის წარმომადგენლებმა ეს ჩვენს მხარდასაჭერად გულწრფელად გააკეთეს, თუ ვინმესგან იმართებოდნენ და რომელიმე ჯგუფის მითითებებს ასრულებდნენ. არასოდეს მოვიწონებ მსგავს ნაბიჯებს, რადგან აგრესიას რეალურ შედეგამდე არასოდეს მივყავართ.

- რატომ გაუსვით ხაზი კონკრეტული ჯგუფისგან მიღებულ შესაძლო მითითებებს. ფიქრობთ, აუდიტორია 115-ის წარმომადგენლების აქცია მართული იყო?

- კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, ამიტომ ზოგიერთებისგან განსხვავებით უსაფუძვლო ბრალდების გახმოვანებას მოვერიდები, თუმცა

ფაქტია ის, რაც მათ გააკეთეს, რეალურ სოლიდარობას არ გულისხმობდა

- მესმის ახალგაზრდული აღტყინების, თუმცა, როგორი დიადი მიზნებიც უნდა გამოძრავებდეს, ძალადობა ნებისმიერ ვითარებაში უნდა დავგმოთ. ჯამში, ჩვენი სოლიდარობის ეგიდით დაწყებული აქცია მიუღებელ საპროტესტო გამოხატვაში გადაიზარდა. დიახ, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომლები ახალი ხელმძღვანელების ხედვას არ ვიზიარებთ, თუმცა მეორე მხრივ, იმაშიც სოლიდარული ვართ, რომ აუდიტორია 115-ის მცდელობას არ ავყვეთ. ვგულისხმობ ტელევიზიაში შეჭრის მცდელობას. ისიც მენიშნა, რომ სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომლის ლიდერიც გია ჟორჟოლიანია, აუდიტორია 115-ის ნაბიჯებს მხარი დაუჭირა და მოიწონა კიდეც. კონკრეტულად დავალებების გაცემაში არავის ვადანაშაულებ, თუმცა ახალგაზრდები ნებისმიერ ქმედებაში დამოუკიდებლად უნდა მოქმედებდნენ და არა კონკრეტული პარტიის მითითებით. მისასალმებელია, რომ ჩვენს პოზიციას მაინც პატივი სცეს და შეჭრის მასშტაბურობა თავიდან ავიცილეთ.

- ამის მცდელობა ჰქონდათ?

- ალბათ, ჰქონდათ, მაგრამ იქ დაცვის თანამშრომლები და სამართალდამცავებიც მობილიზებული იყვნენ, ამიტომ, არც გამოუვიდოდათ. თანაც ნახეს, რომ ტელევიზიის ყველა თანამშრომელმა ძალადობა დაგმო და უკან დაიხიეს. მსგავს აქციებში მონაწილეობას არ ვაპირებ - ვგულისხმობ ძალადობრივ პროტესტს და ამავე პოზიციაზეა ყველა თანამშრომელი, ვინც ახალი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. დღეს არც ერთი მხარის ინტერესში მოვლენების ესკალაცია არ უნდა იყოს. "საზოგადოებრივი მაუწყებელი" არის ობიექტი, რომელსაც სახელმწიფო იცავს, შესაბამისად, ახალგაზრდებს მეტი დაფიქრება მართებთ - ასე მხოლოდ მაშინ შეიძლება მოვიქცეთ, როცა რუს ოკუპანტს ქვეყანაში შემოჭრის მცდელობა ექნება...

რას ითხოვდნენ ტელევიზიაში შეჭრილები

"საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" პირდაპირი ეთერი აქციის მონაწილეებს დაუთმო, რომლის დროსაც მათ "მშრომელთა ექსპლუატაციაზე" ისაუბრეს: "ჩვენ ვართ უმრავლესობა, მაგრამ ვართ ჩაგრული უმრავლესობა. ბევრნი ვართ, მაგრამ ჯერჯერობით არ ვართ ერთიანი ძალა. ურთიერთთანადგომა და საერთო ძალების მობილიზება გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა. მოვითხოვთ მთავრობისგან, გაატაროს ხალხის ინტერესი და მივმართავთ უშუალოდ მშრომელებსა და მათი ოჯახის წევრებს: ყველას, ვის ზურგსაც ეს უთანასწორო სისტემა აწვება, მობილიზდით სამუშაო ადგილებზე, უბნებში, სამზარეულოებში, შეუერთდით საერთო ბრძოლას ქართული დემოკრატიისთვის და გააკეთეთ არჩევანი, ვის მხარეს ხართ თქვენ - მჩაგვრელების, თუ თავისუფალი ადამიანების".