"კრემლში იციან, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში, ბევრად მეტი ქართველი წავა რუსეთში, ვიდრე ევროპაში" - კვირის პალიტრა

"კრემლში იციან, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში, ბევრად მეტი ქართველი წავა რუსეთში, ვიდრე ევროპაში"

"რუსეთი არასოდეს არაფერს დათმობს, უბრალოდ ცდილობენ ურთიერთობები სხვა ჭრილში გადაიტანონ"

გასულ კვირას, პრაღაში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის, მორიგი შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვდრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე დღის წინ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ, გიორგი გიუნაშვილისთვის თავისუფლების აღკვეთის უკანონო გადაწყვეტილებაზე. სამსაათიანი შეხვედრისას მხარეებმა რუსეთ-საქართველოს შორის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე მონიტორინგის საკითხზე მოილაპარაკეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ 2011 წელს მიღწეულ შეთანხმებაზე მუშაობა დაჩქარდება. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ 6-წლიანი ლოდინის შემდეგ უახლოეს მომავალში შვეიცარულ კომპანიასთან კონტრაქტი გაფორმდება და საზღვრებზე მონიტორინგს შვეიცარიელები განახორციელებენ.

"დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისთვის მოგზაურობის გაადვილების საფუძველი გახდება. მათზე ევროპაში სამოგზაუროდ ნებისმიერი სახის ვიზის გაცემაა გართულებული. იშვიათი გამონაკლისის გარდა ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები. ეს არის ადამიანების მიმართ არაჰუმანური დამოკიდებულება. რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე უნდა ვიმუშაოთ. გაითვალისწინეთ, რომ დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს", - გრიგორი კარასინის ეს განცხადება კი ქართულმა მედიამ გაავრცელა.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი:

- რუსეთი არასოდეს არაფერს დათმობს, უბრალოდ ცდილობენ ურთიერთობები სხვა ჭრილში გადაიტანონ. კარასინმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ასეთ კონტექსტში პირველად ახსენა, მანამდე აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე ამ საკითხს არ განიხილავდნენ... მიუხედავად იმისა, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი არის მნიშვნელოვანი, გარკვეულწილად ამ ფორმატს ახალი სისხლი და ახალი ფუნქციები სჭირდება იმისთვის, რომ განხილული იყოს საკითხების ფართო სპექტრი. რაც შეეხება რუსეთის მხარეს, დარწმუნებული ვარ, კრემლის პოზიციაში ბევრი არაფერი შეიცვლება.

მსოფლიოში ახლა გეოპოლიტიკური ცვლილებების დრო დგება, ეს პროცესი გამძაფრდება მაშინ, როდესაც დიდი ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრები გაიმართება, ამ შემთხვევაში მხოლოდ ტრამპი და პუტინი არ იგულისხმება, აქ ასევე იგულისხმება ევროპული ქვეყნების წარმომადგნლები და ჩინეთიც. ამ შეხვედრების ციკლი რომ დამთავრდება, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რა ტიპის გეოპოლიტიკური ცვლილებების მოლოდინში უნდა ვიყოთ, მანამდე ყველა მსხვილი ქვეყანა, რომელიც მსოფლიო პოლიტიკას ქმნის, მომზადებული უნდა იყოს ცვლილებებისთვის.

- იყო მოლოდინი, რომ კარასინი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე მწვავე განცხადებას გააკეთებდა...

- რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მისთვის არაფერია. ადრე თუ გვიან, რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს გააუქმებს, ვფიქრობ, ეს გაზაფხულზე მოხდება. კრემლში იციან, რომ ამ შემთხვევაში ბევრად მეტი ქართველი წავა რუსეთში, ვიდრე ევროპაში, თუნდაც იმიტომ, რომ ევროპასთან გარკვეული ბარიერები არსებობს. ასე რომ, ეს არ არის ხიფათი რუსეთისთვის და აქედან გამომდინარე ამიტომ აკეთებენ ასეთ რევერანსულ განცხადებებს. რაც შეეხება რეალობას, მე არ ვიცი ე.წ. სამხრეთ ოსეთში რა სიტუაციაა, მაგრამ აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება მაქსიმალურად შეზღუდავს აფხაზი მოქალაქეების სურვილს, მიიღონ ქართული საბუთებით ევროპაში გადაადგილების საშუალება...

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)