"გვარამია შეეცდება მაქსიმალურად დაამძიმოს ვითარება"
20-02-2017
"გვარამია შეეცდება მაქსიმალურად დაამძიმოს ვითარება"
"გამოძიებამ უნდა იმსჯელოს, რა გარიგების მცდელობა იყო ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანს შორის"

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხა­დებით,"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ამსახველი ფარული ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა. 30 წუთის ხანგრძლივობის აუდიოფაილი სახელწოდებით "ნიკა გვარამია ჰპირდება მოსამართლეს 6 მილიონიდან წილს", შესაბამისი საექსპერტო დასკვნის თანახმად, არ არის დამონტაჟებული და ავთენტურია, რაც ნიშნავს იმას, რომ ხმები ეკუთვნით ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანს. დღეს
მოქალაქე ნიკოლოზ გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაშია დაბარებული". ნიკა გვარამიამ და მამუკა ახვლედიანმა ჩვენების მიცემა სასამართლოზე მოითხოვეს. დეტალებზე "კვირის პალიტრასთან" თბილისის საქალაქო სასამ
ართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი საუბრობს:

- ჩემს წინააღმდეგ განხორციელებულ ყველა პროცედურას სტრასბურგის სასამართლოში გავასაჩივრებ. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზეც იმის გამო არ მივედი, რომ ამ ყველაფერს ნებაყოფლობით სახეს არ მივცემ - ყველაფერი სამართლებრივად ოფიციალურ ჭრილში უნდა წარიმართოს, რომ გასაჩივრება მარტივად შემეძლოს. ფაქტია, რომ სცენარი უკვე დაწერილია და კონკრეტულ პირებს ასევე კონკრეტული მიზნებისთვის ინსცენირების მოწყობა სურთ.

- და თქვენი აზრით, რა არის იმის მიზანი, რომ პროკურატურამ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დაადგინა?

- თავიდანვე ვამბობდი, რომ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ჩემი ხმა ისმოდა - სასამართლოში არსებულ პრობლემებზე არაერთ პირთან მისაუბრია, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც. ეს საჯაროდაც განვაცხადე, თუმცა არაფერი ვიცი იმ თანხის შესახებ, რაც ჩანაწერში ისმის - ვისთვის უნდა მიეცათ ექვსი მილიონი ან რა მიზნით, ეს გავრცელებული ჩანაწერიდანაც გაუგებარია. ჩანაწერში კარგად ისმის, რომ ნიკა გვარამია მესამე პირში საუბრობს.

- ვინ ესწრებოდა კიდევ ამ საუბარს?

- თუ სწორად მახსოვს, შეხვედრაზე, რასაც ეს აუდიოჩანაწერი ასახავს, მინიმუმ სამი კაცი ვიყავით.

- ვინ იყო მესამე?

- ვეჭვობ, რომ შესაძლოა მესამე პირი გარკვეულ კავშირშია სუს-თან ან სხვა რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუციასთან, თუმცა ამ ეტაპზე მის ვინაობას არ დავაკონკრეტებ. არ მინდა, ვინმეს ცილი დავწამო, თუმცა ყურადღებით დავაკვირდები, როგორ განვითარდება მოვლენები - სწორედ გამოძიების პროცესში გამოიკვეთება, ვინ იყო ის მესამე პირი და რა მიზნით ესწრებოდა ჩვენს შეხვედრას. მანამდე კი დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ნიკა გვარამიას ჩემთვის თანხა არ შემოუთავაზებია და, შესაძლოა, სხვა პირთან იყო მსგავსი საუბარი.

- ანუ ნიკა გვარამია სხვას სთავაზობდა ექვს მილიონს?

- არა, შესაძლოა, კონტექსტია შეცვლილი. აუდიოჩანაწერში მიმართვისა და დიალოგის ფორმა სწორედ ამ შთაბეჭდილებას ტოვებს. სახელმწიფო უწყებები გაუგებრად მოქმედებენ, არც იმას გამოვრიცხავ, მთელი ამ პროცესის მიზანი ნიკა გვარამიას დაკავება იყოს, თუმცა შესაბამისი საფუძველი მით უმეტეს ამ ჩანაწერიდან არ არსებობს. გულზე ხელების დაკრეფას არც მე ვაპირებ - სარჩელი უკვე გამზადებულია და ყველა პირს, ვინც დღეს უკანონოდ მოქმედებს, სასამართლოს წინაშე კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს­. ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან, არ გავჩერდები.

გიორგი კახიანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:

- სამართალდამცავი ორგანოების დასკვნით, ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის აუდიოჩანაწერი ავთენტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩანაწერი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს­ შეიცავს. გამოძიებამ უნდა იმსჯელოს, რა გარიგების მცდელობა იყო ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანს შორის.

- ეს ნიშნავს, რომ ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანს პატიმრობა ემუქრებათ?

- ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს კონკრეტული პირობის სანაცვლოდ მატერიალურ სარგებელს სთავაზობს. ეს დანაშაულია, მიუხედავად იმისა, რეალურად რა შედეგი მოჰყვა ამ საუბარს, შეასრულა თუ არა ვინმემ დაკვეთა ან მიიღო თუ არა ვინმემ მატერიალური სარგებელი.

- მამუკა ახვლედიანის განცხადებით, ნიკა გვარამიას თანხაზე პირადად მასთან არაფერი უთქვამს და შეხვედრას კიდევ ერთი პირი ესწრებოდა...

- ამ აუდიოჩანაწერის გავრცელებისთანავე, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მამუკა ახვლედიანთან დიალოგი თავად ჩაწერა. თუ სამართალდამცავები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, რატომ არ აქვეყნებს ჩანაწერებს თავად?

- როგორც ითქვა, მან ეს ჩანაწერი წაშალა.

- საეჭვოა, ნიკა გვარამიას მსგავსი მნიშვნელობის ჩანაწერი წაეშალა.

- თუ დღის წესრიგში დადგა ნიკა გვარამიას დაკავება, ეს ნიშნავს თუ არა მედიაზე ზეწოლას, როგორც ამაზე ოპოზიცია და თავად ნიკა გვარამია აპელირებენ?

- დანაშაულის ჩადენის შემ­თხვევაში ყველამ თანაბრად უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე. ბუნებრივია, ნიკა გვარამია შეეცდება მაქსიმალურად დაამძიმოს ვითარება, სწორედ ამას ემსახურებოდა "რუსთავი 2"-ის მაუწყებლობის შეჩერებაც.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით