"როცა საჯარო­ მოხელე არ ვიქნები, ასეთებს პასუხს მარტივად გავცემ" - კვირის პალიტრა

"როცა საჯარო­ მოხელე არ ვიქნები, ასეთებს პასუხს მარტივად გავცემ"

"ზოგიერთ კლინიკას მოკავშირე პაციენტების გარდა ტროლები ჰყავს, რომლებიც დასხდებიან კლავიატურასთან და სასწაულებს სჩადიან"

ლაპარაკი იმაზე, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მაფია მოქმედებს, ღიმილის მომგვრელია

რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საგანგებო ბრიფინგი გამართა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და კერძო დაზღვევით მოსარგებლეების გამიჯვნის თაობაზე. არსებობს ეჭვი, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიები საკუთარ ვალდებულებებს სახელმწიფოს აფინანსებინებენ.

ახლობელს, რომელსაც კორპორაციული დაზღვევა აქვს და საოჯახო პაკეტით სარგებლობს, სტუდენტი შვილი შეუძლოდ გაუხდა და სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერ კლინიკაში მივიდნენ. რეგისტრაციისას ბარათი უკან დაუბრუნეს, თქვენს შვილს სტუდენტური დაზღვევა აქვს და იმით ისარგებლებსო. დედა გაოცდა, კორპორაციული დაზღვევის საოჯახო პაკეტში ფულს იმიტომ ვიხდი, რომ კერძო კომპანია მომემსახუროსო! კლინიკამ მაინც გადაწყვიტა, რომ ხარჯი სახელმწიფოს გადაეხადა. ახლობელი გულისწყრომას ვერ მალავდა - კლინიკა, რომელშიც მევალება მისვლა, იმავე ბიზნესჯგუფს ეკუთვნის, რომელიც სადაზღვევო კომპანიასაც განაგებს; ვეჭვობ, კერძო სადაზღვევო კომპანია და კლინიკა, მეპატრონის ინტერესების გათვალისწინებით, შეთანხმებულად მოქმედებენ და რაც კერძო კომპანიის გადასახდელი იყო, სახელმწიფოს გადაახდევინესო.

ბევრი ასეთი ფაქტი ვიცი. ფაქტობრივად, ყველა ნაცნობმა, ვინც კი ოპერაცია გაიკეთა, მიიღო დაფინანსება როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან, ისე - კერძო სადაზღვევო კომპანიიდან. სადაზღვევო კომპანია მათ აიძულებდა, ჯერ საყოველთაო ჯანდაცვისთვის მიემართათ და რაც სახელმწიფო დაფინანსების შემდეგ დააკლდებოდათ, იმ თანხას აუნაზღაურებდნენ...

"კვირის პალიტრის" სტუმარია ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო:

- სადაზღვევო კომპანიებმა გაყიდეს ისეთი პაკეტები, რომელთანაც მოსადავებელი არაფერი გვაქვს. პაკეტში გარკვევით ეწერა, გიფინანსებთ ყველაფერს, გარდა იმისა, რასაც აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვაო. პრობლემები არის იმ ნაწილში, სადაც კერძო კომპანიები საკუთარ ვალდებულებას სახელმწიფოს აკისრებდნენ...

ბოლო დღეებში ვკითხულობ სტატიებს სათაურებით: "ჯანდაცვის სამინისტრო კერძო სადაზღვევო კომპანიებს დაუპირისპირდა". ეს სიცრუეა. პრეტენზიას გამოთქვამენ ცალკეული პირები და რაც შეეხება კლინიკებს, ვარაუდის საფუძველზე ვერაფერს დავასკვნი. მოკვლევა მოგვცემს შესაძლებლობას, დავადგინოთ, რა ამოძრავებდა მათ. ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა, სადაც გადავწყვიტეთ, შემოვიღოთ კონტროლის ისეთი მექანიზმი, როგორსაც ბევრ ქვეყანაში იყენებენ, მაგალითად, აშშ-ში. ჯანდაცვის დანახარჯებს, ჯანდაცვის სამინისტროს გარდა, გააკონტროლებს სპეციალური კომპეტენტური ჯგუფი...

ზემოაღნიშნულ ფაქტებზე მოკვლევა დაწყებულია. წლების განმავლობაში მოკვლეული გვაქვს უამრავი მასალა და არსებობს ეჭვი, რომ რაღაც არასწორად ხდებოდა...

- თქვენი ზოგიერთი ოპონენტი აცხადებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და კერძო დაზღვევით მოსარგებლეების გამიჯვნით ხელისუფლება შანტაჟს უწყობს მოქალაქეებს და სოციალურ უსამართლობას ეწევა. იმის გამო, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა წამლებს არ აფინანსებს, ხალხი იძულებული გახდება, არჩევანი კერძო სადაზღვევო კომპანიებზე გააკეთოსო.

- მზად ვარ, მოსახლეობას განვუმარტო ჩვენი გადაწყვეტილებები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გაურკვეველ ბრალდებებზეც გავაკეთო კომენტარი. ცამდე მართალი რომ იყო, აბსურდზე თავის მართლებას რომ იწყებ, უხერხულობას იქმნი. როცა საჯარო მოხელე არ ვიქნები, ასეთებს პასუხს უფრო იოლად გავცემ.

- კერძო და საყოველთაო დაზღვევის თანამონაწილეობა შესაძლებელია?

- თუ სახელმწიფო გიფინანსებთ გარკვეულ მომსახურებას და ამასთან, გაქვთ რესურსი, კერძო დაზღვევით მიიღოთ დამატებითი მომსახურება, ეს შესაძლებელია ზედნაშენი პაკეტის შეძენით, მაგრამ ეს უნდა იყოს კერძო სადაზღვევო ინდუსტრიისა და სახელმწიფოს შეთანხმებული მუშაობის შედეგი და არა ისე, რომ თავისი ვალდებულებები კერძო კომპანიამ სახელმწიფოს დააფარვინოს. ვმუშაობთ ბაზების მოწესრიგებაზეც - თუ კერძო დაზღვევას დაკარგავთ, ვცდილობთ, 24 საათზე მეტი არ დაგჭირდეთ, რომ სახელმწიფომ იზრუნოს თქვენს ჯანმრთელობაზე.

- განაცხადეთ, რომ ჯანდაცვის რეფორმის მეორე ეტაპს რამდენიმე კლინიკა გამოეთიშება. რატომ არ დაასახელეთ კლინიკები?

- გამოეთიშებიან ისინი, ვისაც არ აქვს შესაბამისი სერვისები და პაციენტების გადაყვანა სხვა კლინიკაში სჭირდებათ. პირველი მარტიდან ძალაში შევა სელექტიური კრიტერიუმების პირველი ეშელონი, რომელიც შეეხება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაწესებულებებს, უპირველესად - სამშობიარო სახლებს. გამოქვეყნდება დაწესებულებები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ცნობილი გახდება ისიც, ვინც გამოეთიშება პროგრამას. ახლა მათ არ დავასახელებ, რადგან ჯერ აქვთ დრო, პირობების დაკმაყოფილებაზე იზრუნონ. მხოლოდ რეანიმაცია რომ გაქვს და პაციენტს თერაპიული განყოფილების ნაცვლად, რეანიმაციიდან ქუჩაში უშვებ, მონაწილეობას ვერ მიიღებ! ჯერ კიდევ შარშან სანებართვო პირობებში ჩავუწერეთ კლინიკებს, რომ ეს გამოესწორებინათ, მაგრამ ამაოდ...

ევროპაში არსებობს კლინიკის შეფასების საინტერესო მეთოდი: ცალ-ცალკე ითვლება პაციენტების, კოლეგების, სამინისტროს შეფასებები... საქართველოში რატომ არ ვაკეთებთ ამას? იმიტომ, რომ ზოგიერთ კლინიკას მოკავშირე პაციენტების გარდა ტროლები ჰყავს, რომლებიც დასხდებიან კლავიატურასთან და სასწაულებს სჩადიან. გამოიკვეთა კლინიკები, რომელთაც პირველ ადგილზე თავიანთი ფინანსური ინტერესი დააყენეს. მათთან ვეღარ ვითანამშრომლებთ.

- რატომ უჭირთ ქართველ ექიმებს ზუსტი დიაგნოზის დასმა?

- ამერიკის ჯანდაცვას საუკეთესო ხარისხის კონტროლი აქვს. როდესაც პაციენტი საექიმო შეცდომის გამო გარდაიცვლება, აღრიცხავენ და ოფიციალურად აქვეყნებენ. იქ ყოველწლიურად საექიმო შეცდომების გამო 250 000 კაცი იღუპება... არ არსებობს სისტემა, სადაც საექიმო შეცდომა არ ფიქსირდებოდეს. საქართველო გამონაკლისი არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა.

- მეზობელ თურქეთში სამედიცინო სფეროს განვითარება სწრაფი ტემპით 2002 წლიდან დაიწყო, როცა სახელმწიფომ ყველა კლინიკას საერთაშორისო სტანდარტები დაუწესა. ჩვენთან რატომ ვერ ხერხდება ეს?

- თურქეთმა ძალიან დიდი სახელმწიფო ინვესტიციები ჩადო ჯანდაცვაში. არ მომხდარა ისე, როგორც ჩვენთან 2010 წელს - ვიღაცამ ცუდ ხასიათზე გაიღვიძა და მზესუმზირასავით გაყიდა ყველა საავადმყოფო. თურქეთის ხელისუფლებამ შეინარჩუნა სახელმწიფო კლინიკები და შეღავათებიც დაუწესა. ამასთან, აიღო სახელმწიფო პატრონაჟი ინვესტიციებზე. უცხოეთში მცხოვრები თურქი ექიმები დააბრუნეს სამშობლოში. საქართველოში კი რა მოხდა? 2012 წელს ჯანდაცვაში იხარჯებოდა მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ზე მეტი. ჩვენი პირველი ამოცანა იყო, სულის მოთქმის საშუალება მიგვეცა მოქალაქეებისთვის.

დღეს საქართველოში კერძო და სახელმწიფო კლინიკა ერთ რეგულაციებშია მოქცეული, მაგრამ მძიმე შედეგი მოიტანა იმან, რომ საპირწონე სახელმწიფო კლინიკები არ გვაქვს. 30% მაინც უნდა გქონდეს, ჩვენ კი 1550 კლინიკიდან მხოლოდ 15 სახელმწიფო დაწესებულება გვაქვს. აქსიომაა, როგორც მრავალპროფილიან ბიზნესში, ისე მრავალპროფილიან საავადმყოფოში, ყველა მიმართულება მომგებიანი ვერ გექნება. იძულებული ხარ, დოტაცია, თანხის სუბსიდირება გააკეთო. სახელმწიფო კლინიკები ვალდებული არიან, ეს ლოგიკა შეინარჩუნონ, კერძოები - არა. მათ უნდათ, ყველაფერში ჰქონდეთ მოგება და თანაც - ჯერადობით. ერთი თვის წინ ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილებამ დემარში მოაწყო, როგორ თუ მეტი მოგება არ გვაქვსო. სახელმწიფო კლინიკა ამას არასდროს გააკეთებს, რადგან ესმის, რომ ეს არის სახელმწიფო ინტერესი.

- მოქალაქეებისთვის უმთავრეს პრობლემად რჩება წამლების გაძვირება...

- არ გვაქვს ინსტრუმენტები, რომლითაც გაძვირების პროცესს შევაკავებთ. იმედი მაქვს, წელს პენსიონერებს, მარტოხელებს და სოციალურად დაუცველებს, ქრონიკული დაავადებების მქონეებს ძირითად მედიკამენტურ პაკეტს უფასოდ მივაწვდით. ლაპარაკი იმაზე, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მაფია მოქმედებს, ღიმილის მომგვრელია. თუმცა, დაწესებულებებს შორის კარტელური და კორუფციული გარიგებები რამდენიც გინდათ, იმდენი მინახავს.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

2013 წლიდან განისაზღვრა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლებდნენ ის მოქალაქეები, რომელთაც არ ჰქონდათ კერძო დაზღვევა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეთა ბაზების მუდმივი განახლების მიზნით კერძო დაზღვევით მოსარგებლეების ბაზებიც პერიოდულად უნდა განახლებულიყო, მონაცემები კი სადაზღვევო სექტორს ჯანდაცვის სამინისტროსთვის უნდა მიეწოდებინა, მაგრამ რეალურად არ აწვდიდნენ. არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, ვითარება წლების განმავლობაში არ შეცვლილა. ამის გამო 115 000 მოქალაქე, რომლებმაც სხვადასხვა დროს დაკარგეს კერძო სადაზღვევო პაკეტი, დარჩა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საბაზისო პაკეტის გარეშე, ისინი სარგებლობდნენ მხოლოდ მინიმალური პაკეტით. მეორე მხრივ, რამდენიმე ათეული მოქალაქე განაგრძობდა ე.წ. ორმაგი დაფინანსებით სარგებლობას - კერძო პაკეტითა და ჯანდაცვის საბაზისო პაკეტით. შექმნილმა მდგომარეობამ აუცილებელი გახადა 2017 წლის თებერვალში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შეეტანათ, რომლითაც სადაზღვევო კომპანიებს 2017 წლის 22 თებერვლით განესაზღვრათ განახლებული მონაცემთა ბაზების წარმოდგენის ბოლო ვადა.

მათგან მიღებული მონაცემების საფუძველზე განახლდება საყოველთაო ჯანდაცვის მოსარგებლეთა ბაზები და კერძო სადაზღვევო პაკეტის მქონე მოქალაქეები ამოღებულ იქნებიან საყოველთაო პროგრამის მოსარგებლეთა ნუსხიდან.

ეკა ლომიძე