"გელოდებით ევროკავშირში, რაც შეიძლება მალე!"
20-02-2017
"გელოდებით ევროკავშირში, რაც შეიძლება მალე!"
"რაც უნდა ვეცადოთ, საკუთარ თავს რუსეთის იგნორირების ფუფუნებას ვერ მივცემთ"

"როდესაც ევროპული ქვეყნის მოსახლეობას ართმევ უფლებას, შეუზღუდავად იმოგზაუროს ევროპაში, ეს სხვა არაფერია, თუ არა თანამედროვე "გულაგი"


მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ ბრიუსელში დიდი უპირატესობით მიიღეს (553 ხმა), იმ სამოცდაექვსი დეპუტატისგან, რომლებმაც ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს, რამდენიმემ საკმაოდ მწვავე გამოსვლით დაგვამახსოვრა თავი. ბრიტანელმა ჯერარდ ბატენმა, რომელიც ბრექსიტის მთავარ შემოქმედ
დამოუკიდებლობის პარტიას წარმოადგენს, "ევროპის პერიფერია" გვიწოდა და ევროკავშირი გააფრთხილა, თუ ასე გააგრძელებთ, საფრანგეთი, გერმანია, ჰოლანდია და დანარჩენებიც ბრიტანეთივით გაგექცევიანო. მისმა თანამემამულე და თანაპარტიელმა სტივენ ვულფმა განაცხადა, რომ "საქართველო ტერორიზმის საფრთხეს შეიცავს". "ემიგრაციის კრიზისის შემდეგ, როგორ ჩანს, ახლა ორგანიზებული დანაშაულისთვის კარის გაღებას ვგეგმავთ. გვჭირდება კი ასეთ სიტუაციაში სავიზო რეჟიმის გამარტივება?"- იკითხა ჰოლანდიელმა
ვიკი მაიერმა, რასისტული და ანტიისლამური მიდგომებით ცნობილი თავისუფლების პარტიის წევრმა (პარტიის ლიდერი გეერტ ვილდერსი 2006 წლიდან მუდმივი დაცვის ქვეშაა, რადგან ისლამოფობიური გამოსვლების გამო მასზე ისლამისტებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული). ყველაზე "საგულისხმო" კი მაინც ბერძენი ევროდეპუტატის, ნეონაცისტური პარტია "ოქროს განთიადის" წევრის, ლამპროს ფუნტულისის გამოსვლა იყო, რომელმაც "კორუფციაში ჩაფლულ ქვეყნად" მოგვნათლა და ყალბი პასპორტების მასობრივად გაცემაში დაგვადანაშაულა.

ჩვენ დავინტერესდით, რას ფიქრობდნენ ევროპარლამენტში ჩვენდამი უფრო ლოიალურად განწყობილი დეპუტატები მათი სკეპტიკოსი კოლეგების მოსაზრებებზე. "კვირის პალიტრა" ევროკავშირ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტს, რუმინელ ევროპარლამენტარ ნორიკა ნიკოლაის ესაუბრა:

- 2 თებერვალს ბრიუსელში ორი ევროპა­ ვიხილეთ - ერთი, ე. წ. ღია კარის, მეორე­ კი უფრო მტრული იყო - დავარქვათ მას დახურული კარის ევროპა. როგორია რეალურად დღევანდელი ევროპა და რას უნდა ელოდეს მისგან ქართველი საზოგადოება?

- რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, მინდა, ერთ რამეს გავუსვა ხაზი - ამ სკეპტიკური გამოსვლების მიღმა დგას ხანგრძლივი ბრძოლა, რომელიც ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ. ეს ბრძოლა არის პირველი ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. ადამიანების თავისუფალი გადაადგილება ევროპულ ღირებულებათაგან ერთ-ერთი უმთავრესია. როდესაც ევროპული ქვეყნის - ჩემთვის საქართველო ევროპული ქვეყანაა და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, რომ კავკასიაში მდებარეობს - მოსახლეობას ართმევ უფლებას, შეუზღუდავად იმოგზაუროს ევროპაში, ეს სხვა არაფერია, თუ არა თანამედროვე "გულაგი".

ისიც უნდა ითქვას, რომ ევროპა იცვ­ლება, იცვლება თითქმის ყოველ წელს. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ევროპა კრიზისშია - პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ კრიზისში. ჩვენ აღარ გვაქვს მარტივი, ერთსულოვანი, ეფექტიანი პასუხები და პოზიციები. მიუხედავად ამისა, კენჭისყრა საქართველოს სასარგებლოდ დამთავრდა - უდიდესმა ნაწილმა მისცა ხმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას.

- განსაკუთრებით მოულოდნელი იყო ბრალდება­ კორუფციის შესახებ - კორუფციის მსოფლიო ინდექსის მიხედვით, საქართველო ევროკავშირის ბევრ ქვეყანაზე მაღლა დგას - უსწრებს იტალიას, სლოვაკეთს, ჩეხეთს, მალტას, ლატვიას, ხორვატიას, უნგრეთს, კვიპროსს და თქვენს ქვეყანას - რუმინეთს, საბერძნეთზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომელსაც რეიტინგში 25 ადგილით ვუსწრებთ... რა არის ეს, თუ არა ორმაგი სტანდარტი?

- გულწრფელად ვაღიარებ, კორუფციის პრობლემა რუმინეთში ნამდვილად გვაქვს. ბევრ ქვეყანაში კორუფცია პოლიტიკური ლობინგის მეთოდად აქციეს და მას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ. მიუხედავად ამისა, თუ სტატისტიკას შევხედავთ, არც რუმინეთი და მით უმეტეს, არც საქართველო ამ მხრივ ფენომენურ პრობლემებთან ნამდვილად არ დგანან, როგორც რამდენიმე გამომსვლელი გვაჯერებდა. სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში, და მათ შორის ევროკავშირშიც, სულ უფრო იზრდება პოპულისტური განწყობები. სწორედ ამით აიხსნება კრიტიკული გამოსვლები - ყველას სურს, ევროკავშირის ლანძღვით ქულები დაიწეროს.

- არის თუ არა საქართველო "ევროპის­ პერიფერია", როგორც თქვენმა ბრიტანელმა კოლეგამ განაცხადა? ბრალდებად გაისმა ასევე თურქეთთან მეზობლობაც... ტრადიციული გაგებით, "შუაგული ევროპა" არც თქვენს ქვეყანაზე ითქმის და თურქეთთანაც საკმაოდ ახლოს ხართ... თქვენ თუ მიიჩნევთ თავს ევროპის პერიფერიად?

- ეს სხვა არაფერია, თუ არა ტოტალიტარული მიდგომა. სხვების ინტერესების იგნორირება... სხვა ქვეყნებს ზემოდან გადმოჰყურებენ და პერიფერიებზე ლაპარაკობენ, მათ შორის რუმინეთზე, ბულგარეთზე... რადგან საქართველო შედარებით შორსაა, მათთვის ის პერიფერიაა. რა გითხრათ... ეს არის პოლიტიკური ამპარტავნება, სიძულვილის ენა. ეს ხალხი ექსტრემისტული პარტიებიდან მოდის და სწორედ ამ ენაზე ლაპარაკობენ. ეს ადამიანები მარგინალები არიან, ერთი, წარმავალი მომენტის ადამიანები, ისინი არ დარჩებიან ისტორიას. გირჩევთ, ყურადღება არ მიაქციოთ მსგავს"არგუმენტებს" - თქვენ თქვენი გზა გაქვთ დასახული. დიდებული ქვეყანაც გაქვთ - მე ვყოფილვარ საქართველოში, ქართულ ქალაქებში, სოფლებში, ვიცნობ ქართულ კულტურას, ქართველ ხალხს... მთავარია, თქვენ გწამდეთ მომავლისა.

- რას გვეტყვით რუმინეთისა და მოლდავეთის გამოცდილებაზე? რა გაკვეთილი შეუძლია გამოიტანოს საქართველომ?

- თქვენ უკვე სტაბილური პოლიტიკური ხელმძღვანელობა გყავთ - "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა არჩევნებში - მას აქვს უმრავლესობა... ახლა მნიშვნელოვანია სამთავრობო ინსტიტუტების კონსოლიდირება და გამძლიერება, რათა ისინი არ გამოიყენონ პოლიტიკური მიზნებისთვის. უნდა დაასაქმოთ პროფესიონალები, რომლებსაც საკუთარი ქვეყანა უყვართ. თუ გექნებათ გამართული ინსტიტუციები, ხელაღებით ვერავინ გაგაკრიტიკებთ.

- გვერდს ვერ ავუვლით რუსეთის ფაქტ­ორსაც. რას იტყვით ჩვენს ჩრდილოელ მეზობელზე, რომელსაც ნამდვილად არ სურს, საქართველომ ევროატლანტიკური მისწრაფებები რეალობად აქციოს...

- სამწუხაროდ, გეოგრაფიას ვერაფერს მოვუხერხებთ და ეს ხშირად ძვირად გვიჯდება. რაც უნდა ვეცადოთ, საკუთარ თავს რუსეთის იგნორირების ფუფუნებას ვერ მივცემთ. რუსეთი მეზობელია და სასურველია, მეზობელთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს, მაგრამ რუსეთმაც უნდა შეიგნოს, რომ მეზობლობა დომინაციას არ ნიშნავს. მეგობრობა და ეკონომიკური თანამშრომლობა ორივე მხარისთვის უნდა იყოს სასარგებლო. კიდევ გავიმეორებ - რუსეთის იგნორირება შეუძლებელია. სწორედ ამით აიხსნება ისიც, რომ ჯერ კიდევ არა ხართ ნატოს წევრი ქვეყანა - რუსეთი ამას ეწინააღმდეგება, მას სურს, ნატოსთან ბუფერული­ დერეფანი ჰქონდეს.
მაგრამ რუსეთი ვერ ათქმევინებს ქართველ ხალხს უარს ევროპულ მისწრაფებებზე. უარს ნუ იტყვით მათზე, ჩვენ კი გელოდებით ევროკავშირში, რაც შეიძლება მალე!

თეონა ლავრელაშვილი, ვაჟა თავბერიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით