მეუფე დიმიტრი: "თბილისში დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩემგან დამოუკიდებლად მოხვდა - უხეშად გეტყვით, არავინ მკითხა აზრი"
27-02-2017
მეუფე დიმიტრი: "თბილისში დეკანოზი გიორგი მამალაძე  ჩემგან დამოუკიდებლად მოხვდა - უხეშად გეტყვით, არავინ მკითხა აზრი"
"სოსო ოხანაშვილი­ დღეს პატრიარქის დაცვის უფროსი აღარ არის"

სამწუხაროა, რომ მეუფე პეტრე მსგავსი შინაარსის განცხადებებს აკეთებს


ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე "კვირის პალიტრის" კითხვებს ექსკლუზიურად ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი პასუხობს.

- მეუფე დიმიტრი, პირველ რიგში, თქვენთან გადავამოწმებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას - დატოვა თუ არა სოსო ოხანაშვილმა საპატრიარქოს დაცვის ხელმძღვანელის პოსტი?

- გიდასტურებთ, სოსო ოხანაშვილი­ დღეს პატრიარქის დაცვის უფროსი აღარ არის, ეს
ფუნქცია ვანო კობაიძემ გადაიბარა.

- როდის მიიღო საპატრიარქომ სოსო ოხანაშვილის შეცვლის გადაწყვეტილება და რატომ?

- დაცვის ხელმძღვანელის შეცვლა პატრიარქმა გადაწყვიტა, თუმცა ეს სოსოს თხოვნაც იყო - მან პატრიარქს სთხოვა, საგამოძიებო პროცესების დასრულებამდე­ ხელმძღვანელის პოსტიდან გარიდების­ უფლება მიეცა. როგორც პატრიარქის უსაფრთხოების ხელმძღვანელმა, თავად­ აიღო პასუხისმგებლობა პროცესებზე,­
რადგან პროკურატურის განცხადება გარ­კვეულწილად სწორედ მის უფლებამოსილებას უკავშირდებოდა.

- ისიც საინტერესოა, რა სტატუსით­ დაიკითხა სოსო ოხანაშვილი დეკანოზ გიორგი­ მამალაძის დაკავებისთანავე?

- ოხანაშვილი მხოლოდ პატრიარქის კი არა, მთელი საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იყო. ითქვა, რომ საპატრიარქოს ერთ-ერთ თანამშრომელზე, სავარაუდოდ, თავდასხმა მზადდებოდა, სოსო ოხანაშვილმაც პასუხისმგებლობა ამის გამო აიღო. დანარჩენი ჩემთვის უცნობია.

- თავად თუ გჯერათ ვერსიის,­ რომ­ელიც პროკურატურამ გაავრცელა?

- გამოძიების დასრულებას ველოდები. დღეს მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.

- პატრიარქს მთავარი პროკურორი­ და მაღალი თანამდებობის პირები შეხვდნენ,­ ცნობილია ისიც, რომ უწმინდესი საქმეში არსებ­ული­ მტკიცებულებების ნაწილს გაეცნო. ამასთან, იმავე დღეს თქვენც შეხვდით პატ­რიარქს. რა ინფორმაცია აქვს და რა საკითხზე ისაუბრეთ მასთან?

- რა მასალები გააცნეს პატრიარქს, არ ვიცი. პირადად მე, პატრიარქს ჯანმრთელობის მდგომარეობის მოსაკითხად ვესტუმრე. მან იცის, რომ სანამ გამოძიება არ დასრულდება, ვერსიებზე საუბრისგან თავს ვიკავებ. ფაქტების დამტკიცება და დამოწმება აუცილებელია, მხოლოდ ამის შემდეგ გავაცნობ საზოგადოებას ჩემს ვერსიას­ თუ პოზიციას. ერთადერთი, რაც პატრიარქმა მითხრა, პროკურატურის წარმომადგენლებმა სთხოვეს, უსაფრთხოების მიზნით დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ შეხვედროდა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა უსაფრთხოებაზეა საუბარი, ან რატომ შეიძლებოდა ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო პატრიარქთან სტუმრობისას.

- ეჭვი გაქვთ, რომ პროკურატურა გამიზნულად ცდილობს პატრიარქისა და დეკანოზ მამალაძის შეხვედრა არ შედგეს?

- ჩემს ეჭვებს ამ ეტაპზე, ჩემთვის დავიტოვებ, გამოძიების დასრულებას ველოდები. უნდა დადგინდეს ჭეშმარიტება, რადგან ბიბლია გვასწავლის, გამოიძიეთ, გამოიკვლიეთ და სცანით ჭეშმარიტებაო. ჭეშმარიტების შესაცნობად კი, სწორედ გამოძიების დასრულება აუცილებელია, რის შემდეგაც ჩემი დამოკიდებულების ღიად გაცხადებას არ მოვერიდები.

- პატრიარქის მიმართვაში ნათქვამი­ იყო, რომ პროკურატურისა და საპატრიარქოს­ ერთობლივი ძალისხმევით უნდა წარიმართოს­ გამოძიება, თუმცა ფაქტია, პატრ­იარქის გარდა, არც სასულიერო პირებს ეძლევათ­ დაკავებულთან შეხვედრის შესაძლებლობა. რატომ?

- პირადად მე არ ვფიქრობ, რომ საგამოძიებო პროცესში სასულიერო პირების ჩართვა აუცილებელია, რადგან ამას იურისპრუდენცია არ ცნობს. პატრიარქს­ აქვს სურვილი, ყველაფერი ობიექტურად გამოიძიონ, რასაც მოუთმენლად ველოდები. სხვა გზა და გამოსავალი ახლა არ მაქვს.

- რატომ არ გაქვთ სხვა გზა, თქვენც ხომ არ მიანიშნებთ ვერსიაზე, რომელიც მეუფე პეტრემ განაცხადა, - თითქოს დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავება თქვენს წინააღმდეგ, საპატრიარქოში თქვენი პოზიციის დისკრედიტაციისთვის იყო გამიზნული?

- ვერ გეტყვით, რას გულისხმობდა მეუფე პეტრე, თუმცა ფაქტია, ეს მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ კი არა, სრულიად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პროცესია - ვინც ეს დაგეგმა და განახორციელა, ფიქრობდა, რომ საპატრიარქოში შიდა დაპირისპირებას გამოიწვევდა. თუ ამ პროცესის ორგანიზატორი ჩემს სიტყვებს­ კითხულობს, პირადად მას მივმართავ - საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიზანს ვერ მიაღწევს­, რადგან შიდა დაპირისპირება საპატრიარქოში არ მოხდება.

- ვის მიმართავთ, და თქვენი აზრით, ვინ არის ორგანიზატორი? ეჭვი გეპარებათ, რომ ის პროკურატურამ უსაფუძვლოდ დააკავა?

- არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას და არ ვიტყვი, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ვინმეს მოწამვლას გეგმავდა, სანამ ბრალი არ დაუმტკიცდება, მას უდანაშაულოდ მივიჩნევ, თუმცა ბუნებრივია, თუ ეს დამტკიცდა, ის მთელ ამ პროცესს მარტო ვერ დაგეგმავდა. კიდევ ვინ არის მთელ ამ არანორმალურ ვითარებაში გარეული, სასულიერო თუ საერო პირი, მოლოდინის რეჟიმში ვარ - გამოძიების პასუხს ველოდები.

- ითქვა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე სწორედ თქვენთან დაახლოებული პირია და ბათუმიდან თბილისში, საპატრიარქოს ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე თქვენივე რეკომენდაციით დაინიშნა.

- ეს მეც მოვისმინე და გულწრფელად არ მესმის, რას ნიშნავს ჩემი ნდობით აღჭურვილი პირი? დიახ, დეკანოზი გიორგი მამალაძე მე ბათუმში მოძღვრად ვაკურთხე და ამ პასუხისმგებლობას სრულად ვიზიარებ. თუმცა ხაზგასმით ვაცხადებ, თბილისში ის ჩემგან დამოუკიდებლად მოხვდა - უხეშად გეტყვით, არავინ მკითხა აზრი, არც საქმის კურსში ჩამაყენეს ერთი წლის წინ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დანიშვნას ერთ-ერთ ხელმძღვანელ პოზიციაზე აპირებდნენ. ეს მხოლოდ მას შემდეგ შევიტყვე, რაც ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო.

- ვინ გადაწყვიტა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაწინაურება ერთი წლის წინ?

- დღეს ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

- და მომავალში დეკანოზის რეკომენდატორის ვინაობის გაჟღერებას მეტი მნიშვნელობა მიენიჭება?

- შემდეგი კითხვა დამისვით...

- ითქვა ისიც, რომ თქვენ და პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი დიდი ხანია დაპირისპირებული ხართ.

- ეს მხოლოდ ჭორებია. ადამიანები ხანდახან გარკვეულ საკითხებზე კამათობენ, მე და შორენასაც გვქონდა მსგავსი კამათი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დაპირისპირებულები ვართ ან ერთმანეთს მტრებად მოვიაზრებთ. მეტიც, შორენასთან ნათესაური კავშირიც მაქვს - ის ჩემი შვილიშვილის ნათლიაა. აქ მთავარი კითხვაა, რატომ ვერ ჩამოყალიბდა პროკურატურა საკუთარ პოზიციაში და რატომ გვესმის, რომ ხან მაღალი იერარქიის სასულიერო პირის, ხანაც შორენა თეთრუაშვილის ლიკვიდაცია იგეგმებოდა?
ერთმა დეპუტატმა ისიც კი თქვა, იქნებ დეკანოზს გერმანიაში ციანიდი გასაყიდად მიჰქონდაო. ფაქტია, ეს ორაზროვანი განცხადებები მთელ ამ პროცესს არასერიოზულს ხდის.

- ანუ, თქვენი შეფასებით, პროკურატურა ასეთ მნიშვნელოვან ბრალდებაში ვერ ჩამოყალიბდა?

- ეს პროკურატურამ უნდა გვითხრას, რატომ აკეთებენ ამას, ახლა პასუხი არ მაქვს.

- შორენა თეთრუაშვილის საკითხს დავუბ­რუნდეთ. მეუფე პეტრეს მტკიცებით, ის რამდენიმე სასულიერო პირს "ოქროს თევზებს" უწოდებს, გავლენიან და მნიშვნელოვან საკითხებს ერთპიროვნულად, თავად წყვეტს...

- შორენა თეთრუაშვილი 35 წელია პატრიარქის პირადი მდივან-რეფერენტია. კარგად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას თუ ავად, ეს მხოლოდ პატრიარქის გადასაწყვეტია. ასე რომ, არც მეუფე პეტრეს, არც მე და არც ვინმე სხვას აქვს უფლება პატრიარქს­ უთხრას, შორენა თეთრუაშვილი მრჩევლად თუ მდივნად ნუ გეყოლებაო.
სხვათა შორის, როდესაც მეუფე პეტრემ პირველად მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა, გერმანიაში ყოფნისას მივწერე, რომ მისი გამოსვლები ეკლესიის კეთილდღეობას არ ემსახურება. მიპასუხა - ვწუხვარ, რომ ასე ფიქრობო.

- თუ ეკლესიის არა, ვის კეთილდღ­ეობას ემსახურება მეუფე პეტრეს განცხადებები?

- როგორც გითხარით, თავად ამ პოზიციაში არ მეთანხმება - მე კი ისევ ვიმეორებ, სამწუხაროა, რომ მეუფე პეტრე მსგავსი შინაარსის განცხადებებს აკეთებს. მასთან ცუდი ურთიერთობა არასოდეს მქონდა, პირიქით, დღემდე კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თუ ჩემი გადმოსახედიდან შეფასებებში არ ვეთანხმები, ამაზე ღიად თქმას მოვერიდები. ასეთები ვართ ადამიანები - დემოკრატიაა და ყველას აქვს უფლება, საკუთარი აზრი ღიად გამოხატოს.

- გერმანიიდან უწმინდესის მიმართვის­ სხვადასხვა ვერსია გავრცელდა - მოგვიანებით განმარტეთ, რომ ვიდეომიმართვის შეკვეცა გერმანიაშივე გადაწყვიტეთ, რადგან პატრიარქმა პროკურატურის ნაცვლად, გიორგი მამალაძე ახსენა. ვინ ესწრებოდა ვიდეომიმართვის ჩაწერას და რატომ გავრცელდა სხვადასხვა ინტერპრეტაციით?

- ვიდეომიმართვის ჩაწერისას პატრიარქთან მე, მეუფე გერასიმე, მეუფე თეოდორე, მეუფე ვახტანგი, არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული და შორენა თეთრუაშვილი ვიმყოფებოდით. პატრიარქს სურდა ეთქვა, პროკურატურა ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს და ეს გაუგებარია, რადგან მართლაც საგამოძიებო უწყება სხვადასხვა განცხადებას ავრცელებდა, თუმცა უწმინდესს შეეშალა და პროკურატურის ნაცვლად გიორგი მამალაძე ახსენა - არადა, ყველამ იცის, რომ დაკავებულ დეკანოზს განცხადება საერთოდ არ გაუვრცელებია და დუმილის უფლებას ინარჩუნებდა. იქ მყოფი პირები ერთხმად შევთანხმდით, რომ ვიდეო სწორედ შეკვეცილი ვერსიით გავრცელდებოდა, რადგან ჩავთვალეთ, უხერხულობას შექმნიდა ღიად გვეთქვა, რომ პატრიარქმა უნებლიე შეცდომა დაუშვა.

- თუ ეს საკითხი შეთანხმებული იყო და ყველამ იცოდა, რომ პატრიარქს უბრალოდ შეეშალა, რატომ არ გაავრცელა ამის შესახებ განცხადება საპატრიარქომ იმ ფონზე, როდესაც ვიდეომიმართვის სრული ჩანაწერის მოგვიანებით გავრცელებამ კიდევ უფრო მეტი ინტერპრეტაციის საფუძველი გააჩინა და ისიც საინტერესოა, პალატაში მყოფთაგან ერთ-ერთმა გაავრცელა ამ განმარტების გარეშე ვიდეომიმართვა?

- საპატრიარქოს, ალბათ, ეს განმარტება უნდა გაევრცელებინა, თუმცა მაშინ ამისთვის არავის ეცალა - პატრიარქს მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა და ყველანი მხოლოდ მის ჯანმრთელობაზე ვფიქრობდით. თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობ, ეს დუმილი შეცდომა იყო, რადგან ვიდეომიმართვის სრული ვერსიის გავრცელება ლამის ტერორისტულ აქტადაც კი გამოაცხადეს. არადა, მხოლოდ მცირე შეცდომა იყო. სრული ვიდეო არქიმანდრიტმა დავით ჭინჭარაულმა გაავრცელა, თუმცა, როგორც მოგვიანებით მითხრა, ეს ბოროტი განზრახვით არ გაუკეთებია. იმის გამო, რომ მიმართვის ორად დაჭრილ ვიდეოს მითქმა-მოთქმა მოჰყვა, მან ახლობელს გადაუგზავნა. როგორც ჩანს, სწორედ ამ ახლობელმა გამოიყენა ვიდეომიმართვა ბოროტი განზრახვით
და ის ერთ-ერთ ტელევიზიას მიაწოდა.

- არქიმანდრიტის ახლობელი სასულიერო პირია?

- დეტალები არ ვიცი, გამომძიებლისა და პროკურორის ფუნქციებს ვერ ვიტვირთავდი.

- მამა მიქაელ ბოტკოველსა და სოსო ოხანაშვილს შორის ურთიერთობა იმდენად გამწვავდა, რომ მათ ერთმანეთს ნაძირალა და მატყუარაც უწოდეს. როგორ წარმოგიდგენიათ ამ დაპირისპირების განეიტრალება?

- ვფიქრობ, სოსო ოხანაშვილი და მამა მიქაელ ბოტკოველი ვნაბათაღელვას აჰყვნენ. ამის გამო სოსო ოხანაშვილს შენიშვნაც მივეცი და ვუთხარი, რომ მამა მიქაელის მისამართით არაკორექტული განცხადება გააკეთა. შემდეგ მამა მიქაელსაც დავუკავშირდი და ჩემი ოჯახის წევრის განცხადების გამო (სოსო ოხანაშვილი მეუფე დიმიტრის სიძეა) ბოდიში მოვუხადე.
მამა მიქაელსაც ჩემი ოჯახის წევრად მივიჩნევ, რადგან მას 30 წელია ვიცნობ. მას დავეთანხმე, რომ არ შეიძლება სასულიერო პირს სახალხოდ ცილი დასწამო და სიცრუეში დაადანაშაულო, მით უმეტეს, როდესაც მამა მიქაელს საგანგაშო არაფერი უთქვამს, უბრალოდ, განაცხადა - გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ მინახავსო. მათ შორის კონფლიქტი მალევე ამოიწურა.

- თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოსო ოხანაშვილი და მამა მიქაელი ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურადაც კი დაუპირისპირდნენ და სწორედ მსგავსი ინფორმაციის შესაძლო გავრცელების შემდეგ უწოდა მამა მიქაელმა სოსო ოხანაშვილს ნაძირალა.

- ფაქტია, რომ უკვე ნერვების მოთოკვა უჭირთ და ეს ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მამა მიქაელსა და სოსო ოხანაშვილს შორის ფიზიკური თუ სიტყვიერი დაპირისპირება არ მომხდარა.

- როგორ წარმოგიდგენიათ საპატრიარქოში არსებული ვნებათაღელვის დაცხრომა, ისიც კი ითქვა, რომ საპატრიარქოდან პატრიარქის ფაქსიმილე გაქრა.

- ფაქსიმილეს გაქრობაზე ინფორმა­ცია ყურით მოტანილი ჭორია, საპატრიარქოდან არაფერი გამქრალა.
რამდენჯერმე მართლაც გაიჟღერა ამ კონტექსტში პატრიარქის ანდერძის საკითხმა და გარკვეულმა ჯგუფმა ანდერძთან მეც დამა­კავშირა, თუმცა ეს მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და თვალში ნაცრის შეყრის მცდელობაა.

პატრიარქი ანდერძით მემკვიდრეს ვერასოდეს დატოვებს, ეს გამორიცხულია, აბსურდია. ანდერძში მხოლოდ მისი მოსაყდრეა მოხსენიებული, რომელმაც, ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს პატრიარქი, მისი გარდაცვალების შემდეგ დაკრძალვა უნდა უზრუნველყოს. სწორედ ანდერძით დასახელებული მესაყდრე მართავს და იწვევს საეკლესიო კრებას, სადაც წმინდა სინოდი მომავალ პატრიარქს აირჩევს. ვიმეორებ, ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს პატრიარქი, გარდაცვლილი უწმინდესი როგორ დატოვებს მემკვიდრეს მისი სურვილ­ისამებრ, როდესაც ხშირია შემთხვევა, ცოცხალ პატრიარქსაც არ ეპუებიან.

- რას გულისხმობთ?

- დიახ, ხანდახან ასეც ხდება - წმინდა სინოდი ცოცხალი ორგანიზმია და უამრავ საკითხს დიდხანს განიხილავენ, ბაასობენ.
პატრიარქობის კანდიდატი წმინდა სინოდის 47-ვე წევრია, ასე რომ, ყველა შეიძლება მოიაზრებოდეს, ჩემ გარდა.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით