"შესაძლოა, ერაყიდან, სირიიდან და ავღანეთიდან წამოსულებმა სცადონ ჩვენი პასპორტების გამოყენება" - კვირის პალიტრა

"შესაძლოა, ერაყიდან, სირიიდან და ავღანეთიდან წამოსულებმა სცადონ ჩვენი პასპორტების გამოყენება"

უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა საქართველოს დიდ პრივილეგიას ანიჭებს. ამიტომ ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქართული პასპორტების აღების სურვილი გაუჩნდეთ.

გიორგი სანიკიძე, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი:

- ვფიქრობ, უცხოელებს საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილი აუცილებლად გაუჩნდებათ. პირველ რიგში, ეს საგრძნობი ჩვენს სამეზობლოში გახდება.

კავკასიის რეგიონში არავინ სარგებლობს ამ პრივილეგიით და ბევრს გაუჩნდება საქართველოს პასპორტის აღების სურვილი.

სავარაუდოდ, ფიქტიური ქორწინებების რიცხვი გაიზრდება, რაც უცხოელებს საქართველოს პასპორტის ასაღებად დასჭირდებათ.

- რომელი ქვეყნების მოქალაქეებს გაუჩნდებათ პასპორტების აღების სურვილი?

- ასეთი ქვეყანა შესაძლოა იყოს ირანი, რომელიც ჩაკეტილია და მის მოქალაქეებს შეზღუდული აქვთ ევროკავშირის ქვეყნებში გასვლის საშუალება. ძალიან სახიფათოა ისიც, რომ შეიძლება ერაყიდან, სირიიდან და ავღანეთიდან წამოსულებმა სცადონ ჩვენი პასპორტების გამოყენება. ჯერჯერობით ამაზე მსჯელობა რთულია, მაგრამ სახელმწიფო ნებისმიერ გამოწვევას მომზადებული უნდა შეხვდეს.

უნდა გვახსოვდეს, რომ ვიზალიბერალიზაციის შემადგენელი ნაწილია მისი შეჩერების მექანიზმი. არ იქნება სასიამოვნო, თუკი უცხოელები ქართული პასპორტებით გადავლენ ევროპულ ქვეყნებში და იქ დარჩებიან, რაც იმ ქვეყნების უკმაყოფილებას გამოიწვევს, ვინც საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. ისედაც დიდი ხანია ლაპარაკობენ, რომ სირიიდან გამოდევნილი რადიკალი ისლამისტები, შესაძლოა, საქართველოს საზღვრებს მოადგნენ. ამის საფრთხეს ვერ ვხედავ, თუმცა არც ზერელედ უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს. ხშირად ასეთ თემებს უცხო სპეცსამსახურის წარმომადგენლები, "აგენტები" აჟიოტაჟის შესაქმნელად წამოსწევენ ხოლმე, რაც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. ამ პროვოკაციას არ უნდა წამოვეგოთ და ვცადოთ, რეალობა გაზვიადების გარეშე შევაფასოთ, თუმცა ყურადღების მოდუნებაც არ გვმართებს.

ბადრი ნაჭყებია, ტერორიზმის და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი:

- აუცილებლად წამოვა ტალღა ჩრდილო კავკასიიდან, ჩეჩნები შეეცდებიან საქართველოს გავლით დასავლეთის ქვეყნებში შეღწევას, რასაც სიტუაციის მკაცრად გაკონტროლება დასჭირდება.

ქართული პასპორტებით სარგებლობის სურვილი სომხეთის მოქალაქეებსაც გაუჩნდებათ, საამისოდ ახალციხის და ახალქალაქის მოსახლეობასთან ნათესაურ კავშირებს გამოიყენებენ. გაიზრდება ფიქტიურ ქორწინებათა რიცხვიც. უფრო პრობლემურია სირიიდან და ერაყიდან წამოსული ლტოლვილების საკითხი... ამ სახელმწიფოებიდან ისედაც ბევრი მოქალაქე ჩAამოვიდა, ზოგი - ლეგალურად, ზოგიც - არალეგალურად...

ბევრი მათგანი საქართველოდან ევროპაში გადასვლას შეეცდება. მრავალი სტუმარი გვყავს აფრიკული ქვეყნებიდანაც... განსაკუთრებით სახიფათოა ვიზიტორები იმ ქვეყნებიდან, სადაც არსებობს სერიოზული ტერორისტული ორგანიზაციები. მაგალითად, ჩვენ გვყავს უამრავი ინდოელი სტუდენტი და დასაქმებული... მათგან ბევრი იმ მჭიდროდ დასახლებული მაჰმადიანური რეგიონებიდან არის, სადაც ტერორიზმი ყვავის. უნდა გამკაცრდეს საბაჟო კონტროლი, გაძლიერდეს საგარეო დაზვერვა და შეიზღუდოს საფრთხის შემცველი ქვეყნებიდან მოქალაქეების მიღება, თუნდაც მათ ტურისტული ვიზები ჰქონდეთ. ვგულისხმობ არა შემოსვლის აკრძალვას, არამედ შეზღუდვას. არ უნდა დავუშვათ, რომ უცხოელების გამო ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს. თუ ეს მოხდა, ჩვენს მოქალაქეებს ვიზების აღება და ევროპულ ქვეყნებში გასვლა უფრო გაურთულდებათ და დღევანდელზე მძიმე სიტუაცია შეექმნებათ.

ეკა ასათიანი