ლია მუხაშავრია: "არ გამოვრიცხავ, ევროსასამართლომ მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხი დააყენოს" - კვირის პალიტრა

ლია მუხაშავრია: "არ გამოვრიცხავ, ევროსასამართლომ მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხი დააყენოს"

"წულუკიანმა ვერ შეძლო, საქართველოს ინტერესები მაქსიმალურად დაეცვა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი საფრთხის ქვეშ არ დაეყენებინა"

"ნონა წოწორია უკვე მერამდენედ ახერხებს, საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ომი მოუგოს"

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ მოწმე სახალხო დამცველი იქნება. ევროსასამართლო მერაბიშვილის საქმის ხელახალ განხილვას იუსტიციის სამინისტროს საჩივრის საფუძველზე იწყებს. წულუკიანის უწყება სტრასბურგში დამატებითი მტკიცებულებების გაგზავნას გეგმავს. "სახალხო დამცველი მხარს უჭერს და მოწმედ გამოდის ვანო მერაბიშვილის მხარეზე, რბილად რომ ვთქვათ, ეს საკმაოდ უპრეცედენტოა", - აცხადებს წულუკიანი.

უჩა ნანუაშვილი წულუკიანს რეალური სურათის დამახინჯებაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ მან მერაბიშვილის უცხოელ ადვოკატებს პატიმრის ციხეში მონახულების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია, რაც მის ანგარიშშიც არის ასახული.

უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველი: "მთავარ პროკურატურას სახალხო დამცველის რეკომენდაცია ჯერ კიდევ 2013-2014 წლებში რომ გაეთვალისწინებინა, შესაძლებელი იყო, არც ევროსასამართლოში წაეგო ქვეყანას საქმე და არც დიდ პალატაში გასაჩივრების საჭიროება დამდგარიყო. ნებისმიერი პატიმრის საკნიდან გაყვანა ღამის საათებში და მასზე ზეწოლა ჩვენების მიღების მიზნით კანონს ეწინააღმდეგება და როცა ამ ფაქტებზე პატიმარი ლაპარაკობს, უნდა გამოიძიონ სავარაუდო დანაშაული. ევროსასამართლოს მივაწოდე ინფორმაცია, როგორც პირმა, რომელიც პირადად შეხვდა მერაბიშვილს ციხეში და მოისმინა პატიმრის მონაყოლი. სწორედ იმის გამო, რომ საკნიდან მისი გაყვანის შესახებ ინფორმაციაზე გამოძიება არ ჩატარებულა, პირადად დამიკავშირდა მერაბიშვილის ინგლისელი ადვოკატი, რომელსაც ინფორმაცია მივაწოდე...".

ოთარ კახიძე, ვანო მერაბიშვილის ადვოკატი: - სახალხო დამცველმა არაერთგზის დააფიქსირა, რომ აუცილებელი იყო გამოძიების ჩატარება, რაც ხელისუფლებამ არ გააკეთა, ეს საქმე ჩაფარცხეს... სტრასბურგის სასამართლომ 2016 წლის ივლისში ნაწილობრივ დააკმაყოფილა მერაბიშვილის სარჩელი და რამდენიმე დარღვევა დაადგინა, თუმცა ქართულმა მხარემ ეს გაასაჩივრა და საქმე დიდ პალატას გადაეცა. ევროსასამართლო 8 მარტს ზეპირი მოსმენით განიხილავს ამ საქმეს.

"კვირის პალიტრას" იურისტი ლია მუხაშავრია ესაუბრა: - რაკი ნანუაშვილმა მოისმინა მერაბიშვილის ნაამბობი, ის მოწმედ ჩაითვლება. სახალხო დამცველის მოვალეობაა, გასცნობოდა ამ ფაქტს.

- წულუკიანის თქმით, ეს უპრეცედენტო მოვლენაა, თუმცა ახსენა ნანა დევდარიანის შემთხვევაც...

- მაშინ არა მარტო ნანა დევდარიანმა, ელენე თევდორაძემაც ითხოვა ჩართვა ჩეჩნების გახმაურებულ საქმეში - "შამაევი და 12 სხვა პირი საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ". ანუ სახალხო დამცველმა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ითხოვეს საქმეში მონაწილეობა როგორც მხარემ, მაგრამ ევროპულმა სასამართლომ უარი უთხრა, ვინაიდან მესამე პირებს არ ცნობს. ამჯერად კი ნანუაშვილი გამოდის როგორც მოწმე...

ჩემთვის წულუკიანის რეაქცია და ღვარძლიანი კილოა გაუგებარი, ვინაიდან კარგად იცის, რომ უჩა ნანუაშვილს ორგანული კანონი აძლევს უფლებას და კომპეტენციას, გახდეს ყველას დამცველი. შეიძლება ვანო არც უჩა ნანუაშვილს მოსწონს, მაგრამ მისი სიმპათია-ანტიპათია არაფერ შუაშია.

- წულუკიანი სტრასბურგში მოსამართლეების სიის ჩავარდნაში სხვებთან ერთად ნანუაშვილსაც ადანაშაულებდა.

- ქალბატონი თეა იყო იმ კომისიის ხელმძღვანელი, რომელსაც უნდა შეერჩია სამი კანდიდატი, თუმცა ამ მოვალეობას თავი ვერ გაართვა. ვინ დაეხმარა, რომ ეს ამბავი ჩაფლავდა, ან ვინ შეუშალა ხელი, არ არის მნიშვნელოვანი.

- რით შეიძლება დასრულდეს ეს პროცესი ევროსასამართლოში?

- საქართველოს მთავრობას საკმარისი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. მნიშვნელოვანია, რა კუთხით აინტერესებს ეს საქმე დიდ პალატას: ერთი ის, რომ მერაბიშვილი ყოფილი მაღალჩინოსანია და მეორე - იმ დარღვევის სიმძიმის გამო, რომელიც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული. გამოძიებამ რომ ვერაფერი გამოიძია და საქმე შეწყვიტა, ეს ჩვენს მთავრობას გამარჯვების იმედს არ უტოვებს. არ გამოვრიცხავ, ევროსასამართლომ ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი დააყენოს, ვინაიდან იკვეთება, რომ საქართველოს მთავრობა მის მიმართ მიკერძოებულია იმ ლოგიკით, რომ პატიმრის უსაფრთხოება ციხის პირობებშიც კი ვერ არის უზრუნველყოფილი. დიდი პალატა უბრალო საქმეებს ხელს არ ჰკიდებს, შესაძლოა, მისთვის გამოკვეთილი გახდა ის, რაც ჩვენთვის ცხადია, რომ ამ ქვეყანაში გამოძიება არ არსებობს და ისეთი მარტივი საქმის გამოძიებაც არ შეუძლიათ, როგორიცაა პატიმარი საკნიდან გაიყვანეს თუ არა.

- არის თუ არა მართლაც უპრეცედენტო "რუსთავი 2"-ის საქმეში სტრასბურგის გადაწყვეტილება?

- საქართველო პრეცედენტების შექმნის კუთხით სტრასბურგის სასამართლოში ჩემპიონად გამოცხადდა - მგონი, მსგავსი უპრეცედენტო ქეისები ევროპის სასამართლოს არასოდეს მიუღია. ფაქტია, წულუკიანმა ვერ შეძლო, საქართველოს ინტერესები მაქსიმალურად დაეცვა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი საფრთხის ქვეშ არ დაეყენებინა. ფაქტია, სტრასბურგის მორიგე მოსამართლეს ჰქონდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, თუმცა იუსტიციის სამინისტროსგან დეტალების შესახებ არაფერი იცოდა.

პროცედურულად თუ ვიმსჯელებთ, იუსტიციის სამინისტრო რამდენიმე საათში ინფორმაციის მიწოდებას ვერც მოახერხებდა, თუმცა ამ ვითარებამდე მთლიანად თეა წულუკიანის არასწორმა პოლიტიკამ მიგვიყვანა.

- რა არასწორი პოლიტიკა ჰქონდა მინისტრს, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს?

- წულუკიანი მინისტრად დანიშვნისას ამაყობდა, სტრასბურგის სასამართლოში საქართველო ღირსეულად წარმოჩინდება და ამას პირადად უზრუნველვყოფო, თუმცა ამ მიზნის განხორციელებას თანამდებობაზე დანიშვნისთანავე არაადეკვატურად შეუდგა - გაიწელა სასამართლოს რეფორმა, მართლმსაჯულების სისტემა სავალალო დღეშია და ეს ყველაფერი სტრასბურგშიც კარგად იციან. მით უმეტეს, რომ იქ საქართველოს ჯერ კიდევ ნონა წოწორია, ზურაბ ადეიშვილის კადრი წარმოადგენს. წოწორია სტრასბურგის სასამართლოში 2008 წელს, ცხრაწლიანი ვადით დაინიშნა. ის ადეიშვილის ფავორიტ მოსამართლედ ითვლებოდა. ნონა წოწორია სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლედ არჩევამდე, გენერალური პროკურორის მოადგილე გახლდათ, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც პროკურატურაში ნიკა გვარამია საქმეებს თეთრი ძაფით კერავდა. ვერავინ იტყვის, რომ წოწორია არაპროფესიონალი კადრია, პირიქით, თუმცა, პროფესიონალიზმთან ერთად, "ნაცმოძრაობის" უპირობო მხარდამჭერიც გახლდათ. შესაბამისად, ეჭვიც არ მეპარება, რომ ის ამ დრომდე სტრასბურგის სასამართლოში სწორედ წინა ხელისუფლების ინტერესებს ატარებს.

თუმცა ამ შემთხვევაშიც პრობლემა თეა წულუკიანის არასწორი პოლიტიკაა, რადგან მან ვერ მოახერხა, ევროსასამართლოსთვის წოწორიას შემცვლელად კვალიფიციური კადრი წარედგინა.

ნონა წოწორიას ცხრაწლიანი ვადა 2017 წლის დასაწყისში ამოეწურა, თუმცა სხვა კანდიდატის არარსებობის გამო, ის ამ დრომდე სტრასბურგის სასამართლოში თავის უფლებამოსილებას აგრძელებს. ის ბევრად მეტ გავლენას ახდენს სტრასბურგში არსებულ საქმეებზე, ვიდრე საქართველოდან იუსტიციის სამინისტრო.

თეა წულუკიანი ფიქრობდა, თუ სტრასბურგში წოწორიას შემცვლელად თავის ნდობით აღჭურვილ კანდიდატებს გაგზავნიდა, ყველა პრობლემა ერთბაშად მოუგვარდებოდა და საკუთარი დამარცხებების რეაბილიტაციასაც შეძლებდა, თუმცა დაავიწყდა, რომ სტრასბურგი, საქართველოსგან განსხვავებით, მხოლოდ ევროპული სტანდარტებით ხელმძღვანელობს და ნაცნობობით მოსამართლეებს არ ნიშნავს და არც ცვლის, მთავარი მაინც განათლების ხარისხი და კვალიფიკაციაა. თეა წულუკიანმა კი ქვეყნის იმიჯი კიდევ ერთხელ დააზიანა ისეთი კანდიდატების შერჩევით, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვაც კი ვერ მოახერხეს. ნონა წოწორია უკვე მერამდენედ ახერხებს, საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ომი მოუგოს.

თეა წულუკიანი: "არ ვიყავით საქმის კურსში"

სტრასბურგის სასამართლოში, როგორც მათ მიერ გამოგზავნილი წერილიდან ირკვევა, გადაწყვეტილება მიიღო ერთპიროვნულად მორიგე მოსამართლემ, რომლის გვარი, პროცედურა ასეთია, არის უცნობი და ისე, რომ მოპასუხე მხარე, ჩვენ არ ვყოფილვართ საქმის კურსში ჩაყენებული და ჩვენგან რაიმე ინფორმაცია გამოთხოვილი არ ყოფილა.

ნანა ფიცხელაური

რუსუდან შელია