სტრასბურგული "სიურპრიზი" - კვირის პალიტრა

სტრასბურგული "სიურპრიზი"

უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე დახურულ ფორმატში, ზეპირი განხილვის გარეშე იმსჯელა და საბოლოოდ, ცხრა მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე ქიბარ ხალვაშისა და შპს "პანორამის" სარჩელი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულია: "გაუქმდეს შპს "სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის 18%-ის, შპს "ტელეკომპანია საქართველოს" 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს "სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილ იქნეს ქიბარ ხალვაში, 40%-ის წილის მესაკუთრედ - შპს "პანორამა". უცვლელად დარჩეს წინამდებარე გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მითითებული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების წინმსწრები განჩინებები; მოპასუხეებს - შპს "ტელეკომპანია "საქართველოს", გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილსა და ნინო ნიჟარაძეს, ქიბარ ხალვაშისა და შპს "პანორამის" სასარგებლოდ, სოლიდარულად, დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით 5.000 ლარის ანაზღაურება".

თუმცა მოვლენები ელვისებურად სწორედ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განვითარდა. "რუსთავი 2"-ის ჯერ კიდევ მოქმედმა მენეჯმენტმა გადაწყვეტილების შეჩერებაზე სტრასბურგში მოთხოვნა გაგზავნა, პასუხმაც არ დააყოვნა - "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება სტრასბურგის სასამართლომ შეაჩერა. "2017 წლის 3 მარტს ევროპის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, მხარეთა ინტერესების გათვალისწინებითა და პროცედურის ჯეროვნად წარმართვის მიზნით, მოუწოდოს საქართველოს მთავრობას, შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება და ხელისუფლებამ თავი შეიკავოს კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ნებისმიერი გზით ჩარევისგან. გადაწყვეტილება ძალაშია 8 მარტამდე", - ნათქვამია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში. ამ ფაქტს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რამდენიმე საათში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროპული სასამართლოს მორიგე მოსამართლემ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო.

მისივე განმარტებით, "რუსთავი 2"-მა სტრასბურგის სასამართლოს სამი მოთხოვნით მიმართა: 1. საქართველოს სახელმწიფოს აეკრძალოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2 მარტს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება მანამ, სანამ სტრასბურგის სასამართლო საქმეს არ განიხილავს არსებითად; 2. აეკრძალოს საქართველოს ხელისუფლებას, დახუროს ან გააადვილოს "რუსთავი 2"-ის დახურვა; 3. საქართველოს ხელისუფლებას აეკრძალოს, შეცვალოს მენეჯმენტი ან ბორდი ამ კომპანიაში.

"არა მგონია, ვინმე სერიოზულად აღიქვამდეს, რომ არხის რეალური მეპატრონეები ყარამანიშვილები არიან"

როგორ განვითარდება მოვლენები და სტრასბურგის გადაწყვეტილების მიუხედავად, მოითხოვს თუ არა ტელეკომპანიაში შესვლას, კითხვებს ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში პასუხობს:

- დაველოდებით სტრასბურგის სასამართლოს შემდგომ მოქმედებებს. იმედია, გაერკვევა ვითარებაში და 8 მარტის შემდგომ შეზღუდვა მოიხსნება. თუმცა, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღონ, ცალსახად ვაფიქსირებ - მაშინაც კი, როდესაც სასამართლო ხელისუფლებისადმი ნდობა ნულის ტოლი იყო საქართველოში, საკუთარ უფლებებს მხოლოდ სამართლებრივი გზით ვიცავდი. ასე გაგრძელდება მომავალშიც. ვფიქრობ, აღსრულების შეჩერების დიდი ხნით გაგრძელებას მცირე პერსპექტივა აქვს. იმედია, რამდენიმე დღეში სტრასბურგის სასამართლო მოგვცემს შესაძლებლობას, აღვასრულოთ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება.

- საქმე ამ დრომდე საკონსტიტუციო სასამართლოშიც დევს. ფიქრობთ, სტრასბურგის სასამართლოს თუნდაც შეჩერების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არ გაითვალისწინებენ?

- საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი საჩივრები უსაფუძვლოა და, სავარაუდოდ, არც ერთი მათგანი არ დაკმაყოფილდება. მეორე მხარემ რვა სარჩელი შეიტანა და ყველა იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა, რომლებიც მითითებული იყო ჩვენს სარჩელსა თუ სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ფაქტობრივად, ლამის ნახევარი სამოქალაქო კოდექსის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვეს. რთული წარმოსადგენია, რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს უსაფუძვლო სარჩელები.

რაც შეეხება უზენაეს სასამართლოს, გვქონდა იმედი, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მოწინააღმდეგე მხარეს პერმანენტულ ფსიქოლოგიურ სტრესში ჰყავდა სასამართლო, მან გაუძლო ზეწოლას და მიიღო სწორი გადაწყვეტილება.

- თუმცა მაინც გაჩნდა კითხვები. მაგალითად, როგორ მოხდა, რომ ცხრავე მოსამართლემ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო და თანაც ექვს საათში, ყოველგვარი ზეპირი მოსმენის გარეშე?

- არაერთხელ განვმარტეთ, რომ საქმე თავისი სამართლებრივი ნაწილით არ არის განსაკუთრებული სირთულის. საქართველოს სასამართლოებს აქამდეც მიუღიათ გადაწყვეტილებები მსგავს საქმეებზე და ვფიქრობდით, უზენაეს სასამართლოს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, დაუშვებლად ეცნო საკასაციო საჩივრები და ძალაში დაეტოვებინა პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები. თუმცა, მოწინააღმდეგე მხარის ზეწოლისა და იმ რეზონანსის გამო, რაც ამ საქმემ შეიძინა, უზენაესი სასამართლოს სამმა მოსამართლემ გადაწყვიტა, საქმე დიდი პალატისათვის გადაეცა. თუმცა ხაზს ვუსვამ, სამართლებრივი მხარე ამ საქმისა განსაკუთრებულ სირთულეებს არ შეიცავდა. არც არსებითი ნაწილი იყო სქელტანიანი და მრავალტომიანი. ის გადატვირთული იყო დაუსაბუთებელი შუამდგომლობებით აცილებაზე, საქმის წარმოების შეწყვეტაზე, შეჩერებაზე და ა.შ. ამდენად, დიდ პალატას უნდა ემსჯელა მხოლოდ რამდენიმე სამართლებრივი ნორმის განმარტებასა და ამ ნორმების შეფარდების მიზანშეწონილობაზე. შესაბამისად, რამდენად მოახერხა ეს სასამართლომ, გამოჩნდება მას შემდეგ, რაც ჩაგვბარდება დასაბუთებული გადაწყვეტილება.

- განაჩენს გამოეხმაურა როგორც "ფრიდომ ჰაუსი", ასევე აშშ-ის, საფრანგეთის საელჩოები, რომელთა საერთო კონტექსტი მედიაპლურალიზმისთვის საფრთხის შექმნაზე მიანიშნებს.

- არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკას, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობას საფრთხე არ ემუქრება. არ ვაპირებ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას და არც ხისტ მოქმედებებს. აუცილებელია, ქვეყანაში იყოს კრიტიკული მედია. პირობას ვდებ, ტელეკომპანიის წილების ჩემს სახელზე რეგისტრაციის შემდგომ, არ შეიზღუდება არც ერთი ჟურნალისტი და მათ პროფესიულ საქმიანობაში არავინ ჩაერევა.

- მაშინ რატომ არ თანხმდებით ნიკა გვარამიას შეთავაზებას, რომ "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებს გადასცეთ ტელევიზია და ფინანსური ზარალიც აგინაზღაურდეთ?

- ეს იყო არასერიოზული განცხადება, მით უფრო, რომ ტელევიზიის კოლექტივი ამ შემთხვევაში იმავე როლის შემსრულებელი იქნებოდა, რასაც ყარამანიშვილები ასრულებენ, ანუ ნომინალური მფლობელები იქნებოდნენ. არა მგონია, ვინმე სერიოზულად აღიქვამდეს, რომ არხის რეალური მეპატრონეები ყარამანიშვილები არიან.

სასამართლოში საქმის განხილვისას ყარამანიშვილების წარმომადგენელმა ისიც კი ვერ თქვა, რა ფასად ჰქონდათ მათ წილები შეძენილი, მაშინ როცა ამტკიცებდა, თითქოს არაერთხელ ჰქონდა წილების შეძენასთან დაკავშირებული დოკუმენტები ძირეულად შესწავლილი. რა თქმა უნდა, ეს "შემოთავაზება" ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის ფარსის ნაწილია.

"ხალვაშის პოზიცია ჩემთვის გაურკვეველი გახდა"

დავით დვალი, "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი: - უზენაესი სასამართლოსა და ახლა უკვე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მე და ქიბარ ხალვაში ერთმანეთს არ შევხვედრივართ. კომუნიკაცია მხოლოდ ტელეფონით გვქონდა და შეხვედრაზე შევთანხმდით, თუმცა ამ დრომდე ის არ შემდგარა. სიმართლე გითხრათ, მისი პოზიცია ჩემთვის თითქოს გაურკვეველიც გახდა - ქიბარმა რამდენიმე განსხვავებული ვერსია შემოგვთავაზა, ერთხელ განაცხადა, როგორც შევთანხმდით, ყველაფერი ისე იქნება და დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს დავუბრუნებ ტელევიზიასო, შემდეგ გადააკეთა და თქვა, რასაც დაიმსახურებენ, იმას მიიღებენო, მოგვიანებით, ჩვენი საქმისა ჩვენ ვიცით და მოვილაპარაკებთ, შესაძლოა მთლიანადაც დავუთმოო. ჩვენ ტელევიზიის 100%-იან წილზე პრეტენზია არ გვაქვს, მხოლოდ ის 60% გვინდა, რომელიც წაგვართვეს და მთელ ამ პროცესში მაშინ ხალვაშიც მონაწილეობდა. თუმცა, როდესაც ხალვაში გამოჩნდა და შემოგვთავაზა, ერთმანეთში კი არ ვიდავოთ, მოვილაპარაკოთო, მხარი დავუჭირეთ. სასამართლოში ჩვენ ვერ ვიდავებდით, რადგან ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. პროკურატურაში სარჩელი შევიტანეთ, თუმცა თავდაპირველად, ეფექტურად დაწყებული გამოძიება გარკვეულ ეტაპზე შეჩერდა, გამომძიებელი შეგვიცვალეს და პროკურატურამ საქმეების სასამართლოში გადაგზავნა შეაყოვნა. სწორედ ამ გარემოებამ და ქიბარის მოლაპარაკებებზე მზადყოფნამ გადაგვაწყვეტინა, სამართლებრივი დავისთვის მხარი დაგვეჭირა. სასამართლო პროცესი ისე წარიმართა, რომ მხოლოდ გულშემატკივრის პოზიციაში აღმოვჩნდით, რადგან თუ ქიბარი გაიმარჯვებდა, ეს არ იქნებოდა სამართლიანობის ზეიმი, თუმცა იქნებოდა ერთი დიდი ნაბიჯი ჩვენთვის, რომ წართმეული ტელევიზიის დაბრუნებისთვის ჩვენც გვებრძოლა.

- რა პირობებზე ხართ თქვენ და ქიბარ ხალვაში შეთანხმებული, არხის გენერალურ დირექტორად თქვენ მოიაზრებით?

- ბოლო შეხვედრაზე ქიბარმა მითხრა, რომ სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩაერეოდა და მმართველობა მთლიანად ჩემი და ჯარჯის ხელში იქნებოდა, თუმცა ჩვენ წილობრივი გარანტიაც მოვითხოვეთ იმისთვის, რომ ერთ დღესაც ქიბარს პოზიციები არ შესცვლოდა და რომელიმე სიუჟეტის დაბლოკვა არ მოეთხოვა. გარკვეულწილად, ამ გარანტიებზეც შევთანხმდით, თუმცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ამ დეტალებზე აღარ გვისაუბრია. ათი წლის განმავლობაში "რუსთავი 2"-ის მენეჯმენტში ვიყავი და ვერავინ მეტყვის, რომ ერთი წუთითაც კი ხელისუფლების მხარდასაჭერად ვმუშაობდით. შესაბამისად, თუ ვინმე არხის დირექტორად იმიტომ განმიხილავს, რომ ცენზორი სჭირდება, ამ საქმეში არ გამოვადგები. თუ ისე მოხდა, რომ "რუსთავი 2" დამიბრუნდა, ის სამთავრობო ტელევიზია არასოდეს გახდება.

თუ "რუსთავი 2"-ში კონტროლის მექანიზმი არ მექნება, კომპრომისზე არასოდეს წავალ და არც ასეთი დაბრუნებული ტელევიზია მჭირდება. პირიქით, ჩავთვლი, რომ ჩემი და ჩემი მეგობრების მიერ დაფუძნებული ტელევიზია ისევ წართმეულია.

"აქციები გაგრძელდება"

ზაალ უდუმაშვილი, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე: - სტრასბურგის სასამართლომ მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, რასაც გულწრფელად გეტყვით, არ ველოდებოდით. მართალია, საკმაოდ არგუმენტირებული სარჩელი გავგზავნეთ, თუმცა მაინც ვერ წარმოვიდგენდით, რომ ევროპული სასამართლო რეაგირებას რამდენიმე საათში მოახდენდა - ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ "რუსთავი 2"-ის პრობლემა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხია და ამის შესახებ ევროპულ ინსტიტუციებშიც კარგად არიან ინფორმირებული. ვფიქრობ, სტრასბურგის სასამართლო 8 მარტს გააგრძელებს შეჩერების მოთხოვნას, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ეს პროცესი დიდი ალბათობით, დროში გაიწელება და ხელისუფლებას ამასთან შეგუებაც მოუწევს. დარწმუნებული ვარ, სიმართლეს სტრასბურგის სასამართლოში დავამტკიცებთ. მის წინააღმდეგ წასვლა კი არა მგონია, ხელისუფლებამ გაბედოს. მაშიIნ, ეს იქნება გზავნილი, რომ საქართველო ევროპულ ოჯახზე უარს ამბობს.

- საპროტესტო აქციები გაგრძელდება?

- სანამ სიმართლე არ გაიმარჯვებს, აქციები აუცილებლად გაგრძელდება. ახლა როგორც სამოქალაქო, ისე პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია აუცილებელია, რომ ხელისუფლებასა და რაც მთავარია, დასავლეთს ჩვენი ხმა მაქსიმალურად გავაგებინოთ.

"სტაბილურობის შერყევის მცდელობის ფონზე, ხელისუფლებამ ყველა ბრალდებაზე პასუხი უნდა გასცეს"

გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი:

- სტრასბურგის მორიგე მოსამართლის გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ის განგაშის ზარს ეფუძნებოდა. მათ ევროპულ სასამართლოს დაუხატეს სურათი, თითქოს ადამიანის უფლებების დარღვევითა და ძალადობით მიმდინარეობს სამართლებრივი დავა, ამიტომაც სტრასბურგის მოსამართლემ პროცესი დროებით შეაჩერა.

- როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების განვითარება, თუ სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს არ მიაკუთვნა?

- თუ ადრე ვინმეს მაინც ეჭვი ეპარებოდა, რომ "რუსთავი 2" რეალურად სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძოდა, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ეს ეჭვი საერთოდ გააქარწყლა. პოლიტიკური ლუსტრირება სახეზეა - გია ყარამანიშვილი, "რუსთავი 2"-ის ფორმალური მფლობელი გაქრა და ავანსცენაზე "ნაცმოძრაობა" ღიად გამოვიდა. ახლა არც იმას უარყოფენ, რომ "რუსთავი 2" პარტიის დაქვემდებარებული მედიასაშუალებაა. მეტიც, მათ აქვთ პოზიცია, თითქოს "ნაცმოძრაობას" არასოდეს არაფერი წაურთმევია, არავინ უწამებია და უსამართლო პროცესებიც არასოდეს გვინახავს. ხელისუფლებამ არ უნდა დაკარგოს პოზიცია, რასაც სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩაურევლობა ჰქვია, თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება აუცილებელია.

- ანუ აშშ-ის საელჩომ, ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაციამ თუ საფრანგეთის საელჩომ განცხადება ინფორმაციის ნაკლებობის გამო გაავრცელეს?

- ჩვენი მთავრობაც აცხადებს, თავისუფალი გარემო არ უნდა შეიზღუდოსო და ამ მიმართულებით პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეთ. ამაზე მოწმობს წარმატებები - ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება, ევროპასთან სავაჭრო ხელშეკრულება, ნატოსა და აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია და ა.შ. მთელ ამ პროცესში სააკაშვილისა და გვარამიას სატელეფონო საუბარი მახსენდება, სადაც ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ დიდი დაპირისპირების ინსპირირება ქუჩებში აუცილებელია და ვფიქრობ, გვარამიამ ეს სცენარი კარგად ჩამოაყალიბა, ახლა მის აღსრულებას ცდილობს.

- 12 მარტს საპროტესტო აქცია ოპოზიციურ პარტიებთან ერთად უკვე დაანონსებულია. პროცესების ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნაში გადაზრდის მოლოდინი გაქვთ?

- გვარამია ვერ შეძლებს, არეულობის მაღალი ხარისხი გამოიწვიოს. სტაბილურობის შერყევის მცდელობის ფონზე, ხელისუფლებამ ყველა ბრალდებაზე პასუხი უნდა გასცეს.

რუსუდან შელია