"პრეზიდენტის აქტივობები ამყარებს ეჭვს, რომ..." - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტის აქტივობები ამყარებს ეჭვს, რომ..."

"რამდენად მტკივნეულიც უნდა იყოს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა"

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ვიცე-პრემიერად სულ ცოტა ხნის წინ დაინიშნა და კანცელარიაში საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებას კურირებს. რა სტრატეგიით მივიდა მთავრობის ადმინისტრაციაში და როგორ აფასებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, "კვირის პალიტრა" ალექსანდრე ჯეჯელავასთან ვიცე-პრემიერის რანგში პირველ ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ:

- ვიცე-პრემიერობის ფარგლებში ჩემი მთავარი ამოცანაა საზოგადოებასთან მუშაობის თვალსაზრისით უფრო მაღალ ხარისხსა და ამასთან, ქვეყნის მართვის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობასაც მივაღწიოთ. საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით, თითქოს არა გვიშავს, თუმცა სტრატეგიულად მეტი სირთულის გადალახვაა საჭირო. ამ მხრივ კი მედიას მნიშვნელოვანი დატვირთვა ენიჭება.

ზოგადად, მედიის განვითარება სახელმწიფოს სტრატეგიული ამოცანაა - არასწორიც კი იქნება, ხელისუფლება და მედია სხვადასხვა მხარეებად განიხილებოდნენ. როგორც პარლამენტსა და მთავრობას შორის ოპონირება ნორმალურია, მსგავს პროცესს მედიასა და მთავრობას შორისაც მივესალმები.

- დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ მედიასაშუალებასთან გაქვთ - "რუსთავი 2"-თან დავაში სახელმწიფო ჩაერთო, ისიც ფაქტია, რომ საერთაშორისო დავაში ჯერჯერობით აგებთ.

- "რუსთავი 2"-ს სურს ხელისუფლება დამარცხებულად წარმოაჩინოს, არადა, ყველას კარგად გვახსოვს, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა წინა ხელისუფლებას სტრასბურგისადმი. სწორედ "რუსთავი 2" არ აშუქებდა გირგვლიანისა და სხვა მნიშვნელოვან საქმეებს, რაც სტრასბურგში მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ განიხილებოდა. დღეს კი იგივე ადამიანები სტრასბურგის გულმხურვალე დამცველებად გვევლინებიან.

როდესაც სტრასბურგმა "რუსთავი 2"-ის სარჩელის საფუძველზე აღსრულების შეჩერება მოითხოვა, ხელისუფლებისთვის, როგორც მეორე მხარისთვის, არაფერი უკითხავთ. ეს გასაგებიცაა - გადაწყვეტილება მოსამართლემ დაჩქარებულად მიიღო, რადგან კომპანიამ აპოკალიფსი დაუხატა, თითქოს "რუსთავი 2" უკანასკნელი თავისუფალი მედიასაშუალებაა და თუ გადაწყვეტილება აღსრულდება, თბილისის ქუჩებში ტრაგედიას უნდა ველოდოთო. მესმის, რომ სტრასბურგის მოსამართლე ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას მოერიდა.

- მოგვიანებით ხომ სტრასბურგის შვიდი მოსამართლის გადაწყვეტილებაც გამოქვეყნდა. ფიქრობთ, ხელისუფლებამ სტრასბურგს არგუმენტირებული ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა შვიდივე მოსამართლე ისევ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას მოერიდა?

- უნდა გავითვალისწინოთ, რომ სტრასბურგის შვიდი მოსამართლის განსხვავებული გადაწყვეტილება იმ ერთ მოსამართლეზე მნიშვნელოვანი დარტყმა იქნებოდა, ანუ გამოვიდოდა, რომ სტრასბურგი, როგორც უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია, დაუბალანსებელ გადაწყვეტილებებს იღებს.

- მეორე გადაწყვეტილებით სტრასბურგი უბრალოდ იმიჯს მოუფრთხილდა?

- ნებისმიერი თავმოყვარე ინსტიტუცია კარგად დაფიქრდება, სანამ ერთ დღეს ერთ გადაწყვეტილებას მიიღებს, მეორე დღეს - განსხვავებულს. მოგეხსენებათ, სტრასბურგს ქიბარ ხალვაშმა ქონებრივი უფლებების დარღვევის სარჩელით ათი წლის წინ მიმართა, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია.

როგორც ჩანს, სტრასბურგმა ჩათვალა, რომ ქონებრივი ნაწილი აქტუალური არ იყო, რადგან ძირითადად ადამიანის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული, თუმცა წლების წინ ბიზნესმენს ქონება დაუწვეს და ქვეყნიდან გააქციეს.

მთელ ამ პროცესში მთავარი მაინც ის არის, რომ სახელმწიფო დემოკრატიულ გარემოში ცხოვრებას სწავლობს. მეორე მხრივ, უამრავი გაკვეთილი მივიღეთ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ აბსოლუტურად უპრინციპო პოლიტიკური ოპონენტების შემთხვევაში, რათა მათ არ დავემსგავსოთ. რამდენად მტკივნეულიც უნდა იყოს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა, თუმცა არც კი განიხილება სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ხელისუფლებამ მის აღსრულებაზე იფიქროს. ეს იმით არის განპირობებული, რომ ჩვენი ევროპული კურსი შეუქცევადია. პარალელურად, ყველამ იცის, რომ "რუსთავი 2" თავისუფალი მედია სულაც არ არის და ყველაზე კონტროლს დამორჩილებული ტელევიზიაა.

ვიცით, რომ სააკაშვილი ყოველდღიურად პირადად განიხილავს და დეტალურად ერკვევა გადაცემების შინაარსში "რუსთავი 2"-ის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად.

- საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?

- საიმედო წყაროებისგან. ამიტომაც ცდილობს "რუსთავი 2" ქვეყნიერების დასასრულის დახატვას...

- ფიქრობთ, თქვენს ამ პოზიციას სტრასბურგი გაითვალისწინებს?

- ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ფაქტია, ჩვენ ვართ გარანტი, რომ ქვეყანაში მედიათავისუფლება არასოდეს შეილახება.

- ვიცე-პრემიერის რანგში პირველად საპატრიარქოს ეწვიეთ. რა საკითხები განიხილეთ პატრიარქთან და როგორ აფასებთ პროცესს, რომელიც ხელისუფლებამ ქვეყნის გადარჩენის ტოლფასად შეაფასა...

- საპატრიარქოში, პირველ რიგში, პატრიარქის ჯანმრთელობით დავინტერესდით. გამოძიებასთან დაკავშირებითაც ჰქონდა შეკითხვები, ჩვენ ვუპასუხეთ, რა მტკიცებულებებია...

ჩემი შეფასებით, გამოძიების პროცესი სწორად მიდის. ვიდეომასალები თავიდანვე რომ არ გამოქვეყნდა, პროკურატურის სწორ მიმართულებაზე მიანიშნებს, რადგან ამის საზოგადოებისთვის მიწოდება სანახაობას უფრო დაემსგავსებოდა. სამი მილიონ შვიდასი ათასი კაცი საქმეს ვერ გამოიძიებს, ეს უშუალოდ პროკურატურის კომპეტენციაა.

- მასშტაბური ინტერესი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებმა შექმნა - ქვეყნის გადარჩენასა და პატრიარქის მოწამვლის მცდელობაზე მინიშნებებით, თუმცა გაირკვა, რომ ბრალდება დაკავებულს შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ აქვს წარდგენილი.

- სასულიერო პირი საწამლავით მიდიოდა უცხოეთში, სადაც უამრავი სასულიერო პირი იმყოფებოდა - ეს უკვე ტრაგედიაა, მაგრამ თუ ვინმე ფიქრობს, რომ არასასულიერო პირის გარდაცვალება ტრაგედია არ არის, ვურჩევ, საკუთარ გულში კარგად ჩაიხედოს.

გამოძიებისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ თუ სასულიერო პირი ათ სხვა სასულიერო პირთან მიდიოდა, ათივე, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ ყოფილიყო, რაც აღკვეთა.

- პარალელურად მედიაში ვრცელდება ხმები, რომ უახლოეს მომავალში მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იგეგმება.

- ეს მხოლოდ ჩვენი ოპონენტების ოცნებაა. გუნდური მთავრობა მყავს და ამ ეტაპზე ცვლილებების აუცილებლობას ვერ ვხედავ. ისე კი, ცვლილებები ან გაზაფხულზე იქნება, ან ზაფხულში, ან შემოდგომის მოახლოებასთან ერთად, ან კიდევ ზამთარში. ახლა უფრო მეტი კომუნიკაცია მაქვს ყველა სამინისტროსთა და კარგად ვიცი, რამდენად მასშტაბური შედეგებია უამრავი მიმართულებით, თუმცა ოპონენტები ისევ ცდილობენ, შექმნან ისტერია, რომ საქმის კეთება გვიჭირს. მთავარია, საზოგადოებასთან კომუნიკაციაში დავიხვეწოთ და მეტი დრო და ენერგია დავუთმოთ კონკრეტული შედეგების მოსახლეობისთვის მიწოდებას. როდესაც ამ კომუნიკაციის სტრატეგია შემუშავდება, ყველაფერი უფრო ნათელი გახდება.

- პრეზიდენტსაც ასეთ ოპონენტად განიხილავთ, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად, კომისიას უნდობლობას უცხადებს და სახალხო განხილვებს აანონსებს?

- ევროპულ ქვეყნებში მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ოპონირება ჩვეულებრივი პროცესია, ჩვენთვის ეს სიახლეა, თუმცა ვფიქრობ, დემოკრატიული მშენებლობისთვის ეს საჭიროც არის.

მთავარია, პრეზიდენტმა ქვეყნის ინტერესების წინ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები არ დააყენოს, რისი შთაბეჭდილებაც გარკვეულ ვითარებაში იქმნება კიდეც.

- ფიქრობთ, მან პოლიტიკური პროცესი წამოიწყო და უახლოეს მომავალში ახალი ძალის ლიდერად მოგვევლინება?

- ცალკეული მისი აქტივობები მართლაც ამყარებს ეჭვს, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკოსის სტატუსის გამყარებას ცდილობს.

მას პოლიტიკოსად ჩამოყალიბებას ვერავინ და ვერაფერი დაუშლის, თუმცა ქვეყნის ინტერესი უკანა პლანზე არ უნდა აღმოჩნდეს. ზოგადად, არც ერთ სცენარს არ გამოვრიცხავ, თუმცა პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, მთავარია, ყველანი ქვეყნის გაძლიერებას ვემსახუროთ.

რუსუდან შელია