"იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლების კანონის ფარგლებში გათავისუფლებაც არ იცის"
13-03-2017
"იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლების კანონის ფარგლებში გათავისუფლებაც არ იცის"
"თუ შედეგის მიხედვით ვიმსჯელებთ, იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგში ან საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარადგინა, ან მსგავსი განმარტება საერთოდ არ გაუკეთებია. ორივე შემთხვევაში პასუხისმგებლობა საერთაშორისო დონეზე ქვეყნის იმიჯის შელახვის გამო ისევ თეა წულუკიანს ეკისრება"

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმხილველმა პალა­ტამ "რუსთავი 2"-ის მოთხოვნა მეორედ დააკმაყოფილა და უვად­ოდ შეაჩერა საქართველოს უზენა­ესი სასამართლოს ორი მარტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვ­ითაც ტელეკომპანიის მფლობელ­ად ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გა­მ­ო­ცხადდა. როგორია იურისტებ­ის პროგნოზი, შეძლებს თუ არა სახელმწიფო სტრასბურგის სასამა­რთლოში საკუთარი პოზიციის
დაცვას, "კვირის პალიტრის" კითხვებს უფლებადამცველი ლია მუხაშავრია პასუხობს:

- სტრასბურგის სასამართლომ პირველი გადაწყვეტილების შემდეგ ხელისუფლებას მისცა დრო, განმარტებები და შესაბამისი მტკიცებულებები წარედგინა, რის შემდეგაც "რუსთავი 2"-ის საქმეზე უკვე მეორედ იმსჯელებდა, თუმცა, თუ შედეგის მიხედვით ვიმსჯელებთ, იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგში ან საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარადგინა, ან მსგავსი
განმარტება საერთოდ არ გაუკეთებია. ორივე შემთხვევაში პასუხისმგებლობა საერთაშორისო დონეზე ქვეყნის იმიჯის შელახვის გამო ისევ თეა წულუკიანს ეკისრება. მეორე გადაწყვეტილების შემდეგ მოვისმინეთ შეფასებები, სტრასბურგის სასამართლომ ქვეყნის სუვერენიტეტი შელახაო, თუმცა პირიქით, როგორც უფლებადამცველი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, სტრასბურგის სასამართლოს ორი მარტის გადაწყვეტილება სწორედ იმის მანიშნებელი იყო, რომ ევროპული სასამართლო ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს სცემს და აძლევს შესაძლებლობას, სახელმწიფომ შესაბამისი განმარტებები გააკეთოს, თუმცა ეს შესაძლებლობა, ფაქტია, შესაბამისმა სტრუქტურამ ვერ გამოიყენა.

- ორი გადაწყვეტილების ფონზე, თუ შესაძლებელია განსაზღვრა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სტრასბურგი საბოლოოდ?

- თუ იუსტიციის სამინისტროს მუშაობის კვალიფიკაციასა და ტემპს გავითვალისწინებთ, პროგნოზის გაკეთება უკვე შესაძლებელია - "რუსთავი 2"-ის საქმე დიდი ალბათობით ხელისუფლების სასარგებლოდ არ გადაწყდება. მთელ ამ პროცესს პრემიერ-მინისტრის განცხადებაც ამძიმებს, რომელმაც ევროპელ კოლეგებს მიმართა. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, თუ რა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ხელისუფლება "რუსთავი 2"-თან სტრასბურგში დავის შემდეგ.

- თუ მართლაც ისე მოხდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოსთან დავაში "რუსთავი 2"-ის პოზიცია გაიზიარა, რა სამართლებრივი პროცედურები უნდა განახორციელოს ხელისუფლებამ?

- ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს განჩინების წინააღმდეგ არ იქნება მიმართული, თუმცა, თუ მართლაც საქმე ტელეკომპანიის სასარგებლოდ დასრულდა, სტრასბურგი მოითხოვს, რომ "რუსთავი 2"-ში მენეჯმენტი არ შეიცვალოს და ტელევიზიის მართვაში არ ჩაერიოს.
თუ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავა, მაშინ ეკისრება სანქციები და რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით საერთაშორისო პარტნიორებთან, ამასთან, საბოლოოდ შეირყევა ქვეყნის პროდასავლური იმიჯი. ამიტომ, არა მგონია, ხელისუფლების ინტერესში მოვლენების ამ სცენარით განვითარება ხელსაყრელი იყოს.
მთელ ამ პროცესში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, საერთაშორისო სასამართლოს ბედი მაშფოთებს. მოგეხსენებათ, ჰააგის სასამართლოში საქართველოსა და რუსეთს შორის ომის საკითხი განიხილება. რთულია იმის განჭვრეტა, როგორ დასრულდება იქ პროცესი, ღმერთმა არ ქნას, საქართველომ საკუთარი პოზიციების დაცვა ვერ მოახერხოს.

- ამის ალბათობა რეალურად არსებობს?

- თუ კარგად მივადევნებთ თვალს, როგორ გასაიდუმლოებულ ვითარებაში სტუმრობენ ჰააგის მოსამართლეები საქართველოს, ვშიშობ, იუსტიციის სამინისტრომ თავი ამ მიმართულებითაც შეირცხვინა, რაც ამ ხელისუფლებისთვის დამღუპველი იქნება.

მოგეხსენებათ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს პროკურატურა არც წინა ხელისუფლების და არც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იძიებდა. არჩილ კბილაშვილმა მოგვცა პირობა, რომ ომში დაფიქსირებულ დანაშაულის ფაქტებს გამოიძიებდა, თუმცა ფაქტია, არაფერი გაკეთდა. ამ გამოძიებისთვის ყურადღება სწორედ იუსტიციის სამინისტროს უნდა მიექცია და საქმის წარმოება დროულად მოეთხოვა, რადგან ჰააგაშიც ქვეყნის წარმომადგენელი ისევ იუსტიციის სამინისტროა. ფაქტია, ეს არ ხდება და მართლაც მაშფოთებს საბოლოო შედეგიც.

- ფიქრობთ, ეს პროცესი მიზანმიმართულად მიმდინარეობს, თუ იუსტიციის სამინისტროს, უბრალოდ, კვალიფიკაციის პრობლემა აქვს?

- რომელ კვალიფიკაციაზე ვსაუბრობთ,­ როდესაც ცოტა ხნის წინ დადგინდა, რომ იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლების კანონის ფარგლებში გათავისუფლებაც არ იცის. მოგეხსენებათ, სამწლიანი დავის შემდეგ სასამართლომ თეა წულუკიანის მიერ სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლები უწყებაში აღადგინა და მინისტრის გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო. მთელი ამ საერთაშორისო თუ ქვეყნის შიგნით სამართლებრივი დავის დამარცხებით დასრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იუსტიციის მინისტრის იმიჯზე ლაპარაკიც კი აღარ ღირს. ასეთი იმიჯი დიდი ხანია აღარ არსებობს და უწყებას საბოლოო ლაფი სწორედ უკანონოდ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა გადაასხეს.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები