"ამ კამპანიაში საქმის კეთების სურვილს ვერ ვხედავ" - კვირის პალიტრა

"ამ კამპანიაში საქმის კეთების სურვილს ვერ ვხედავ"

საპარლამენტო უმრავლესობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის კონფლიქტმა პიკს მიაღწია და პიროვნულ შეურაცხყოფაშიც კი გადაიზარდა. პრეზიდენტმა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას უნდობლობა საბოლოოდ გამოუცხადა და დამოუკიდებლად სახალხო განხილვაც დაიწყო. მოახდენს თუ არა გავლენას საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე გიორგი მარგველაშვილსა და უმრავლესობას შორის დაპირისპირება, "კვირის პალიტრასთან" კომისიის ერთ-ერთი წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს:

- საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე პრეზიდენტის მიერ დაანონსებული სახალხო განხილვების კამპანია გავლენას ვერ მოახდენს, ან როგორ უნდა მოახდინოს, როდესაც ჯერ პროექტიც კი არ არსებობს, რა უნდა შეიცვალოს და რა დარჩეს. საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა ჩვეულ ტემპში უნდა განაგრძოს, რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილის მიზნებს, ვფიქრობ, ის უფრო საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას ცდილობს, თუმცა ვიმეორებ, რასთან დაკავშირებით უნდა ესაუბროს ხალხს, გაუგებარია. საკონსტიტუციო კომისიას უკვე რომ ჰქონდეს ე.წ. შავი მასალა, ან თავად პრეზიდენტს შეემუშავებინა კონკრეტული წინადადებები დოკუმენტების სახით, პროცესს სულ სხვა ელფერი მიეცემოდა, თუმცა არც ერთ მხარეს მსგავსი დოკუმენტი არ არსებობს.

- საპარლამენტო უმრავლესობამ რამდენიმე საკითხი უკვე წარმოადგინა, მათ შორის, უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით, ასევე პრეზიდენტის სტატუსსა და პრეზიდენტის არჩევნების წესის ცვლილებაზე?

- ეს მხოლოდ წინადადებებია და საბოლოო აზრი კომისიაში არ ჩამოყალიბებულა. შესაბამისად, პრეზიდენტს საზოგადოებასთან საკუთარ ინტერპრეტაციებზე საუბარი მოუწევს. არ ვამბობ, რომ პრეზიდენტს საბოლოო პროექტის შემუშავებამდე საზოგადოებასთან შეხვედრების უფლება არა აქვს, მაგრამ სამართლებრივი კონსულტაციები სრულიად განსხვავებულ პროცედურებს ითვალისწინებს.

პრეზიდენტი თუ მოსახლეობას შეხვდება და ერთ არგუმენტს მოისმენს, ვიღაცას იმავე შეხვედრაზე ხომ კონტრარგუმენტიც ექნება? თუ რეგიონებს ჩამოივლის, როგორ უნდა მოგვაწოდოს საკონსტიტუციო კომისიის წევრებს როგორც მოსახლეობის არგუმენტები, ისე კონტრარგუმენტები? სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ

მთელ ამ კამპანიაში საქმის კეთების რეალურ სურვილს ვერ ვხედავ, ეს ყველაფერი უფრო პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობას ჰგავს.

- და ამ პროცესში რამდენად სწორი იყო თავად პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია, რომლის განცხადებითაც, თუ პრეზიდენტი რიტორიკას არ შეცვლის, შესაძლოა, საკონსტიტუციო კომისიამ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაზე მომავალ არჩევნებზევე იფიქროს?

- პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, ემოციური და გაუგებარი გახლდათ. სწორედ ამიტომ თავიდანვე მოვითხოვე, საკონსტიტუციო კომისიის მიერ შეჯერებული პროექტი ძალაში 2020 წლის შემდეგ შესულიყო - ეს მოხსნიდა კითხვის ნიშნებს, მუშაობს თუ არა საკონსტიტუციო კომისია პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, ან კონკრეტული პირის წინააღმდეგ ხომ არ არის მიმართული. მინდა მჯეროდეს, რომ საბოლოოდ არა პოლიტიკურს, არამედ საღი გონებით შექმნილ კონსტიტუციას მივიღებთ, თუმცა ამ მხრივ კითხვის ნიშნები უკვე მიჩნდება. მეტიც, მგონია, რომ ამას ვერ მოვახერხებთ, რადგან სწრაფად გავიარეთ მთელი კონსტიტუცია. საბოლოოდ, ისეც შეიძლება მოხდეს, რომ სხვადასხვა ჯგუფის მიერ შემუშავებული ცვლილებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში იყოს, ამის გარედაქტირებას კი ისევ დრო სჭირდება.

რუსუდან შელია