"ამ ხელისუფლებამ ყველა ტრაგედია იზეიმა" - კვირის პალიტრა

"ამ ხელისუფლებამ ყველა ტრაგედია იზეიმა"

"ფიგურული სრიალი არ კმარა ხელისუფლების სათავეში ყოფნისათვის"

"პოლიტიკაში კი არა, ჩემი ქვეყნის გადარჩენაში ვარ ჩარეული"

"სახლში რომ ყაჩაღი შეუვარდეს კაცს, ხომ არ ეტყვის შვილებს, პოლიტიკაში არ ვერევი და ყაჩაღისაგან ვერ დაგიცავთო"

რამდენიმე დღის წინ  წარმომადგენლობითი სახალხო კრების მხარდამჭერთა დარბაზმა საქართველოს მოსახლეობას, პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მოუწოდეს, ჩაერთონ სახალხო კრების ორგანიზებაში და მონაწილეობა მიიღონ არსებულ რეჟიმთან ბრძოლაში. ითქვა, რაკი პოლიტიკოსებმა საქმეს თავი ვერ გაართვეს და ქვეყანაში ვითარება ვერ გამოასწორეს, ამიტომ გაჩნდა საზოგადოებრივი თავყრილობის მოწყობის იდეაო. წარმომადგენლობითი სახალხო კრების მიზნებსა და ამოცანებზე პოეტი დავით მაღრაძე გვესაუბრება:

- ამბობენ, ოპოზიციამ პრობლემებს თავი ვერ გაართვაო.

- საქმისათვის თავის ვერგართმევაში იმას თუ გულისხმობენ, რომ საქართველოს მოსახლეობას მოგებული არჩევნები გამოსტაცეს ხელიდან და პოლიტიკურმა ლიდერებმა ვერ დაიცვეს ხმები, ეს კატეგორიული შეფასება მგონია. ის გამარჯვება ყველას ერთად წაგვართვეს, პოლიტიკოსსაც და არაპოლიტიკოსსაც. რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოს ლიდერი ხმის დათვლასაც არ დაელოდა, სულსწრაფობა გამოიჩინა და დამარცხებულს გამარჯვება მიულოცა.

ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ჩვენი ცხოვრების წესი თავად უნდა გავჭედოთ.

ქართველ ხალხს გადარჩენისთვის უწევს ბრძოლა. საქართველოს მოქალაქე  ყველაზე დაუცველია ქვეყნიერებაზე. დაუცველია როგორც გარე, ისე შიდა მტრისგან - ხელისუფლებისგან. როდესაც მშვიდობა არ იცი, ომის წარმოება არ იცი, ორივეში უმეცარი და უსუსური ხარ, ხელისუფლებაში ყოფნის პრეტენზია როგორღა გაქვს? ფიგურული სრიალი არ კმარა ხელისუფლების სათავეში ყოფნისათვის.

დაუცველობის განცდა კარნახობს საქართველოს მოქალაქეს ხან საპროტესტო აქციის გამართვას, ხან კონფერენციის მოწყობას, ხან წერილის დაწერას და ხანაც სიტყვით გამოსვლას. ადამიანში ღვთისგან არის ჩადებული სამართლიანობის მოთხოვნა, მაგრამ როდესაც მწყურვალს წყლის მაგივრად ძმარს მიაწვდი, წყურვილს ვერ მოუკლავ.

- სახალხო კრების მიზანია, ხალხი კიდევ ერთხელ შეიკრიბოს და ხელისუფლებას პეტიცია გაუგზავნოს?

- წარმომადგენლობითი სახალხო კრება გადაწყვეტს, რა გადაგვარჩენს. საზოგადოების მხარდამჭერთა დარბაზს სურს სახალხო კრებას შესთავაზოს ხელისუფლების შეცვლა, როგორც აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოს ნორმალური განვითარებისთვის. კრება ხელისუფლებას მშვიდობიან გზას შესთავაზებს, მერე კი მისი გადასაწყვეტია, მშვიდობიან გზას აირჩევს თუ აგრესიულს.

თუ მოსახლეობის უმეტესობა მონაწილე იქნება სახალხო კრებისა და იტყვის, რომ ამ ხელისუფლებამ ამოწურა ყველა რესურსი და დაინიშნოს ახალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, მშვიდობიანი გზით შეიცვალოს რეჟიმი, რომელსაც გათელილი აქვს ადამიანის ყველა უფლება, თავისუფლება და ის ღირებულება, რომელიც ეძვირფასება, ვფიქრობ, ხელისუფლებამ გონივრული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

- თუ ხელისუფლებამ კრების გადაწყვეტილება არ გაიზიარა?

- როდესაც 100 ან 200 ათას კაცს ხელისუფალი არად აგდებს და ამით უნდა თავი გადაირჩინოს, ესეც დიდი პრობლემაა, მაგრამ როდესაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მოითხოვს ცვლილებას, ასეთ დროს ხალხს ან ძალით უნდა დაუპირისპირდე, ან მშვიდობიანი გზა აირჩიო.

- უნებლიეთ შარშანდელი 26 მაისი და ხალხის მაშინდელი შემართება გამახსენდა. გამახსენდა, ამ დღეს სტადიონზე ჰიმნი რომ იმღერეთ, მერე კი ითქვა, ამ დღემ ფუჭად ჩაიარაო.

- როგორ შეიძლება სიმართლისთვის ბრძოლამ ფუჭად ჩაიაროს? ეს ყველაფერი საფეხურებია, მათ მივყავართან კართან, რომელსაც შეაღებ და იქიდან ჟანგბადის მაცოცხლებელი ნაკადი შემოვა. საქართველოს მოსახლეობამ სამართლიანობისთვის ბრძოლაში არაერთი ქარტეხილი გადაიტანა, მაგრამ არ დაღლილა. ადამიანს ბეჩავობა, მონობა და შეგუება ღლის. სამართლიანობისთვის ბრძოლა კი პირიქით, ახალ ენერგიას უღვიძებს და მხნეობას მატებს.

- 2003 წელს ხალხმა მოიყვანა ეს ხელისუფლება, რომელსაც დღეს ლამის უსამართლობის ეტალონად სახავთ.

- ბავშვი უმსგავსი არ გამოვიდესო, ამის შიშით გოგომ და ბიჭმა ჯვარი არ დაიწერონ, ნორმალური არ იქნება. ისეთი ვითარება უნდა შეიქმნეს, ხელისუფალი ეცადოს, თუ რამ მანიაკური თვისება აქვს გულის სიღრმეში, არ გააღვიძოს, მიჩქმალოს და საუკეთესო მხრიდან დაანახოს თავი საზოგადოებას. ადამიანში კარგი თვისებებიც არის და ცუდიც, მაგრამ როდესაც საზოგადოებაა ფხიზელი და მომთხოვნი, ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი ცდილობს იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე არის.

როდესაც საზოგადოება მოდუნებულია, მობლაგვებული აქვს სიფხიზლე, ერთი კაცის ანაბარა უნდა ცხოვრება და ვიღაც ასფურცელას ელის, რომელიც ყველა პრობლემას მოუგვარებს, უნდა იცოდეს, რომ თუ ასფურცელამ ძალაუფლება იგდო ხელთ, შეიძლება თავისი ყველაზე უკეთური თვისებები გააღვიძოს.

- მახსოვს, ერთხელ ჩემთან დაიჩივლეთ, პოლიტიკამ სივრცე აღარ დატოვა, ყველაფერი შეჭამა, თქვენც ვერ იცლით პოეზიისთვის და პოეტს პოლიტიკაზე მელაპარაკებითო. ახლა თავად ლაპარაკობთ პოლიტიკაზე.

- მეუბნებიან, პოლიტიკაში ერევიო, მაგრამ ამწუთას პოლიტიკაში კი არა, ჩემი ქვეყნის გადარჩენაში ვარ ჩარეული. როდესაც პოლიტიკური ვითარება პოლიტიკურ საზღვრებს არ ექვემდებარება და გაცდენილია ყველაფერს, ერის სულიერ და ფიზიკურ გადარჩენაზეა ლაპარაკი. სადღაა პოლიტიკა, როგორც სიბრძნის დარგი? სახლში რომ ყაჩაღი შეუვარდეს კაცს, ხომ არ ეტყვის შვილებს, პოლიტიკაში არ ვერევი და ყაჩაღისაგან ვერ დაგიცავთო.

ამ ხელისუფლებამ ყველა ტრაგედია იზეიმა, ხალხის ძვლების დამტვრევით დაწყებული, ტერიტორიების დაკარგვით დამთავრებული. რაც მოვიდა, მუდმივად ებრძვის ხალხს, რომ დაარწმუნოს, ხელისუფლება მეკუთვნის და შენ ვალდებული ხარ, შემეგუო. კიდევ უარესს რომ ვიზამ, იმასაც შეგაგუებ და რომ ვერ წარმოგიდგენია, იმას რომ ჩავიდენ, იმასაც შეეგუებიო.

- ითქვა, 26 მაისს ხელისუფლებას აღლუმს არ ჩავატარებინებთო.

- მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, არც ვიქადები რამეს. სანამ საქართველოში აღმოსავლეთის დესპოტიის მსგავსი რეჟიმია, მოსახლეობაში მუდმივად იქნება საპროტესტო მუხტი, რომელიც ხელისუფლების ცვლილებისკენ იქნება მიმართული, რათა ეს კოშმარული სიზმარი დასრულდეს.

პატრიოტები თავიანთ აწმყოს ეკამათებიან. ილია ჭავჭავაძეს არავინ დაუტოვებია უპასუხოდ, არც გარეთ და არც შიგნით, მაგრამ ძირითადი პოლემიკა ქართველ ხალხთან ჰქონდა. უკეთესის მოლოდინითა და იმედით თავის ხალხს ეკამათებოდა. ავანტიურისტი კი ყველა თავის ნაკლოვანებაში დამნაშავეს სხვაგან ეძებს.

რუსეთის ჯარები როგორ უნდა გავიდნენ, თუ არ დაელაპარაკებიან? თუ ჰგონიათ, რომელიმე სხვა სახელმწიფოს დირექტივებით გაიყვანს რუსეთი ჯარებს? Aარა მგონია, ასე დაბეჩავებული იყოს რუსეთი. ჯარების გაყვანას ბრძოლა, შრომა უნდა და არა ლანძღვა-გინება.

- დასასრულ, მაინც მოვიცალოთ პოეზიისთვის. რამდენადაც ვიცი, თქვენი ლექსი წლის საუკეთესო ლექსად აღიარეს.

- შვეიცარიაში ხშირად ტარდება პოეზიის საერთაშორისო ფესტივალები და კონკურსები. წელს გამოცხადებული იყო ერთი ლექსის კონკურსი, სადაც ჩემი ლექსი "მეზღვაურები" მონაწილეობდა და ჩემდა გასახარად, გაიმარჯვა. მიწვეული ვარ შვეიცარიაში, უნივერსიტეტის ულამაზეს დარბაზში გადმომცემენ პრიზს... რა ჯილდოებიც უნდა მომცენ, ჩემი მთავარი შემფასებელი ის ხალხია, რომლის ენაზეც ვწერ. ხელოვნება თანაგრძნობით არის ნასაზრდოები.

ეს ყველაფერი კი ჩვენი, ყველას გადარჩენისთვის არის. ჩემს ახალ პოემაში "შენთვის" ასეთი ტაეპია: "მე ამ წიგნს ვიწყებ, შენ რომ გადარჩე"... ოღონდ აქ ისიც იგულისხმება, რომ მე შენთან ერთად მინდა გადარჩენა და არა უშენოდ...