"იმასაც ამბობდნენ, მიშას ხელისუფლების დღეები დათვლილიაო..." - კვირის პალიტრა

"იმასაც ამბობდნენ, მიშას ხელისუფლების დღეები დათვლილიაო..."

"ეს ნგრევა კი არა, დემონტაჟი იყო"

ჰაიდი ტალიავინიმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთ-საქართველოს ომის გამომწვევი ფაქტების შემსწავლელი კომისიის დასკვნა წარადგინა, რასაც ქართველ და რუს დეპუტატებს შორის  ცხარე დებატები მოჰყვა. დისკუსიის "შედეგი" კი ის იყო, რომ სერგეი ლავროვმა განაცხადა, რუსეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიზებული რეზოლუციებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას არ აპირებსო". ამ თემით დავიწყეთ საუბარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ხათუნა ოჩიაურთან:

- ევროსაბჭოში ყველაფერი ისე არ არის,  როგორც ჩვენ გაგვიხარდება. ევროსაბჭოს რუსეთის საკითხზე მკაცრი გადაწყვეტილება რომ მიეღო, სამართლიანი იქნებოდა, მაგრამ ევროპა უფრო ზომიერ პოზიციას ამჯობინებს და ჩვენც გვარწმუნებს, რომ განსაზღვრული დროის შემდეგ რუსეთს აიძულებს, შეასრულოს შეთანხმება, რომელზეც ხელი თავად აქვს მოწერილი.  რუსეთი მსოფლიოში აღიარებული წესების საწინააღმდეგოდ იქცევა. ამას მხოლოდ საქართველო კი არა, ხედავს მთელი მსოფლიოც, რომელსაც სურს ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მოაქციოს რუსეთი ცივილიზებულ ჩარჩოში.

- უკრაინასა და ყირგიზეთში მიმდინარე პროცესებში ბევრი რუსულ ხელწერას ხედავს.

- ნამდვილად არის საფრთხე, რომ რუსეთს მადა უფრო გაეზარდოს, მაგრამ უკრაინაში საქართველოსაგან ბევრად განსხვავებული ვითარებაა. როგორც აღმოჩნდა, იუშჩენკოს ხალხი მხარს არ უჭერდა. უკრაინის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი პრორუსულია და საბჭოთა ხანა ენატრება. საქართველოში კი მარგინალების გარდა არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელსაც თავისუფლების გარანტად არ მიაჩნდეს ცივილიზებული, დემოკრატიული სამყარო, არ მოსწონდეს ის მოდელები, რომელთაც სთავაზობს დასავლური გზით განვითარება. მიხეილ სააკაშვილი დღეს ქართველი ერის და არა თავისი ნების გამომხატველია.

პოლიტიკოსები, რომლებიც პრორუსულ ორიენტაციას სთავაზობენ ხალხს, სინამდვილეში ატყუებენ. ისინი ნამდვილად არ მისცემენ თავიანთ შვილებს განათლებას ნოვოსიბირსკში,  ევროპის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში გაუშვებენ, არ წავლენ საყიდლებზე ტულაში. ამისთვის ისინი მილანსა და პარიზში დადიან. რამდენადაც ვიცი, არ დადიან "მოსკვიჩებითა" და საუკეთესო მარკის მანქანები ჰყავთ. მიუხედავად ამისა, მაინც დადიან რუსეთში. საინტერესოა, რა უფლებამოსილება აქვთ და ვისი სახელით ლაპარაკობენ რუსებთან? ამ ხალხმა უკვე მოიხსნა ნიღაბი და შთამომავლობას ძალიან ცუდ მემკვიდრეობას დაუტოვებენ თავიანთი გვარების სახით.

- ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება და პოლიტიკური ძალები წარმომადგენლობითი სახალხო კრების მოწვევას და ვადამდე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას აპირებენ.

- რამდენი ხანია გვესმის ეს ყოველგვარ რეალობას მოკლებული მოთხოვნები. რას ნიშნავს, ქართველი საზოგადოება შეიკრიბება და პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვსო? რომელი საზოგადოების სახელით ლაპარაკობენ? ქართველი ხალხი, როგორც წესი, იკრიბება არჩევნებზე, მიდის საარჩევნო უბანში და ურნაში აგდებს მისთვის სასურველი კანდიდატის სახელს.

- სახალხო კრების ინიციატორები მიიჩნევენ, რომ ქართველი ხალხის უმეტესობის ნებას თავად გამოხატავენ და არა ხელისუფლება.

- კარგად იციან, როგორც გამოხატავენ "უმრავლესობის" ნებას. მართლა ასე რომ იყოს, არჩევნებზე წავიდოდნენ, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ სრულ უმცირესობაში არიან, აბსოლუტურად გაუგებარ გზებს ეძებენ. ეს ხალხი იმასაც ამბობდა, სააკაშვილის ხელისუფლების დღეები დათვლილია, ხვალ ის პრეზიდენტი აღარ იქნებაო. ასეთ განცხადებებს სერიოზულად არ აღვიქვამ.

- 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადებამ საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

- პოლიციის დღეზე არაფერი მსმენია, მხოლოდ ის ვიცი, რომ 6 მაისს სახალხო სეირნობაა გამოცხადებული. როგორ შეიძლება თქმა, ხელისუფლება ცინიკურად იქცევაო. შეიძლება გიორგობა ცინიკური დღე იყოს?! აჯობებს, ის გაიხსენონ, რატომ დაარბიეს ოპოზიცია. თავად ოპოზიცია რატომ მოიქცა ასე აგრესიულად გიორგობა დღეს?! რა ვქნათ, რადგან ოპოზიცია ასე უპასუხისმგებლოდ მოიქცა, გიორგობა გლოვის დღედ გამოვაცხადოთ? 23 ნოემბერსაც დაემთხვა რევოლუცია და ამის გამო დაავიწყდა ვინმეს, რომ ეს გიორგობაა?

- ოპოზიცია ასევე აცხადებს, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ აღლუმს არ ჩავაბარებინებთ მიხეილ სააკაშვილსო.

- ხედავთ, რომ ოპოზიციის ყველა განცხადება ნეგატიურია? გაუთავებლად გვესმის, ეს არ ვარგა, ეს გაყალბდება, ის დაინგრევაო... ამით ოპოზიცია ვერ მოიპოვებს ხალხის მხარდაჭერას. ხალხს საქმის კეთება, ოპტიმიზმი, ნორმალური ცხოვრების პირობები და სამუშაო ადგილები სჭირდება. ხელისუფლება ამაზე ზრუნავს და ამაზე ზრუნვას აპირებენ ჯანსაღი ოპოზიციური ძალებიც. ძალას, რომელიც რაღაც საშიშროებაზე ლაპარაკობს და სტრესში ამყოფებს საზოგადოებას, ხალხის მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს. ვნახოთ, როგორ არჩევანს გააკეთებს მოსახლეობა არჩევნებზე. ეს ყველაფერი ნორმალურია. არანორმალურია ამ სახელმწიფოს გეზის შეცვლა და აღმშენებლობის შეჩერება, არანორმალურია ნგრევა და მუდმივად საფრთხის მოლოდინი.

- ოპონენტი გეტყოდათ, რომ ქუთაისის მემორიალის, თაბუკაშვილის ქუჩაზე სახლისა და რიყეზე კერძო საკუთრების ნგრევასთან ხელისუფლებას უფრო აკავშირებენ.

- ეს ნგრევა კი არა, დემონტაჟი იყო. ნგრევა ის იყო, რაც 90-იან წლებში მოხდა. სასწორზე დაიდოს ამ ხელისუფლების დროს რამდენი რამ აშენდა და რამდენის დემონტაჟი მოხდა.

- დიდი კამათია რიყეზე მშენებარე ხიდზეც.  როგორც არქიტექტორს, მინდა გკითხოთ, მოგწონთ?

- ეს ხიდი ნამდვილად მომწონს და მიმაჩნია, რომ თანამედროვე პლასტიკამ და კონტრასტმა ხაზი გაუსვა ძველი თბილისის უნიკალურობას. ეიფელის კოშკი რომ აშენდა, ბევრი მოაზროვნე და პატივსაცემი ადამიანი პარიზში ვერ ჩერდებოდა, იმდენად აღიზიანებდათ ეიფელის კოშკი. თუ არ ვცდები, ემილ ზოლამ თქვა, პარიზში ყველაზე კარგი ადგილი ეიფელია, რადგან იქიდან ეიფელი არ ჩანსო. დღეს კი ეიფელის კოშკი პარიზის სიამაყე და სიმბოლოა. რიყეზე მშენებარე ხიდიც ასევე საყვარელი  გახდება ყველასთვის.