"ერისთვის არ უნდა ეკადრებინათ ტყუილი, გამსახურდიამ თავი მოიკლა და გულზე ხელი დაიდოო" - კვირის პალიტრა

"ერისთვის არ უნდა ეკადრებინათ ტყუილი, გამსახურდიამ თავი მოიკლა და გულზე ხელი დაიდოო"

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც აქამდე უცნაურად გასაიდუმლოებული იყო, როგორც ითქვა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის ვერსიას ამყარებს. "კვირის პალიტრა" ესაუბრა ზვიად გამსახურდიას გარემოცვის უახლოეს წევრს, ჩეჩნეთში საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელს სოსო თორიას, რომელიც დარწმუნებულია, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი მოკლეს. როგორც ამბობს, მან თვითონ ნახა ზვიად გამსახურდიას თავის არეში ორი შემავალი ჭრილობა.

- საქართველოს პრეზიდენტთან ერთად 1992 წლის 6 იანვარს გადავლახე საქართველოს საზღვარი და აღარც მოვცილებივარ ბატონ ზვიადს. აზერბაიჯანში ერთი დღეც არ გაგვაჩერეს. საზღვართან აზერბაიჯანის  გაი-ს დიდჩინოსნები დაგვხვდნენ და გვკითხეს, რას აპირებთო. ყურადღება არ მოგვაკლეს, მწვადით გაგვიმასპინძლდნენ და სადღაც დარეკეს. მოვიდა ერთი გაი-ს პოლკოვნიკი და ბატონ ზვიადს უთხრა, აზერბაიჯანში პრორუსული ხელისუფლებაა (მაშინ პრეზიდენტი მუთალიბოვი იყო) და აქ რომ რამე შეგემთხვეთ, ეს აზერბაიჯანელი ერის ისტორიაში სამარცხვინო ლაქად დარჩება. გირჩევთ, სომხეთში გადახვიდეთო. ასეც მოვიქეცით.

სომხეთში საკურორტო ადგილას, იჯევანში ვიყავით. ერთ დღესაც  პრეზიდენტ პეტროსიანის მეუღლე მობრძანდა და პრეტენზია წაუყენა ბატონ ზვიადს, ქართველი ერი გაძარცვეთ, საქართველოდან საგანძური წამოიღეთ, ამიტომაც ვერ შეგიფარებთო. ბატონმა ზვიადმა - სასწრაფოდ მოიწვიეთ პრესა, ტელევიზია და ამ ქალბატონის თანდასწრებით გაიჩხრიკოს ყველაფერიო. "ასოშეითედპრესის", CNN-ის, "როიტერის", რუსული და ადგილობრივი პრესის წარმომადგენლები მოვიდნენ. ამ ჩხრეკის ოქმიც კი გვქონდა, მაგრამ ჩეჩნეთის ომის დროს დაიკარგა. ისეთი ჩხრეკა ჩატარდა,  საბურავებიც კი მოხსნეს, მაგრამ საჭმლის ფულიც კი ვერ გვიპოვეს. თან ტელევიზორის ყუთი გვქონდა და ეტყობა, იმაზე ჰქონდათ ეჭვი. ერთი გენახათ მათი გაოცება, როდესაც იქ  ფულის ნაცვლად კა-გე-ბეს არქივი ნახეს. ეს არქივი მერე ჩეჩნეთში რუსებს ჩაუვარდათ ხელთ და ისევ  კა-გე-ბეს ჩააბარეს.

როგორც კი საქართველოს ხელისუფლებაში პუტჩისტები მოვიდნენ, შეკრიბეს პრესა, ტელევიზია და ბანკში წაიყვანეს, ნახეთ, როგორი ნაძირალაა ზვიად გამსახურდიაო და  როდესაც გახსნეს, თვალებს არ დაუჯერეს, ყველაფერი ხელუხლებელი იყო. ამის გამო  პუტჩისტებს შორის დიდი  შეხლა-შემოხლა მოხდა.

იჯევანში  ჩვენი საჭმელი მხოლოდ თევზის კონსერვი იყო. გიორგი პატარა იყო და ვერ ჭამდა კონსერვს. ფული ვერ ვიშოვეთ, რომ კარაქი გვეყიდა, ამიტომაც ბატონი  ზვიადის კაბინეტიდან გამოტანილი ვიდეო გავყიდეთ, რომელიც  შესაკეთებლად მქონდა წაღებული და საბარგულში დამრჩენოდა.

კვირაზე მეტხანს ვიყავით სომხეთში. მერე  ზაურ ბედია ჩამოვიდა.

KvirisPalitra.Geჯერ გადატრიალება არ იყო მომხდარი, სოხუმის აეროპორტის უფროსმა რომ უთხრა ზაურს, ცუდი რამეები მზადდება, არავინ იცის, როდის დასჭირდება პრეზიდენტს თვითმფრინავი და ვიცი, რომ დასჭირდება, საქართველოში თვითმფრინავები გაქრებაო. ერთი თვითმფრინავი თვალს მოარიდეს. ბატონ ზაურს თვითმფრინავში ეძინა. როდესაც ბატონ ზვიადს დასჭირდა, ზაურ ბედია ჩამოფრინდა, მაგრამ სომხებს ჩვენი გამოშვება არ უნდოდათ. ყველანაირი წინააღმდეგობა გაგვიწიეს, მანქანაც კი დაგვიყენეს ასაფრენ ზოლზე, მაგრამ ბედიამ ბორდიურზე გადაატარა თვითმფრინავი და ავფრინდით.

ავფრინდით თუ არა, როსტოვიდან გვითხრეს, დაჯექით, თორემ ჩამოგაგდებთო. ზაურმა შეუკურთხა, რაცია გამორთო, დაბლა დაეშვა და გადაუფრინა თბილისს (რუსთაველის პროსპექტს რომ  გადავუფრინეთ, დავინახეთ, როგორ ამოდიოდა კვამლი გადამწვარი სახლებიდან) და  ყაზბეგისაკენ აიღო გეზი. მერე სიმაღლე ავიღეთ და ვერ დაგვაფიქსირა ვერც ერთმა  რადარმა. გროზნოში რომ ვიყავით, მესამე დღეს შეიტყვეს რუსულმა სპეცსამსახურებმა.

აეროპორტში ჯოჰარის ახლობლები დაგვხვდნენ. პრეზიდენტის რეზიდენცია ჰქონდათ ჩვენთვის გამზადებული.  ჭუჭყიანები და  შეცივებულები გაგვათბეს, დაგვაპურეს და  მოვიდა ჯოჰარიც. ომახიანად იყო.

- ალბათ, ჯოჰარ დუდაევისთვის სარისკო იყო დევნილი პრეზიდენტის მიღება?

- ამით იქაურ ოპოზიციას კოზირი მიეცა და მიტინგზეც ათასჯერ ითქვა, რუსეთი ამისთვის დაგვსჯის, ზვიად გამსახურდია ჩვენს პურს რომ ჭამსო.

წელიწადზე მეტხანს ვიყავით ჩეჩნეთში.  უზენაესმა საბჭომ, რომელიც ზუგდიდში იყო, აბსანძეს დაავალა გამსახურდიას საქართველოში ჩაყვანის ორგანიზება.

ჯოჰარ დუდაევის რეზიდენცია, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, თავის დროზე კა-გე-ბეს ეკუთვნოდა. წარმოგიდგენიათ, რა აპარატურით იქნებოდა გაძეძგილი? როდესაც რომელიმე საკითხს ვწყვეტდით, ეზოში გამოვდიოდით და ვლაპარაკობდით. ერთ დღესაც გამოვედით გარეთ და ბატონმა ზვიადმა მითხრა, მოემზადე, საქართველოში უნდა წავიდეთო. ტანში გამცრა. ამდენი წლის განმავლობაში თქვენთვის რამე ხომ არ მითხოვია, ახლა მაქვს სათხოვარი და 5 წუთით დამელოდეთ-მეთქი.

ავედი ზემოთ, ქაღალდზე დავწერე განცხადება, რომ წინააღმდეგი ვიყავი ბატონი ზვიადის საქართველოში ჩასვლის. ქაღალდი მივაწოდე. რომ წაიკითხა, მკითხა, რატომ გააკეთე ესო. ამას რა შედეგიც უნდა მოჰყვეს, ერი გამასამართლებს. მინდა ღვთისა და თქვენ წინაშე მართალი ვიყო-მეთქი. ბატონმა ზვიადმა კი, ამაზე ბევრი ვიფიქრე, გადაწყვეტილი მაქვს, მოდი, არ ვიდავოთო და დახია წერილი.  ბატონმა ზვიადმა იცოდა, საითაც მიდიოდა ეს ყველაფერი. სისულელეა, თითქოს ის ჩამოიტყუეს. ვინც ამას ამბობს, მას პრეზიდენტის ხასიათი არ სცოდნია.

ზუგდიდში  საოცარი დახვედრა მოუწყვეს და  ზვიად გამსახურდიამ  პირველივე მიტინგზე განაცხადა, აქედან წამსვლელი არა ვარ, თქვენთან ერთად დავიღუპებიო.

პრეზიდენტმა ორ დღეში უკან გამიშვა და ამ დახვედრის ჩანაწერი კასეტით ჩავუტანე ბატონ ჯოჰარს. უკან რომ მაბრუნებდა, ბატონმა ზვიადმა მითხრა, ჩემს ოჯახს მიხედე და შენ იქნები  დევნილი კანონიერი ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი ჩეჩნეთშიო.   2002 წლამდე იქ ვიყავი. მერე რუსებმა დამიჭირეს, მათგან კი ავთო იოსელიანის ხალხმა მიყიდა, დიდი ფული გადაიხადეს და რუსეთის ციხიდან თბილისში ჩამომიყვანეს. წელიწად-ნახევარი ვიჯექი თბილისში.

- ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ამბავი როდის გაიგეთ?

- რიცხვი არ მახსოვს. ღამის 3 საათი იქნებოდა, ზაზა ბურჯანაძე და ბაჩუკი გვანცელაძე ჩამოვიდნენ, ბატონმა ზვიადმა თავი მოიკლაო. ქალბატონ მანანას ამას ვერ ვეტყოდი. ჩეჩენ მეგობარს ვთხოვე, ჯოჰართან ავიდეთ-მეთქი. ბატონ ჯოჰარს თავზარი დასცა ამ ამბავმა. ქალბატონი ალა მოთქმით ატირდა,  ჩემი ჭკვიანი, ლამაზი ზვიადი თავს როგორ მოიკლავდაო. ჯოჰარს ვუთხარი, არ ვიცი, როგორ მოვიქცე-მეთქი. ჩაფიქრდა და უცებ მეუბნება, ზვიადი თავს არ მოიკლავდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე არ დამტოვებდა მარტოო. ქალბატონ ალას ვთხოვე, იქნებ ქალები შეკრიბოთ და გააგებინოთ ეს ამბავი ქალბატონ მანანას-მეთქი. მე და ჩეჩნეთის პრეზიდენტი მაგიდასთან ვისხედით. უცებ მაგიდაზე აათამაშა თითები, გამიღიმა და მითხრა, - что сосо, наверно сейчас уже моя очередь?

ზვიადის გადმოსასვენებლად ჯოჰარის თანაშემწე, ავიაციის პოლკოვნიკი ვიტაუტას ეიდუკაიტისი და ზელიმხან იანდარბიევი ჩამოვიდნენ საქართველოში. გროზნოში გავაპატიოსნეთ ბატონი ზვიადის ცხედარი, ახალი ტანსაცმელი ჩავაცვით, გროზნოს პათანატომსაც დავუძახეთ. მოვიდა 75 წლის სომეხი კაცი, მთვრალი იყო.  შორიახლოს ჩამოჯდა და გაოცებული უყურებდა ცხედარს, - что он святой? 50 წელია პათანატომად ვმუშაობ და ასეთი მიცვალებული არ მინახავსო. ზვიადი მძინარესავით იყო.

- რამდენი ჭრილობა ჰქონდა პრეზიდენტს?

- ორი ტყვია ჰქონდა ნასროლი. ერთი - მარჯვენა საფეთქელთან, მეორე - ნიკაპქვეშ და კეფაში გამოდიოდა.

ზვიად გამსახურდია გროზნოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში დავასვენეთ. მამა ანატოლიმ გადაუხადა პარაკლისი.  ჩვენმა ბიჭებმა გაუთხარეს საფლავი. დაკრძალვაზე აღლუმი გაიმართა, რომელსაც ასლან მასხადოვი ხელმძღვანელობდა. ზღაპრული ჭირის სუფრა გაშალა ბატონმა ჯოჰარმა. მოგეხსენებათ, ჩეჩნეთში სასმელი პრობლემაა, მაგრამ ჯოჰარმა იზრუნა, რომ ჭირის სუფრა ქართული წესით წარმართულიყო.

მადლიერების ნიშნად ქართველები ზოგი მხარზე კოცნიდა ჯოჰარ დუდაევს, ზოგიც ეხვეოდა. შეწუხდა ჯოჰარი: Почему вы меня благодарите, хватит. В конце концов  ”Стумар-маспиндзели”-же не чечен писал-ო. ზვიად გამსახურდიას საფლავზე დუდაევმა გააკეთა ქვა წარწერით: "გულითად მეგობარსა და უფროს მასწავლებელს".

1994 წლის დასასრულს, როდესაც ომი უკვე გროზნოში მიმდინარეობდა, ბატონმა ჯოჰარმა მკითხა, ზვიადის საფლავს რა ვუყოთო. ახლოს არ დაუწყებენ ძებნას-მეთქი და იქვე, 10 მეტრით შორს გადავასვენეთ. მთელი ჩეჩნეთი გადაატრიალეს რუსებმა ზვიად გამსახურდიას საფლავის ძებნაში, მაგრამ ვერ იპოვეს. მოლაპარაკება იყო, რომ მხოლოდ შვილებს უნდა სცოდნოდათ საფლავის ადგილი. რამდენიმე კაცი, ვინც პრეზიდენტის საფლავი ვიცოდით, გავიფანტეთ, გარანტია არ გვქონდა, რომ ცოცხლები დავრჩებოდით.

ბატონ ჯოჰარს 1995 წელს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე შევხვდი. კარგად მოწყობილი ბუნკერი ჰქონდა. ღამე გავათენეთ საუბარში. რუსებმა იცოდნენ, სადაც იმყოფებოდა დუდაევი და ის რეგიონი ინტენსიურად იბომბებოდა.

კარგი საძმო მყავდა ჩეჩნეთში. იმ ხალხმა  შვილად მიმიღო. ქართველებმა სამჯერ გამომიგზავნეს მკვლელები, სამივეჯერ  გავშიფრეთ და გამოვისტუმრეთ. რაღაც ლეგენდები იქმნებოდა ჩემზე, რომ საშიში ვიყავი და ამიტომ უნდოდათ ჩემი მოკვლა.

ჩემს მოსაკლავად დიდი ფული ჩამოუტანეს   შამილ ბასაევს. ბასაევმა რაციით დამიძახა, მოდი, სასწრაფო საქმე მაქვსო. მივედი და, ჩვენ ფული გვიჭირს და შენ აგერ ყოფილხარ განძი, კარგ ფულს იძლევიან შენშიო. ავანსიც ჰქონდა ჩამოტანილი ავთო იოსელიანის ხალხს. შამილ ბასაევმა დიქტოფონი მოატანინა და შემდეგი სიტყვები ჩააწერინა იოსელიანის ხალხს: Если этот человек простудится и умрет от грипа, мы тебе яйца оторвем.

ბოლოს რუსეთის სპეცრაზმმა ამიყვანა ჩეჩნეთში. ჯერ გუდერმესის, მერე გროზნოს ციხეში ვიყავი, იქიდან სპეცჯგუფმა პიატიგორსკის ციხეში გადამიყვანა.

- ჯოჰარ დუდაევი როგორ აფასებდა ჩეჩნების მონაწილეობას აფხაზეთის ომში?

-  ის კონტინგენტი, რომელიც აფხაზეთში ჩავიდა, აპოლიტიკური მასა, დაქირავებული იყვნენ, ფულისა და იარაღის გამო ჩაებნენ ომში. იყო კატეგორია, ვისაც რუსეთში რაღაც ჰქონდა მიქარული და ამის სანაცვლოდ წამოიყვანეს საბრძოლველად. რუსეთმა აქ მეორე ბომბიც ჩადო, თუ ჯოჰარი ამის წინააღმდეგ წავიდოდა, მისი ავტორიტეტი შეილახებოდა და მზად იყო გადატრიალება ჩეჩნეთში. ბატონმა ჯოჰარმა ხელი ვერ შეუშალა ჩეჩნების აფხაზეთში წამოსვლას. გამოვიდა, მიმართა მათ მშობლებს, მიხედეთ შვილებს.

ნუ გააკეთებთ ისე, რომ თქვენმა შვილებმა ქართველების სისხლი დაღვარონო. ჯოჰარ დუდაევმა ყველაფერი გააკეთა, მაგრამ იუსუპ სოსლანბეკოვმა (იუსუპ სოსლანბეკოვი იმ დროს მთიელ ხალხთა კონფედერაციის ერთ-ერთი ლიდერი იყო) ჩეჩნეთში დიდი კამპანია ჩაატარა აფხაზეთის ომში ჩეჩნების ჩასართავად.

თუმც მოგვიანებით ჯოჰარ დუდაევმა პარლამენტი დაითხოვა და ჩეჩნეთში ისეთი პოლიტიკური ვითარება შეიქმნა, რომ პრეზიდენტს უკან გაეწვია აფხაზეთში საომრად წასული ჩეჩნები. მეომრები რომ დაბრუნდნენ, 31 მარტს ბატონ ჯოჰარს პუტჩი მოუწყვეს, ტელევიზია აიღეს, რატომ არ დაგვხვდით როგორც გმირებსო. ჯოჰარმა კი უთხრა, თქვენ ფულისთვის წახვედით ომში და ჩვენს ძმებს, ქართველებს ესროლეთ ტყვიაო. ბოლოს ისინი მაინც შემოირიგა ჯოჰარმა.

შამილ ბასაევი პრემიერად რომ აირჩიეს, როგორც საქართველოს ელჩს, გადმომცა ტიტულიან ქაღალდზე ქართველი ერისთვის ბოდიშის წერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ აფხაზეთში ომის დროს ქართველების წინააღმდეგ ჩეჩნების ბრძოლა დიდი პოლიტიკური სიბეცე იყო, რომ მეომრების დიდი ნაწილი ამას ინანიებდა და მომავალში კავკასიის სინამდვილეში მსგავსი რამ არ უნდა განმეორდესო.

შამილ ბასაევის კაბინეტში მაგიდაზე ყოველთვის იდო ყურანი და სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისა". სხვათა შორის, აფხაზეთში ქართველებს რომ ხოცავდნენ, ჩეჩნებსა და აფხაზებს შორის დიდი შეტაკება მოხდა. ჩეჩნები აღშფოთდნენ, კონფედერაციის ჯარების მიერ აღებულ დასახლებულ პუნქტებში სადისტური ხოცვა-ჟლეტის გამო, ეს ჩეჩნებს დაჰბრალდებათო. ეს დაპირისპირება პირადად არძინბამ ჩააცხრო.

- რატომ დარჩა მარტო პრეზიდენტი, რომელსაც უამრავი მხარდამჭერი ჰყავდა?

- ეს სპეცსამსახურების უმაღლეს დონეზე ნამუშევარია. ძალები იმდენად არათანაბარი იყო, იმდენად გადაიღალნენ პრეზიდენტი  და მისი მხლებლები, რომ მოსალოდნელი საფრთხე ვეღარ გათვალეს. სპეცსამსახურებმა ზვიად გამსახურდია მარტო დატოვეს, შემოაცალეს უერთგულესი ხალხი. პრეზიდენტის ლიკვიდაციით გარე ძალები იყვნენ დაინტერესებული და  ეს ქართველების ხელით გააკეთეს.

- ვინ შეასრულა დავალება?

- პრეზიდენტის ლიკვიდაციის ოპერაციას პირადად ხელმძღვანელობდა გია გულუა. ზვიად გამსახურდიას დაღუპვის შემდეგ გია გულუა როგორც არასასურველი, ბევრისმცოდნე  მოწმე სასწრაფოდ გაანადგურეს.

- მაინც რა მოხდა ხიბულაში?

- ვინც კრიმინალისტიკის ანაბანა მაინც იცის, გეტყვით, რომ არ შეიძლება ადამიანმა თავი მოიკლას და გულზე დაიდოს პისტოლეტი. როდესაც ტვინს ტყვია ხვდება, იმდენად ძლიერია შოკი, რომ ხშირად თვითმკვლელობის იარაღი ქუჩაში უპოვიათ. ამ დროს ხელის კუნთი ისეთი ძალით იშლება, ვინმეს თუ მოხვდა, ძვლებს გადაუმტვრევს.

- ამბობენ, დაცვის წევრებს ჩაეძინათო.

- ჩემი აზრით, დააძინეს. ყველაფერი ზედმიწევნით იყო დაგეგმილი. ზვიადს სატელიტით აკვირდებოდნენ. სპეცჯგუფი შემოვიდა, გააკეთა თავისი საქმე და წავიდა.

ერისთვის არ უნდა ეკადრებინათ  ტყუილი, გამსახურდიამ თავი მოიკლა და გულზე ხელი დაიდოო. არ უნდა ეკადრებინა ეს ბესარიონ გუგუშვილს, რომელიც ამბობს, ზვიადმა თავი მოიკლაო. ბესარიონ გუგუშვილი კანტორის ვირთხა კი არა, კადრის ოფიცერია და სამხედრო კათედრა აქვს გავლილი. "სტეჩკინის" სასხლეტზე  იყო მტკიცებულება, ბატონმა ზვიადმა მოიკლა თუ არა თავი და შენ, გუგუშვილო, ჰყვები, როგორ გაწმინდე ეს იარაღი, გააპრიალე და შეინახე?! რა ხდება, თავს ილენჩებს ეს კაცი?!

პრეზიდენტს "სტეჩკინით" რომ მოეკლა თავი, შემავალი ჭრილობა დიდი იქნებოდა, ამ შემთხვევაში კი შემავალი ჭრილობა ძალზე პატარა იყო.

საპარლამენტო  კომისიის მუშაობას  აზრი არ ექნება, თუ  შემკვეთს არ დაასახელებს.

- შევარდნაძეზე მიუთითებთ?

- ეს მარტო შევარდნაძის დონეზე არ წყდებოდა.