"დიდხანს ცდილობდნენ "საქართველო 2"-ის შექმნას, ამის კარგი მაგალითია "რუსთავი 2" და მისი საქმიანობა"
"დიდხანს ცდილობდნენ "საქართველო 2"-ის შექმნას, ამის კარგი მაგალითია "რუსთავი 2" და მისი საქმიანობა"
"შესაძლოა, ვინმეს ეგონა, რომ ვანდალური ფაქტი, რაც მოხდა ბათუმში, გამოდგებოდა ხალხის მასშტაბურად ქუჩაში გამოყვანისთვის. არ გამართლდა მათი მოლოდინი! არ უნდა საქართველოს მოსახლეობას არეულობა!"

'პოლიციის ამოყირავებული და ცეცხლმოკიდებული მანქანა არის სიმბოლო იმისა, რაც ამ ხალხს სურს, დამართოს საქართველოს"


გასულ კვირას ბათუმში განვითარებული მოვლენების არაერთი შეფასება მოვისმინეთ. ვინ სოციალურ ამბოხად მიიჩნევს, ვინ "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციად, ვინ გარეშე მტრის ხელს ხედავს, თუმცა თითქმის ყველა თანხმდება, რომ ხელისუფლების გეგმაზომიერმა და ადეკვატურმა მოქმედებამ ვითარება მშვიდობიანად
You must have Flash Player installed in order to see this player.
განმუხტა, ხოლო პროვოკაციის მოწყობის მსურველებმა საზოგადოების მხარდაჭერა ვერ მიიღეს. მომხდარს და ბოლო დროს ჩვენს საზოგადოებაში განვითარებულ მოვლენებს პოეტი დათო მაღრაძე აფასებს:

- პირველყოვლისა, მადლობა მინდა გითხრათ, ჩემი აზრით დაინტერესებისთვის. მე რომ მკითხოთ, ინტერვიუს სათაურად რაფიელ ერისთავის უკვდავ სტრიქონებს შევურჩევდი: "როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!", თუ რატომ ეს სათაური, ვფიქრობ, ჩვენს საუბარში გამოჩნდება. რაც შეეხება ბათუმში განვითარებულ მოვლენებს, სანამ ამის ანალიზზე გადავიდოდე, მინდა, პრეისტორია გავიხსენო, სხვანაირად კონტექსტიდან ამოგლეჯილი ერთი ამბის არასრულფასოვანი შეფასება გამოგვივა.

ბოლო დროის ტენდენციად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ
მთელ მსოფლიოში გამოიკვეთა ალტერნატიული რეალობის შექმნის მცდელობა. ისევე, როგორც თავის დროზე ამას ცდილობდნენ ფაშიზმის თუ ბოლშევიზმის დროს, დღეს ამის ავანგარდში აგრესიული ლიბერალიზმი მოგვევლინა. ალტერნატიულ რეალობაში ვგულისხმობ იმას, როდესაც იწყება მარადიული
ღირებულებების გადაფასება. ამას შეიძლება ათი მცნების რევიზიაც ვუწოდოთ.

გენიალური ფილოსოფოსი იმანუელ კანტი ამბობს, ორი რამ მაოცებს ქვეყანაზე, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემ ზემოთ და ზნეობრივი კანონი ჩემშიო, აი, სწორედ ამ "ზნეობრივი კანონის" გადაფასებას ვარქმევ ალტერნატიული რეალობის შექმნის ფუჭ მცდელობას.
ფუჭი კია, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე შედეგებით მთავრდება ამ ალტერნატიულ რეალობასთან ბრძოლა. ასე იყო ფაშიზმსა და ბოლშევიზმთან ბრძოლისას.

დღეს პოლიტკონიუნქტურის შენიღბული დიქტატურა გამოაშკარავდა და ადამიანს უწევს ფიქრი იმაზე, როგორ მოერიოს ამ ახალ
სახადს, რომელიც ძალიან ბევრი ნიღბით მოვიდა როგორც მთელ მსოფლიოში, ისე ჩვენს სამშობლოში.

ჩემთვის ამერიკის შეერთებული შტატები თავისუფლების ხარისხით ნომერი პირველი ქვეყანაა. საერთოდაც, მისი მოქალაქეა თავისუფლება და არ არის მოულოდნელი, რომ ამ დიქტატურასთან ბრძოლაშიც ის პირველია. პირველმა სწორედ ამ სახელმწიფომ იგრძნო ის საფრთხე, რაც ადამიანს დაემუქრა... ეს დაადასტურა ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა და ტრამპის გამარჯვებამ, როდესაც ამერიკის მოქალაქემ ამ საფრთხეს დაუპირისპირა თავისი მტკიცე ნება. ალტერნატიული რეალობაა, როდესაც ცდილობენ, სამშობლოს პარალელურად შეგიქმნან "სამშობლო 2", დანომრონ დედ-მამა და დაარქვან "მშობელი 1" და "მშობელი 2" და ა.შ.

საქართველოშიც დიდხანს ცდილობდნენ "საქართველო 2"-ის შექმნას, ამის კარგი მაგალითია "რუსთავი 2" და მისი საქმიანობა.
იმ დროს, როდესაც ბათუმში მანქანები დაწვეს და სხვა ვანდალური დანაშაულები ჩაიდინეს, აჭარაში, შუახევში იმართებოდა პოეზიის ფესტივალი, რომელშიც ქართველი პოეტები მონაწილეობდნენ, მათ შორის: ეთერ თათარაიძე, თემურ ჩალაბაშვილი, ჰენრი დოლიძე, გიზო თავაძე, გელა დაიაური; ლიტერატორები: ამირან არაბული, ანდრო ბედუკაძე და ა.შ. ხვდებოდნენ აჭარელ მკითხველს, აცნობდნენ საკუთარ შემოქმედებას და საზოგადოება ამ მოვლენით ბედნიერი იყო... აი, სწორედ ეს არის ნამდვილი აჭარა, ხოლო, რაც ბათუმში ვნახეთ, ეს იყო ალტერნატიული "აჭარა 2"-ის შექმნის უბადრუკი მცდელობა. პოლიციის ამოყირავებული და ცეცხლმოკიდებული მანქანა არის სიმბოლო იმისა, რაც ამ ხალხს სურს, დამართოს საქართველოს. სურთ, ჩვენი სახელმწიფოც ასე ამოაყირაონ და ცეცხლს მისცენ...

- ვის გულისხმობთ, ვინ არის ეს ხალხი?

- გამოძიებას არ დავასწრებ, მაგრამ გამოიკვეთა, ვინც არიან...
ხომ ყველამ ვნახეთ, რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები იბრძოდნენ დიდი სულისკვეთებით იქ, ბათუმში, და ვინ უცხადებდა მათ სოლიდარობას.

საქართველოს მოქალაქემ იმ ღამეს დაინახა, რომ მას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც სრულიად ადეკვატურად მოქმედებდა. აღსანიშნავია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მტკიცე პოზიციაც, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მოქალაქემ კი დაინახა, რომ ჰყავს მთავრობა, მაგრამ ახლა საბოლოოდ უნდა დარწმუნდეს მის არსებობაში, ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი ამისთვის.

არავის გამოუვა ალტერნატიული სამშობლოს შექმნა, სწორედ ამიტომაა ასეთი მნიშვნელოვანი დღეს რაფიელ ერისთავის სიტყვები: "როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!"

- ისევე როგორც წლების წინ, ახლაც აშკარად იყო მცდელობა, პროვოკაცია კუთხურობისა და რელიგიურობის მიმართულებით მოეწყოთ და ამაზე "წამოეკიდათ" ქართველი საზოგადოება, თუმცა ეს აშკარად არ მოხერხდა...

- ამ უმსგავსი ხერხების გამოყენებას წყალწაღებული პროვოკატორები ცდილობდნენ ადრეც და ახლაც... ხალხის სიბრძნე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდება, არსად ქრება. ის ყოველთვის არსებობდა და იარსებებს საქართველოს მოქალაქეში. მე ადრეც მითქვამს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არ ჰყავდა მხარდამჭერები, მას ჰყავდა "დამჭერები" და მათ ხარჯზე ინარჩუნებდა ძალაუფლებას, დღეს კი სრულიად გაშიშვლებულია...

დანარჩენი, ვინ რა თქვა, რა მოჭორა, ეს ყველაფერი აზრდაკარგულია...
საქართველოს მოსახლეობამ გამოიჩინა საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული სიბრძნე და არ აჰყვა პროვოკატორების მცდელობას...
შესაძლოა, ვინმეს ეგონა, რომ ვანდალური ფაქტი, რაც მოხდა ბათუმში, გამოდგებოდა ხალხის მასშტაბურად ქუჩაში გამოყვანისთვის. არ გამართლდა მათი მოლოდინი! არ უნდა საქართველოს მოსახლეობას არეულობა!
კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქართველი საზოგადოება იმსახურებს ღირსეულ ხელისუფლებას. ის არც პროვინციულ შურისმაძიებლურ ვნებებს შეეგუა, არც გახრწნილ კორუფციას, არც აღმოსავლური დესპოტიის მსგავს რეჟიმს...

მაქვს საფუძვლიანი იმედი იმისა, რომ ეს ხელისუფლება მოახერხებს და დაგვიმტკიცებს, რომ ღირსეულია და ნამდვილად იმსახურებს ქვეყნის სათავეში ყოფნას. ისევ შეერთებულ შტატებს რომ დავუბრუნდე, ის არის დღევანდელი სამყაროსთვის ტენდენციის მიმცემი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის და ჩვენთვის. მაგრამ რაც ბოლო დროს საქართველოში აშშ-ის ელჩ იან კელის განცხადებებს მივადევნე თვალი, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას უმალავენ დონალდ ტრამპის გამარჯვებას, ან შეიძლება მხოლოდ "რუსთავი 2"-ს უყურებს და იქ რაღაცას ატყუებენ.

ზემოთ ნახსენები პოლიტკონიუნქტურის ტენდენციის მიმდევრებს შემონახული ჰყავდათ ოდესელი უმუშევარი, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი, რომელიც უკრაინაშიც აღარავის სჭირდება და მით უფრო არავის დასჭირდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, აშშ და ა.შ. რატომ ჰყავდათ შემონახული, რა ეგონათ, არ ვიცი...

რადგან ალტერნატიულ რეალობაზე ვლაპარაკობ, აქვე უნდა გავიხსენო, რომ ამ ცოტა ხნის წინ "ერთსულოვნება 2"-იც ვნახეთ, როდესაც წმინდა სინოდმა მეუფე პეტრე ტელევიზიის დირექტორობიდან გადააყენა.

როგორც სააკაშვილის პროკურორი, ისე იდგა თანამშრომლებთან ერთად მღვდელმსახური, რომლის სახელიც არ ვიცი, და სინოდის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა.

- საინტერესოა, როგორ აფასებთ ეკლესიის წიაღში განვითარებულ მოვლენებს, რისი მოწმენიც ბოლო დროს გავხდით...

- სამწუხაროდ, ამ ყველაფერმა ძალიან უარყოფითი რეალობა დაგვანახა. ზედაპირზე ამოვიდა სატკივარი, რომელიც არსებობს საპატრიარქოში და არა ეკლესიაში. ალბათ, შეუძლებელია არ არსებულიყო, რადგან საზოგადოებაში არსებულ ცოდვასა და მადლს ირეკლავს საპატრიარქო.
ჩვენი საზოგადოების წევრები არიან ღვთისმსახურებიც. ადრე დავწერე ლექსი, რომელსაც ჰქვია "თეთრი პერანგი" და რომელიც ასე მთავრდება:

იერუსალიმს აღდგომა მოდის,
დელეგაციის საუბარს ვისმენ,
- ბარგის წონაზე მოგიხდით ბოდიშს -
და ოქროს ჯვრებით მივდივართ ჯვრისკენ.
ის მიდის ჯვარზე თეთრი პერანგით.

ქრისტიანებმა ვინც ღმერთად ვცანით, იმან ერთი პერანგი შემოიხვია და წავიდა ჯვარზე. ეს არის ქრისტიანის გზა. ვინ როგორ მიჰყვება ამ გზას? ცხადად გამოჩნდა, რომ ეს პრობლემა საპატრიარქოშიც დგას.

ეს ხომ არ არის არც მჭვრეტელობითი დავა, არც მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება ან თეოლოგიურ თემატიკაზე პოლემიკა, სამწუხაროდ, ეს სულ სხვა დავებია, მაგრამ, ვფიქრობ, ეს კრიზისი უნდა გადაიზარდოს კათარზისში.

საერთოდ აღსარებით იწყება ქრისტიანის ცხოვრება. ჩემი აზრით, ახლა სწორედ აღსარების დროა და არა ამ პრობლემატიკის ფერადი ბაფთებით შეფუთვისა და მიჩქმალვისა. თუ ეს უკანასკნელი მოხდა, მაშინ ეს იქნება გახანგრძლივება იმ დაავადებებისა, რაც საჯაროდ გამოჩნდა.

ამბობენ, რომ ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს საპატრიარქოს, როგორც ინსტიტუციას, და აქვს ნამდვილად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მღვდელმსახურები უკეთესად იქცევიან, ვიდრე მეხანძრეები... ეს, ჩემი აზრით, განპირობებულია იმით, რომ ეკლესია ერთადერთი ადგილია, სადაც ადამიანს ეუბნებიან, რომ ის უკვდავია და რომ სიკვდილი დასასრული არ არის, სადაც სულის უკვდავებაზე ლაპარაკობენ.
ეკლესიის წიაღში არაერთი გულწრფელი მღვდელმსახურია, რომელთა ერთ პირჯვარს შეიძლება ჩვენი სამშობლოსთვის გაცილებით მეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, ვიდრე მთელ ჩვენს საერო მოღვაწეობას. როგორც ჩანს, საპატრიარქოში მართვისა და ადმინისტრირების პრობლემაც არის. გარკვეულწილად განახლებაც აუცილებელია. რაც არ ექვემდებარება განახლებას, ეს ღვთის სიტყვაა, დანარჩენი ყველაფერი შეიძლება განახლდეს. სამწუხაროდ, კრიზისის ნიშნები აქამდეც ჩანდა, დროდადრო კი განსაკუთრებით იჩენდა ხოლმე თავს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო როლანდ ახალაიას დაჯილდოებაც კმარა ამის მაგალითად... მე მაქვს პატრიარქის სიბრძნის იმედი და იმ მონასტრებში მცხოვრები ბერებისა, რომელთა ლოცვასაც უდიდესი ძალა აქვს.

ჩემი აზრით, ახლა ამ სატკივრის დაძლევა ერისა და ბერის ერთობლივი საქმეა, ვინაიდან ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ატარებს ჩვენი ეროვნული იდენტიფიკაციის ნიშანს, რაც უნდა გვახსოვდეს ყველას და ეს კრიზისი დიდი განწმენდის დასაწყისად ვაქციოთ.

- ჩვენში დიდი რეზონანსი მოჰყვა "რუსთავი 2"-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვერდიქტის აღსრულების სტრასბურგის სასამართლოს მიერ შეჩერებასა და შემდგომ მიღებული გადაწყვეტილების უვადოდ გაგრძელებას. იურისტთა თქმით, ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა. თქვენი აზრით, რამ განაპირობა პროცესის ამგვარი განვითარება?

- სტრასბურგის გადაწყვეტილების თაობაზე ბევრი ინფორმაცია არა მაქვს და გამიჭირდება შეფასება. ერთი, რაც მენიშნა, ისაა, რომ ამაზე გავლენა, შესაძლოა, მოეხდინა აშშ-ის ელჩისა და საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებს.
ხშირად ჩვენში გაიგონებთ ფრაზას "ევროპული ღირებულებები" და რას ვგულისხმობთ ამაში, ცოტა გაუგებარია. ჩემთვის ამ ღირებულებების გამოხატულება არიან დანტე ალიგიერი, შექსპირი, ბახი, ვაგნერი, გოეთე, რაფაელი და ა.შ. და არა მხოლოდ ევროპული ბიუროკრატია.

- ამის მიზეზი ხომ არ შეიძლება გამხდარიყო ქართული მართლმსაჯულების შეცდომები და ხელისუფლების არასწორი მოქმედება?

- გამიჭირდება იურიდიულ დეტალებზე ლაპარაკი, რადგან არა ვარ კომპეტენტური. როგორც ვიცი, საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა სასამართლო პროცესი. თავის დროზე ბატონებმა აქიმიძემ და დვალმა, რომელთაც პირადად არ ვიცნობ, შექმნეს პრეცედენტი და ქვეყანაში დამოუკიდებელი ტელევიზია გააჩინეს, ეს არ იყო ადვილი. სააკაშვილმა კი შექმნა პრეცედენტი იმისა, თუ როგორ უნდა ებრძოლა სიტყვის თავისუფლებასთან: დალეწა "იმედი" და მიიტაცა "რუსთავი 2". სიტყვის თავისუფლებასთან ბრძოლისას სააკაშვილის გვერდით იყო მისი პროკურორი გვარამია, დღეს სიტყვის თავისუფლების ქომაგად რომ ასაღებს თავს. ამ ხალხმა შექმნა თავისუფალ სიტყვასთან მტრობის პრეცედენტი. როდესაც აქიმიძე-დვალის ტელევიზიას თავის დროზე დაემუქრა საფრთხე, მე მის დასაცავად ვიდექი. დღეს ყველამ ვიცით, რომ "რუსთავი 2" სააკაშვილის მიტაცებული ქონებაა და მისი ქონების დამცველად ნამდვილად ვერ გამოვდგები.

- თუმცა ქიბარ ხალვაშიც თავის დროზე სწორედ სააკაშვილის ნებით იქცა "რუსთავი 2"-ის მფლობელად და ბევრის აზრით, ის მხოლოდ ნომინალური მეპატრონე იყო...

- პირადად არც ხალვაშს ვიცნობ და შორიდან რასაც ვუყურებ, ის ნამდვილად ვერ გამოდგება მსხვერპლის როლში. როგორც აქამდე ცხადდებოდა, ის მზად იყო, გამარჯვების შემთხვევაში სწორედ აქიმიძისა და დვალისთვის გადაეცა ტელევიზია, რომლებიც რაღაც იურიდიული ნიუანსების გამო ვერ ახერხებდნენ ტელევიზიისთვის პირდაპირ ბრძოლას... შესაძლოა, ვცდები, არ ვიცი, თუმცა, ცხადია, რომ ქიბარ ხალვაში ვერ გამოდგება თავისუფალი სიტყვის ფლაგმანად და დაჩაგრულ მსხვერპლად.

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (23)
გიორგი
24 მარტი 2017 17:49
ეს იაღოველები, რომ დაწანწალებენ კარდაკარ, ხან ვის აჩერებენ და ხან ვის, აბა სად არიან ის ეგრეთწოდებული უფლება დამცველები, ჩვენ რა უფლებები არა გვაქვს? თუ ჩვენს უფლებებს დაცვა არ სჭირდება, უფლება არა გვაქვს? სკოლაში მიმავალ ჩვენს ბავშვებს ტვინს რომ არ უწამლავდნენ?
გელა
24 მარტი 2017 17:48
საინტერესო მომენტია, როცა ქვეყანაში პატარა რყევები დაიწყება (თუნდაც ბათუმის მოვლენები ავიღოთ), მაშინვე დათო მაღრაძე და მისნაირი "ჭკვიანი" პოლიტიკოსები იწყებენ ხალხის დამოძღვრას. კი ბატონო, თუ კარგ რაიმეს იტყვი და დაარიგებ პირველ რიგში მთავრობას და მერე ხალხს, მაგას რა ჯობია, მაგრამ ასე რომ არ არის რა ვქნათ ახლა. დათო, ერთს გირჩევდი, იქნებ ერთი ცნობილი ჟურნალისტის (მერებ მეტრეველი) მოსაზრება წაიკითხო ჩვენი მთავრობის მმართველობის დღევანდეკ ფორმებზე და მის მოსაზრებაზე თქვენი აზრი მოგვაწოდო. ძალიან კმაყოფილები დაგრჩებით. ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ივანიშვილის მთავრობის მმართველობის სტილი, თითქმის სრულად დაემსგავსა მიშა მმართველობის სტილს. ერთი კრიტიკული სიტყვა მაინც შეაწიე მაგათ. კარგი რა!! ჩვენც ხალხი ვართ. ...
გიორგი
24 მარტი 2017 17:34
რუსთავი 2-თან ბრძოლით, აპიარებთ და დაჩაგრულის როლში გამოგყავთ ეგ ტელევიზია, მაგას სჯობს, თუკი მიზანმიმართულ ტყუილს ავრცელებს, უჩივლეთ სასამართლოში და დაამტკიცონ თავიანთი ნათქვამი, თუ მართალს ამბობენ თქვენზე, შეიცვალეთ, თუ ტყუილს ამბობენ, პასუხი აგონ, ასე უფრო წარმატებული იქნება თქვენი ბრძოლა მათ წინააღმდეგ, ტყუილთა რაოდენობის მიხედვით თუ დაჯარიმდებიან, ძალიან გაუჭირდებათ.
avto
24 მარტი 2017 16:56
რაც ხალხი ის ბერი და მთავრობა
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები