არეულობის ტექნოლოგია - კვირის პალიტრა

არეულობის ტექნოლოგია

"ზუსტად ერთი საათი სჭირდება პროვოკაციული თემის გავრცელებას, ადამიანებზე გავლენის მოხდენასა და შემდეგ საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას"

ჰიბრიდული ომი - ეს ტერმინი თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო ხშირად გამოიყენება. ექსპერტები თანხმდებიან, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები თუ სხვადასხვა ჯგუფები მიზნისა და სტრატეგიული ამოცანის მისაღწევად უპირატესობას ანიჭებენ არა სამხედრო საშუალებებს, არამედ ფსიქოლოგიური ვითარების მომწიფებას. იყო თუ არა ეს სტრატეგია გამოყენებული ბათუმის მოვლენებისას "კვირის პალიტრასთან", ექსპერტები საუბრობენ:

ჰიბრიდული ომის ეტაპები

ვახტანგ მაისაია: - ბათუმის მოვლენებმა ჰიბრიდული ომის კლასიკური ნიშნები გამოავლინა, რომლისთვისაც შემზადება, ფაქტია, დიდი ხნით ადრე დაიგეგმა. ამ პროცესს წინ უძღოდა დეზინფორმაციის გავრცელება - ჯერ ითქვა, რომ აჭარის პოლიციის ახალი ხელმძღვანელი ადგილობრივ მოსახლეობას თათრებად მოიხსენიებდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს არავის მოუსმენია, თუმცა დეზინფორმაციის გავრცელება მიზანმიმართულად ხდებოდა.

დეზინფორმაცია სწორედ სპეციალიზებული ჰიბრიდული ოპერაციების მთავარი შემადგენელი ნაწილია. თუ საინფორმაციო ველი წინასწარ არ შეამზადე, მართულ ქაოსს ვერ გამოიწვევ, რაც ბათუმში ცალსახად გამოიკვეთა - ბათუმის ქუჩებში მომხდარ დარბევას, ფაქტია, კონკრეტული ჯგუფი მართავდა.

ჰიბრიდული ომის აჩრდილის მეორე ეტაპი, საპროტესტო აქციების ორგანიზება გახლდათ - მოგეხსენებათ, სოციალურ ქსელში აქტიურად ისმოდა მოწოდებები, ბათუმის მოსახლეობა ქუჩაში გამოსულიყო და აჭარის პოლიციის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა გაეპროტესტებინა. ეს ფსიქოლოგიური შემზადების უკვე მეორე ეტაპია. როგორც გამოჩნდა, ეს ეტაპიც კონკრეტულმა ჯგუფმა წარმატებით გაიარა და პროცესები 12 მარტის მოვლენებამდე მივიდა.

- პოლიციელსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირებაც წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის შემადგენელი ნაწილი იყო?

- დარწმუნებული ვარ, პოლიციელსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირება სპონტანური გახლდათ, თუმცა ჯგუფს, რომელიც საზოგადოებაში ფსიქოლოგიურ ფონს ამზადებდა, სამოქმედოდ მთელი ექვსი საათი ჰქონდა, ეს კი დიდი დროა. კერძოდ,

როდესაც დეზინფორმაციის გავრცელება შედეგს გამოიღებს და მოსახლეობაც ფსიქოლოგიურად მომწიფებული და ჭორის გავლენის ქვეშაა მოქცეული, მცირე წაქეზებაც კმარა, რომ მისი აგრესიული ნაწილი ქუჩაში გამოვიდეს. პროვოკაციის ავტორები კი მათ ალკოჰოლსა და "მოლოტოვის კოქტეილებს" მიაშველებენ. ბათუმში ახალგაზრდების უმრავლესობა ნასვამი იყო...

ასეთ დროს უფრო აქტიურად იწყებს მუშაობას დეზინფორმაციის მანქანა.

თითოეული ეს ეტაპი სამართალდამცავებმა უნდა გამოიძიონ - პასუხი უნდა მივიღოთ კითხვაზე, როგორ გახდა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული შუღლი ვანდალური დარბევის მიზეზი. ისე, ჭორებისა და დეზინფორმაციის მეშვეობით, ადამიანების დისკრედიტაციაში, პროვოკაციების მოწყობასა და პოლიტიკური მიზნების მიღწევაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები სპეციალისტები იყვნენ.

"სოციალური ქსელები ემოციების სამართავ მარტივ იარაღად იქცა"

ბათუმის ვანდალურ დარბევას მართულს უწოდებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძეც: - პოლიტიკურ პროცესებში თანამედროვე ტექნოლოგიები ძალებს მაქსიმალურად იკრებს და უახლოეს მომავალში, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებისთვის მთავარი გამოწვევა იქნება. საზოგადოებაში კონკრეტული აზრის მოსამწიფებლად სოციალური ქსელები აქტიურად გამოიყენებოდა "ბრექსიტის" წინ, ამასთან, აშშ-ში ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიისას. კერძოდ, საინფორმაციო პროპაგანდისტული კამპანიის საწარმოებლად, ე.წ. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, არარსებული ადამიანების პროფილ-გვერდები"იქმნება, რომლებსაც მცირე დრო სჭირდებათ იმის დასადგენად, რა საკითხებზე ვღიზიანდებით, რა მოგვწონს, რა ჩვევები გვაქვს და ა.შ. ვთქვი კიდეც, რომ "ფეისბუკში" დაფიქსირებული 150 ე.წ. მოწონების დაფიქსირების შემდეგ, კონკრეტული ადამიანის ფსიქოპორტრეტის შექმნა მარტივია. მეტიც,

სოციალურ ქსელში "მატყუარა" გვერდების მეშვეობით იმდენად კარგად შეუძლიათ თითოეული ადამიანის ფსიქოპორტრეტის შესწავლა, რომ შესაძლოა, ასე იმ ადამიანმაც ვერ ამოგიცნოთ, რომელთანაც წლობით ერთ სახლში ცხოვრობთ.

- რა მიზნით ხდება სოციალურ ქსელში ადამიანების შესწავლა?

- ფსიქოპორტრეტის შექმნის შემდეგ, მარტივია საინფორმაციო პროპაგანდისტული მანქანის ამოქმედებაც. დეზინფორმაციაც სწორედ იმის მიხედვით ითხზვება, რა არის ადამიანთა ჯგუფის სუსტი წერტილი და იწყება მათით მანიპულირება. სწორედ ასე იქმნება მითები და ადამიანების ზომბირების პროცესი იწყება.

ზუსტად ერთი საათი სჭირდება პროვოკაციული თემის გავრცელებას, ადამიანებზე გავლენის მოხდენასა და შემდეგ საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას.

ისევ საერთაშორისო გამოცდილებას დავუბრუნდეთ - ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში სოციალურ ქსელში ყოველი მეხუთე პირი ე.წ. ხელოვნური ინტელექტის შექმნილი იყო და განწყობების შესაქმნელად მასაში გარკვეული ინფორმაციის "შემოგდებაზე" მუშაობდა. დიახ, სოციალური ქსელები საზოგადოების ემოციების სამართავ მარტივ იარაღად იქცა. მსგავსი სახიფათო ნიშნები გამოიკვეთა აჭარის მოვლენებისას, როდესაც უკვე მთელი საქართველოსთვის კარგად ნაცნობი მერაბ ღოღობერიძე ორი კვირის განმავლობაში მიზანმიმართულ პროპაგანდას აწარმოებდა. მისი თითოეული "ფეისბუკ-პოსტი" ახალგაზრდებში აგრესიის გაღვივებასა და მათ მობილიზებას ემსახურებოდა. მისი მტკიცებით, აჭარის პოლიციის უფროსი მოსახლეობას თათრებად მოიხსენიებდა - სწორედ აქედან დაიწყო მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელება და ფსიქოლოგიური ზეწოლა. მეტიც, მან ისიც დაწერა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას აჭარისთვის ავტონომიური უფლებების შეზღუდვა სურდა, შესაბამისად, ადგილობრივები სხვა კუთხეებიდან ჩასული პატრულის თანამშრომლების წინააღმდეგ ქუჩაში უნდა გამოსულიყვნენ.

დარწმუნებული ვარ, მთელი ეს ოპერაცია კუსტარულად დაიგეგმა, თუმცა ახლა მთავარია, ეს ყველაფერი ტენდენციად არ იქცეს. ეს იყო გამაფრთხილებელი გზავნილი, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით, დაინტერესებულ ჯგუფებს და რა თქმა უნდა, გარე ძალებს, ფსიქოლოგიური ფონის მომწიფება მარტივად შეუძლიათ. უსაფრთხოების სამსახურმა საინფორმაციო ომის რისკები სწორად უნდა გათვალოს და საზოგადოება პროვოკაციებისგან დააზღვიოს.

- დაზღვევა გულისხმობს სოციალური ქსელის აკრძალვას?

- აკრძალვა არასოდესაა გამართლებული, თუმცა საინფორმაციო ომს მეორე მხარემაც მაქსიმალური ინფორმაციის გავრცელებით უნდა უპასუხოს. არ ვფიქრობ, რომ ბათუმის მოვლენები მხოლოდ ღოღობერიძის სტატუსებმა გამოიწვია, დიდი ალბათობით, მას ადამიანთა ჯგუფი ეხმარებოდა, შეუძლებელია, ერთმა ადამიანმა ფსიქოლოგიურად ისე აგრესიულად მოამწიფოს ახალგაზრდები, როგორც ეს 12 მარტს, ბათუმში ვიხილეთ.

ყველა დეტალი გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მათ შორის, ის, რატომ დაემთხვა სოციალურ ქსელში ღოღობერიძის გზავნილები ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების მოწოდებებს. ფაქტია, აჭარის მოსახლეობას ორი კვირის განმავლობაში არწმუნებდნენ, რომ ავტონომიის შეზღუდვა და გორელი პოლიციელის პარპაში იგეგმებოდა. ამ ფონზე, შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, რა გზავნილებს აჟღერებენ სოციალურ ქსელში სამცხე-ჯავახეთში ან ქვემო ქართლში მცხოვრები ახალგაზრდები, ხომ არავინ ცდილობს მათში რადიკალური განწყობების გაღვივებას... აუცილებელია საპირწონე საინფორმაციო პოლიტიკის წარმოება, რითაც ხელისუფლება ნამდვილად არ გამოირჩევა. "ნეგატიური ჭორი გავლენას მაშინვე ახდენს, რის ნიადაგზეც ღვივდება აგრესია"

სოფო ხარატი, ფსიქოლოგი: - პატარა ქვეყანაში ინფორმაციის სწრაფი გავრცელება სირთულეს არ წარმოადგენს, განსაკუთრებით, თუ ის ნეგატიურ გზავნილებს შეიცავს. ნეგატიური ინფორმაცია უფრო მეტ ინტერესს იწვევს, ვიდრე პოზიტიური. ბოლო პერიოდში, ყურადღების მიპყრობის მიზნით ჭორის გავრცელების პრაქტიკა დამკვიდრდა. მით უმეტეს, თუ ეს ჭორი მტკივნეულ საკითხს ეხება, ის ფსიქოლოგიურ გავლენას მაშინვე ახდენს, რის ნიადაგზეც ღვივდება აგრესია. ასეთ დროს არავინ უფიქრდება, რამდენად რეალურია ის. სწორედ ასე იგეგმება პროვოკაციაც - ჭორების გავრცელებით, ემოციებით თამაშით და ამ ემოციების გამოყენებით.

ვინც ასეთ პროვოკაციას გეგმავს, კარგად იცის, რომ ემოციები გარკვეულ მოტივაციასაც უნდა უკავშირდებოდეს - ბათუმის მოსახლეობას წლების განმავლობაში უნერგავდნენ ცენტრალური ხელისუფლების მიმართ პროტესტს, ვგულისხმობ აბაშიძის მმართველობის პერიოდს. სწორედ მაშინ გაჩნდა ისეთი ტერმინები, რასაც ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის, როგორც ჩანს, დღესაც იყენებენ. ასეთ დროს ირთვება ადამიანის გონებაშიც აგრესიული მოტივაცია - შეურაცხყოფისთვის აგრესიული პასუხის გასაცემად. აჭარის მოსახლეობისთვის სხვა საკითხის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსვლა რომ ეთხოვათ, არ გამოვიდოდნენ. ქაოსის ორგანიზატორები ადამიანების მართვით გულს იოხებდნენ, ამას კი ქუჩაში გამოსული ახალგაზრდები ვერც კი ხვდებოდნენ.

ვფიქრობ, ბათუმის მოვლენებმა არაერთი პრობლემა ამოატივტივა - პირველ რიგში კი, განათლებისა და ანალიზის უნარის დეფიციტს გამოვყოფ. თუ ადამიანის გონება ცარიელია, მისი პროვოკაციაზე წამოგება მარტივია, მით უმეტეს, თუ ამ აგრესიას ალკოჰოლსაც მიახმარ. ადვილია, პროვოცირება გაუკეთო ადამიანს, რომელსაც არავინ ასწავლა, რას ნიშნავს, იყო ქვეყნის კარგი მოქალაქე. გარკვეულ ჯგუფს სწორედ ასეთი მოქალაქეების არსებობა აწყობს, ე.წ. შავი მენტალიტეტიც ხელოვნურად იკვებება, რათა სასურველ დროს ისინი სათავისოდ გამოიყენონ.

რუსუდან შელია