"ბატონო კახა, სჯობს, შეცდომა აღიაროთ!"
20-03-2017
"ბატონო კახა, სჯობს, შეცდომა აღიაროთ!"
"თუ სიტყვა გაექცა, აღიაროს, უფრო სამარცხვინო მდგომარეობაში არ უნდა ჩაიგდოს თავი!"

"სამწუხაროა, რომ ასე გვესაუბრება სახელმწიფო მოხელე და მერე აღარ უნდა გაგვიკვირდეს, თუ გარეშე მტერიც იმავეს გაიმეორებს კიდევ უფრო გამრუდებულად და მცდარად..."


გასულ კვირას ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ იმ ფრაზის განმარტება სცადა, რომელიც ბათუმის მოვლენების შეფასებისას გამოიყენა: "თუ კარგად გადავხედავთ განცხადებებს, აშკარად მივხვდებით, ვის ინტერესში შედიოდა, მომხდარიყო დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე". ბევრმა სინანულით აღნიშნა,
რომ კალაძემ არ იცის, აჭარა ოდითგანვე ეთნიკური ქართველებით რომ არის დასახლებული. გაპოლიტიკოსებულმა ფეხბურთელმა კი უკან არ დაიხია და კრიტიკოსებს მოუწოდა, "გუგლის" საძიებო სისტემით მოეძიებინათ და დაკვირვებით წაეკითხათ, რას ნიშნავს "ეთნიკური ჯგუფი". რატომ ვერ გაიგო ვიცე-პრემიერმა ამ სიტყვის მნიშვნელობა მას შემდეგაც კი, რაც სავარაუდოდ, სამოქალაქო განათლების ლექსიკონში "ეთნიკური ჯგუფის" განმარტება ნახა?! ამასთან დაკავშირებით, "კვირის
პალიტრას" ისტორიკოსი ბიჭიკო დიასამიძე ესაუბრა.

- დავიწყოთ იქიდან, რომ აჭარა ისეთ­ივე ეთნოგრაფიული მხარეა, როგორიც გურია, სამეგრელო, კახეთი და ა.შ. აჭარა­ არის ძირძველი ქართული მხარე, ეთნიკური ქართველებით დასახლებული. აქ ეთნიკურ დაპირისპირებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.­ ბათუმში ცხოვრობენ სხვა ეროვნების წარმომადგენლები, მაგრამ მათთან დაპირისპირება არავის აზრადაც არ მოსვლია. შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ ქართველებს აქ მც­ხოვრებ რუსებთან, სომხებთან, ბერძნებთან, ებრაელებსა და აფხაზებთან... ვიცე-პრემიერს კი უნდა ესმოდეს, რას ნიშნავს ეთნოგრაფიული მხარე და ეთნიკური განსხვავებულობა.

- მოგვიანებით, კალაძემ თავისი ნათქვა­მის­­ განმარტება სცადა: "თათრის ძახილი იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის მიზანი­ გახლდათ, დაგეგმილი კონფრონტაციისთვის ეთნიკური ელფერი მიეცათ. დაეპირისპირებინათ სხვა­დასხვა კუთხის მოსახლეობა ერთმანეთთან კუთ­ხურობის, მეტიც, კონფესიურობის ნიშნით..."

- ამით კალაძე გვეუბნება, რომ ვიღაც ცდილობდა აჭარაში ეთნიკური­ ჯგუფები ერთმანეთს დაეპირისპირებინა. მაგრამ ასეთი რამ იქ არ გამოვლენილა! რეალურად, ადგილი ჰქონდა პოლიციის მიმართ აგრესიას. რა შუაშია ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება? სად დაინახა ეს კახა კალაძემ?

- კალაძემ კრიტიკოსებს მოუწოდა: "გუგლში" "ეთნიკური ჯგუფის" განმარტება დაკვირვებით წაიკითხეთო...

- ეს მან უნდა მოიძიოს და წაიკითხოს.­ სავარაუდოდ, ეს გააკეთა კიდეც, მაგრამ აზრი რატომ ვერ გამოიტანა, არ ვიცი.
სამწუხაროა, რომ ასე გვესაუბრება სახელმწიფო მოხელე და მერე აღარ უნდა გაგვიკვირდეს, თუ გარეშე მტერიც იმავეს გაიმეორებს კიდევ უფრო გამრუდებულად და მცდარად... ასეთ გამონათქვამს ვიცე-პრემიერი უნდა მოერიდოს, თუ სიტყვა გაექცა, აღიაროს, უფრო სამარცხვინო მდგო­მარეობაში კი არ უნდა ჩაიგდოს თავი!

აჭარა საზღვრისპირა რეგიონია, მრავალ­ეთნიკური მოსახლეობით წარმოდგენილი­. განა თურქეთში ცოტაა, ვინც აჭარასა და ბათუმზე პრეტენზიას აცხადებს? იქაურ რუკებშია მოქცეული ჩვენი შავიზღვისპირეთი. იქით რუსეთი თვეში ორჯერ ადგენს საზღვრებს და მის გადმოწევას საქართველოსკენ სანტიმეტრობით ცდილ­ობს. ასე რომ, ვერ გავუგებთ ბატონ კახას, სჯობს, შეცდომა აღიაროს.
ღმერთმა გვაშოროს ეთნიკურ ნიადაგზე­ კონფლიქტი. ამის უფრო ღრმად გააზრებისთვის ბატონ კახას ვურჩევ, "ეთნიკური კონფლიქტის" განმარტებაც­ წაიკითხოს.

- სხვათა შორის, 2003 წელს კახა კალ­აძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივე­­რსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა...

- თუკი ბატონმა კახამ ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა, უნდა გაევლო ის საკითხები, რაზეც ახლა ვისაუბრეთ. უნდა ვივარაუდოთ, რომ მაშინ ის სპორტული კარიერით იყო დაკავებული და ასეთი თემებისთვის ყურადღება არ დაუთმია.

"გუგლის" განმარტებით...


"ეთნიკური ჯგუფი - ისტორიულად­ ჩამოყალიბებული მდგრადი საზოგადოებ­რივი ერთობა, აქვს საერთო ენა, ადათ-ჩვე­ულებები, კულტურა, რწმენა. ეთნიკურ ერთობას ქმნის ერი - მრავალსაუკუნოვანი ეთნიკური წარმონაქმნი".

კახა კალაძე: "კიდევ ერთხელ ავხსნი"


"ვეხმაურები ამ კონკრეტულ ფრაზას მხოლოდ იმიტომ, რომ მოსახლეობა, ბათუმელები შეაწუხეს ერთი და იმავეს ტრიალით და სიცრუის ტირაჟირებით. კარგად ვიცი, რამდენად სენსიტიური თემაა ეს თითოეული აჭარელისთვის.
1. ეთნიკური დაპირისპირების მცდელობის პროვოცირების შესახებ ჩემი ნათქვამი იქნებოდა ჩვეულებრივი ფრაზა, რომ არა მცდელობა, რამდენიმე გაკოტრებული პოლიტიკოსისგან და მათთან ასოცირებული ჟურნალისტებისგან, ამ ფრაზისთვის თავისთვის სასურველი ინტერპრეტაცია მიეცათ;
2. ვინც ეს დღეებია, ჩემი ამ ფრაზით ჭიქაში ქარიშხლის დატრიალებას ცდილობს, პირველ რიგში, პასუხისმგებლები არიან აჭარის მოსახლეობის წინაშე;
3. კიდევ ერთხელ ავხსნი იმას, რაც ვთქვი, ამჯერად წერილობით, იმ იმედით, რომ უფრო გასაგები იქნება მათთვის, ვინც ვერ გაიგო. თათრის ძახილი, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის მიზანი იყო ვითომ ეთნიკური ელფერი მიეცათ დაგეგმილი კონფრონტაციისთვის - დაეპირისპირებინათ ქვეყნის სხვა­დასხვა კუთხის მოსახლეობა ერთმანეთთან კუთხურობის, მეტიც, კონფესიურობის ნიშნის მიხედვით, ყველაზე საზიზღარი ფორმით, დამაკნინებელი წოდებით - თათარი, რომელიც თავისთავად ცხადია, ეთნიკურად თათრებს არ გულისხმობს და ამის საფუძველზე ვიღაც ჟურნალისტის კონკრეტული პარტიული ინტერესის გამო აგორებულ კამპანიას აჰყვა ყველა ის, ვისაც თავის წარმოჩენის სურვილი გაუჩნდა. სამწუხაროა ხალხის ნერვებზე ასეთი ფორმით თამაში. თორემ პირადად ჩემს ნერვებს ცილისწამება და სიცრუე ვერც აქამდე აკლებდა რამეს, ვერც მომავალში გავახარებ მსურველებს;
4. და ბოლოს, ისევ "გუგლი" მოიხმარეთ, "ეთნიკური ჯგუფი" მოიძიეთ და განმარტება დაკვირვებით წაიკითხეთ..."

ეკა ასათიანი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით