როგორ გადავწყვიტე, ახალაიაზე კარგი დამეწერა - კვირის პალიტრა

როგორ გადავწყვიტე, ახალაიაზე კარგი დამეწერა

კვირის ბოლოს გადავწყვიტე, მოდი რაღაც ორიგინალურს გავაკეთებ-მეთქი. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მივხვდი, ყველაზე მეტად ორიგინალური მაშინ ვიქნებოდი, თუ

ბაჩო ახალაიაზე კარგს დავწერდი. აბა, ცუდს ახალაიაზე იმდენი ვინმე ამბობს... ჰოდა, მეც კომპიუტერის კლავიატურა მოვიმარჯვე და... მივხვდი, რომ ძნელ საქმეს შევეჭიდე, მაგრამ ორიგინალურობა იოლი მისაღწევი როდის ყოფილა?

უცებ გამახსენდა ერთი ჩემი კოლეგისა და უმრავლესობის წევრის ნათქვამი. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ომის შემდეგ ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. ჟურნალისტი ეკითხებოდა, რა გაგიხდათ ეს ახალაია, რომ ვერ მოიშორეთ, ხომ ხედავთ, როგორი დისკრედიტირებულიცააო. უმრავლესობის წევრმა კი უპასუხა: - ახალაიამ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოახერხა ციხეებში "პალაჟენიის" დამყარება. მეტიც, ციხეებში ქურდების პარპაში რომ აელაგმა, უკან არაფერზე დაუხევია, უამრავი ლანძღვა და გინება გადაიტანა და როგორ ფიქრობ, ახლა რომ მოვიშოროთ, ჩვენი მხრიდან სულ ცოტა უმადურობა არ იქნებაო? შევატყვე, ჩემი კოლეგისთვის ეს პასუხი მოულოდნელი აღმოჩნდა. ჩანს, იგი დარწმუნებული იყო, რომ უმრავლესობის წევრი ახალაიას დასაცავად ვერანაირ არგუმენტს ვერ მოიყვანდა. ახლა კი გაარკვია, რომ ახალაიას ისეთი დამსახურებაც ჰქონია, რომლის შესახებ საჯაროდ ლაპარაკიც შეიძლება. წინადღეს, - ახალაიას წარდგენისას, პრეზიდენტმაც რომ ეს მაგალითი მოიყვანა, ცხადი გახდა: სამშობლოს წინაშე ბატონი ბაჩოს მთავარ დამსახურებად სწორედ ეს მიიჩნევა. რადგან ამ თავში გადავწყვიტე ახალაიაზე კარგი დავწერო, მეც ამ თემას ჩავეჭიდები.

მოდი, ვაღიაროთ: თუ ციხეში მართლაც დამყარდა წესრიგი, ეს არ არის პატარა საქმე. წლების განმავლობაში გამყარებული ქურდების ძალაუფლების დანგრევა არ არის მცირე მიღწევა. სხვა საკითხია, რა მეთოდებით მოახერხა ეს ახალაიამ. გეხსომებათ, ამბობდნენ, ახალაია ყოველგვარი დემოკრატიული ნორმებისა და ადამიანის უფლებების დარღვევით მოქმედებსო. ზოგი მისი სადისტური მიდრეკილებების შესახებაც კი ჰყვებოდა. ქურდები გამოჰყავს, ყველას თვალწინ ამცირებს და შეურაცხყოფას აყენებსო. თუმცა თუ ახალაიაზე თავიდანვე ცუდის კი არა, კარგის დაწერა გაქვს გადაწყვეტილი, აქ შეიძლება სადისტური მიდრეკილების მაგივრად, ბრძოლის ერთგვარი მეთოდი დაინახო და თქვა, რომ იგი ამ გზით ცდილობდა დანარჩენი პატიმრების თვალში ქურდების ავტორიტეტის შერყევას, მათი ძალაუფლების შემცირებას. მოკლედ, ქურდებს მათივე მეთოდით დაუპირისპირდა - მოწინააღმდეგის "დაჩმორების" მეთოდით... თუ ვიკითხავთ, რამდენად ჯდება ეს დემოკრატიულ და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებში, პასუხი იქნება ცალსახა - არ ჯდება (რაც შეეხება ციხის ბუნტის დროს ჩატარებულ სპეცოპერაციას, აქ ჭეშმარიტება მომავალში მიუკერძოებელმა გამოძიებამ უნდა დაადგინოს).

უნდა მოქმედებდეს თუ არა ხელისუფალი იმავე მეთოდებით, რა მეთოდებითაც ქურდები და კრიმინალები მოქმედებენ? პასუხი აქაც ცალსახაა: - რა თქმა უნდა, - არა! თუმცა ისიც ფაქტია: ქურდები ძალაუფლებას კეთილი და ზრდილობიანი საუბრით არ დათმობდნენ. აქედან გამომდინარე, მინდა განსჯისთვის ერთი კითხვა დავსვა: რა უფრო უკეთესი იქნებოდა, - ახალაიას ყველა დემოკრატიული ნორმა და ადამიანის ყველა უფლება დაეცვა და ციხეები ისევ ქურდებს ემართათ, თუ მას ეს ნორმები უგულებელყო და წესრიგი დაემყარებინა? სიმართლე გითხრათ, ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა მიჭირს. ამიტომ თითოეულმა მკითხველმა ამ კითხვას პასუხი თავისი შეხედულებისამებრ გასცეს.

მე კი ახლა სხვა კითხვა უფრო მადარდებს: რატომ გახდა თავდაცვის სფეროში ისეთი ადამიანის დანიშვნა საჭირო, რომელიც წესრიგს ყველანაირი მეთოდით ამყარებს და რომელსაც, როგორც პრეზიდენტმა თქვა, "მკაცრი ხელი" აქვს? რა ხდება ასეთი ქართულ ჯარში?