"ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მოვალთ ხელისუფლებაში" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მოვალთ ხელისუფლებაში"

"ბიუჯეტიდღეს სააკაშვილისა და მისი გარემოცვის სახარჯავი საოჯახო თანხაა"

"ეკონომიკის ის სექტორი, რომელიც მსოფლიოში ძირითადი დამსაქმებელია, საქართველოში დღეს სრულ ოფსაიდშია"

ოპოზიციის დიდი ნაწილი 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებს სკეპტიკურად უყურებს, ქრისტიან-დემოკრატები კი ძალ-ღონეს არ იშურებენ არჩევნებში წარმატების მისაღწევად. გიორგი თარგამაძესთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

- ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც ტოტალიტარიზმისკენ გადახრა აშკარა იყო (და დღევანდელი დღეც ამაზე მეტყველებს), ამას საზოგადოება არ შეჰგუებია. ჩვენ დასავლეთის განუყოფელი ნაწილი ვართ და ქართველ საზოგადოებაში არის ის მეამბოხე სული, რომელიც არ დაუშვებს ტოტალიტარული მმართველობის შენარჩუნებას.

ჩვენი ამოცანაა საზოგადოების ობიექტური განწყობა პოლიტიკისა და პოლიტიკოსების მიმართ რაციონალურ დამოკიდებულებაში გადავზარდოთ, რომ ქვეყანაში ყველა ცვლილება არჩევნებით მოხდეს და ამან ქვეყანას უკეთესი შედეგი მოუტანოს.

ჩვენ ნებისმიერ პოლიტიკურ აქტივობას და ყველა არჩევნებს ვუყურებთ როგორც პროცესს და არა როგორც ერთჯერად აქტს. ჩვენთვის პოლიტიკა მარათონია და არა კალენდარში ერთი ციფრით აღნიშნული კონკრეტული თარიღი. ჩვენთვის ეს არის ბრძოლა დემოკრატიისა და ქვეყნის გამთლიანებისათვის. მიგვაჩნია, რომ ეს შანსი (ადგილობრივი არჩევნები) ჩვენმა საზოგადოებამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებზე როგორც ჩვენი მოძრაობა, ისე ოპოზიციური პარტიები მიზანს მიაღწევენ. პოლიტიკურ აქტივობასა და არჩევნებში მონაწილეობას ალტერნატივა არ გააჩნია. ყველა სხვა გზას მივყავართ ძალადობისა და ყირგიზული სცენარის გამეორებისაკენ.

- გადამწყვეტი საარჩევნო ბრძოლა თბილისში იქნება.

- ბრძოლა ყველგან იქნება. თბილისში პირველად ავირჩევთ ქალაქის მერს პირდაპირი არჩევნებით. "ნაციონალურმა მოძრაობამ" უპრეცედენტო გადაწყვეტილებას - სეგრეგაციას, მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დაყოფას მიმართა. ერთი და იმავე სოციალური სტატუსის, დამსახურებისა და სტაჟის მქონე მოქალაქეები საქართველოს დედაქალაქში რეგიონების მცხოვრებთაგან განსხვავებულ პენსიას იღებენ. თბილისელ პედაგოგებს დაურიგდათ ბუნებრივი აირის ვაუჩერები და მისცეს სხვა სახის შეღავათებიც, რაც საქართველოს სხვა ქალაქებში უკმაყოფილებას იწვევს.

ისინი თავს დაჩაგრულად გრძნობენ. ასეთი სოციალური უსამართლობა ცუდად მოუბრუნდება "ნაციონალურ მოძრაობასა" და ხელისუფლებას. ისინი ვერაფრით აუხსნიან მოსახლეობას, რატომ უნდა იღებდეს აჭარაში, კახეთსა და გურიაში მცხოვრები პენსიონერი თბილისელ პენსიონერზე 10 ლარით ნაკლებს.

"კვირის პალიტრის" მკითხველი კვალიფიციურ მკითხველად მიმაჩნია და ამიტომ დიდი პასუხისმგებლობით გაძლევთ ყოველთვის ინტერვიუს, რომ ყოველი ჩემი სიტყვა გადამოწმებას ექვემდებარებოდეს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში საწარმოთა ბრუნვიდან 85% მოდის მსხვილ საწარმოებზე, მხოლოდ 7,9 - საშუალოზე და მცირეზე - 7,1%. პროდუქციის გამოშვების თვალსაზრისით მსხვილი საწარმოების წილია 83,1%. ამ ციფრების მოშველიებით იმის თქმა მინდა, რომ წვრილი და საშუალო ბიზნესი, ანუ ეკონომიკის ის სექტორი, რომელიც მსოფლიოში ძირითადი დამსაქმებელია, საქართველოში დღეს სრულ ოფსაიდშია.

მოსახლეობის უმეტესობა მოკლებულია შანსს, სამსახური იპოვოს და საარსებო მინიმუმზე თუნდაც ოდნავ მეტი შემოსავალი მიიღოს. სანამ ქვეყანაში ეკონომიკურ პოლიტიკას საფუძვლიანად არ გადავხედავთ და ბენდუქიძისეულ ეკონომიკურ ხედვას არ შევცვლით საზოგადოებაზე, უმუშევართა უზარმაზარ მასაზე ორიენტირებული სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკით, მუდმივად იარსებებს პოლიტიკური დესტაბილიზაციის საფრთხე და შესაძლებლობა, რომ მოსახლეობის სამართლიანი სოციალური უკმაყოფილება გამოყენებულ იქნეს არაჯანსაღი პოლიტიკური მიზნებისათვის.

- ქრისტიან-დემოკრატების საარჩევნო დაპირება უფასო წყალსა და ბუნებრივი აირის მინიმალურ ტარიფზე თავად ქვეყნის პრეზიდენტმა გააკრიტიკა. გაკრიტიკება ამის გამო არც ოპოზიციას დაუკლია თქვენთვის.

- კურიოზულია, როდესაც პრეზიდენტი და ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი ოპოზიციაში ერთი და იმავე ტერმინებით ლაპარაკობენ და აკრიტიკებენ ჩვენს ეკონომიკურ და სოციალურ პროგრამას. გვედავებიან იმას, რომ კომუნალური გადასახადები წყალზე, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ხელოვნურად არის გაზრდილი და მოიცავს უზარმაზარ კორუფციულ სქემებს, რომელთა მეშვეობითაც ერთი მუჭა პირების ხელში, ჩვენი მოსახლეობის გაღატაკების ხარჯზე და ოფშორული ზონების გავლით ასეულობით მილიონები ხვდება. ვისაც აინტერესებს, ჩვენ დეტალურად ავუხსნით თითოეულ ციფრსა და მაჩვენებელს.

ერთ, ყველასათვის გასაგებ მაგალითს მოგიყვანთ. ხელშეკრულების თანახმად, ოჯახები 18000 კკალ ბუნებრივ აირს უნდა ვიღებდეთ, ნაცვლად ამისა ვიღებთ 6000 კკალ-ს. ეს ნიშნავს, რომ ნაცვლად 5-ისა, ჩვენი დიასახლისები 15 წუთს ელოდებიან ჩაიდნის ადუღებას. ჩვენ ვიხდით არა მარტო 5-ჯერ გაზრდილ ბუნებრივი აირის გადასახადს, არამედ ამ კატასტროფულ ფასს 3-ჯერ ვიხდით. ეს ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას სხვადასხვა ტექნოლოგია, მეთოდი და საშუალება აქვს მოძებნილი, თუ როგორ ამოიღოს ჩვენი გაღატაკებული მოსახლეობისგან ფული. ეს არის ყველაზე მოკლე გზა ბიუჯეტის და მათი გამდიდრებისთვის, ბიუჯეტი დღეს ხომ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის სახარჯავი საოჯახო თანხაა.

იცით, რომ ჰიდროელექტროსადგურებში გამომუშავებული 1კვტ ელექტროენერგიის თვითღირებულება არ აღემატება 1,07 თეთრს? მეტიც, საქართველო თურქეთში 2 თეთრად ყიდის ჩვენთან ნაწარმოებ ელექტროენერგიას, საქართველოს მოსახლეობას კი, თბილისში, 17 თეთრად აძლევს. უარესი ვითარებაა რეგიონებში, სადაც ინდივიდუალური გამრიცხველიანება ისევ გადაულახავ პრობლემად რჩება.

გაღატაკებული, მშიერი ადამიანი მაღალ ღირებულებებზე ვერც ფიქრს ახერხებს და ვერც გააზრებულად იბრძვის თავისი უფლებებისათვის. გაჭირვებულ ადამიანებს მხოლოდ რევოლუციური მეთოდებით ბრძოლაღა დარჩენიათ, რომ ხელისუფლება ნებისმიერი მეთოდითა და გზით დაამხონ. ეს ის გზაა, რაც რევოლუციის მომწყობ მოსახლეობას კიდევ უფრო აღატაკებს. ამიტომაც ბრძოლა ეკონომიკური, სოციალური პოლიტიკის ძირეული შეცვლისათვის, არის ბრძოლა ქვეყანაში თანამედროვე პოლიტიკური სისტემის ჩამოსაყალიბებლად, რათა ნელ-ნელა მაინც მივუახლოვდეთ აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების სტანდარტებს.

- სოზარ სუბარმა საკრებულოს თავმჯდომარეობაზე უარი თქვა. რამდენად შეუწყობს ეს ხელს ოპოზიციის კოორდინაციას ადგილობრივ არჩევნებზე?

- საარჩევნო კამპანიის გადამწყვეტ ფაზაზე სუბარის გადაწყვეტილება ჩემთვისაც მოულოდნელი იყო და ალბათ, "ალიანსის" ამომრჩევლისთვისაც. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები მხოლოდ გაზრდის ჩვენი პარტიის შანსებს ამ არჩევნებში. თბილისის თვითმმართველობას უჩნდება შანსი, ჰყავდეს პირველი ქალი საკრებულოს თავმჯდომარე.

- ითქვა, რომ ინგა გრიგოლია საკრებულოს თავმჯდომარედ ხელისუფლებასაც აძლევს ხელს.

- ე. ი. ძალიან მაგრები ვყოფილვართ ქრისტიან-დემოკრატები, თუ ვახერხებთ მოსახლეობის დარწმუნებას ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკისა და არაეფექტური მართვის შეცვლის აუცილებლობაში, მეორე მხრივ, იმასაც ვახერხებთ, რომ ჩვენი წარმომადგენელი საკრებულოს თავმჯდომარედ გაგვყავდეს. გამოგიტყდებით, ჯერჯერობით, მთლად ასე მაგრები ვერა ვართ, მაგრამ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მოვალთ ხელისუფლებაში. ისე, საინტერესო ლოგიკაა ამ ეჭვში, გამოდის, ხელისუფლება ნაწილ-ნაწილ გვაბარებს ძალაუფლებას. ამის საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი მაქვს. სინამდვილეში ჩვენ მძიმე ბრძოლა გვიწევს პოლიტიკური ბრძოლის ველზე თითოეული ბორცვის აღებისთვის.

- ალბათ, ამ ბრძოლის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს ბრძოლა პრესის თავისუფლებისათვის?

- ეს ის საკითხია, რომელიც გადადებას ვერ მოითმენს. ჩვენი ოპონენტები ხელისუფლებაში ამბობდნენ, რომ ბეჭდურ მედიას არაფერი ემუქრება. მინდა მათ თვალი გაუსწორონ რეალობას, რა ხდება სატელევიზიო სივრცეში. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ასევე გვიმტკიცებდნენ, რომ დამოუკიდებელ ქართულ ტელეარხებს არაფერი დაემუქრებოდა.

მე არ ვლაპარაკობ ჰიპოთეტურ საშიშროებაზე, ვამბობ იმას, რაც უკვე მოხდა. ის, რაც მოხდა ტელევიზიებში, შეიძლება ოდნავ განსხვავებული მეთოდებით, მაგრამ აუცილებლად, გავრცელდება ბეჭდურ მედიაზეც. სწორედ იმიტომ, რომ მოიხსნას ყველა კითხვა ბეჭდური მედიის შევიწროების თაობაზე, აუცილებელია ხელისუფლებამ გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და მხარი დაუჭიროს პრესის ასოციაციის ინიციატივას, რომელიც კანონპროექტის სახით წარმოადგინეს.

ჩვენი ბეჭდური მედია ფეხზე მყარად უნდა იდგეს და არ ჰქონდეს ყოველდღიური საფრთხის განცდა. პრესის ასოციაციის ინიციატივას ქრისტიან-დემოკრატებმა მხარი დავუჭირეთ და საკანონმდებლო ინიციატივის სახით შევიტანეთ პარლამენტში, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის გადაუდებელი აუცილებლობაა.