"გამორიცხული არ არის პრეზიდენტი ოპოზიციური ლიდერობისთვის ფონს იმზადებდეს" - კვირის პალიტრა

"გამორიცხული არ არის პრეზიდენტი ოპოზიციური ლიდერობისთვის ფონს იმზადებდეს"

ე.წ. მოსმენების კანონის ვეტო დაძლეულია, თუმცა როგორც ექსპერტები აცხადებენ, მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის ურთიერთობა სულ უფრო ჩიხში შედის. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე დღის წინ ასპარეზზე პრეზიდენტის ქალიშვილი, ანა მარგველაშვილიც გამოჩნდა და ის სამართალდამცავებს ნარკოტიკული საშუალებების ჩადებაში ადანაშაულებს. პრეზიდენტისა და მმართველი გუნდის ურთიერთბრალდებებზე "კვირის პალიტრასთან" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საუბრობს:

- გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, თითქოს ორ სახელისუფლებო შტოს შორის შეხების წერტილი გამოინახა, თუმცა მცდელობა მაინც უშედეგოდ დასრულდა. თუ მარგველაშვილის ნაბიჯებს გავაანალიზებთ, არ არის გამორიცხული, ის საკუთარი ქმედებებით ოპოზიციური ლიდერობისთვის ფონს იმზადებდეს, მით უმეტეს, რომ საქართველოში ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბება აუცილებლად ხელისუფლებასთან რადიკალურ დაპირისპირებას გულისხმობს.

- ფიქრობთ, ე. წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო რეალურ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებდა და მხოლოდ პოლიტიკური ფონის შესაქმნელად გათვლილი გადაწყვეტილება იყო?

- ასე გამოჩნდა, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს ცუდი პოლიტიკური მრჩევლები ჰყავს. ე.წ. მოსმენების კანონი არ არის ის საკითხი, რომელიც დღეს საზოგადოებას აწუხებს, ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა, თუმცა ამ მიმართულებით გიორგი მარგველაშვილი არაფერს ამბობს. თუ ის პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბებას ცდილობს, თავშივე არასწორ არჩევანს აკეთებს - ის ანგარიშს ხალხსა და რეალურ პრობლემებს კი არ უწევს, კონკრეტული საკითხების ხელოვნურად ანგაჟირებას ცდილობს. თუ პრეზიდენტი პოლიტიკურ პერსპექტივაზე ზრუნავს, უმჯობესია, ხალხისთვის მნიშვნელოვანი საკითხები წამოსწიოს და არა ხალხზე ზრუნვის მოტივით ხელისუფლებას ეომოს.

- ე. წ. მოსმენების კანონზე ვეტოს დადების პარალელურად, პრეზიდენტის ქალიშვილი მის მეგობრებზე სამართალდამცავების ზეწოლაზე საუბრობს. გამორიცხავთ, რომ პრეზიდენტის აქტიურობის პარალელურად ხელისუფლებას მასზე ზემოქმედების ინტერესი მართლაც ჰქონდეს?

- დავუშვათ, ხელისუფლება მართლაც ცდილობს მარგველაშვილზე ზეწოლას, იქნებ პრეზიდენტმა და მისი ოჯახის წევრებმა აგვიხსნან, რა შედეგი უნდა მიიღოს ხელისუფლებამ საბოლოოდ? ასეთი სცენარის განხილვისას შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ მაქსიმუმ გიორგი მარგველაშვილსა და მთავრობას შორის ჰარმონიული ურთიერთობა ჩამოყალიბდეს, მაგრამ რა შედეგია ეს ხელისუფლებისთვის?

დღეს პრეზიდენტი არ წარმოადგენს ისეთ ფიგურას, რომ მმართველ გუნდს მის ხელთ არსებული რესურსი საფრთხეს უქმნიდეს, ვეტოც კი მარტივად დასაძლევია საკონსტიტუციო უმრავლესობის გათვალისწინებით.

ასე რომ, კამპანია "არა ჩადებას", რომელსაც პრეზიდენტის ოჯახის წევრები გვთავაზობენ, უფრო სამართალდამცავი ორგანოების დისკრედიტაციის მცდელობას ჰგავს. როდესაც ოპოზიციურმა პარტიებმა სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ მიზანმიმართული ნეგატიური კამპანიის წარმოება დაიწყეს, ველოდი, რომ პრეზიდენტი დაიცავდა ქვეყანაში სტაბილურობის გარანტს - პოლიციას. სამართალდამცავი ორგანოებისთვის ავტორიტეტის შერყევა სახელმწიფოს ძირს უთხრის, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ამ კამპანიაში ჩაერთო. მას მსგავსი საკითხებით მანიპულირება საზოგადოების მხარდაჭერას ვერ მოაპოვებინებს და ვერც საკუთარ პოლიტიკურ რეიტინგს გაზრდის. ისიც გაუგებარია, რატომ დაიწყო საარჩევნო მარათონი კონსტიტუციის სახელით, როდესაც პრეზიდენტის არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი. მას პოლიტტექნოლოგია კარგად ესმის და იცის, რომ მსგავსი შეხვედრების პიკი და მოპოვებული საზოგადოების მხარდაჭერა საარჩევნო თარიღს უნდა დაემთხვეს.

- ფიქრობთ, საპრეზიდენტო არჩევნები ვადამდე ჩატარდება?

- არ გამოვრიცხავ, მას საზოგადოებრივი მხარდაჭერა და მუხტი სჭირდება. ამიტომაც დაიწყო რეგიონებში შეხვედრები, სადაც კონსტიტუციის გარდა ყველა პოლიტიკურ საკითხზე საუბრობს, ეს ან არასწორად გათვლილი კამპანიაა, ან პრეზიდენტისგან უფრო სერიოზულ სიურპრიზებს უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ.

პ.ს. შეგახსენებთ, ამერიკის რესპუბლიკრი ინსტიტუტის (IRI) ბოლო კვლევით პოლიტიკოსთა რეიტინგში სწორედ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს.

რუსუდან შელია