"სამთავრობო ცვლილებები კარზეა მომდგარი"
31-03-2017
"სამთავრობო ცვლილებები კარზეა მომდგარი"
"დიდი ხანია, ქამრების შემოჭერის პოლიტიკის აღარავის სჯერა"

სამთავრობო სხდომაზე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მუნიციპალურ ტენდერებთან დაკავშირებით აღმოჩენილ დარღვევებს შეეხო. მისი განცხადებით, გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ფულით კომპანიები იგებენ ტენდე­რებს, დასაქმებულებს კი ხელფასს დროულად არ უხდიან. გიორგი კვირიკაშვილმა მსგავს ფაქტებზე მკაცრი რეაგირება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძეს და სამართალდამცავ სტრუქტურებს დაავალა. გამგებლების გაფრთხილების პარალელურად, სამთავრობო სხდომაზე ორთაჭალაში ახალი სამთავრობო ქალაქის მშენებლობაც დაანონსდა. პრემიერ-მინისტრის ინიციატივებს ექსპერტი გია ხუხაშვილი
აფასებს:

- დიდი ხანია ტენდერებისა და საბიუჯეტო თანხის ხარჯვასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს, თუმცა რატომღაც ამის დარეგულირება ხელისუფლებამ ჯერაც ვერ შეძლო - მეტიც, ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა ერთ კონკრეტულ პირთან სატენდერო გარიგებები, რის მთავარ არგუმენტადაც "გადაუდებელ აუცილებლობას" ასახელებენ. ეს ტენდენცია აშკარად კორუფციის ინდექსის მატების რისკზე
მიანიშნებს და არა მგონია, პრემიერის ერთმა განცხადებამ ვითარება გამოასწოროს - მსგავსი საკითხები სისტემურად უნდა წყდებოდეს და არა პერსონალიების დონეზე. თანაც, თუ ამ პრობლემას ხელისუფლების დონეზეც ამჩნევენ, გაფრთხილებით კი არ უნდა შემოიფარგლებოდნენ, გადაუდებელი აუცილებლობის" დეფინიციის მკაცრი გაწერა უნდა უზრუნველყონ, თუმცა, როგორც ჩანს, ცენტრალურ ხელისუფლებას გამგებლებთან კომუნიკაციაც უჭირს.

- რატომ, ცენტრალური ხელისუფლება რეგიონებში თვითმმართველ ორგანოებს ვერ მართავს?

- არა მხოლოდ მუნიციპალურ დონეზე, ხელისუფლება ზოგადად ეფექტიან მართვაში მოიკოჭლებს. ეს კარგად ჩანს წინააღმდეგობრივ გა­ნცხადებებშიც - წლის დასაწყისში ქამრების შემოჭერის პოლიტიკა და ოპტიმიზაცია დაგვიანონსეს, რეალურად კი ბოლო სამი თვის განმავლობაში ადმინისტრაციული ხარჯები გაზრდილია.

შევარდნაძის პრეზიდენტობიდან მოყოლებული, დიდი ხანია ქამრების შემოჭერის პოლიტიკის აღარავის სჯერა, თუმცა ამჯერად ოპტიმიზაციაც დაგვიანონსეს და რეალურად უარესი ვითარება შექმნეს. საჯარო სამსახურში საშუალო და დაბალი რგოლებისთვის ხელფასების შემცირება კი არ არის პრობლემის გადაჭრის გზა, სახელმწიფო ბიუჯეტის ეფექტიანი მართვაა აუცილებელი. ამის ნაცვლად კი პრემიერი ისევ ვირტუალურ მშენებლობებს გვთავაზობს, რისი მაგალითიც ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობაა.
როდესაც ეს ინიციატივა მოვისმინე, მაშინვე სააკაშვილი გამახსენდა. სწორედ მან იცოდა პრობლემების გადასაფარად გიგანტური ვირტუალური პროექტების დაანონსება. სააკაშვილი პროექტის დაანონსებისას, მინიმუმ, მაკეტს მაინც სთავაზობდა საზოგადოებას, პრემიერმა კი მხოლოდ ზეპირი ინიციატივა გააჟღერა ყოველგვარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების გარეშე - ნედლი ინიციატივა გაჟღერდა, რომელსაც ერთი ფურცელიც კი არ ახლდა თან.

- რატომ ფიქრობთ, რომ პრემიერი ინიციატივას წინასწარი შესწავლის გარეშე გააჟღერებდა?

- ეს მინისტრების სატელევიზიო კომენტარებში კარგად გამოჩნდა. ისინი სამთავრობო ქალაქის იდეის "გაპრავებას" უსუსურად ცდილობდნენ და ეტყობოდათ, რომ იდეის გარდა, სხვა ინფორმაცია არ ჰქონდათ. მეტიც, მერმაც კი ინფორმაცია ტელევიზიიდან შეიტყო და ორთაჭალაში ფართობის გამოყოფის კონკრეტული სამართლებრივი თუ საექსპერტო დოკუმენტაცია არ აღმოაჩნდა. ფაქტია, ხელისუფლება ფასადური ვირტუალური ფონის შექმნას ცდილობს, თანაც ისე, რომ მის მიერვე დაანონსებულ ოპტიმიზაციის პროცესს ეწინააღმდეგება. საბოლოოდ, ეს მოსახლეობას აღიზიანებს. როდესაც ქვეყანაში მძიმე სოციალური რისკები და პრობლემებია, ასეულმილიონიან პროექტზე მთავრობა არ უნდა გველაპარაკებოდეს.

- თუმცა, მეორე მხრივ, ოპოზიცია ხომ სწორედ იმას საყვედურობს ხელისუფლებას, რომ სახელმწიფოს როლი ეკონომიკის სტიმულირებაში მეტი უნდა იყოს?

- სამთავრობო ქალაქის მშენებლობაზე საუბრისას, უცნაური არგუმენტებიც მოვისმინეთ - მინისტრებს ერთმანეთთან უკეთესი კომუნიკაცია ექნებათო. წარმოგიდგენიათ, ხელისუფლება სამინისტროებს ერთად იმიტომ უყრის თავს, რომ მინისტრებს ერთმანეთთან მეტი კომუნიკაცია ექნებათ და ეს იმ ფონზე, როდესაც XXI საუკუნეში სახელმწიფოები ვიდეოკონფერენციებით იმართება. ანუ, მთავრობა აანონსებს, ერთმანეთთან მარტივად გადავირბენ-გადმოვირბენთო. გასაგებია, რომ ეკონომიკის სამინისტროს შენობა არა აქვს და ყოველთვიურად ქირას იხდის, ისიც გასაგებია, რომ შესაძლოა კულტურის სამინისტრო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად შეფასებულ შენობაშია განთავსებული, თუმცა გიგანტური ვირტუალური მშენებლობა ამას ვერ გადაწონის.
სანამ მოსახლეობა საკუთარ მაცივარზე არ იგრძნობს ეკონომიკურ კეთილდღეობას, ტელევიზორებიდან შეთავაზებულ ვირტუალურ განვითარებას არ დაიჯერებს.

რაც შეეხება სახელმწიფოს როლს ეკონომიკის სტიმულირებაში, ხელისუფლების ამოცანაა ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო გარემო შექმნას. თუმცა რატომღაც ვაშენებთ არა ნორმალურ კონკურენტულ ცივილიზებულ ურთიერთობებს, არამედ ნომენკლატურულ კაპიტალიზმს, სადაც ეკონომიკის დირექტორი ხელისუფლებაა. ეს უპერსპექტივო მცდელობაა, რაც წინა ხელისუფლების მმართველობის მაგალითზეც კარგად გამოჩნდა.

- "ქართულმა ოცნებამ" სწორედ აღნიშნული მმართველობა დააანონსა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, თუმცა საქართველოს შემთხვევაში სახელმწიფოს ნომინალურმა ჩარევამ ეკონომიკის სტიმულირებაში გაამართლა?

- იმიტომ ვერ გაამართლა, რომ პრობლემები ინსტიტუციურად ვერ აღმოიფხვრა. თუნდაც ე.წ. მოსმენების კანონი ავიღოთ - ხელისუფლებამ კერძო სექტორს დაავალა, მოსმენების კომფორტულად უზრუნველყოფისთვის კერძო კომპანიებმა დამატებითი თანხა გადაიხადეთო. მსგავსი დამოკიდებულება საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით მწვავე კითხვის ნიშნებს ბადებს. ამასთან, ხშირ შემთხვევაში სასამართლოც ვერ უზრუნველყოფს კეთილსინდისიერი მყიდველის ცნების დაცვას. დღეს მსოფლიოში ფულის კი არა, კარგი პროექტების ნაკლებობაა, პროექტების განხორციელებას კი სტაბილური გარემო სჭირდება. მთელ ამ პროცესში სამწუხარო ისაა, რომ ხელისუფლება მის მიერვე დაანონსებულ ღონისძიებებს ვერ ახორციელებს - რამდენიმე თვის წინ გამოცხადებულმა ოპტიმიზაციამ საბოლოოდ რადიკალურად განსხვავებული სახე მიიღო. ზოგჯერ, იმ დასკვნამდეც მივდივარ, რომ პრემიერის ბრძანებები სერიოზული ხარვეზებით ხორციელდება.

- ანუ კლანური მმართველობაა ხელისუფლებაში?

- სახელისუფლებო მართვის ცუდი სისტემა ჩამოყალიბდა, რომელსაც პრემიერთან კვეთა იშვიათად აქვს. ანუ, სახელმწიფო ინსტიტუციურად კი არა, კონკრეტული პირებისგან იმართება. არ დავაკონკრეტებ, რომელი გავლენიანი ჯგუფები ჩამოყალიბდა მთავრობაში, ეს ისედაც ყველამ იცის. როდემდე გაგრძელდება ეს, დრო გვიჩვენებს. ვფიქრობ, სამთავრობო ცვლილებები კარზეა მომდგარი.

რუსუდან შელია
01 აპრილი 2017 12:59
სისტემაა საშინელი და რაც არ უნდა მინისტრები შეცვალონ მაინც არაფერი შეიცვლება სასიკეთოდ.
d
31 მარტი 2017 16:43
ვინ ხართ, რა ჯიშისები ხართ,აზროვნების უნარი სულ დაკარგეთ ? რა დროს სამთავრობო ქალაქია,ქვეყანა იქცევა.საქართველოს მთავრობა ხართ თუ თბილისის.შეწყვიტეთ თბილისში უაზრო მშენებლობები და მიხედეთ დაცარიელებულ რეგიონებს.უცხოტომელები რომ ითვისებენ.რას დაამსგავსეთ თბილისი.ევროპაში რომ ჩადიხართ თვალებდახუჭულები დადიხართ ?ვერ ხედავთ 4-5 სართულზე მაღალ სახლებს რომ ერიდებიან ?არ ვართ ქართველები ამდენი.ვისთვის შენდება.უცხოელი რომ ყიდულობს ერთჯერადი მოგებაა და მომავალ თაობებს უტოვებთ პრობლემებს.სამაჩაბლოს და აფხაზეთის შემხედვარეებმა ჭკუა ვერ უნდა ისცავლოთ?
3333
31 მარტი 2017 15:42
დაქცეული ქვეყანა!

რედაქტორის რჩევით