"არ უნდა დავუშვათ, რომ საეჭვო პირებმა მიიღონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა" - კვირის პალიტრა

"არ უნდა დავუშვათ, რომ საეჭვო პირებმა მიიღონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა"

ევროკავშირის ქვეყნებში ქართული პასპორტებით უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა არაერთ უცხოელს უჩენს საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილს. რომელი ქვეყნებიდან ითხოვენ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას, ამ საკითხით დაინტერესდა "კვირის პალიტრა" და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან ოფიციალურად გამოვითხოვეთ ინფორმაცია, რომელიც 2015 წლის 1-ლი მარტიდან 2017 წლის 1-ლ მარტამდე პერიოდს მოიცავს. სტატისტიკური მაჩვენებლები საინტერესო აღმოჩნდა, რაზე დაყრდნობითაც "ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის" დირექტორმა, ბადრი ნაჭყებიამ ყურადღება მნიშვნელოვან ტენდენციებზე გაამახვილა:

- მონაცემები მნიშვნელოვან ტენდენციებს გვაჩვენებს. მზარდია იმ ემიგრანტთა რაოდენობა, ვისაც საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურთ. საქართველო უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით ახალ ფუნქციას იძენს და არ უნდა დავუშვათ, რომ არაკეთილმოსურნეებმა ამით ისარგებლონ. სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობით უნდა დადგინდეს, რატომ უნდა ამა თუ იმ პირს საქართველოს მოქალაქეობის მიღება, თავად საიდან არის, რომელ რელიგიურ ჯგუფს ეკუთვნის და ა.შ.

მსოფლიოში ტერორისტული აქტების ალბათობა გაიზარდა. შეიძლება ტერაქტის მომწყობთ არა აქვთ ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირი, მაგრამ ეცნობიან ტერორისტულ ლიტერატურას, იდეოლოგიას, უყურებენ სპეციალურ გადაცემებს. მოკლედ, ისინი თვითგანათლებას იღებენ და ისე აწყობენ ტერაქტებს. სწორედ ასეთი ტერაქტებია ძნელად გამოსაძიებელი.

ლონდონის ტერაქტსაც ისეთი ხელწერა აქვს, რომ ინდივიდის მიერ ჩადენილ დანაშაულს ჰგავს და რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან მის კავშირს გამოვრიცხავ. ცხადია, არაფერს ნიშნავს ის, რომ ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ასე რომ, არ უნდა დავუშვათ, საეჭვო პირებმა მიიღონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა, რომელთაც ევროკავშირის ქვეყანაში გადასვლის შესაძლებლობა მიეცემა.

- ერაყის, სირიის, ავღანეთის, ლიბიის მონაცემებზე რას გვეტყვით?

- ერაყიდან 50, სირიიდან 28, ლიბიიდან 14, ხოლო ავღანეთიდან 1 პირი საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ითხოვს. ამ ქვეყნებიდან არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველთა რაოდენობის ზრდას, არამედ არალეგალურ ლტოლვილთა ნაკადებსაც უნდა ველოდოთ. მით უფრო, რომ მეზობელ სახელმწიფოებთან კარგად კონტროლირებული საზღვრები არა გვაქვს.

განსაკუთრებით საინტერესოა თურქეთის მოქალაქეებთან დაკავშირებული სტატისტიკა. 2015 წლის 1-ლი მარტიდან 2017 წლის 1-ლ მარტამდე 724-მა თურქმა მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობა.

თურქეთი გახდა ის ქვეყანა, სადაც თავს იყრის სხვადასხვა სახის ტერორისტული ორგანიზაცია. ერთხანს თურქეთს "ისლამურ სახელმწიფოსთან" პრობლემები არ ჰქონდა, თუმცა დაახლოებით ერთი წელია, რაც მასთან ურთიერთობა დაეძაბა. თურქეთს დღეს ძალიან უჭირს, მას ლტოლვილების სახით დიდი ტვირთი აწევს.

გარდა ამისა, თურქეთს აქვს სერიოზული შიდა პრობლემები და არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ დღეს თუ ხვალ იქიდან ლტოლვილთა დიდი ნაკადი წამოვიდეს. ამას ხელს შეუწყობს ისიც, თუკი კიდევ უფრო დაიძაბება ურთიერთობა ქურთებსა და ქურთულ ორგანიზაციებთან, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზე სერიოზულ ნიშას იკავებენ. თურქეთში სამ მილიონზე მეტი ლტოლვილია სირიიდან და ერაყიდან. ეს ოფიციალური მონაცემებით, სხვა წყაროებით კი მათი რაოდენობა 5 მილიონსაც კი აღწევს. არ არის გამორიცხული, ბევრმა მათგანმა თურქეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობაც მოითხოვოს, დაიწყოს პასპორტებით მანიპულირება და ა.შ.

შესაძლოა, ზოგიერთი ეძებდეს საშუალებას, როგორმე ევროპაში გადავიდეს, ან საქართველოში დარჩეს. ჩვენთვის არც პირველი ვარიანტია სასურველი და არც მეორე. ამიტომ ამ პირებზე თურქეთის სახელმწიფოსა და სპეცსამსახურთან მაქსიმალური თანამშრომლობით უნდა მოვიპოვოთ სრული ინფორმაცია.

- რუსეთიდან 6.280 მოქალაქე ითხოვს საქართველოს მოქალაქეობას.

- სამწუხაროდ, არ ვიცით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა შორის რამდენი ჩრდილოკავკასიელია. არ არის გამორიცხული, რომ ეს სეგმენტი ჩვენთვის პრობლემად იქცეს.

- ასევე 934 სომეხს სურს საქართველოს მოქალაქეობის მიღება.

- სომხეთი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა, რომლის ბაზებიც სომხეთის ტერიტორიაზეა. რასაკვირველია, რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურს იოლად შეუძლია სომეხი მოქალაქეები გამოიყენოს და მათი მეშვეობით შექმნას აგენტურული ქსელი ჩვენს ტერიტორიაზე, რასაც სასურველ დროს დესტაბილიზაციისთვის გამოიყენებს.

რაც შეეხება ინდოეთსა და იორდანიას, სადაც ტერორისტული ორგანიზაციები აქტიურობენ, ინდოეთიდან 21 პირი ითხოვს საქართველოს მოქალაქეობას, იორდანიიდან კი 35. ვფიქრობ, დანარჩენი ქვეყნებიდან საფრთხე ნაკლებად გვემუქრება...

- ირანიდან 250 კაცი ითხოვს საქართველოს მოქალაქეობას...

- ირანთან დაკავშირებით სერიოზულ პრობლემას ვერ ვხედავ. თუმცა კონტროლის მექანიზმი მაინც გამკაცრებული უნდა გვქონდეს, წელს ირანიდან მილიონ ტურისტს ველოდებით. კონტროლი კონტრაბანდის შემოტანის თვალსაზრისითაც ზედმიწევნით უნდა გამკაცრდეს. არის შემთხვევები, როცა საბარგულებით ან კონტეინერებით გადაჰყავთ ემიგრანტები. გახშირდება კონტრაბანდული საქონლის გატანის მცდელობაც. საერთაშორისო ნარკოტრაფიკთან დაკავშირებული დანაშაულის რაოდენობაც მოიმატებს, ვიღაც ამ მიზნით საქართველოსთვის ახალი ფუნქციის მინიჭებასაც შეეცდება. მთავარი საფრთხე კი ისევ ტერორიზმია...

- ზოგიერთი ექსპერტი სოციალურ ქსელებში წერს, რომ საქართველოს ტერიტორიაზეც იგეგმება ტერაქტების მოწყობა...

- საერთაშორისო ტერორიზმის მიზანია, დესტაბილიზაცია დიდ და განვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ და ევროკავშირის ქვეყნები, შემდეგ უკვე თურქეთი ან თუნდაც რუსეთი. საერთაშორისო ტერორიზმს თვითრეკლამა და საზოგადოებაზე ზემოქმედება სჭირდება და ადგილსაც ამის მიხედვით არჩევს.

განცხადება, რომ საქართველოში ტერაქტებია მოსალოდნელი, ჩვენთვის შესაძლოა, ძალიან დამაზიანებელი აღმოჩნდეს. სხვათა შორის,

როცა სოციალურ ქსელებში ე.წ. ექსპერტები ტერაქტებთან დაკავშირებით ვარაუდებს გამოთქვამდნენ, ხალხმა ისიც გაიხსენა, თუ როგორ ცდილობდნენ არაკეთილმოსურნეები ცოტა ხნის წინ მულტირელიგიური კონფლიქტის აგორებას აჭარაში. ამიტომაც გამოითქვა ვარაუდი, არ არის გამორიცხული, რომ მავანმა ქვეყანაში დესტაბილიზაციის გასამძაფრებლად ტერორისტული აქტი გამოიყენოსო.

ჩვენ ასეთი აზრის მუსირებაც კი სახიფათოდ უნდა მივიჩნიოთ.

საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველთათვის კანონმდებლობა შესაძლოა, გამკაცრდეს

ქართული პასპორტის აღება გამარტივებული წესით შეუძლია საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებულ უცხოელს; ასევე, რეპატრიანტის სტატუსის მქონეს. იმავდროულად, საქართველოს პრეზიდენტს ("საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის მე-17 მუხლის თანახმად) უფლება აქვს, გამონაკლისის წესით მიანიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა.

ეკა ასათიანი