"ქვეყანაში მთავარი "ბიზნესმენი" მთავრობაა!" - კვირის პალიტრა

"ქვეყანაში მთავარი "ბიზნესმენი" მთავრობაა!"

"არ გამოვრიცხავ, ლაშა ჟვანიას დაპირისპირება ჰქონოდა ადეიშვილთანაც, რომლის ძმა ხეტყის ბიზნესშიც არის ჩარეული"

სახელისუფლებო გუნდში დაპირისპირებაზე, ფულისა და ძალაუფლებისთვის ბრძოლაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ალეკო შალამბერიძე გვესაუბრება:

- სააკაშვილის მთავარი მიზანი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება იყო. რადგან ეს არ მოხდა, როგორც პოლიტიკოსი, ის აღარ არსებობს. საკადრო ცვლილებები მხოლოდ ყარაულის ცვლაა და ვერაფრით შეცვლის მის მცდარ პოლიტიკას.

კარგად ვიცნობ ეკონომიკური განვითარების ახალ მინისტრ ზურაბ პოლოლიკაშვილს. მან კარგად იცის, რას ნიშნავს თავისუფალი ეკონომიკა, მაგრამ სააკაშვილი ჩაკეტილი, კონტროლირებადი  ეკონომიკის მომხრეა. მის გარეშე არავინ არ უნდა გააკეთოს ფული. ხელისუფლებაში ძალაუფლებისა და გავლენისათვის ბრძოლაა, რასაც შეიძლება ფულისთვის ბრძოლაც ვუწოდოთ. ამას შეეწირა ლაშა ჟვანიაც მას ყოფილი "დემოკრატების" გუნდი დაუპირისპირდა. ეს ინტერესი გიგა ბოკერიას ინტერესსაც დაემთხვა. ეს იქიდანაც ჩანს, რომ საკადრო ცვლილებები ხდება ელჩების ხარჯზე, რომლებზეც დიდი ზეგავლენა აქვს ბოკერიას. ელჩების დანიშვნა პოლიტიკურ თანამდებობებზე სწორედ მისი დამსახურებაა.

- რის გამო დაუპირისპირდა ჟვანია ყოფილი "დემოკრატების" გუნდს?

- როგორც ჩანს, ძალაუფლებისათვის ბრძოლაში ჟვანია გადაეღობა წინ გუნდის ინტერესს. ამის მერე იწყება "ჩხიკინი". ხომ გახსოვთ, სალომე ზურაბიშვილი როგორ გაათავისუფლეს თანამდებობიდან? მაშინ ზურაბიშვილმა კოტე გაბაშვილის ინტერესი არ დააკმაყოფილა (თუ კარგად მახსოვს, ვიღაც არ დაუნიშნა თანამდებობაზე) და პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო.

ქვეყანაში ერთპარტიული სისტემაა და რადგან ცოცხალი ორგანიზმი სტაგნაციას ვერ იტანს, მის შიგნით მიმდინარეობს დუღილი. როდესაც ორთქლის გამოშვების დრო დადგება, ე.წ. გუნდი არასასურველ პირებს გამოაძევებს ხოლმე.

ე.წ. დემოკრატების გარდა, სახელისუფლებო გუნდში არის დედაქალაქის მერისა და ბოკერიას ჯგუფი. აქამდე ცალკე გუნდად მოიაზრებდნენ ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ამ გუნდიდან ადეიშვილის გამოყოფას, რომელიც ძალიან დაახლოებულია პრეზიდენტთან. ადეიშვილი სააკაშვილის გარემოცვაში ერთ-ერთ ჭკვიან და ანგარიშგასაწევ კაცად ითვლება. მას არ ახასიათებს სააკაშვილის სხვა თანაგუნდელებივით გამოხდომები, რამაც არაერთხელ დააზარალა მმართველი გუნდის ინტერესები. მიუხედავად იმისა, რომ მის ძმაზე ამბობენ, კახეთს აკონტროლებსო, ადეიშვილს, სხვებისაგან განსხვავებით, ჯერჯერობით პრობლემა არ შეუქმნია სააკაშვილისთვის. არ გამოვრიცხავ, ლაშა ჟვანიას დაპირისპირება ჰქონოდა ადეიშვილთანაც, რომლის ძმა ხეტყის ბიზნესშიც არის ჩარეული. ჟვანიამ ხეტყის გატანა შეზღუდა, შეზღუდა მიწების პრივატიზაციაც.

ხელისუფლებაში ყველა კერძო ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. ჟვანია ამბიციური კაცია. შიდასახელისუფლებო ავტორიტეტებს არ შეეპუა და ამიტომაც მოიტეხა კისერი. მას პრეზიდენტთან მეგობრობამაც ვერ უშველა. როდესაც ჟვანიამ გილაურისა და სააკაშვილის პოლიტიკა ერთმანეთისაგან გამიჯნა, ოლღა ბებიას ნათქვამი გამახსენდა, სად ნახა ზურიკოს მასწავლებელმა ჩემი კბილებიო. სად ნახა ჟვანიამ გილაურის ან სააკაშვილის ეკონომიკური პოლიტიკა, რომ  ერთი დაიწუნა და მეორე ასე მოსწონს?

დღეს ბიზნესმენები სახელისუფლებო ელიტის წარმომადგენლები არიან. მთავრობის ყველა წევრი, რომელსაც ინვესტიციის შემოტანა აქვს დავალებული (და ეს თითქმის ყველას დაავალა სააკაშვილმა), სოლიდურ წილს იღებს ინვესტიციიდან.

- საზოგადოებას ახსოვს შს მინისტრი მერაბიშვილი როგორ ხსნიდა "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიებს, ახლა რატომ შეიცვალა ამ კომპანიისადმი დამოკიდებულება?

- "ელიტ ელექტრონიქსის" მეპატრონე ქოქოლაძეა, რომელიც ხშირად ეხმარებოდა "ნაციონალურ მოძრაობას". ეტყობა, ფული აღარ მისცა და მუშაობის საშუალება აღარ მისცეს. როგორც ჩანს, ადრე ვანო მერაბიშვილი იყო ამ კომპანიის "კრიშა" და ახლა უარი თქვა. "ელიტ ელექტრონიქსის" ამბებში გააქტიურდა მეორე - უგულავას ჯგუფი, რომელიც ცდილობს კომპანიის თანამშრომელთა უკმაყოფილება ჩაახშოს და "კარგი ბიჭის" როლი ითამაშოს პრეზიდენტთან, - აქაოდა, ვინც კომპანიის თანამშრომლები აამხედრა, ცუდი ბიჭია და მის გაფუჭებულ საქმეს მე ვასწორებო. უგულავა თავისი "აქციების" გაზრდას ცდილობს, რათა მეტი ძალა შეიძინოს და მეტი ფული იშოვოს.  ამ ეპიზოდიდანაც ჩანს, რომ მერაბიშვილსა და უგულავას შორის დაპირისპირებაა. ასე რომ არ იყოს, უგულავა არ მივიდოდა "ელიტ ელექტრონიქსის" თანამშრომლებთან.

ქვეყანაში მთავარი ბიზნესმენი მთავრობაა და სანამ ასე იქნება, რიგითი მოქალაქეები ფულს ვერ იშოვიან. სააკაშვილს და ე.წ. მის გუნდს ქართული ეკონომიკა ფეხქვეშ აქვთ მოქცეული. ყველა დიდი ობიექტის თუ საწარმოს პრივატიზება-გასხვისებას პირადად სააკაშვილი წყვეტს.

- საშემოდგომოდ სამთავრობო კარუსელს კიდევ ელიან.

- ეს მოლოდინი იმიტომ გაჩნდა, რომ გილაურმა "ყვითელი აუნთო" კვიტაშვილსა და რურუას. კვიტაშვილი წესიერი კაცია, მაგრამ ის ვერ ააშენებს 100 საავადმყოფოს, რომლის იდეის ავტორი სააკაშვილია. მხოლოდ დიქტატორების არაორდინარულ ტვინებში იბადება 100 საავადმყოფოსა და 50-კვირიანი აღმშენებლობის პროექტები. ძალიან კარგი პიროვნება და პროფესიონალია დავით სიხარულიძე. ის და რურუა ერთ გუნდში მოიაზრებიან. რაკი რურუა გააფრთხილეს და სიხარულიძე თავდაცვის სამინისტროდან წამოიყვანეს, ე.ი. ეს გუნდი დასუსტდა, სხვა დაჯგუფებამ აჯობა.

თუ სააკაშვილს ძალიან გაუჭირდა, ყველაზე ერთგულ თანამებრძოლებსაც გაწირავს. არ გამოვრიცხავ, გადარჩენისთვის მომავალ გაზაფხულზე უგულავასაც შეელიოს.

დღეს სააკაშვილია პრეზიდენტიც, პარლამენტის თავმჯდომარეც, უზენაესი სასამართლოც, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეც, ყველა სამინისტროს ხელმძღვანელიც, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც, ადგილობრივი ხელისუფლებაც და გენერალური პროკურორიც... არის დამსჯელიც და შემწყალებელიც. ლოზუნგი - "გადადგეს სააკაშვილი!" არასწორად მიმაჩნია. თუ სისტემა და ძალაუფლების გადანაწილების პრინციპი არ შეიცვალა, ერთი დიქტატორი წავა და მეორე მოვა. პრეზიდენტის ძალაუფლება უნდა შეიზღუდოს. ხალხო, ნუ ვიბრძოლებთ ვიღაცის ტახტზე მოსაყვანად. ამ სისტემაში კარგი მმართველიც კი დიქტატორად იქცევა. ოპოზიციამ თავი უნდა დაანებოს გატკეპნილი გზით სიარულს და რაღაც ახალი მოიფიქროს. მას მართებს იმის გათვალისწინებაც, რომ შესაძლოა, რაღაც მოულოდნელიც მოხდეს. დღეს სააკაშვილი სკამს არ თმობს, მაგრამ შესაძლოა, მასაც დაუცდეს ფეხი ან შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რომ სააკაშვილი წალეკოს და სკამიდან გადააგდოს.

- რამ შეიძლება შექმნას ასეთი ვითარება?

- თუნდაც  ტალიავინის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამ. თუ ასე მოხდა, შეიძლება აღმოვჩნდეთ უხელისუფლებოდ და ქვეყანა ქაოსმა მოიცვას. ოპოზიციამ შემოდგომაზე უნდა მიაღწიოს ვადამდე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, ეცადოს, ძალაუფლება ჩამოართვას პრეზიდენტს და ის მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურად დატოვოს. 26 მაისამდე ოპოზიციაში ჰქონდათ ილუზია, სააკაშვილი მიდისო და ერთმანეთთან ბრძოლა დაიწყეს. ოპოზიციისა და საზოგადოებისათვის შემკვრელი იდეა საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლა გახდება, რომელიც პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვაზე გადის. თუ ოპოზიცია ჭკუას არ იხმარს, ისევ ნაციონალებში მოხდება განხეთქილება და სააკაშვილის რომელიმე თანამებრძოლი მოგვევლინება პრეზიდენტად.

- უკაცრავად, მაგრამ მსგავსი განცხადებების გამო კიდევ არ გაგრიცხეს "ნაციონალური მოძრაობიდან"?

- არც პარტიიდან მრიცხავენ, არც სამსახურიდან მაგდებენ და არც ჩემს სატელეფონო ზარებს პასუხობენ.