"დემოკრატიისთვის მიუღებელია პოლიტიკა ქალის გარეშე" - კვირის პალიტრა

"დემოკრატიისთვის მიუღებელია პოლიტიკა ქალის გარეშე"

"მყარი ნიადაგი იქმნება იმისათვის, რომ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ქალი გახდეს", - განაცხადა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ მას შემდეგ, რაც სოზარ სუბარი ამ პოსტისთვის მებრძოლთა რიგებს თავისი სურვილით გამოეთიშა. გახდება თუ არა საკრებულოს თავმჯდომარე ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატი ინგა გრიგოლია, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს, საზოგადოდ კი პოლიტიკურ თანამდებობებზე ქალების მუშაობას უმაღლეს შეფასებას აძლევენ უცხოელი ექსპერტები.

სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორ დრუდ დალერუპის აზრით, საქართველოში რადიკალურად შეიცვლება ვითარება, თუ ქალები მრავლად იქნებიან პარლამენტსა და მთავრობაში. საქართველოს დღეს ძალიან სჭირდება ქალების დამაბალანსებელი და გაწონასწორებული პოლიტიკა, რომელიც სწრაფად განმუხტავს მუდმივად საჩხუბრად განწყობილი პოლიტიკოსი მამაკაცების მიერ შექმნილ დაძაბულობას. ამასთან, დრუდ დალერუპის თქმით, პოლიტიკოსი ქალი ვერაფერს შეცვლის, თუ მის გარემოცვაში გენდერული ბალანსი არ იქნება დაცული. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკოსი ქალი მხოლოდ სარეკლამო სახე იქნება თავისი გუნდისთვის და ყოველთვის იმ ინტერესების გატარება მოუწევს, რომელსაც მისი პარტიის წევრი მამაკაცები მიიჩნევენ მართებულად.

"ალიანსი საქართველოსთვის" საარჩევნო 64-კაციანი სიის სათავეშიც ქალია, თინა ხიდაშელი, მაგრამ უცხოელი ექსპერტის აზრით, ეს არაფერს ცვლის, რადგან სქესობრივი თანასწორობა არც ერთ პარტიაში არ არის დაცული.

დრუდ დალერუპი: - მე იმ ქვეყნიდან ვარ, სადაც პარლამენტის 47%-ს ქალები შეადგენენ, მაშინ, როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი ევროპაში, საქართველოს ჩათვლით, მხოლოდ 20%-ია. დასანანია, რომ პოლიტიკოსი ქალების კვოტის მიხედვით საქართველო ძალიან მოიკოჭლებს, პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ამ მაჩვენებლით ბოლო ადგილზეა და აფრიკული ქვეყნებიც უსწრებენ. განა გასაკვირი არ არის, იმ ქვეყანაში, რომელსაც ჯერ კიდევ XII საუკუნეში ჰყავდა ქალი მეფე და რომელმაც ქალს ხმის მიცემის უფლება მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა მიანიჭა ჯერ კიდევ 1918 წელს, პოლიტიკაში გენდერული ბალანსი დაცული არ იყოს?!

- რა მიგაჩნიათ ქართულ პოლიტიკაში გენდერული დისბალანსის მიზეზად?

- სიების შედგენისას პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელი მამაკაცები არჩევანს თავიანთი სქესის სასარგებლოდ აკეთებენ, რასაც მსოფლიოში "ძველი ბიჭების" ქსელს უწოდებენ. უკვე ორმოცდაათმა ქვეყანამ მოახერხა ამ ქსელის განეიტრალება და პარლამენტებში ქალთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაზარდა.

საქართველოს დემოკრატიას ღრმა ფესვები აქვს და მის გამოუყენებლად ვერ შექმნით მომავალს. პოლიტიკოსებს უნდა ახსოვდეთ ისტორია, რათა ნაკლებად დაუშვან შეცდომები. ქართველმა პოლიტიკოსმა მამაკაცებმა არ უნდა დაივიწყონ, რა როლს თამაშობდნენ ქალები საქართველოს ისტორიაში.

- როგორ უნდა გაირღვეს "ძველი ბიჭების" ქსელი საქართველოში?

- ლოდინი არაფერს მოგცემთ. მაგალითი უნდა აიღოთ იმ ქვეყნებისგან, რომელთაც კვოტები მოიპოვეს და ქალთა წარმომადგენლობა გაზარდეს. ეს პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გააკეთონ.

გავოცდი, რომ გავიგე, თურმე გყავთ კონსტიტუციური კომიტეტი, სადაც არც ერთი ქალი არ არის. ეს აბსოლუტურად არადემოკრატიული მიდგომაა. ამის შემდეგ ვერავინ დამაჯერებს, რომ საქართველოში პოლიტიკაში ქალების კვოტის გაზრდაზე იზრუნებს ვინმე.

შვედეთის ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ზებრისებური სია გააკეთა: ქალი, კაცი და ა.შ. მემარცხენეებმა და "მწვანეებმაც" გაამრავლეს სია ქალებით და შვედეთში რადიკალურად შეიცვალა პოლიტიკური სურათი. თუმცა ამის მიღწევა ძალიან რთული იყო. რა უნდათ პოლიტიკაში ქალებსო, გაიძახოდნენ შვედი მამაკაცები, მაგრამ პრაქტიკამ საწინააღმდეგო შედეგი აჩვენა.

- კონკრეტულად?

- შეცვალა დებატების შინაარსი და ფორმა, პროცესები საქმიანი გახდა და საუნებსა და რესტორნებში გვიან ღამემდე გართობის თანხლებით აღარ განიხილება სერიოზული საკითხები. მაგალითად, ფინეთში ტელევიზიის პირველმა დირექტორმა ქალმა საუნაში შეუთვალა ჩინოსნებს, მრგვალ მაგიდასთან მინდა უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საუნაში მოგაკითხავთო. მამაკაცებმა, რომლებიც საუნაში ლაყბობდნენ და ლუდს სვამდნენ, იფიქრეს, იხუმრაო, მაგრამ შეცდნენ, დირექტორი პირსახოცშემოხვეული შევიდა საუნაში, სადაც ყველა მამაკაცი შიშველი იყო. ასე აიძულა ისინი, მოლაპარაკების მაგიდას მისხდომოდნენ და ქალთან სავსებით სერიოზულად ესაუბრათ საქმეზე.

მამაკაცისთვის ფეხბურთის თამაშის მსგავსია პოლიტიკაში მოღვაწეობა, ქალები კი მოითხოვენ შეიცვალოს და რეალურად საქმიანი გახდეს პოლიტიკა და არ ჰგავდეს გასართობ თუ თავშესაქცევ სფეროს.

- ქართველი პოლიტიკოსი მამაკაცების მოქმედებაც თავის შექცევას ჰგავს?

- საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა, სადაც, ვიმედოვნებ, დემოკრატიის ხარისხი უთუოდ გაიზრდება. ამბობენ, ომი გვქონდა, ამიტომ კრიზისი გვაქვს და ქალებმა უნდა მოიცადონ, ჯერ მათი დრო არ მოსულაო. ეს არასწორი შეხედულებაა, პირიქით, ქალებმა უნდა შეცვალონ არსებული მძიმე ვითარება და ქვეყანა წინ წავა. ამის მაგალითია არგენტინა და რუანდა, სადაც პოლიტიკური ცვლილებების, სამოქალაქო ომის შემდეგ ქალებმა აიღეს ხელში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა, პოლიტიკაში, ყველა საზოგადოებრივი საფეხურის წარმომადგენელი ქალები მოვიდნენ, ახალგაზრდები, ხანდაზმულები და მათ უკვე აქვთ შედეგი.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელ ქალებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში ქალები, რომლებიც დღეს არიან პოლიტიკაში, არ არიან სრულუფლებიანი პოლიტიკური სუბიექტები. მხოლოდ მათ სახესა და სახელს იყენებენ მამაკაცები პარტიის წარმატებისთვის. ასეთი პრობლემა იქმნება იქ, სადაც ქალების რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს ქვემოთაა. ქალები ისეთი რაოდენობით უნდა მოვიდნენ პოლიტიკაში, რომ ანგარიშგასაწევი ძალა გახდნენ. თუ მათი რიცხვი გადააჭარბებს კრიტიკულ ზღვარს, მაშინ შეძლებენ ბევრი რამის შეცვლას.

მე მაქვს ორი საინტერესო სურათი, რომელიც გარკვევით გვიჩვენებს, რას ჰქვია დემოკრატია. ერთ ფოტოზე გამოსახულია მარგარეტ ტეთჩერი ასი კაცის გარემოცვაში, მეორეზე კი ნორვეგიის პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი, რომელმაც მთავრობაში ქალებისა და კაცების თანაფარდობა - 50/50 მოითხოვა. დემოკრატიისთვის მიუღებელია პოლიტიკა ქალის გარეშე და კიდევ უფრო მიუღებელია, თუ ქალი ქალს მხარს არ უჭერს. ამ ქალების საყურადღებოდ ერთხელ მადლენ ოლბრაიტმა თქვა, არის ჯოჯოხეთში ერთი ადგილი, სადაც ის ქალები ხვდებიან, რომლებიც მხარს არ უჭერენ ქალებსო.