"ისიამოვნეთ ევროპით"- საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა - კვირის პალიტრა

"ისიამოვნეთ ევროპით"- საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა

დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში გადაადგილება უკვე უვიზოდ შეუძლიათ. ბიომეტრული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით ისარგებლებენ.

უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას. გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია, რომლებთანაც სავიზო რეჟიმი შენარჩუნდება.

უვიზო რეჟიმის ამოქმედების ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიის წარმომადგენლებთან და მთავრობის წევრებთან ერთად, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან უძველესი ცივილიზაციის დედაქალაქში - ათენში, შემდეგ კი, ევროპის პოლიტიკურ ცენტრში - ბრიუსელში უვიზოდ გაემგზავრა.

პრემიერ-მინისტრმა აეროპორტიდან საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება მიულოცა: "დღეს არის ისტორიული დღე. დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის საბოლოოდ იხსნება უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა შენგენის ქვეყნებში. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, უკეთ გაიცნონ ევროკავშირი, უკეთ შეიცნონ ის ღირებულებები, რაზეც დგას ევროკავშირი. ეს არის ჩვენი სტუდენტებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა, ჩაერთონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში."

მიხეილ ჯანელიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი:

"ეს არის ნამდვილად ისტორიული ვიზიტი და მგზავრობა. საქართველოს მოქალაქეები დღეიდან შეძლებენ საქართველოს პასპორტით გაემგზავრონ შენგენის ვიზაში და გადაადგილდნენ ევროპის ქვეყნებში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე".

საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ულოცავენ ევროპელი ლიდერებიც.

დალია გრიბაუსკაიტე, ლიტვის პრეზიდენტი:

„საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპისკენ გზა გაიხსნა! უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ! გილოცავთ“.

იოჰანეს ჰანი, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი:

"გულწრფელად ვულოცავ საქართველოს და მის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას, რომელიც ძალაში დღეს შევიდა. ისიამოვნეთ ევროპით".

„საქართველოს მოქალაქეებს აღარ სჭირდებათ ვიზა მოკლევადიანი მოგზაურობისთვის ევროკავშირში. ეს შესაძლებელი გახდა ახალი რეგულაციის წყალობით, რომელიც დღეიდან შევიდა ძალაში“, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"