"როცა გადამეყრები, ერთ "ნათლობის" პანჩურს ამოგცხებ" - რატომ დაუპირისპირდნენ ამჟამინდელი და ექსნაციონალები ერთმანეთს?! - კვირის პალიტრა

"როცა გადამეყრები, ერთ "ნათლობის" პანჩურს ამოგცხებ" - რატომ დაუპირისპირდნენ ამჟამინდელი და ექსნაციონალები ერთმანეთს?!

უკვე რამდენიმე დღეა "ნაციონალური მოძრაობის" ამჟამინდელ და ყოფილ წევრებს, მეტიც, ლიდერებს შორის დაპირისპირება არ წყდება, რაც ძირითადად სოციალურ ქსელში მიმდინარეობს. ყველაფერი კი 27 მარტს "ევროპული საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული მილოცვის ტექსტით დაიწყო.

"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამემამულეებს ულოცავს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის დაწყებას. 2012 წელს დაწყებული ეს პროცესი 2017 წლის 28 დიდი შრომის და ბევრი ადამიანის თავდადების შედეგად დღეს წარმატებით დასრულდა. ეს საქართველოს ყველა მოქალაქის დამსახურებაა. გილოცავთ, ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე ამ უმნიშვნელოვანესი ეტაპის წარმატებით გადალახვას და გისურვებთ თავისუფალ, ერთიან, განვითარებულ, უსაფრთხო და ევროპულ საქართველოს".

როგორც აღმოჩნდა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს ვიზლიბერალიზაციის დაწყების თარიღად 2012 წელი ძალიან არ ესიამოვნათ.

"ევროქოცებს" შეგნებულად არ გეძახდით და არც ვაპირებდი. მაგრამ, ის, რომ საქართველოს ევროპისკენ 2012 წლიდან დაუწყია სვლა, მხოლოდ "ევროქოცს" მოუვიდოდა თავში.

ამიტომ, ნათლობას გილოცავთ! ამ დიდებული განცხადების მერე, ჩემს თვალშიც "ევროქოცები" გახდით. თქვენი არჩევანია და არ შემიძლია, პატივი არ ვცე", - დაწერა "ფეისბუკის" პირად გვერდზე გიორგი არველაძემ, რასაც დიდი სჯა-ბაასი, მეტიც ლანძღვა-გინებაც კი მოჰყვა.

როგორც არველაძის გევრდიდან ჩანს, მას თვით გიგი უგულავა გამოეხმაურა და საკმაოდ უცენზუროდაც. "როცა გადამეყრები, ერთ "ნათლობის" პანჩურს ამოგცხებ (მეტ დროს და ენერგიას შენ არ იმსახურებ). მანამდე იმედია, წაკითხულიდან შინაარსის გამოტანას ისწავლი. გასაგებია!" - ვკითხულობთ არველაძის სტატუსის კომენტარებში.

მოგვიანებით ამ საკითხს გამოხმაურა სერგი კაპანაძეც:

"ვიზალიბერალიზაციაზე "ევროპული საქართველოს" განცხადება არის ჩემი დაწერილი. ასე რომ, ნაცქოც სექტანტებს შეგიძლიათ აქეთ მომართოთ თქვენი ენერგია (თუ კიდევ დამრჩით ფრენდებში).

ახლა გიხსნით ადამიანური ენით, თუმცა, კარგად მესმის, რომ იმ სექტისთვის, რომლადაც მართლა ჩამოყალიბდით, ადამიანური ენა გაუგებარია.

ვიზების ლიბერალიზაციის პროცესი დაიწყო 2012 წლის ივნისში, ჩვენი ხელისუფლების დროს. "ქოცები" იძახიან, რომ დაიწყო 2013-ში.

2012 წელს ჩვენ ვიყავით ისევ ხელისუფლებაში. მთელი წელი. ესენი 2012 წლის ოქტომბრის ბოლოს შევიდნენ კაბინეტებში და ისე არ გაუკეთებიათ არაფერი იმ წელს ვიზალიბერალიზაციისთვის, როგორც იმ სექტის წევრების უმრავლესობას, რომლებმაც გნიასი ატეხეს.

დიახ, ვიზების ფასილიტაცია გაცილებით ადრე დაიწყო, აღმოსავლეთ პარტნიორობასთან ერთად 2009 წელს, მერე ამას მოჰყვა ფასილიტაციის და რეადმისიის ხელშეკრულებები 2010-2011 წლებში. ეს ყველაფერი წინ გადადგმული ნაბიჯები იყო, მაგრამ ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი დაიწყო 2012 წელს. 2013-ში გადმოგვცეს სამოქმედო გეგმა, მისი შესრულება მოხდა 2014-2016 წლებში. ესაა ისტორია. მხოლოდ იმიტომ, რომ 2012 წელი ტრაგიკულად მიგაჩნიათ, კალენდრიდან მას ვერ ამოვიღებთ".