იგეგმება თუ არა ნატოს შემოსვლა ფოთში - ინტერვიუ რუმინეთის ელჩთან - კვირის პალიტრა

იგეგმება თუ არა ნატოს შემოსვლა ფოთში - ინტერვიუ რუმინეთის ელჩთან

"ნატო რეაგირებს იმაზე, თუ რას აკეთებს რუსეთი. გადაჭარბებული რეაგირება ჩვენი მიზანი არ არის"

საქართველო ნატოს სთავაზობს, ფლოტი ფოთში განათავსოს, რაც კარდინალურად შეცვლის ძალთა ბალანსს შავ ზღვაზე და რუსეთს გეოპოლიტიკურ საფრთხეს შეუქმნის - რუსულ მედიაში გავრცელებულმა ამ ინფორმაციამ საქართველოში ბევრი შეაფიქრიანა. ერთი მხრივ, ამ ამბის დაჯერება გულით გვინდოდა, თანაც ნატოს მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილებაც გვაძლევდა ოპტიმიზმის საფუძველს - ალიანსმა გადაწყვიტა, შავი ზღვის უსაფრთხოება გაეძლიერებინა. მეორე მხრივ, ინფორმაცია მოდიოდა რუსული წყაროდან, ქართული მედია და სამთავრობო სტრუქტურები კი ან დუმდნენ, ან დეტალებზე საუბარს თავს არიდებდნენ. იმის გასააზრებლად, რა მასშტაბის მოვლენასთან გვექნება საქმე, თუ ეს ამბავი რეალობას შეესაბამება, აღვნიშნავთ, რომ თეორიულად მსგავსი ნაბიჯი ნატოს შესაძლებლობას მისცემდა, მონტრეს კონვენციისთვის აევლო გვერდი, რომლის მიხედვით, არაშავიზღვისპირა ქვეყნების 15 ათას ტონაზე მეტი წყალწყვის მქონე ხომალდებს უფლება არა აქვთ, შავ ზღვაში 21 დღეზე მეტი დაჰყონ.

როგორია დღეს შავი ზღვის უსაფრთხოება და როგორ შეიცვლება ის უახლოეს მომავალში, ამ საკითხზე "კვირის პალიტრა" შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე რუმინეთის ელჩს საქართველოში, რადუ ჰორუმბას ესაუბრა:

- როგორია დღეს ძალთა ბალანსი შავ ზღვაზე და როგორ შეცვლის მას ნატოს ჩართულობა?

- 2014 წლიდან მოყოლებული, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, მოწმე ვხდებით შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების კუთხით სიტუაციის დღითი დღე გაუარესებისა. შესაბამისად, ნატოს გადაწყვეტილება, გაეძლიერებინა შავი ზღვის უსაფრთხოება, არის რეაქცია რუსეთის მოქმედებებზე - არა მარტო შავ, არამედ ბალტიის ზღვაშიც, სადაც ასევე მომსწრე ვართ რუსული სამხედრო მანევრებისა, თანაც, ბალტიისპირეთის ქვეყნებს რუსეთთან პირდაპირი საზღვარი აქვთ. ხაზს გავუსვამ, რომ ნატოს რეაქცია იყო თანდათანობითი და არსებულ სიტუაციასთან ადაპტირებული.

- საქართველოს შეზღუდული სანაოსნო რესურსებიდან გამომდინარე, თანამშრომლობის რა საშუალებები არსებობს ნატოსა და ჩვენს ქვეყანას შორის? რა შეუძლია საქართველოს შემოგთავაზოთ?

- პირველ რიგში, პოლიტიკური ფაქტორი. შავ ზღვაზე სანაოსნო უფლებამოსილებები რეგულირდება 1936 წლის მონტრეს კონვენციით, რაც უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია თურქეთისა და მისი სუვერენიტეტისთვის შავი და ხმელთაშუა ზღვების დამაკავშირებელ სრუტეებზე. იგივე კონვენცია აწესებს დროისა და წყალწყვის ლიმიტს არაშავიზღვისპირა სახელმწიფოების გემებისთვის, ანუ გამორიცხავს სცენარს, სადაც არაშავიზღვისპირა სახელმწიფოების სამხედრო გემები განუსაზღვრელი დროით არიან გაჩერებული შავი ზღვის პორტებში.

მეორე საკითხი - სანაოსნო წარმომადგენლობა შავ ზღვაზე საქართველოს სტაბილურობის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან საქართველო წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს სავაჭრო და ენერგოდერეფანს. ყოველწლიურად იზრდება ეკონომიკური კავშირებისა და ვაჭრობის წილი ევროპასა და შორეულ აღმოსავლეთს შორის, განსაკუთრებით ჩინეთთან, უმოკლესი სატრანზიტო მარშრუტი კი სწორედ საქართველოზე გადის.

ქართული პორტებიდან პროდუქცია მიდის სხვა შავი ზღვის პორტებში და შემდეგ ევროპაში. ჩვენ, რუმინელებს, განსაკუთრებული ინტერესი გვაქვს - კონსტანცა ხომ შავი ზღვის უდიდესი პორტია, თანაც პირდაპირ უერთდება მდინარე დუნაის, რომელსაც, თავის მხრივ, უზარმაზარი სატრანსპორტო პოტენციალი აქვს. არ უნდა დაგვავიწყდეს ენერგოდერეფნის საკითხიც. კასპიის ზღვიდან მომავალი გაზსადენების უმრავლესობა ხომ ასევე საქართველოზე გადის.

- ისევ სამხედრო უსაფრთხოებას დავუბრუნდეთ. რაც უნდა არარეალურად გვეჩვენებოდეს, ვთქვათ, ნატომ მართლაც ააშენა ფოთში სამხედრო ბაზა, რა რეაქცია ექნება ამაზე რუსეთს?

- ნატოს სამხედრო ბაზები ფოთში არ არის და ასეთი ბაზის აშენება არც იგეგმება. რომ იგეგმებოდეს, სავარაუდოდ, ეს გაამწვავებდა სიტუაციას რეგიონში და როგორც უკვე ვთქვი, ნატოს მიდგომა ამ საკითხისადმი ადაპტაციურია - ნატო რეაგირებს იმაზე, თუ რას აკეთებს რუსეთი. გადაჭარბებული რეაგირება ჩვენი მიზანი არ არის.

- რვა წლის წინ ბუქარესტში საქართველოს მაპ-ს დაჰპირდნენ. რვა წლისა და ერთი ომის გადმოსახედიდან, როგორ ფიქრობთ, რა როლი ითამაშა ბუქარესტის მოვლენებმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში?

- 2008 წელი, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი იყო - ნატომ განაგრძო ღია კარის პოლიტიკა წევრობის მსურველი ქვეყნებისთვის და, რა თქმა უნდა, ალბათ, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ჩაირთო განგაშის სიგნალი მოსკოვში. ასე რომ, ბუქარესტის მიწვევა, ალბათ, იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა. მეორე მხრივ, ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ძალაშია. ვარშავის სამიტზე ის კიდევ ერთხელ გაიმეორეს. და დასასრულ, მინდა ერთი მაგალითი მოგიყვანოთ: მონტენეგროს მაგალითი - ეს ქვეყანა დიდხანს ელოდა წევრობას, სულ ახლახან კი ნატოს წევრი გახდა. ასე რომ, სისტემა მუშაობს.

ესაუბრა ვაჟა თავბერიძე