თურქეთის ელჩი: "ქრისტიანი მუსლიმანის წინააღმდეგ - ასეთი ხედვა არც ევროპაში გამოადგებათ და არც თურქეთში" - კვირის პალიტრა

თურქეთის ელჩი: "ქრისტიანი მუსლიმანის წინააღმდეგ - ასეთი ხედვა არც ევროპაში გამოადგებათ და არც თურქეთში"

თურქეთი ისტორიული რეფერენდუმის მოლოდინშია, ამის პარალელურად კი არნახულად დაიძაბა ვითარება პრეზიდენტს ერდოღანსა და ევროპას შორის. რატომ მიიჩნევს დასავლეთი, რომ თურქეთი დემოკრატიის გზას უხვევს? დაიძაბა თუ არა ურთიერთობა ნატოსთან და არის თუ არა რეალური ერდოღანისა და პუტინის ალიანსი? "კვირის პალიტრის" შეკითხვებს თურქეთის ელჩმა საქართველოში, ზეკი ლევენთ გუმრუქჩუმ უპასუხა.

- მთავარი თემით - რეფერენდუმით დავიწყოთ. ამ რეფერენდუმს ლამის მთელ მსოფლიოში აკრიტიკებენ, აფასებენ, როგორც ავტორიტარულ ნაბიჯს, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის უფლებამოსილებებს განუზომლად გაზრდის, უწოდებენ, ასე ვთქვათ, პუტინურ სვლას პარლამენტის დასაკნინებლად და ა. შ. რას იტყვით?

- უპირველესად ვიტყოდი, რომ მთელ მსოფლიოში ნამდვილად არ გვაკრიტიკებენ, გვაკრიტიკებს გარკვეული წრეები დასავლეთში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისინი მოვლენებს არასწორად აღიქვამენ. პირველ რიგში, ეს პროცესი ხდება დემოკრატიულად. ვცვლით კონსტიტუციას და გადავდივართ საპარლამენტო რესპუბლიკიდან საპრეზიდენტოზე, ამას მსოფლიოში უამრავი სხვა ქვეყანა აკეთებს, ეს ხალხის და სახელმწიფოს დემოკრატიული უფლებაა. ცვლილებები განსახილველად შევიტანეთ პარლამენტში, სადაც 2-კვირიანი დისკუსია მიდიოდა ამაზე, შემდეგ გავიტანეთ პლენარულ სესიაზე, შემდეგ ამას კიდევ 2-კვირიანი დისკუსია მოყვა, რასაც ტელევიზიით ვაჩვენებდით, რათა საზოგადოებას ჰქონოდა წარმოდგენა, რის გაკეთებას ვაპირებდით და რას მოუტანდა ეს მათ.

ახლა, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ პარლამენტმა ცვლილებები დაამტკიცა, ვაპირებთ, რეფერენდუმიც ჩავატაროთ, რათა სრულიად თურქმა ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ეს. რაც შეეხება ცვლილებების შინაარსს, საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლა ბუნებრივია. კი, საქართველო პირიქით აკეთებს, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყანა ახლა ისეთ ეტაპზეა, როდესაც გვჭირდება უფრო სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღება. და ჩვენ არაფერს ვართმევთ პარლამენტს - პრეზიდენტი კვლავ ანგარიშვალდებული იქნება როგორც პარლამენტის, ასევე ხალხის წინაშე, ისევ ხალხი აირჩევს მას და ისევ 2 ვადით, ისე, როგორც, მაგალითად, აშშ-ში ხდება. არ მგონია, ამ სისტემაში რამე არადემოკრატიული იყოს. თანაც, ჯერაც არ ვიცით, როგორი იქნება რეფერენდუმის შედეგები - ყველა გამოკითხვა მეტ-ნაკლებად თანაბარ პოზიციებს გვიჩვენებს "დიახ" და "არა" კამპანიებს შორის. არავინ ახდენს ზეწოლას ხალხზე - რასაც ისინი გადაწყვეტენ, ჩვენც დავეთანხმებით. ასე რომ, ვფიქრობ, დასავლეთის კრიტიკა დაუსაბუთებელია.

- დასავლეთს არც პრეზიდენტი ერდოღანი რჩება ვალში - მაგალითად, გერმანელებს ფაშისტებს ეძახის, სხვა მძაფრ განცხადებებზე რომ არაფერი ვთქვათ. რა ხდება? რას ვერ იყოფთ ევროპასთან და ევროკავშირთან, რა არის უთანხმოების მთავარი მიზეზი?

- თქვენი შეკითხვიდან შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფიქრობთ, რომ ეს თურქეთი შორდება ევროპას და ერჩის მას, ევროკავშირი კი ყველაფერს აკეთებს, რათა თურქეთთან ურთიერთობა შეინარჩუნოს. ეს ასე ნამდვილად არ არის. თუ თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობას დაუკვირდებით, ნახავთ, რომ სწორედ ევროკავშირი არ ასრულებს საკუთარ დაპირებებს.

- დაპირებების არშესრულებაში ლტოლვილების საკითხს გულისხმობთ?

- არამარტო. 2004 წელს თურქეთს და ხორვატიას კანდიდატი ქვეყნების სტატუსი მიენიჭათ - დღეს ხორვატია ევროკავშირის წევრია, ჩვენ კი მოლაპარაკებების 40-მდე ქვეთავიდან მხოლოდ 4-5 ზე დავიწყეთ დისკუსია და ვერც ერთზე ვერ მივაღწიეთ კონსენსუსს, სამეცნიერო თანამშრომლობაზეც კი. რატომ? მიტომ, რომ ევროკავშირმა პოლიტიკური მოსაზრებების გამო ეს პროცესი გაყინა. ჩვენ, პირიქით, ვითხოვთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს - მიუხედავად იმისა, რომ წლებია, უარით გვისტუმრებენ. ასე რომ, როგორც კანდიდატ ქვეყანას, თურქეთს უსამართლოდ ექცევიან.

მაგრამ არსებობს კიდევ უფრო სახიფათო და სერიოზული ტენდენცია - მემარჯვენე განწყობების მომრავლება ევროპაში, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს შორის. ამას ვხედავთ საფრანგეთში, ბრიტანეთში, გერმანიაში, იტალიაში, ჰოლანდიაში, ყველგან. რას ნიშნავს ეს ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა თურქეთი და საქართველო, ქვეყნებისთვის, რომელთაც ევროპაში ინტეგრაცია უნდათ? ეს ნიშნავს ქსენოფობიურ, ისლამოფობ და ინტროვერტ ევროპას, რომელსაც აღარ ანაღვლებს საკუთარი სტანდარტები, პრინციპები და ღირებულებები, რომელთაც ერთ დროს ასე მონდომებით უზიარებდა მეზობელ რეგიონებს. ვფიქრობ, ეს ევროპას ძალიან დააზარალებს, რადგან ევროკავშირი კონტინენტის ყველაზე წარმატებული პროექტია უკანასკნელი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში - მას აერთიანებს არა გეოგრაფიული მდებარეობა, არამედ ზიარი ღირებულებები და პრინციპები. თუ ისინი ამ ყველაფერს ფანჯარაში გადაუძახებენ, ეს ყველას საფრთხეს შეგვიქმნის.

ამიტომ თურქეთი ყურადღებით ადევნებს თვალს ევროპაში მომხდარ მოვლენებს და გასაგებია, რომ ზოგჯერ ემოციებსაც ვერ იკავებს. ევროკავშირის წევრობა ჩვენს სტრატეგიულ მიზნად რჩება, მაგრამ არა ქსენოფობიური ევროკავშირისა, რომელიც საკუთარ პრინციპებს უღალატებს. ერდოღანის ის განცხადება, რომელიც თქვენ ახსენეთ, მოჰყვა უმწვავეს დიპლომატიურ კრიზისს გერმანიას, ნიდერლანდებსა და ჩვენს შორის. არავის ვაკრიტიკებ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი მინისტრის ქვეყანაში არ შეშვება და დეპორტაცია უხეშად არღვევს ვენის 1963 წლის კონვენციას, რომელიც დიპლომატების პრივილეგიებს და იმუნიტეტებს განსაზღვრავს. მაგრამ მე ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, რომ სამომავლოდ მაინც საღი აზრი იზეიმებს.

- ისლამოფობია ახსენეთ, ახლახანს თქვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპას რელიგიური ომების დაწყება უწინასწარმეტყველა. რამდენად მოსალოდნელად მიგაჩნიათ ეს?

- ეს არ არის წინასწარმეტყველება და ეს ჩვენ ნამდვილად არ გვსურს. ეს უბრალოდ მეგობრული გაფრთხილებაა ჩვენი მხრიდან. თურქეთსა და ევროპას შორის ბევრად მეტია საერთო, ვიდრე განსხვავებები, რაც ერთმანეთისგან გვყოფს რელიგიური და კულტურული ნიშნის მიხედვით. სწორედ ამის თქმა უნდოდა მინისტრ ჩავუშოღლუსაც. მაგრამ თუ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსები არ შეეშვებიან ერთმანეთის კულტურისა და რელიგიის ყოველდღიურ კრიტიკას, მაშინ ცივილიზაციების დაჯახება გარდაუვალი იქნება. ქრისტიანი მუსლიმის წინააღმდეგ - ასეთი ხედვა არც ევროპაში გამოადგებათ და არც თურქეთში. იმას უნდა ჩავეჭიდოთ, რაც გვაერთიანებს და არა იმას, რაც გვყოფს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა დავზარალდებით.

- გეთანხმებით, მაგრამ პრეზიდენტის გამოსვლების შემდეგ, არა მგონია, ვინმეს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ისიც ამ პოზიციებს იზიარებს. ერდოღანმა უწოდა მერკელს "ფაშისტი" და არა მერკელმა ერდოღანს - "ოსმალი" ან რაიმე ასეთი. სად ჩანს აქ საღი აზრი?

- ვფიქრობ, მოვლენებს უფრო ფართო ჭრილში უნდა შევხედოთ - გავიმეორებ, ევროპა საკუთარ დაპირებებს არ ასრულებს და ამავდროულად, ბრალს გვდებს, რომ დემოკრატიულ სტანდარტებს ვარღვევთ. ამას ვერაფრით დავეთანხმებით. თურქეთს არ დაუწყია ევროპისთვის სახელების შერქმევა - ევროპა არ იყო, ერდოღანს დიქტატორი რომ უწოდა? იცით, რა მოხდა ერთი კვირის წინ შვეიცარიაში? ქურთების მუშათა პარტიამ, რომელსაც ნატო, ევროკავშირი, შტატები - ყველა ტერორისტულ ჯგუფად აღიარებს - პარლამენტის წინ დემონსტაცია გამართა და ააფრიალა ბანერი წარწერით - მოკალით ერდოღანი! როგორ ფიქრობთ, ვინმე დაისაჯა ამის გამო? რა თქმა უნდა, არა! და ეს ხდება შუაგულ ევროპაში! ვინ გაგვამტყუნებს, რომ ამაზე რეაქცია გვქონდა? ჩვენი გულწრფელი რჩევა ევროპისთვის, ჩვენი მეგობრული გაფრთხილება ასეთია: თუ დაუშვებთ, რომ ასეთი რამეები მოხდეს, მაშინ პრობლემები იქნება თურქეთსა და ევროპას შორის. არანაირ სიამოვნებას არ გვანიჭებს ის, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ასეთი ხისტი ფორმით გაკრიტიკება გვიწევს. ბევრად გვირჩევნია, ერთად ვიდგეთ და საერთო ინტერესებზე ვიმუშაოთ.

- ამ ერთად დგომაზეც გკითხავთ. რუსულ მედიასა და ექსპერტულ წრეებში მუსირებს აზრი, რომ თურქეთს ნატოსთანაც დაეძაბა ურთიერთობა და შესაძლოა, ალიანსიც კი დატოვოს. რამდენად სარწმუნოა ეს ინფორმაცია? ასევე მინდა გკითხოთ ნატოს გადაწყვეტილებაზე, გააძლიეროს შავი ზღვის უსაფრთხოება - ამ კუთხით, რა წვლილის შეტანა შეუძლია საქართველოს?

- მიუხედავად იმისა, რომ თურქეთსა და ევროკავშირს შორის ახლა მართლაც პრობლემური პერიოდია, ნატოსთან მიმართებაში სიტუაცია ცალსახად განსხვავებულია. როცა ნატოს ეხება საქმე, აქ ყველანი მოკავშირეები ვართ და ერთად ვმუშაობთ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ასე რომ არა, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ თურქეთსა და ალიანსის სხვა წევრებს შორის. მინდა ვუთხრა ქართველ საზოგადოებას, რომ ყველა ის ისტორია, სადაც წერია, რომ თურქეთი ნატოს ტოვებს, ცალსახად სიცრუე და ჭორია და ამას ნუ დაიჯერებენ. რაც შეეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას, რეალობა ასეთია - 2014 წელს, ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში ომის შემდეგ, და მეტიც, ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, შავი ზღვის რეგიონში ძალთა ბალანსი დრამატულად შეიცვალა და ჩვენ ამით ძალიან შეშფოთებულები ვართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნატოს ახლებურ ხედვას შავ ზღვასთან მიმართებაში და როგორც ყოველთვის, მზად ვართ რეგიონალური თანამშრომლობისათვის. აქვე ყურადღებას გავამახვილებ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე - რაც არ უნდა გააკეთოს ნატომ შავ ზღვაში, ალიანსის მანევრები უნდა ჯდებოდეს მონტროს კონვენციის ფარგლებში, რომელიც თურქეთს სრუტეებზე სუვერენიტეტს ანიჭებს, არაშავიზღვისპირა ქვეყნების ხომალდებს კი დროისა და წყალწყვის ლიმიტებს უწესებს. არ მინდა ეს აღიქვათ, როგორც დაბრკოლება, უბრალოდ, ხაზს ვუსვამ, რომ ეს ჩვენი სტრატეგიული უსაფრთხოებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დოკუმენტია. რაც შეეხება საქართველოს წვლილს, ვფიქრობ, თქვენ ქვეყანას ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლია, სწორედ ამიტომ, თურქეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ნატოს ამ ოპერაციებში საქართველოსა და უკრაინის ჩართულობის საკითხი წინ წამოწია. საბოლოო ჯამში, ჩვენი მოქმედებები უნდა ემსახურებოდეს დაძაბულობის განტვირთვას და არა ახალი დაძაბულობის პროვოცირებას.

- დასავლეთში ერდოღანისა და პუტინის ალიანსზეც ლაპარაკობენ...

- რაც შეეხება რუსეთს, შთაბეჭდილება იქმნება, რომ თუკი რატომღაც, ევროპას ვცილდებით, ე.ი. რუსეთს ვუახლოვდებით. ეს ასე არაა.

თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები არ გამოდგება იმ ურთიერთობების ალტერნატივად, რომელიც თურქეთს ნატოსთან, ევროკავშირთან და აშშ-სთან აქვს. ეს ურთიერთობები ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოსთვის იმდენად ფასეულია, რომ ვერაფრით ჩავანაცვლებთ. მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ სხვა მხარეებთან, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებზე უარი ვთქვათ? რუსეთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა ჩვენს რეგიონში - თურქეთისგან ამის იგნორირება სრული სისულელე იქნებოდა. ჩვენ დაინტერესებულები ვართ კონფლიქტების გადაწყვეტით და არა ახალი კონფლიქტების შექმნით. რეგიონში ამ კონფლიქტების გადასაწყვეტად კი რუსეთთან მუშაობაა საჭირო. ასე რომ ასეც ვიქცევით - იქნება ეს სირია, მთიანი ყარაბაღი, თუ ქართული კონფლიქტები. რუსებთან საუბრისას ყოველთვის მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კონსტრუქციულობისკენ მოვუწოდებთ.

- საქართველოში დროდადრო, ასე ვთქვათ, გარკვეული ძალების მიერ ხდება ანტითურქული თემების წამოწევა. ერთ-ერთი ასეთი საკითხია ყარსის ხელშეკრულება - ხდება აპელირება, რომ თურქეთს გარკვეული ტერიტორიალური პრეტენზიები აქვს აჭარაზე, რომ მაგალითად, თუ აჭარას ავტონომიური სტატუსი აღარ ექნება, თურქეთს უფლება ექნება ჯარები შეიყვანოს და ა.შ. იქნებ მკითხველს ერთხელ და სამუდამოდ მკაფიოდ განუმარტოთ, სინამდვილეში როგორაა საქმე?

- სამი წელია საქართველოში ვარ და საუბედუროდ, ამ შეკითხვის მოსმენა იმდენად ხშირად მიწევს, რომ ეს უკვე უსიამოვნო სიურპრიზად იქცა. ასე რომ, კიდევ ერთხელ განვმარტავ: თურქეთს არანაირი ტერიტორიული პრეტენზიები არ აქვს ქართულ მიწაზე! ერთი გოჯი ქართული მიწაც კი არ გვინდა, აჭარისა და ბათუმის ჩათვლით! ყარსის ხელშეკრულება უდავოდ გაგრძელდა და მას სრულ პატივისცემას ვუცხადებთ - ყარსის ამ ხელშეკრულების მიხედვით კი ბათუმი და აჭარა საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. და ეს არასოდეს შეიცვლება! მორჩა და გათავდა.

ვაჟა თავბერიძე