თურქეთის ელჩი: "ერთი გოჯი ქართული მიწაც კი არ გვინდა, აჭარისა და ბათუმის ჩათვლით!" - კვირის პალიტრა

თურქეთის ელჩი: "ერთი გოჯი ქართული მიწაც კი არ გვინდა, აჭარისა და ბათუმის ჩათვლით!"

"ქრისტიანი მუსლიმის წინააღმდეგ - ასეთი ხედვა არც ევროპაში გამოადგებათ და არც თურქეთში. იმას უნდა ჩავეჭიდოთ, რაც გვაერთიანებს და არა იმას, რაც გვყოფს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა დავზარალდებით"

თურქეთი ისტორიული რეფერენდუმის მოლოდინში და არნახულად დაძაბული ვითარება ერდოღანსა და ევროპას შორის - რატომ მიიჩნევს დასავლეთი, რომ თურქეთი დემოკრატიის გზას უხვევს? დაიძაბა თუ არა ურთიერთობა ნატოსთან და არის თუ არა რეალური ერდოღანისა და პუტინის ალიანსი? "კვირის პალიტრის" შეკითხვებს თურქეთის ელჩმა საქართველოში, ზეკი ლევენთ გუმრუქჩუმ უპასუხა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- მთავარი თემით - რეფერენდუმით დავიწყოთ. ამ რეფერენდუმს ლამის მთელ მსოფლიოში აკრიტიკებენ, აფასებენ, როგორც ავტორიტარულ ნაბიჯს, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის უფლებამოსილებებს განუზომლად გაზრდის, უწოდებენ, ასე ვთქვათ, პუტინურ სვლას პარლამენტის დასაკნინებლად და ა. შ. რას იტყვით?

- უპირველესად ვიტყოდი, რომ მთელ მსოფლიოში ნამდვილად არ გვაკრიტიკებენ, გვაკრიტიკებს გარკვეული წრეები დასავლეთში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისინი მოვლენებს არასწორად აღიქვამენ. პირველ რიგში, ეს პროცესი ხდება დემოკრატიულად. ვცვლით კონსტიტუციას და გადავდივართ საპარლამენტო რესპუბლიკიდან საპრეზიდენტოზე, ამას მსოფლიოში უამრავი სხვა ქვეყანა აკეთებს, ეს ხალხის და სახელმწიფოს დემოკრატიული უფლებაა.

...

თუ თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობას დაუკვირდებით, ნახავთ, რომ სწორედ ევროკავშირი არ ასრულებს საკუთარ დაპირებებს.

- დაპირებების არშესრულებაში ლტოლვილების საკითხს გულისხმობთ?

- არამარტო. 2004 წელს თურქეთს და ხორვატიას კანდიდატი ქვეყნების სტატუსი მიენიჭათ - დღეს ხორვატია ევროკავშირის წევრია, ჩვენ კი მოლაპარაკებების 40-მდე ქვეთავიდან მხოლოდ 4-5 ზე დავიწყეთ დისკუსია და ვერც ერთზე ვერ მივაღწიეთ კონსენსუსს, სამეცნიერო თანამშრომლობაზეც კი. რატომ? იმიტომ, რომ ევროკავშირმა პოლიტიკური მოსაზრებების გამო ეს პროცესი გაყინა. ჩვენ, პირიქით, ვითხოვთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს - მიუხედავად იმისა, რომ წლებია, უარით გვისტუმრებენ. ასე რომ, როგორც კანდიდატ ქვეყანას, თურქეთს უსამართლოდ ექცევიან.

მაგრამ არსებობს კიდევ უფრო სახიფათო და სერიოზული ტენდენცია - მემარჯვენე განწყობების მომრავლება ევროპაში, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს შორის. ამას ვხედავთ საფრანგეთში, ბრიტანეთში, გერმანიაში, იტალიაში, ჰოლანდიაში, ყველგან. რას ნიშნავს ეს ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა თურქეთი და საქართველო, ქვეყნებისთვის, რომელთაც ევროპაში ინტეგრაცია უნდათ? ეს ნიშნავს ქსენოფობიურ, ისლამოფობ და ინტროვერტ ევროპას, რომელსაც აღარ ანაღვლებს საკუთარი სტანდარტები, პრინციპები და ღირებულებები, რომელთაც ერთ დროს ასე მონდომებით უზიარებდა მეზობელ რეგიონებს.

...

- ისლამოფობია ახსენეთ, ახლახანს თქვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპას რელიგიური ომების დაწყება უწინასწარმეტყველა. რამდენად მოსალოდნელად მიგაჩნიათ ეს?

- ეს არ არის წინასწარმეტყველება და ეს ჩვენ ნამდვილად არ გვსურს. ეს უბრალოდ მეგობრული გაფრთხილებაა ჩვენი მხრიდან. თურქეთსა და ევროპას შორის ბევრად მეტია საერთო, ვიდრე განსხვავებები, რაც ერთმანეთისგან გვყოფს რელიგიური და კულტურული ნიშნის მიხედვით. სწორედ ამის თქმა უნდოდა მინისტრ ჩავუშოღლუსაც. მაგრამ თუ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსები არ შეეშვებიან ერთმანეთის კულტურისა და რელიგიის ყოველდღიურ კრიტიკას, მაშინ ცივილიზაციების დაჯახება გარდაუვალი იქნება. ქრისტიანი მუსლიმის წინააღმდეგ - ასეთი ხედვა არც ევროპაში გამოადგებათ და არც თურქეთში. იმას უნდა ჩავეჭიდოთ, რაც გვაერთიანებს და არა იმას, რაც გვყოფს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა დავზარალდებით.

- საქართველოში დროდადრო, ასე ვთქვათ, გარკვეული ძალების მიერ ხდება ანტითურქული თემების წამოწევა. ერთ-ერთი ასეთი საკითხია ყარსის ხელშეკრულება - ხდება აპელირება, რომ თურქეთს გარკვეული ტერიტორიალური პრეტენზიები აქვს აჭარაზე, რომ მაგალითად, თუ აჭარას ავტონომიური სტატუსი აღარ ექნება, თურქეთს უფლება ექნება ჯარები შეიყვანოს და ა.შ. იქნებ მკითხველს ერთხელ და სამუდამოდ მკაფიოდ განუმარტოთ, სინამდვილეში როგორაა საქმე?

- სამი წელია საქართველოში ვარ და საუბედუროდ, ამ შეკითხვის მოსმენა იმდენად ხშირად მიწევს, რომ ეს უკვე უსიამოვნო სიურპრიზად იქცა. ასე რომ, კიდევ ერთხელ განვმარტავ: თურქეთს არანაირი ტერიტორიული პრეტენზიები არ აქვს ქართულ მიწაზე! ერთი გოჯი ქართული მიწაც კი არ გვინდა, აჭარისა და ბათუმის ჩათვლით! ყარსის ხელშეკრულება უდავოდ გაგრძელდა და მას სრულ პატივისცემას ვუცხადებთ - ყარსის ამ ხელშეკრულების მიხედვით კი ბათუმი და აჭარა საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. და ეს არასოდეს შეიცვლება! მორჩა და გათავდა.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია