"აფხაზები ჯიუტად ცდილობენ, გაუძალიანდნენ რუსეთს და თავისი გაიტანონ, ოსები კი ყველაფერზე თანხმდებიან" - კვირის პალიტრა

"აფხაზები ჯიუტად ცდილობენ, გაუძალიანდნენ რუსეთს და თავისი გაიტანონ, ოსები კი ყველაფერზე თანხმდებიან"

"როგორც კი გაჩნდა აფხაზ საზოგადოებაში ჩვენთვის პოზიტიური და რუსეთისთვის ნეგატიური ბზარი, მაშინვე გააქტიურდა კრემლი. გაგახსენებთ, პოლისების დარიგების გარდა, ჰოსპიტალსაც აშენებენ აფხაზეთში"

"დე ფაქტო პრეზიდენტი თბილოვი იქნება თუ ბიბილოვი, უმნიშვნელოა..."

1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის საფუძველზეც საქართველომ ამავე წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამ უმნიშვნელოვანესი თარიღიდან 25 წლის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა - საქართველოს მოქალაქეებისთვის გაიხსნა ევროპის კარი და ევროინტეგრაციისკენ მრავალწლიანი გზის ერთი მონაკვეთი ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებით დაგვირგვინდა, თუმცა ეს გზა კვლავაც გრძელდება. ეს პროცესი აქამდეც რთული იყო და სავარაუდოდ, არც ამის მერე იქნება მარტივი. -პირველივე დღიდან, როდესაც დაიწყო ვიზალიბერალიზაციაზე ლაპარაკი, გამოცხადდა, რომ ამ სიკეთით სარგებლობა შეუძლიათ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს. როგორ ფიქრობთ, ამ მიმართულებით რა პოზიტიური მოლოდინი შეიძლება გვქონდეს?

გვესაუბრება ექსპერტი მამუკა არეშიძე:

- ჩემი აზრით, ზედმეტად დაიმედება სწორი არ იქნება. ოსებზე ვერაფერს ვიტყვი, აფხაზების დაინტერესების ფაქტები კი ჩემთვის ცნობილია. ამას არ ჰქონია დიდი მასშტაბი, მაგრამ, ჩემი აზრით, პირველ ეტაპზე ესეც კარგია.

საინტერესოა, ჩვენი მეზობლების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, განსაკუთრებით კი ჩრდილოკავკასიელების. ნამდვილად არ ველოდი მათგან ასეთ ინტერესს. არაერთმა ჩრდილოკავკასიელმა მოიკითხა უკვე, რა პირობებით შეიძლება საქართველოს მოქალაქეობის მიღება.

დარწმუნებული ვარ, სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც დაინტერესდებიან, მათ შორის, შესაძლოა, კრიმინალური და ექსტრემისტული მიზნებითაც, ამიტომაც განსაკუთრებული სიფრთხილე და გამუდმებული მუშაობა მართებთ სახელმწიფოს სპეცსამსახურებს.

- ის ნეგატიური პროცესები, რაც რუსეთის წახალისებით ბოლო ხანებში მიმდინარეობს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე როგორც აფხაზეთში, ასევე ე. წ. სამხრეთ ოსეთში, ხომ არ შეიძლება განვიხილოთ როგორც კრემლის პასუხი საქართველოს შეუქცევად ევროინტეგრაციულ კურსზე? გავიხსენოთ აფხაზეთში, ადმინისტრაციულ საზღვარზე გამშვები პუნქტების შემცირება და ე. წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო ქვედანაყოფების რუსული არმიის რიგებში შესვლის გადაწყვეტილება.

- ეს ყველაფერი ზედაპირზე დევს და განსაკუთრებული კომენტარი არც სჭირდება. საქართველოს ევროინტეგრაციული კურსი სწორედ იმიტომაც არის ასეთი აქტიური და შეუქცევადი, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და ამ ოკუპაციას დასასრული არ უჩანს.

მეორე მხრივ, საქართველოს ეს აქტიურობა რუსეთის ახალ-ახალ საპასუხო ქმედებებს იწვევს. საქართველო მუდმივად იღებს დარტყმებს რუსეთისგან.

ერთ ეპიზოდს გავიხსენებ: 1994 წელს ელცინმა და შევარდნაძემ ხელი მოაწერეს დოკუმენტს - რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ჩარჩო-ხელშეკრულებას. მაშინ ამ დოკუმენტში გაწერილი იყო საქართველოსა და რუსეთის მომავალი ურთიერთობა ყველა სფეროში. მათ შორის იყო ასეთი პუნქტიც, რომლის მიხედვითაც, რუსეთი დაეხმარებოდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და არმიის მშენებლობაში. მაშინ ეს ხელშეკრულება რუსეთის სათათბიროს მიერ რატიფიცირებული არ იქნა, შესაბამისად, ხელშეკრულებაც ჩაიშალა და სწორედ ამის მერე დაიწყო საქართველოს აქტიურობა დასავლეთის მიმართულებით. მაშინ გაჩნდა პირველი აქტიური კონტაქტები აშშ-თან, ნატოსთან და ა.შ. ნაწილობრივ სწორედ რუსეთის უარმა განაპირობა დასავლეთისკენ საქართველოს სწრაფვა, რაც წლიდან წლამდე ძლიერდება.

მოსკოვში ვერაფრით ხვდებიან, რომ მათი ანექსიური პოლიტიკა საქართველოს მთავრობასაც და მოსახლეობასაც დასავლეთისკენ უბიძგებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ გზაზე გაწბილებაც ბევრი შეგვხვდა, უკმაყოფილებაც და ა.შ. მაგრამ, როდესაც ერთ მხარეს არის ოკუპაცია, მეორე მხარეს კი დასავლეთთან ჩვენი მცირე უთანხმოებები, რა თქმა უნდა, დასავლეთს ვირჩევთ... კრემლში ამის გაგება არაფრით უნდათ.

დიახ, საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია ისტორიული ტრადიციით და ამასთან, რუსეთის პოლიტიკითაც. მოსკოვში რამდენიც უნდა ილაპარაკონ, ფაქტია, ისინი სხვა არჩევანს თვითონვე არ გვიტოვებენ.

- აფხაზეთში ახლახან გაიმართა დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, რომლის შედეგადაც აქტიურ პოლიტიკას ისევ უბრუნდება ანქვაბი...

- ანქვაბის პოლიტიკაში დაბრუნება არსებითად არაფერს შეცვლის... მიუხედავად რუსეთის ანექსიური პოლიტიკისა, აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობისას მაინც ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული ჩვენი ხელისუფლებისა და მოსახლეობის ქცევაზე. ნუ გვავიწყდება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუშაობს მასშტაბური რუსული პროპაგანდა.

ავიღოთ რუსეთის მიერ ახლახან გახმაურებული ინიციატივა, რომ სამედიცინო დაზღვევის პოლისებს დაურიგებენ აფხაზებს - გადაწყვიტეს ასე დაუპირისპირდნენ მკურნალობის მიზნით საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე აფხაზების მასობრივ გადმოსვლას.

ჩვენთან ჩამოსული აფხაზების ნაწილი უკან უკიდურესად კეთილგანწყობილი ბრუნდება, ნაწილს აგრესიული განწყობა უკეთესობისკენ ეცვლება, ზოგიც კიდევ მიიჩნევს, რომ ქართველები ვალდებული არიან, მათ უმკურნალონ და ეს არის ზუსტად რუსული პროპაგანდის გავლენა. რუსეთის მიერ დარიგებული პოლისები მნიშვნელოვანი რამეა და აფხაზი პაციენტების ნაწილი კრასნოდარის მხარეში იმკურნალებს, მაგრამ, რასაკვირველია, აქაც ჩამოვლენ, რადგან ჩვენთან სამედიცინო მომსახურების გაცილებით მაღალი დონეა. როგორც კი გაჩნდა აფხაზ საზოგადოებაში ჩვენთვის პოზიტიური და რუსეთისთვის ნეგატიური ბზარი, მაშინვე გააქტიურდა კრემლი. გაგახსენებთ, პოლისების დარიგების გარდა, ჰოსპიტალსაც აშენებენ აფხაზეთში.

ჩვენ ამ ყველაფრის საპასუხოდ რას ვაკეთებთ? მე რასაც ვხედავ, ძალიან ფრაგმენტულად და არათანამიმდევრულად ვმუშაობთ. ძირითადად, ჩვენი დასავლელი პარტნიორების იმედად ვართ, რაც არცთუ კარგია. სახელმწიფოს ჯერ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს.

სამწუხაროდ, ამ მიმართულებით მუშაობა არც აქტიურია და არც კონსოლიდირებული. ხომ ხედავთ, ბოლო გამოკითხვებით ტერიტორიული მთლიანობის საკითხი სულ უფრო უკანა პლანზე გადადის. როდესაც ჟურნალისტები კითხვებს სვამენ, რა ხდება აფხაზეთისა და დე ფაქტო ცხინვალის პოლიტიკურ წრეებში, პასუხი ერთია - არც არაფერი განსაკუთრებული, ორივეგან კლანური ბრძოლა მიმდინარეობს. განსხვავება ის არის, რომ აფხაზები ჯიუტად ცდილობენ, გაუძალიანდნენ რუსეთს და თავისი გაიტანონ, ოსები კი ყველაფერზე თანხმდებიან. სწორედ კლანური ბრძოლაა ის, რასაც ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს უწოდებენ და რომელიც 9 აპრილს გაიმართა.

- და რომელშიც ბიბილოვმა დაჯაბნა თიბილოვი... ამ არჩევნებთან ერთად ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარდა პლებისციტი, რომელიც ამ ტერიტორიისთვის ახალი სახელის - ალანიას დარქმევას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ე.წ. პარლამენტის სპიკერი, აწ უკვე მომავალი დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი არჩვენებმადე აცხადებდა: "სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაიმართება"...

- ასეთი რეფერენდუმი ბოლო წლებში უკვე ორჯერ ჩაატარეს. ეს პოლიტიკური ვითარების შესაბამისად ხდება და არა იმიტომ, რომ ვერ გაიგეს მოსახლეობის აზრი.

სახელის გადარქმევისთვის პლებისციტის ჩატარებაც ზემოთ ნახსენები კლანური ბრძოლის შედეგია, უფრო კონკრეტულად კი თიბილოვსა და ბიბილოვს შორის დაპირისპირებისა.

გაგახსენებთ, ბიბილოვმა ჯერ კიდევ შარშან დააყენა რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნა, მაშინ თიბილოვმა მოსკოვის მოთხოვნით აკრძალა ეს საკითხი, თუმცა იმისთვის, რომ ოპონენტების კრიტიკა როგორმე შეემსუბუქებინა, სახელის შეცვლის თაობაზე პლებისციტის ჩატარება მოიფიქრა. არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ალანიას დაარქმევენ თუ რამე სხვას...

დე ფაქტო პრეზიდენტი თბილოვი იქნება თუ ბიბილოვი, უმნიშვნელოა... ფაქტი ერთია, იმას, შევა თუ არა ე. წ. სამხრეთი ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში, გადაწყვეტს არა რეფერენდუმი, არამედ კრემლი, რომელსაც ამ ეტაპზე ამ საკითხის გააქტიურება საერთოდ არ აწყობს... თუმცა საკმარისია საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობა გახდეს ბევრად აქტიური, სავარაუდოდ, მოსკოვი ამ თემას წინ წამოსწევს.

ნათია დოლიძე