რა იცვლება ქვეყნის მთავარ დოკუმენტში - კვირის პალიტრა

რა იცვლება ქვეყნის მთავარ დოკუმენტში

საკონსტიტუციო კომისია მუშაობის დასკვნით ფაზაში გადავიდა. პრეზიდენტის არჩევის წესი, საარჩევნო სისტემა, ოჯახის დეფინიცია - რა იცვლება ქვეყნის მთავარ დოკუმენტში, "კვირის პალიტრასთან" "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი გიორგი გოცირიძე საუბრობს.

ოჯახის დეფინიცია

- თუ ჯერ კიდევ არსებულ კანონმდებლობაში მითითებულია, რომ ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას, ახლა ეს საკითხი პროექტში შემდეგნაირადაა განსაზღვრული: "ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას".

საარჩევნო სისტემა

- თუ არსებული კანონმდებლობით პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული - 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული - 73 წევრისაგან, ცვლილებების მიხედვით, დიდი ალბათობით, ასე განისაზღვრება: პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 წევრისაგან. ამასთან, პროექტში ასეთი ჩანაწერიც შემოგვთავაზეს: თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს პოლიტიკური პარტია, რომელმაც არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ანუ დარჩენილი მანდატები გადაეცეს მთლიანად ერთ გამარჯვებულ პარტიას, ეს კი საკონსტიტუციო კომისიის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა - აჩენს საფრთხეს, რომ პროპორციულობის პრინციპიდან გადახვევა მოხდება. ვთქვათ, თუ პარტიებს შორის დარჩა 30 გადაუნაწილებელი მანდატი და პირველ და მეორე პარტიას შორის მიღებულ ხმებში განსხვავება მხოლოდ 1%-ია, 30 მანდატი მაინც გამარჯვებულ პარტიას ემატება. ვფიქრობ, ეს პრობლემებამდე მიგვიყვანს... უცვლელი დარჩა საარჩევნო ბარიერი - 5%.

პრეზიდენტის არჩევის წესი

არსებული კონსტიტუციით, პრეზიდენტს ირჩევს ხალხი, ხუთი წლის ვადით. პროექტის მიხედვით კი, რომელსაც, დიდი ალბათობით, საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე "ქართული ოცნება" კანონად აქცევს, საუბარია, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩიოს საარჩევნო კოლეგიამ, დებატების გარეშე, ფარული კენჭისყრით, ისევ 5 წლის ვადით. უცვლელი დარჩა განსაზღვრება, რომ ერთი და იგივე პირი საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ. რაც შეეხება საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას, რაოდენობა განისაზღვრა 300 ხმით და წარმოდგენილი იქნება საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. სხვა ხმის მიმცემ პირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

მოსამართლეების დანიშვნის წესი

არსებული კანონმდებლობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს პარლამენტი არანაკლებ 10 წლის ვადით, საკონსტიტუციო კომისიაში არსებული პროექტის მიხედვით კი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს წევრთაგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით 10 წლის ვადით ირჩევს პარლამენტი.

უშიშროების საბჭო

კანონმდებლობით, უშიშროების საბჭო მუდმივმოქმედი ორგანოა, რომელიც დღეს მთავრობასთან ერთად, სამხედრო აღმშენებლობის საკითხებზე მუშაობს, თუმცა, პროექტის მიხედვით უშიშროების ეროვნული საბჭო უქმდება და იქმნება ეროვნული თავდაცვის საბჭო. ის არ იქნება მუდმივმოქმედი და მხოლოდ მაშინ შეიკრიბება, თუ შეიარაღებული სამხედრო აგრესია განხორციელდება სახელმწიფოზე და საომარი მდგომარეობა გამოცხადდება. პრეზიდენტს მთავარსარდლის ფუნქცია რჩება, თუმცა ის არ იქნება თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე. არსებობს არგუმენტი, რომ რადგან პრეზიდენტი არ არის სამხედროებთან ყოველდღიურ კომუნიკაციაში და ეს თავდაცვის მინისტრის მოვალეობაა, მთლიანად ჩამოშორდეს პრეზიდენტი სამხედრო მიმართულებას.

რუსუდან შელია