"შესაძლოა, მანტიის მიღმა რაღაც არ მომწონდეს, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"შესაძლოა, მანტიის მიღმა რაღაც არ მომწონდეს, მაგრამ..."

როგორ აფასებს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას, მიიღებს თუ არა წარმოებაში ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებულ ათეულობით სარჩელს და როგორ ხსნის ნახევარი მილიონი ლარის დახარჯვას ავტოპარკის გასაახლებლად, "კვირის პალიტრის" კითხვებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე ექსკლუზიურად პასუხობს:

- ჩემი მონაწილეობა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესში უფრო არბიტრის სტატუსით წარმომიდგენია - კონცენტრირებული ვარ კონსტიტუციის მეორე თავზე, რომელიც უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეეხება. საუბარია იმაზე, რომ ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში იდავოს.

- თქვენ თუ ხართ იმ ცვლილების მომხრე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლე პრეზიდენტის ნაცვლად იუსტიციის საბჭომ დანიშნოს?

- საკონსტიტუციო სასამართლოში სამ წევრს ისედაც სასამართლო ხელისუფლება ნიშნავს. თუ მომავალში ისე მოხდება, რომ კიდევ სამ წევრს იუსტიციის საბჭო წარადგენს, შესაძლოა, გაჩნდეს კითხვები - იუსტიციის საბჭოს ხომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, ამასთან, საბჭოს მდივანი მოქმედი მოსამართლეა, შესაბამისად, გამოდის, რომ სასამართლო ხელისუფლებიდან სამი წევრი კი არ იქნება წარმოდგენილი, არამედ ექვსი და შესაძლოა, ვინმეს გაუჩნდეს განცდა, ხომ არ გამოიწვევს ეს საკითხის გარკვეულ დისბალანსს.

- რამდენად შესაბამისობაშია პარლამენტის დამტკიცებული ე.წ. მოსმენების კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან?

- ამ შეკითხვაზე პასუხი მექნება მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელებს გაეცნობა. ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით ათეულობით სარჩელია შემოსული, რომლებსაც ახლა ვანაწილებთ. საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა ე.წ. მოსმენების კანონზე და გარკვეული სტანდარტებიც განსაზღვრა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ პარლამენტმა ეს სტანდარტები არ გაითვალისწინა. პროცესში ჩართული თავიდანვე არ ვყოფილვარ, გადაწყვეტილება პირველი კოლეგიის ძველმა შემადგენლობამ მიიღო. ისინი დღეს მოსამართლეები აღარ არიან.

- ეს გარემოება გახდება საფუძველი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავდაპირველი გადაწყვეტილება შეიცვალოს? არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ნორმები პარლამენტმა დაარღვია, თუმცა ამჯერად საფრთხეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე "ქართული ოცნების" ყოფილი ლიდერი მანანა კობახიძეა.

- ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გადაწყდეს, თანაც ფარულად, ისე, რომ თათბირის საიდუმლოება არ გამჟღავნდეს.

რაც შეეხება მანანა კობახიძეს, ჟურნალისტები მეკითხებიან, ხომ არ გიქმნით უხერხულობას, რომ პოლიტიკური ლიდერი ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეაო. არა ვარ ის ადამიანი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს ნიშნავს ან ირჩევს, შესაბამისად, უხერხულობა ჩემთვის მეათეხარისხოვანია. შესაძლოა, მანტიის მიღმა რაღაც არ მომწონდეს, მაგრამ როდესაც მანტია მაცვია, უხერხულობის საკითხი არც უნდა განიხილებოდეს.

- თქვენი შეფასებით, დაირღვა თუ არა სამართლებრივი სტანდარტი, როდესაც პოლიტიკური პარტიის ლიდერი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდა?

- ბევრ ევროპულ ქვეყანაში თუ პირი პარლამენტის წევრი იყო, მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი არ უნდა გახდეს.

ჩვენთან შეზღუდვა არ არსებობს, შესაბამისად, აკრძალულიც არ არის.

- სულ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სასამართლო სისტემაში კრიზისია.

- ვფიქრობ, პრეზიდენტი სასამართლო სისტემაში კრიზისზე საუბრისას საკონსტიტუციო სასამართლოს არ გულისხმობდა, საერთო სასამართლოების შესახებ კი ვერ დავკონკრეტდები.

- საკონსტიტუციო სასამართლოში "რუსთავი 2"-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელების სარჩელიც განიხილება. არსებობს ალბათობა, რომ სასამართლო გადაწყვეტილება სტრასბურგის საბოლოო დასკვნამდე არ გამოქვეყნდეს?

- სტრასბურგის გადაწყვეტილებას არავინ ელოდება, უბრალოდ, დრო სჭირდება საქმის განხილვას.

- რაც შეეხება ხარჯებს, რატომ გადაწყვიტეთ ავტოპარკის გასაახლებლად ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტის დახარჯვა?

- 2016 წლის ნოემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს ბიუჯეტში დარჩა ნაშთი, რომლის ათვისებაც წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა და გადავწყვიტე, ძველი მანქანების პარკი გამეახლებინა. ლაპარაკია 2007-2008 წლებში გამოშვებულ ავტომობილებზე, რომლებიც შეკეთებას საჭიროებდა. ადრე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ორი ავტომობილი ჰყავდა: "ტოიოტა ლენდკრუიზერ 200" და შ-კლასის "მერსედესი", მე კი გადავწყვიტე, ორი ძვირად ღირებული ავტომობილის ნაცვლად, ერთი შეგვეძინა. მოსამართლეებს კი მაღალი სტატუსი აძლევთ საშუალებას, ისარგებლონ ისეთი ავტომობილით, რომლის შეძენის შესაძლებლობასაც ბიუჯეტი გვაძლევს.

რუსუდან შელია