"ერდოღანი აჭარას უყურებს როგორც თურქეთის ნაწილს" - კვირის პალიტრა

"ერდოღანი აჭარას უყურებს როგორც თურქეთის ნაწილს"

"ერდოღანი რთულად სამართავი პიროვნებაა. მასზე პრაქტიკულად არ მოქმედებს არანაირი არგუმენტი და რაც უფრო მეტი ძალაუფლება ექნება ასეთ პიროვნებას, მით უფრო სახიფათოა ის მეზობლებისათვის"

16 აპრილს, თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდა.

ცვლილებები მოიცავს: ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას.

ბოლო მონაცემებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა 51,4%-მა, ხოლო წინააღმდეგი იყო 48,6%.

აღსანიშნავია, რომ თურქულ საზოგადოებაში მოსაზრებები აქამდეც მკვეთრად იყო გაყოფილი, რეფერენდუმის შემდეგ კი დაწყებულმა საპროტესტო აქციებმა და გაგრძელებულმა საგანგებო მდგომარეობამ ვითარება უფრო გაამწვავა.

რეფერენდუმის შედეგების გასაპროტესტებლად სტამბოლში ასობით ადამიანმა დემონსტრაცია გამართა. მსვლელობა ქალაქის სხვადასხვა რაიონში მოეწყო. მსგავსი სცენარით წარიმართა მოვლენები იზმირსა და ანკარაში.

თურქეთში ბევრი დარწმუნებულია, რომ ერდოღანისთვის ეს გამარჯვება შეიძლება დიდ მარცხად იქცეს: რეფერენდუმის წინა კამპანიისგან მიღებული პოლიტიკური დანაკარგი და არადამაჯერებელი გამარჯვება საბოლოო ჯამში, შესაძლოა დამანგრეველი გამოდგეს, რაც მარცხის ტოლფასი იქნება.

მამუკა არეშიძე, კავკასიოლოგი:

- ის, რაც დღევანდელ თურქეთში ხდება, გამეორებაა იმისა, რაც მოხდა რუსეთში. ვგულისხმობ პერიოდს, როდესაც კონსტიტუცია შეცვალეს იმისთვის, რომ ხელისუფლება კონკრეტულ პიროვნებას შეენარჩუნებინა. ერდოღანის შემთხვევაშიც იგივე მოხდა, არსებული კონსტიტუციით, მას აღარ ჰქონდა უფლება არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. მარტივად რომ ვთქვათ, ეს მოხდა ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, თუმცა ეს პროცესები შემკული იყო ლამაზი სიტყვებით ერის კონსოლიდაციაზე, უსაფრთხოების დაცვაზე და ა.შ. ერდოღანი რთულად სამართავი პიროვნებაა. მასზე პრაქტიკულად არ მოქმედებს არანაირი არგუმენტი და რაც უფრო მეტი ძალაუფლება ექნება ასეთ პიროვნებას, მით უფრო სახიფათოა ის მეზობლებისათვის. ეს ხიფათი თავის თავზე უკვე იგრძნო საბერძნეთმა ძალიან სერიოზულად. ის დაბალი მხარდაჭერა, რითიც რეფერენდუმში გაიმარჯვა, ერდოღანისთვის სერიოზული დარტყმაა.

- რეფერენდუმის შედეგებით უკმაყოფილოა ოპოზიცია და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რამდენად მოსალოდნელია შიდა არეულობა?

- არა მგონია, რომ ახლა ასეთი რამ მოხდეს. ერდოღანს სოფლის მოსახლეობა უჭერს მხარს, ე.ი. აქტიური ელექტორატის დიდი ნაწილი, ეს ის ხალხია, ვინც 2016 წლის ივლისის მოვლენების დროს სამხედროებს დაერია.

- თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები კავკასიის რეგიონში?

- კავკასიის რეგიონში თურქეთს რუსეთის სახით სერიოზული მოწინააღმდეგე ჰყავს, ანუ მათი ინტერესები მუდმივად ეჯახება ერთმანეთს. თურქეთს რუსეთთან ჭიდაობაში შეუძლია აქტიურიც იყოს და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიოს, თუმცა გადამწყვეტ წარმატებას ვერასოდეს მიაღწევს ისევე, როგორც რუსეთი ვერ მიაღწევს თურქეთთან ჭიდაობაში გამარჯვებას.

რაც შეგვეხება ჩვენ, თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება თავის ძალაუფლებას აფუძნებს პანოსმანისტურ იდეოლოგიაზე, რომელიც გულისხმობს ოსმალეთის იმპერიის გავლენების აღდგენას იმ სივრცეში, რაც ეკავა მას თავის დროზე და ეს ეხება მის სამეზობლოს, მაგალითად, ერაყს, სირიას, ბალკანეთის რეგიონს, კავკასიას და მათ შორის საქართველოს. ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა აჭარა და სამცხე-ჯავახეთი.

თურქეთისთვის აჭარა განსაკუთრებით ტკბილი ლუკმაა. ეს რეგიონი ბოლოსკენ დათმო თურქეთმა 1878 წელს, სამცხე- ჯავახეთი უფრო ადრე, 1830-ში. ვიცით, რომ თურქეთი რუსეთისგან განსხვავებით, არჩევს არა სამხედრო გზით მოქმედებას, არამედ, იყენებს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ბერკეტებს. ვვარაუდობ, ერდოღანის ფიგურიდან გამომდინარე, მომავალში გარკვეულ "გაუგებრობებს", "უთანხმოებებს" თურქეთის რესპუბლიკასთან.

ერდოღანი აჭარას უყურებს როგორც თურქეთის ნაწილს, მიუხედავად იმისა, რომ ხმამაღლა ამბობს, რომ ეს არა პოლიტიკური ნაწილი, არამედ სულიერი ნაწილია. საქართველო არ არის ისეთი ძლიერი, რომ თურქეთის ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ ექსპანსიას წინააღმდეგობა გაუწიოს.

ჩვენმა ხელისუფლებამ კონტრღონისძიებების მთელი წყება უნდა შეიმუშაოს იმისთვის, რომ ეს ზეწოლა შეამციროს. ამისთვის აქვს გარკვეული ზემოქმედების ბერკეტები, გავიხსენოთ, რომ საქართველო აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორად ითვლება, თურქეთი კი ნატო-ს წევრია და ასევე ამერიკის მოკავშირედ მოიაზრება.

მაგრამ მარტო საერთაშორისო დიპლომატიური არხებით მუშაობა კი არ არის საჭირო, არამედ იმ სოციალურ ჯგუფებზე, რომლებზეც მუშაობენ თურქები. არაერთი ფაქტი ვიცი, როდესაც თურქი ორგანიზაციები ცდილობენ დაეხმარონ ადამიანებს, რომლებიც თურქეთისგან შორს, საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მაგალითად, დედოფლისწყაროს რაიონში, ეკომიგრანტების გარკვეულ ნაწილს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს დახმარების ხელი გაუწოდეს და მათი ბავშვები თურქეთში სასწავლებლადაც წაიყვანეს.

იხილეთ ასევე: თურქეთის ელჩი: "ერთი გოჯი ქართული მიწაც კი არ გვინდა, აჭარისა და ბათუმის ჩათვლით!"

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)