საკონსტიტუციო კომისია "ქართული ოცნების" გარდა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ დატოვა - კვირის პალიტრა

საკონსტიტუციო კომისია "ქართული ოცნების" გარდა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ დატოვა

რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო კომისია პარტიებმა - "სახელმწიფო ხალხისთვის", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "პატრიოტთა ალიანსი" და "დემოკრატიული მოძრაობა" დატოვეს.

დღეს კი კომისია "ევროპულმა საქართველომ" და „თავისუფალმა დემოკრატებმა" დატოვეს.

პარტიების წარმომადგენლების, ირაკლი აბესაძისა და შალვა შავგულიძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით შემოთავაზებულია არასამართლიანი საარჩევნო სისტემა და პრეზიდენტის ინსტიტუტის უფლებამოსილების შეზღუდვა, პროექტში გათვალისწინებულია მხოლოდ "ქართული ოცნების" პოზიციები და უგულებელყოფილია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის განსხვავებული პოზიციები. მათივე განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, "თავისუფალი დემოკრატები" და "ევროპული საქართველო" მონაწილეობას არ მიიღებენ პროექტის კენჭისყრაში, რომელიც შაბათს გაიმართება.

73-წევრისგან შემდგარ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა სახით, 14 წევრი გამოაკლდა.

სახელმწიფო საკონსტიტიუციო კომისიის მუშაობაში თავიდანვე არ ჩაერთო კომისიის სამი წევრი: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და მის მიერ შემუშავებული პროექტის იმ ვარიანტს, რომელსაც კენჭი კომისიის ბოლო სხდომაზე უნდა ეყაროს, მმართველი პარტიის გარდა, კომისიაში შემავალი ყველა პარტია გაემიჯნა.

საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში ოპოზიციური პარტიებიდან შემდეგი პირები შედიოდნენ: საპარლამენტო უმცირესობიდან: სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, გიორგი ტუღუში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, ირაკლი აბესაძე; ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი - სალომე სამადაშვილი; ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრები: ირმა ინაშვილი და ნატო ჩხეიძე; პარტია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე - შალვა შავგულიძე, "დემოკრატიული მოძრაობა − ერთიანი საქართველო" წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე, "ლეიბორისტული პარტიის" წევრი გიორგი გუგავა და "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" წარმომადგენელი ნიკა მაჭუტაძე. ყველა ამ პირმა კომისია დატოვა.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების გათვალისწინებით, კომისიამ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საბოლოო ტექსტის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდა მიიღოს.

კომისიის დასკვითი სხდომა კვირის ბოლოს გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"