"ჩვენ ვერ ვივლით ბორის ელცინის მიერ დამკვიდრებული გზით" - რას პასუხობს ხელისუფლება პლებისციტის ჩატარების ინიციატორებს? - კვირის პალიტრა

"ჩვენ ვერ ვივლით ბორის ელცინის მიერ დამკვიდრებული გზით" - რას პასუხობს ხელისუფლება პლებისციტის ჩატარების ინიციატორებს?

"კონსტიტუციას წერენ სპეციალისტები, პოლიტიკოსებთან ერთად განიხილავს ხალხი და იღებს პარლამენტი. ეს არის ის წესი, რომელიც არის დამკვიდრებული და მიღებული"

კონსტიტუციას წერენ სპეციალისტები, პოლიტიკოსებთან ერთად განიხილავს ხალხი და იღებს პარლამენტი, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე პლებისციტის ჩატარების თაობაზე "ევროპული საქართველოს" ინიციატივას გამოეხმაურა.

მამუკა მდინარაძის თქმით, უმრავლესობა ვერ მიიღებს მსგავს შემოთავაზებას და ისინი არ აპირებენ "ბორის ელცინის მიერ დამკვიდრებული გზით" სიარულს.

"კონსტიტუციას წერენ სპეციალისტები, პოლიტიკოსებთან ერთად განიხილავს ხალხი და იღებს პარლამენტი. ეს არის ის წესი, რომელიც არის დამკვიდრებული და მიღებული. თუ ჩვენ გვინდა, რომ მივიღოთ რეალურად პროგრესული და კარგი კონსტიტუცია, უნდა ვიმოქმედოთ ამ წესის მიხედვით. შესაბამისად, ჩვენ ვერ მივიღებთ განცხადების ავტორების წინადადებას. გარდა ამისა, ნამდვილად მიმაჩნია, რომ ვინც მსგავს განცხადებებს აკეთებს, ის ვერ ერკვევა საერთო სახალხო განხილვების არსში. როდესაც ისინი მსგავსი პრაქტიკის დანერგვას ცდილობენ, ჩვენი პასუხი იქნება უარყოფითი. ჩვენ ვერ ვივლით ბორის ელცინის მიერ დამკვიდრებული გზით," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

"ევროპული საქართველო" საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე პლებისციტის ჩატარების ინიციატივით გამოდის. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, "ევროპული საქართველოს" ინიციატივა შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების ორ მთავარ საკითხს - პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების თემას და საპარლამენტო არჩევნების სისტემას.