"რაში გვჭირდება უუფლებო პრეზიდენტის ინსტიტუტის შენახვისთვის ფულის ხარჯვა?!" - კვირის პალიტრა

"რაში გვჭირდება უუფლებო პრეზიდენტის ინსტიტუტის შენახვისთვის ფულის ხარჯვა?!"

"დაუშვებელია, ასეთი უსამართლო სისტემით არჩეულ პარლამენტს პრეზიდენტის არჩევის შესაძლებლობა მიეცეს"

საკონსტიტუციო კომისიამ ქვეყნის მთავარ დოკუმენტში ცვლილებებზე მუშაობა ისე დაასრულა, რომ 73 წევრისგან შემდგარ ჯგუფს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა სახით, 17 წევრი გამოაკლდა. პარტიები უკვე წარმოდგენილ ცვლილებებს აპროტესტებენ და ხელისუფლებას ძალაუფლების უზურპაციის მცდელობაში ადანაშაულებენ. "კვირის პალიტრის" კითხვებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი შალვა შავგულიძე პასუხობს:

- როდესაც "თავისუფალი დემოკრატები" საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩავერთეთ, გვსურდა წვლილი შეგვეტანა ისეთი ტიპის ცვლილებებში, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფდა, თუმცა, ისედაც ჭარბი ძალაუფლების პირობებში მყოფმა ხელისუფლებამ, კონსტიტუციის სრულად მორგება გადაწყვიტა. სწორედ ამიტომ კომისია დავტოვეთ.

- თქვენი ბოიკოტი რა გავლენას მოახდენს საკონსტიტუციო ცვლილებებზე?

- ეს არ გახლავთ ბოიკოტი, ჩვენ იმიტომ დავტოვეთ კომისია, რომ ჩვენი შენიშვნები არ გაითვალისწინეს. საარჩევნო სისტემისა და პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით შემოთავაზებული ცვლილებები უპირატესობას ანიჭებს მმართველ ძალას - "ქართულ ოცნებას" შეეძლება იმ მექანიზმის გამოყენებით, რომელიც მაჟორიტარული სისტემის ნაცვლად შემოგვთავაზა, გაცილებით მეტი მანდატი მიიღოს პარლამენტში... დაუშვებელია, ასეთი არასამართლიანი სისტემით არჩეულ პარლამენტს პრეზიდენტის არჩევის შესაძლებლობა მიეცეს. მოგეხსენებათ, პარლამენტის გარდა, თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, კოლეგიაში საკრებულოს წარმომადგენლებიც უნდა ჩაერთონ. ანუ, ეს ნიშნავს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები არაპირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევას კი არა, პირდაპირ დანიშვნას გულისხმობს. პარლამენტში უმრავლესობა მმართველი პარტიიდან იქნება, რადგან ბონუსებად დაისაკუთრებს მანდატებს და ამასთან, საკრებულოებიდან წარმოდგენილი დელეგატების მართვაც მარტივი პროცესი იქნება. 300-კაციანი კოლეგიის სათავისოდ გამოყენებას მმართველი გუნდი ყოველთვის მოახერხებს, ვიდრე საქართველოს მასშტაბით ამომრჩევლებისა...

- დეპუტატებისა და საკრებულოს კვოტებიდან ოპოზიციაც ხომ იქნება წარმოდგენილი, რატომ ფიქრობთ, რომ 300-კაციანი კოლეგია მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევის გარანტიაა?

- ცვლილებების მიხედვით, ოპოზიციურ პარტიებს არა აქვთ შესაძლებლობა პარლამენტში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიონ - პროპორციული სისტემა უსამართლოდ არის წარმოდგენილი. ცალკე ქაოსს შექმნის 300-კაციანი კოლეგიის საკრებულოებიდან დაკომპლექტების მცდელობაც. პარალელურად, პრეზიდენტს მნიშვნელოვნად უმცირდება უფლებამოსილებები და ის ფუნქციააყრილ ფიგურად რჩება. თუ პრეზიდენტი ასეთად უნდა დავტოვოთ, იქნებ დავსვათ საკითხი, რაში გვჭირდება უუფლებო პრეზიდენტის ინსტიტუტის შენახვა და ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვა?! თუ პრეზიდენტი იქნება მთავარსარდალი, მაგრამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს თავდაცვის ეროვნული საბჭოს გარეშე და ისიც მხოლოდ მაშინ, თუ საომარი მოქმედება გამოცხადდება; თუ არ იარსებებს უშიშროების საბჭო და ხელთ არსებულ რამდენიმე უფლებასაც კი პრეზიდენტი მთავრობის თანხმობის შემთხვევაში გამოიყენებს, ჩემი რიტორიკული შეკითხვა ლოგიკურადაც კი გამოიყურება. "ქართულ ოცნებას" სურს, სახელმწიფო ინსტიტუტების ყველა შტო თავად დაისაკუთროს და თანაც ისე, რომ სახელმწიფო მეთაურის არჩევის პროცესში ამომრჩეველიც კი არ ჩართოს.

დარწმუნებული ვარ, ანალოგიური შენიშვნები ექნება ვენეციის კომისიასაც, რის შემდეგაც "ქართული ოცნება" საერთაშორისო პარტნიორების წინაშე უხერხულ ვითარებაში კიდევ ერთხელ აღმოჩნდება.

ერთადერთი მიღწევა, რასაც საჯაროდ მივესალმები, კონსტიტუციაში ევროატლანტიკური ინტერესების დაფიქსირებაა, რომელსაც თავდაპირველად მმართველი გუნდი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა...

"ახალი მოდელი არ გამომიგონია"

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე იმ ცვლილების ინიციატორია, რომელიც პრეზიდენტის 300-კაციანი კოლეგიის მიერ არჩევას გულისხმობს:

- ჯერ კიდევ 1991 წელს ვფიქრობდი, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს ირიბ და არა პირდაპირ არჩევნებს. ეს აპრობირებული მეთოდია დემოკრატიულ სახელმწიფოებში და ახალი მოდელი არ გამომიგონია. რეგიონების საკრებულოებმა თავიანთი შემადგენლობებიდან უნდა აირჩიონ ხმოსნები ისე, რომ ყველა მათგანის ჯამი იყოს 150. დაცული უნდა იყოს პროპორციულობის პრინციპი იმ პარტიებს შორის, რომლებსაც წარმომადგენლობები აქვთ საკრებულოებში, ანუ არ იქნებიან მხოლოდ უმრავლესობის არჩეული დელეგატები, ისინი საარჩევნო შედეგების პროპორციულად შეირჩევიან... საუბარი იმაზე, რომ მხოლოდ მმართველი პარტიის კანდიდატს აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი, გადაჭარბებულია. არ ვფიქრობ, რომ კოლეგიის მუშაობა ქაოსს გამოიწვევს, პირიქით, სახელმწიფო რესურსსაც დაზოგავს და ამასთან, ამომრჩევლის ნდობით აღჭურვილი კოლეგიის წევრი აირჩევს პრეზიდენტს. რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებებს, ის რჩება სახელმწიფოს მეთაურად, საომარ ვითარებაში უხელმძღვანელებს თავდაცვის ეროვნულ საბჭოს, ასევე რჩება მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები...

რუსუდან შელია