"ილუზიაა, რომ "ქართულ ოცნებაში" პოლიტიკური ლიდერები არსებობენ" - ვინ იქნება მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი დედაქალაქში?! - კვირის პალიტრა

"ილუზიაა, რომ "ქართულ ოცნებაში" პოლიტიკური ლიდერები არსებობენ" - ვინ იქნება მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი დედაქალაქში?!

"კალაძე ივანიშვილმა მერობის კანდიდატად დაიწუნაო..."

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ექვს თვეზე ნაკლები დარჩა, პარტიები კი უკვე მსჯელობენ კანდიდატებზე და სავარაუდო წარმომადგენლებს საჯაროდაც ასახელებენ. არჩევნების ეპიცენტრი ისევ თბილისი და დედაქალაქის მომავალი მერის პოსტი იქნება. მოახლოებული არჩევნების პროგნოზებზე "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი გია ხუხაშვილი საუბრობს:

- თვითმმართველობის არჩევნებამდე პოლიტიკური ტემპერატურა პიკს მიაღწევს, რის საფუძველსაც უკვე ქმნის საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებული მოვლენები. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ "ქართული ოცნება" სააკაშვილის დამკვიდრებული უზურპაციის დემონტაჟს კი არა, მის განვითარებას ცდილობს. სააკაშვილმაც ნახევრად საპრეზიდენტო მოდელი იმისთვის შეიმუშავა, რომ ხელისუფლებაში დიდხანს, პრემიერის რანგში დარჩენილიყო. "ქართული ოცნებაც" იმავე სცენარს ავითარებს - ასუსტებს პრეზიდენტს და აძლიერებს პრემიერს. შესაბამისად, საკონსტიტუციო კომისიის პროექტმა უკვე შექმნა პლატფორმა პოლიტიკური კრიზისის მოსამწიფებლად, თუმცა, თუ ოპოზიციის მწირ რესურსს გავითვალისწინებთ, არა მგონია, განწყობილი იყვნენ ისედაც მცირე კაპიტალის ადგილობრივ არჩევნებზე დასახარჯად.

ფაქტია, ხელისუფლებას არჩევნებზე დიდი უპირატესობა ექნება, ამიტომ ოპოზიციას საქართველოს მასშტაბით აქტივობა გაუჭირდება, მათი ბრძოლის ეპიცენტრი თბილისი იქნება.

ჯერ ერთი, თბილისის ამომრჩეველი ნაკლებად მოწყვლადია ადმინისტრაციული რესურსებისთვის და შედარებით თავისუფალ არჩევანს აკეთებს, თანაც, დედაქალაქში ხელისუფლება დიდი ავტორიტეტით არ სარგებლობს. მეტიც, დავით ნარმანიამ თამასა იმდენად დაბლა დასწია, რომ კონკურენციის გაწევა არა მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებს, არაპარტიულ კანდიდატებსაც არ უნდა გაუჭირდეთ. მით უმეტეს, თუ დამოუკიდებელი კანდიდატების მთავარი ლოზუნგი თბილისის პარტიული და კლანური ინტერესებისგან დახსნა იქნება.

- დამოუკიდებელ კანდიდატში ალეკო ელისაშვილს გულისხმობთ, რომელსაც მხარს "რესპუბლიკური პარტია" უჭერს?

- ალეკო ელისაშვილს დადებით ფაქტორებთან ერთად, არაერთი მინუსი აქვს. პატრიოტიზმის გარდა, თბილისელი ამომრჩევლის მთავარი მოთხოვნა პროფესიონალიზმი და მართვის უნარებია, რაც ალეკოს სისუსტეა.

ითქვა, რომ შესაძლოა, თბილისის არჩევნებში დავით უსუფაშვილმაც მოსინჯოს ძალა, თუმცა მე მას მერობის კანდიდატად ვერ განვიხილავ. ის მძიმეწონიანი ფიგურაა და საზოგადოებაში პატივისცემითაც სარგებლობს, თუმცა სულ სხვა სტატუსში წარმომიდგენია მეც და ვფიქრობ, ამომრჩეველსაც. უსუფაშვილი ასოცირდება კომპეტენტურობასთან, სახელმწიფო მართვასთან და არა ქალაქის სამეურნეო საკითხების გადამჭრელ პოლიტიკოსთან. ვფიქრობ, ის ჩაერთვება თბილისის მერის არჩევნებში, თუმცა სხვა კანდიდატს დაუჭერს მხარს.

- არ ელით, რომ შესაძლოა "ქართულმა ოცნებამაც" წარადგინოს პროფესიონალი და პატრიოტი კანდიდატი?

- ნამდვილად არა, და საერთოდ, ილუზიაა იმაზე საუბარი, რომ ამ პარტიაში პოლიტიკური ლიდერები არსებობენ.

ლაპარაკია, რომ "ქართული ოცნება" კანდიდატად კახი კალაძეს ან ისევ დავით ნარმანიას განიხილავს. ისიც კი მოვისმინე, კახი კალაძე ბიძინა ივანიშვილმა მერობის კანდიდატად დაიწუნაო, თუმცა მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება კანდიდატი, მმართველი პარტიის წარმომადგენელი ზუსტად იმდენ ხმას მიიღებს, რამდენსაც "ქართული ოცნება" ხელთ არსებული რესურსის გამოყენებით"გააჩალიჩებს.

მმართველ ძალაში არავის აქვს პირადი რეიტინგი და ყველაფერი მხოლოდ ივანიშვილის ავტორიტეტზეა აწყობილი. დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, სწორედ რესურსების წყალობით თბილისში დომინანტი ისევ მმართველი გუნდი იქნება, ოპოზიციას კი მეორე ტურის დანიშვნა არ გაუჭირდება, მაგრამ შემდეგ მინიმალური შანსი დარჩება. კონკრეტულად გავყვეთ: "ნაცმოძრაობის" ერთ და მეორე ფრთას ("ევროპულ საქართველოს") არა აქვთ გამარჯვების რესურსი.

თბილისელ ამომრჩეველს "ქართულ ოცნებასთან" პრეტენზია კი აქვს, მაგრამ არც "ნაცმოძრაობა" და არც "ევროპული საქართველო" უყვარს. თუმცა, მათი რესურსი მეორე ტურისთვის საკმარისი იქნება. ეს ნიკა მელიამ ერთხელ უკვე მოახერხა და არც ოქტომბერში გაუჭირდება, რასაც ვერ ვიტყვი "ევროპული საქართველოს" შესაძლო კანდიდატ ელენე ხოშტარიაზე. მოვისმინე ვერსია, მის ნაცვლად გიგი უგულავას კანდიდატად დასახელება პარტიას მეტ შანსს მოუტანდაო, თუმცა ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები - ჯერ ერთი, უგულავა საკუთარ თავს უკვე ნაციონალური მასშტაბის ლიდერად განიხილავს და თბილისზე ლოკალიზება მისთვის სტრატეგიულ ამოცანას არ წარმოადგენს, მეორე - ის, როგორც მერი, ნასამართლებია კორუფციის ბრალდებით. პატიმარი რომ არ არის, არ ნიშნავს, რომ ამომრჩეველი უკვე ენდობა.

პოლიტტექნოლოგიურადაც გაუმართლებელია ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ შესვლა.

- გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს თვითმმართველობის არჩევნებისთვის საერთო გზის მონახვისკენ მოუწოდა - რამდენად მაღალია ალბათობა, ოპოზიცია თბილისის მერობის არჩევნებში საერთო კანდიდატზე შეთანხმდეს?

- მსგავსი გაერთიანებები საქართველოში მხოლოდ კეთილ სურვილებად რჩება. მარგველაშვილი თავადაც დარწმუნებულია, რომ მის წინადადებას რეალიზაცია არ უწერია.

დღეს პოლიტიკურ სპექტრში ისეთი მოზაიკაა, რომ დაქსაქსული პარტიების გაერთიანება ხელოვნური იქნება.

საბედნიეროდ, დღეს ტოტალიტარული ხელისუფლება არა გვყავს, რომ როგორც სააკაშვილის დროს მოხდა, ოპოზიცია მის წინააღმდეგ დაირაზმოს.

ეკა ასათიანი